ვლადისლავ სურკოვი – კრემლის რუხი კარდინალი!

ვლადისლავ სურკოვი (იგივე ასლამბეკ დუდაევი) 1964 წელს დაიბადა რუსი დედისა და ჩეჩენი მამის ოჯახში. მამამ პატარაობაშივე მიატოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სურკოვი მოსკოვში ჩადის. მეტალურგიული უნივერსიტეტიდან თეატრალურ უნივერსიტეტში გადადის. თუმცა, არც ერთს ამთავრებს.

იმ პერიოდში რუსეთში ნელ-ნელა ფეხს იდგამს პიარის მაგიური ძალა. სურკოვმაც თავისი თავი იპოვნა. იწყებს თანამშრომლობას მიხაილ ხადარკოვსკისთან. დაუგეგმა კიდეც პირველი კამპანია 1992 წელს.
ხადარკოვსკის შემდეგ იყო კრემლის დიდვეზირ ბორის ბერეზოვსკისთან მუშაობის პერიოდი – გახდა რა ოსტანკინოს პირველი არხის პიარის განყოფილების ხელმძღვანელი.
1999 წელს კრემლს შეუერთდა და დაიწყო პრეზიდენტის იმიჯზე ზრუნვა. პრეზიდენტმა ბერეზოვსკი ქვეყნიდან გააძევა, ხადარკოვსკის კი, ციხეში უკრა თავი.
ყურადსაღებია, რომ მთელი ამ პროცესების დროს იცვლებოდნენ სურკოვის ხელმძღვანელები და იდეოლოგიები, მაგრამ თვითონ სურკოვს ეს დისკომფორტს საერთოდ არ უქმნიდა – გადადიოდა თანამდებობიდან თანამდებობაზე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის მოადგილე და შემდეგ პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო საკითხებში, სურკოვი რუსულ საზოგადოებას რეალითი შოუსავით მართავს.
-მე ახალი რუსული სისტემის ავტორი ვარ, ან ერთ-ერთი ავტორი. კრემლში და მთავრობაში ჩემი პორტფოლიო მოიცავს იდეოლოგიას, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიას, მოდერნიზაციას, ინოვაციას, საგარეო ურთიერთობას და ხელოვნებას – ასე წარადგინა ერთხელ საკუთარი თავი ვლადისლავ სურკოვმა სიტყვით გამოსვლისას. მის ერთ ტაშზე ახალი პოლიტიკური პარტია ჩნდება. ან ორგანიზაცია “ნაში” (ჩვენები), რომლის წევრებსაც პრო-დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერებთან ქუჩაში საბრძოლველად წვრთნიან.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის რანგში სურკოვი სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს კვირაში ერთხელ ხვდებოდა და ინსტრუქციებს აძლევდა ვის უნდა დასხმოდნენ თავს, ვინ უნდა დაეცვათ, ვისთვის უნდა მიეცათ ტელევიზიებში შესვლის უფლება და ვისთვის აეკრძალათ. RUSSIA-POLITICS-SURKOV-FILES

სურკოვი ხან სამოქალაქო ფორუმებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ხან კი ფარულად მხარს უჭერს ნაციონალისტურ მოძრაობებს, რომლებიც არასამთავროების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი და აღიქვამენ მათ როგორც დასავლეთის იარაღს რუსეთში.
დააფინანსა ხელოვნების ფესტივალები მოსკოვში (ყველაზე პროვოკაცული თანამედროვე მსახიობების მონაწილეობით), შემდეგ კი წაახალისა შავებში გამოწყობილი ხელში ჯვრებმომარჯვებული ორთოდოქსი ფუნდამენტალისტები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების გამოფენას თავს დაესხნენ.
კრემლის მიზანია პოლიტიკური დისკურსის ყველა ფორმა გამოიყენოს და არც ერთ დამოუკიდებელ მოძრაობას ნება არ მისცეს ამ დისკურსის გარეთ განვითარდეს.

სურკოვი არა მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელია. იგი წერს სტატიებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ, ამავე დროს პუტინის ფოტოს გვერდით მაგიდაზე რეპერ თუფაქის(!) სურათი უდევს. მასვე მიაწერენ ავტორობას წიგნისა – “თითქმის ნული”, რომელიც 2008 წელს დაიბეჭდა. წიგნი ნათან დუბოვიცკის ფსევდონიმითაა გამოცემული. სურკოვის ცოლი ნატალია დუბოვიცკაიაა. თვითონ სურკოვი ერთმნიშვნელოვნად არასოდეს ადასტურებს რომ წიგნი მისი დაწერილია, თუმც კი ძალიან აქებს – “ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს”. ამას გარდა, რომანი სატირაა თანამედროვე რუსეთზე, რომლის მთავარი გმირიც – იგორი – კორუმპირებული პიარის სპეციალისტია. ისიც სურკოვის მსგავსად, უმამოდ გაიზარდა რუსეთის პროვინციაში. 1980-იანებში გადადის მოსკოვში და 90-იანებში პიარის გურუ ხდება. იგორის ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. “პიარშიკისთვის” სამყარო ადგილია, სადაც სხვადასხვა რეალობა უნდა დააპროექტოს. ამ სამყაროში რამის რწმენა და ამ რწმენის დაცვის სურვილი სასაცილოდ ითვლება, სამაგიეროდ დიდად ფასობს სახეცვლილების და ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი.
ვლადიმერ ნაბოკოვს აღწერილი აქვს პეპლების სახეობები, რომლებიც განვითარების ადრეულ სტადიაზე სწავლობენ ფერის შეცვლას მტაცებლებს რომ დაემალონ. ის მტაცებლები დიდი ხანია გადაშენდნენ, მაგრამ პეპლები ფერს მაინც იცვლიან (უბრალოდ სიამოვნებთ ტრანსფორმაცია). რაღაც მსგავსი დაემართა რუსულ ელიტასაც: საბჭოთა პერიოდში გადარჩენისთვის თვალთმაქცობა ისწავლეს. ახლა, მუდმივი ფერისცვალების აუცილებლობა აღარაა, თუმცა, ისევ ისე იცვლებიან, რაღაც გაუგებარი ჟინით. კონფორმიზმი ლამის ესთეტიკური აქტის რანგშია აყვანილი. თავად სურკოვიც ამ ფსიქოლოგიის უკიდურესი გამოხატულებაა – მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, იცვლება ვერცხლისყალივით.

ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი სურკოვის ამბიცია გასცდა პარტიებისა და პოლიტიკის შექმნას, ახალი ქალაქის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. კოლოსალური თანხა (ასეულობით მილიონი რუბლი) ჩაიდო პროექტში, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი აშენებულა (არსებობს მოსაზრებები იმის თაობაზე რომ პროექტი, ნაწილობრივ მაინც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გადმოსაქაჩად შემუშავდა.

2013 წლის 20 სექტემბერს სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. მას უნდა გაეკონტროლებინა მოსკოვიდან წამოსული ინვესტიციები. თავად სურკოვის დანიშვნის ფაქტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეფასდა, რადგან იგი წარმოშობით კავკასიელია და კარგად იცნობს კავკასიის საქმეებს, განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც ის 2000 წლიდან ხშირად დადიოდა და იცის შიდა აფხაზური პოლიტიკის თავისებურებებიც.

სურკოვის განსაკუთრებული როლი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში 2014 წლის მაისში გამოვლინდა, როდესაც იგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო აფხაზეთში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისში. სურკოვს ოპოზიციონერებთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა თავისი მოთხოვნები გააცნეს, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შესახებ. სურკოვის უშუალო ჩარევის შედეგად 2014 წლის 1 ივნისს ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.

2014 წლის გაზაფხულზევე რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. სურკოვი აქაც დამდგმელ რეჟისორად გვევლინება: კაზაკებით, ბაიკერებით, მარიონეტი პოლიტიკოსებით, დადგმული რეფერენდუმით და შეიარაღებული ხალხით. საპასუხოდ, სურკოვი ერთ-ერთი პირველი რუსი ოფიციალური პირი აღმოჩნდა, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაადო – აუკრძალა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა და ფულის დაბანდება. მოგვიანებით სურკოვმა განაცხადა: “ვაშინგტონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ვაფასებ, როგორც აღიარებას იმისა, რომ ჩემს სამშობლოს კეთილსინდისიერად ვემსახურები. ეს დიდი პატივია ჩემთვის. იგივეა რომ ოსკარის პოლიტიკურ ეკვივალენტზე წარვედგინე. საზღვარგარეთ ანგარიშები არ მაქვს. ამერიკაში მხოლოდ თუფაქ შაკური, ალენ გინზბერგი და ჯექსონ პოლოკი მაინტერესებს. იმისათვის კი, მათ ხელოვნებას ვეზიარო ვიზა არ მჭირდება. ასე რომ არაფერი დამიკარგავს”.

2020 წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის პუტინის მრჩეველი იყო უკრაინის აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის საკითხებში.

პოსტში გამოყენებულია მასალები:
The Hidden Author of Putinism
კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
Nothing Is True and Everything Is Possible: The Surreal Heart of the New Russia

მერაბ მამარდაშვილი: “დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება”

merab mamardashvili moscow1980ინტერვიუ, რომელიც მერაბ მამარდაშვილთან ფრანგმა ჟურნალისტმა ფრანსუა შლოსერმა ჩაწერა 1990 წლის 7 ივნისს “Le Nouvel Observateur”-ში დაიბეჭდა. ფილოსოფოსი იმდროინდელი ქართული პოლიტიკური რეალობის შესახებ საუბრობს. გამოთქმული მოსაზრებები დღესაც არანაკლებ აქტუალურია, ჩემი აზრით. ამიტო გთავაზობთ ინტერვიუს.

– საქართველო ემზადება თავისი გადამწყვეტი არჩევნებისათვის. თქვენი აზრით, არის იგი მზად დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად?
– ყველა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა სურს და ყველა თავს დემოკრატიად აცხადებს. მაგრამ ჯერ სანახავია რა იფარება ამ სიტყვების უკან. სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენში საბჭოთა რეჟიმი ბატონობდა. ამ ფაქტის გამო, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ფენა ბევრად უფრო კორუმპირებულია, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და, განსაკუთრებით, მენტალურ სივრცეში საბჭოთა ყოფა – სოვიეტიზმი – როგორც ცხოვრების, წარმოების, აზროვნების წესი, კვლავ გაბატონებულია. ჩვენ ვიქეცით ორსახოვან ხალხად: ერთი მხრივ, ნიადაგ უკმაყოფილო, კრიტიკული ვართ; საკუთარი ღირსების დამფასებელი, საკუთარი ნაციონალური კულტურის შეფარვით მებრძოლი.  მეორე მხრივ კი, თვითგადარჩენის მძაფრმა სურვილმა ქართველებს კარგად შეაძლებინა სისტემით სარგებლობა, საკუთარი მიზნებისადმი მისი მისადაგება. რის შედეგადაც ისინი გაებნენ ხსენებული წყობისათვის დამახასიათებელი კორუფციის, ქრთამის, მაქინაციების ხაფანგში. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა მთელი საზოგადოებრივი სივრცის ნგრევით სრულდება. სისტემასთან შეგუების ასეთი ფორმა ერთდროულად იწვევს მკვეთრ ზნეობრივ დაცემას და იოლი გზის ძიების კონსერვატიზმს – ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ასე კი ძნელია დემოკრატიისაჯენ გზის გაკვლევა.

– და მაინც, თბილისის გამოსვლებმა, ნაციონალისტურმა მოთხოვნებმა, პროტესტმა ხომ ნათელყო, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტივობის ერთგვარი აღორძინება?
– ამგვარი ნაციონალიზმის სახით გვიბრუნდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაანგრია ტოტალიტარიზმმა. ეს სოციალური ავტონომიის ერთგვარი აღორძინებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთებისათვის პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ეროვნული ლოზუნგებით შემოიფარგლება, რაც არ არის საკმარისი ნამდვილი დემოკრატიული მოძრაობისათვის.  “სოვიეტიზმს” მხოლოდ ჩვენი ეროვნული ვინაობა არ უარუყვია. მისგან თავსმოხვეულმა ცხოვრების წესმა ღრმა ჭრილობა მიაყენა ჩვენს პიროვნულ ღირსებას. ეს იარები უნდა განიკურნოს, ხოლო ღირსება – აღდგეს. ყოველივე ამის დაყვანა ეროვნული გრძნობების მარტივ მანიპულაციამდე საკმარისი არ არის დემოკრატიული მოძრაობისათვის. ამასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის ერთი პლატფორმა კარგად აყალიბებს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საძირკველშივე უნდა მოიკვეთოს ყოველგვარი მცდელობა, რომ ეროვნულმა მოძრაობამ, დამოუკიდებლობის თუ ეროვნული ინტერესის სახელით, ჩაგვრის ერთი ფორმა სხვა ფორმით შეცვალოს.

– ეს გაფრთხილება საქართველოში რომელიმე გარკვეული ჯგუფისკენაა მიმართული?
– ცხადია, დემოკრატიული მოძრაობიდან ჩვენ არავის გამოვრიცხავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან ნერვულად აღგზნებულ ადამიანთა ჯგუფები და პიროვნებებიც, რომლებიც ზედმეტ ყურადღებას იქცევენ ხოლმე. მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, არც საქართველოს წარმოადგენს და არც ქართული ოპოზიციის ძალთა რჩეულს.  იგი პრიმიტიული აგრესიული ნაციონალიზმის წარმომადგენელია.  მართალია, იგი ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიდან მოდის, მაგრამ იყენებს დაუშვებელ მეთოდებს ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ, აცხადებს რა მათ “ქართველი ერის მოღალატეებად” და ა.შ. მე განსაკუთრებით გამაოგნა იმ სიძულვილმა და აგრესიამ, რაც ზოგიერთ მის ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებში ვლინდება. როდესაც მოვლენებს გარედან ვუყურებთ, ნაციონალისტური აფეთქების მხოლოდ ეს უკიდურესი ფორმები იკვეთება.

– გსურთ თუ არა, რომ საქართელომ ძირეულად გაწყვიტოს კავშირი საბჭოთა კავშირთან?
– ის, რაც ჩვენ გვინდა თავისუფლებაა. ჩვენ გვინდა, რომ თავი დაგვანებონ, რათა ვიმუშაოთ ჩვენებურად, განკარგულების გარეშე. ჩვენ გვინდა ეკონომიკურ ორგანიზაციებზე კონტროლი დავიბრუნოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა არ ესაჭიროება. რაკი ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელნი ვიქნებით, ჩვენ თვითონვე დავამყარებთ საჭირო გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას ჩვენსავე მოსაზღვრე სამყაროსთან: რუსებთან, უკრაინელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან… და ეს მოხდება ორივე მხარის ურთიერთინტერესების შესაბამისად. ტოტალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად ქართველებს, ისევე როგორც ლიტველებს, ამჟამად არაფერი გააჩნიათ. მე არ ვიცი, როგორი ფედერაციული მოწყობა დაგვაკავშირებს მოსკოვსა თუ ლენინგრადთან, – ამას დრო გვიჩვენებს. გეგმებმა, რომლებიც ამჯამად მუშავდება, სხვა, ყოფილ რესპუბლიკებთან კავშირების დასამყარებლად თითოეულ მათგანს მოქნილი მექანიზმები უნდა შეუქმნას.

ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.

სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

წინასაარჩევნო პერიოდში რომ პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს ხოლმე – ეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მთავარია ყველაფერმა კანონის შეაბამისად ჩაიაროს. კანონის წინაშე კი ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბრადაა პასუხისმგებელი. სხვა საკითხია რამდენად დემოკრატიულია კანონი. პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა პოიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებს პარლამენტი სხვადასხვა კანონპროექტებს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები, ძირითადად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული. ამის ცოცხალი მაგალითია მოვლენა – ნათია მოგელაძე. ამ ქალბატონის კანტორა თვალყურს ადევნებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში თანხების ბრუნვას და არა მარტო. თუმცა, აქაც მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ სპექტრზე კეთდება აქცენტი: აპატიმრებენ ადამიანებს, იბარებენ დაკითხვებზე, აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ემუქრებიან… ამის პარალელურად ძალიან უმისამართოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მოკლედ რა ხდება:

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით, ირჩევენ კონკრეტული რაოდენობის (და ალბათ პოლიტიკური შეხედულებებისაც) სტუდენტებს და მიყავთ 3-4 დღის ანაკლიაში. იდეაში ტრენინგებსა და პრესკომფერენციებზე. სრულიად უფასოდ. შემდეგ მათთან ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი და წინასაარჩევნოთ მათი ხმების სათავისდ გადაქაჩვას ცდილობს.

ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი

კონკრეტული მაგალითი: 2012 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრალურისა და ილიაუნის სტუდენტები ანალოგიური მიზნით წაიყვანეს ანაკლიაში. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევდა. გადანაწილებულები იყვნენ სამ სასტუმროში – “სასტუმრო ანაკლია”, სასტუმრო ”ოქროს საწმისი” და სასტუმრო ”Palm Beach”. კვება, აუზი, ღამით გართობა, მუსიკა – უფასო. რაც შეეხება ტრენინგს: მიწვეული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტი, რომელმაც 10-15 წუთიანი სემინარი ჩაატარა. ძირითადი დრო თამაშებს დაეთმო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამაში ძალიან ცოტა სტუდენტი მონაწილეობდა. მიწვეული იყო ასევე ჩინელი სტიდენტი, ისიც სემინარის ჩასატარებლად.

სტუდენტებმა ადგილზე შეიტყვეს რომ მათთა მისვლა მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. ერთ-ერთმა იკითხა თუ როგორი სახის შეხვედრა იყო დაგეგმილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შეკითვების დასმა და ა.შ.  გაირკვა რომ შეკითხვები იქნებოდა, რასაკვირველია, წინასწარი შეთანხმებით და კითხვების ფორმულირებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.  კრიტიკული აზრის გამოთქმას პერსპექტივა არ აღმოაჩნდა. ნუ ყველას კარგად წარმოუდგენია როგორი შეხვედრა შედგებოდა, პრეზიდნტმა სიამაყით გააჟღერა მორიგი მიღწევა, რომ ბათუმი ჯობს კალიფორნიას, რომ ჰილარი კლინტონი საოცრად კმაყოფილი იყო ნანახით, მოსმენილით და მოკლედ შეგვნატროდა. სტუდენტებმა ხოტბა-დიდება შეასხეს პრეზიდენტს. გაიჟღერა შეკითხვამ თუ როდის ჩამოიყვანენ საქართველოში Red Hot Chili Peppers? როგორც ჩანს სხვა არაფერი აღელვებს კითხვის ავტორს.

საღამოს გაიმართა წვეულება. სუფრაზე ტრადიციულად ითქვა სადღეგრძელოები, თუმცა არც მაინც და მაინც ტრადიციული. მაგალითად: მადლობა მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ლადო ვარძელაშვილლს! გაუმარჯოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასე შემდეგ.

სტუდენტები თბილისში 7 ივნისს დაბრუნდნენ. ეს ყველაფერი არ მთავრდება. ეხლა სხვა სტუდენტების გულის მოგების ჯერია. საინტერესოა რა თანხა ხმარდება აღნიშნულ რამდენიმედღიან ”დასვენებას” ანაკლიაში და ითვლება თუ არა მსგავსი შეხვედრები ამომრჩევლის მოსყიდვად?

 p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჟურნალისტებისთვის დაფარულად.

საქართველო – ქვეყანა, სადაც …

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში რ ა ღ ა ც ე ბ ი ხდება, როგორ არა?! გავიდა თითქმის 9 წელი და იგივე მდგომარეობაში თითქოს არ ვართ, როგორც ამას ზოგიერთი მედია მაუწყებელი გვეუბნება. საავადმყოფოებით რო ამაყობს ხოლმე პირველი კაცი და თან აპარატურას დაატარებს აქეთ იქითო რო გაუბაზრდა, ამაზე უნდა ვთქვა მოკლედ, ორი სიტყვით. გარემონტდა და აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მაგრამ მიდი და იმკურნალე თუ ბიჭი ხარ.

რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოში ძაღლმა მიკბინა. ხობის ახალაშენებულ საავადმყოფოში გვაინ ღამით მივედი. რაბიოლოგი(ვისაც დაკბენილები აკითხავენ ხოლმე) არ დამხვდა. მორიგე ექიმი და მისი ასისტენტი შემრჩნენ ხელში. ასისტენტმა: ისე ვერ გაგიშვებ ჭრილობა უნდა დაგიმუშავოო. დიდიც არაფერი მჭირდა, გაკაწრული მქონდა მარცხენა ხელის ნეკა თითზე. არ ვიცოდი რამდენად სახიფათო იყო არდამუშავება, ხოდა დავთანხმდი. პროცედურა იყო ძალიან სასაცილო. სასაცილო იმდენად რამდენადაც არაფერი გაუკეთებია ქალბატონ ასისტენტს. საპნიანი წყლით მომბანა და ”სანტავიკი” შემოახვია ნეკა თითს. სულ ესააო თქვა და 25 ლარიც გამომიწერა. პირველი ვიზიტიაო, თან ისტორიასაც გიხსნიო აბა?! მთავარი ექიმი ახალგაზრდა მამრი იყო. კი მერიდება ამაში ფული როგორ გამოგართვა, მაგრამ უფროსობას ასე აქვს დაწესებულიო. საავადმყოფოებზე და მათი მომსახურების ძვირ სიამოვნებაზე მითხრა ერთმა: ”უნდა ილოცო, რომ რამე არ დაგემართოს და საოპერაციო არ გახდე, თორე ან ბინა უნდა გაყიდო, ან ბანკის ვალი უნდა აიღო საშვილიშვილოო”. რთულია არ დაეთანხმო.

ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადი გააკეთა აირია მონასტერი, თანაც ძალიან მაგრად. ”ქართული ოცნების” და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე არ ვაპირებ წერას. ყველაზე მეტად ის, კიდევ უფრო დაბინძურებული გარემო არ მომწონს, რასაც დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე ქვია. ხელისუფალი გაბოროტდა, პანიკაშია ჩავრდნილი და სულელურ ნაბიჯებს ერთი მეორის მიყოლებით დგამს. კონსტიტუციური ცვლილებები, კონტროლის პალატის ტერორი, მოსახლეობის დაშინება, ოპონენტების ფიზიკური ანგარიშსწორება, ქონების დაყადაღება… ჩამონათვალი გრძელია. სიტუაციის გამოსწორებისკენ სწრაფვას ჯერ პირი არ უჩანს, უფრო პირიქით.

მმართველ ძალას რომ დაუჯეროს კაცმა, საქართველო ქვეყანაა, სადაც ეკონომიკა ვითარდება და აღმასვლას განიცდის. მაგრამ! დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის შემჩნევას, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ხალხისთვის. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯებესებულა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. 3.5 მილიონიან ქვეყანაში ეს საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

საქართველო მეტად ”უცნაური” სახელმწიფოა. ესაა ქვეყანა სადაც:

ადამიანის უფლებების შელახვისთვის აწინაურებენ;

ქვეყანა, სადაც განსხვავებული აზრისთვის სჯიან, აპატიმრებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ;

ქვეყანა, სადაც საბურავების მოპარვისთვის 16 წელს უსჯიან, მკვლელობისთვის კი 8 წელს და იმათაც ვადაზე ადრე უშვებენ;

ქვეყანა, სადაც პროფესიონალიზმზე უფრო მეტად  უფროსის მონური მორჩილება და მისი ძაღლური ერთგულება ფასდება;

ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები ”ობიექტურად” იტყუებიან;

ქვეყანა, სადაც მხიარულთა და საზრიანთა გუნდები მლიქვნელობენ ხელისუფლებას (ნუ გამონაკლისები არსებობენ);

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სტიპენდიანტები პრეზიდენტისავე განცხადებით არიან ოროსნები;

 ქვეყანა, სადაც წვიმის შემდეგ ქუჩაში მდინარეები მოდის და ხალხი სახლამდე ნავითღა თუ აღწევს;

ქვეყანა, სადაც მაია მიმინოშვილის  გათავისუფლება არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, მაგრამ მინისტრი მაინც მართალია;

ქვეყანა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი განათლების მინისტრად ინიშნება;

ქვეყანა, სადაც განათლების სისტემიდან პროფესიონალებს ათავისუფლებენ და მათ ადგილზე პოლიციელებს ნიშნავენ;

ქვეყანა, სადაც მაია ასათიანი და ნოდარ მელაძე რეიტინგული ჟიურნალისტები არიან;

ქვეყანა, სადაც ”კოკა სეფერთელაძე” მინისტრის მოადგილეა;

ქვეყანა, სადაც real tv, Itv.ge, presa.ge მედიასაშუალებებად ითვლება. იქ ”მომუშავე” ადამიანები კი – ჟურნალისტებად;

ოქტომბერში არჩევნები გვექნება. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნებს დიდი მნიშვნელბა ენიჭება. ინფორმირებული ადამიანის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტი ფასი აქვს. დღევანდელ პირობებში ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობაზე საუბარი სასაცილოა, განსაკუთრებით, რეგიონებს ეხებათ ეს. ტელეკომპანიები, რომელთა მაუწყებლობაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ცალსახად, პროსახელისუფლებო სიუჟეტებს ამზადებენ და პირიქით, ოპოზიის მარგინალიზებას ეწევიან.

პოსტი მინდა დავასრულო ნაწყვეტით 1995 წელს გადაღებული ფილმიდან ”12 მაიმუნი”.
”ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები…
აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!”

არქიფო სეთური vs მიშა

ხელოვნების ნებისმიერ დარგში (იქნება ეს კინო, მუსიკა, ლიტერატურა თუ სხვა) შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი არაერთი კრიტერიუმით ფასდება. შეფასების კრიტერიუმთა შორის, ვთვლი, რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის დროსთან მიმართება. ვგულისხმობ შემდეგს: რამდენად ასახავს ის არსებულ რეალობას, რამდენად აქტუალურია თემატიკა მოცემულ მომენტში,  რა დროის მანძილზე ინარჩუნებს ყურადღებასა და მნიშვნელობას – რამდენად უძლებს დროს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიგა ლორთქოფანიძემ გიზო გაბისკირიასთან ერთად გადაიღო 7 სერიანი მხატვრული ფილმი ”დათა თუთაშხია”. არ ვარ კინოკრიტიკოსი, შესაბამისად, არც მაინც და მაინც კომპეტენტური კინოს სფეროში, რომ ფილმის მხატვრულ მხარეზე ვისაუბრო და მის ანალიზს მოვყვე. მინდა რამდენიმე ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება და დღევანდელ ქართულ რეალობასთან გავავლო პარალელი.

დღესდღეობით ქართველი პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ხშირად ჩაგვჩიჩინებენ ტელევიზიების მეშვეობით, რომ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაშენებთ დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. როგორც იქნა მოვწყდით ბოროტების დიდ იმპერიას. დავადექით განვითარების გზას და საკუთარი ნება-სურვილით ვწყვეტთ თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. მართალია სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მხრივ დიდად არ ვართ წინ წასულები და ბევრიც არაფერი შეცვლილა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაც  იყო საბჭოთა საქართველოში.

”დათა თუთაშხიიდან” მინდა გავიხსენო არქიფო სეთურისა და კაკო თაბაგარის ეპიზოგი. დათა თუთაშხიასა და მის მეგობარ მოსეს მამასახლისი არქიფო სეთური ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ ზრუნავს ის ადამიანების კეთილდღეობაზე. მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, ვფიქრობ, ძალიან ჰგავს დღევანდელ მდგომარეობას. არქიფომ კაცი იმის გამო გაალახვინა, რომ მან უკმაყოფილება გამოთქვა ბევრს გვართმევს და მხოლოდ იმდენს გვაძლევს შიმშილით რომ არ დავიხოცოთო.

არქიფო სეთური

სეთური ამბობს: ”კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობა.  კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. უკმაყოფილება კი, სანამ გაიზრდება და მოღონიერდება იქამდე უნდა ჩაქოლო.  ხალხს თუ უთხარი ადამიანი ხარო რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მანდედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. მარა, პირდაპირ კი არ უნდა უთხრა, შეფარვით, ქარაგმით.

მამასახლისი კლდეში ხალხს ტყუილ უბრალოდ გვირაბს ათხრევინებს. ეს ის გვირაბია, რომლის ბოლოსაც ძალიან მაგრად ბნელა. თუმცა, აქვს კი საერთოდ ბოლო?! ადამიანებს მიწას ზურგით ათრევინებს. ძნელი რომაა მაგიტო შეგიყვარდება საქმე. რაზედაც მეტ შრომას დახარჯავ და მეტს იზრუნებ მით უფრო მეტად შეგიყვარდებაო. გარდა საქმის სიყვარულისა ის ხალხს იმედს აძლევს. ეს მათი ბედნიერებისთვისაა საჭირო. იმედი თუ აქვს ხალხს ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. იმედი კი ჭაში ჩაშვებული ყრუ-მუნჯი კაცია, რომელსაც ხელში ზარზე მიბმული თოკი უჭირავს. როდესაც გვირაბი ამ ჭაში გამოვა ისიც ჩამოკრავს ზარს. ხალხიც სწორედ ამის მოლოდინშია და გაფაციცებით ელოდებიან ზარის ხმას. თუმცა, რეალურად გვირაბი არასოდეს გამოვა ჭასთან. ხალხიც მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და იმედიც სულ აქვთ. მშვენიერი მოფიქრებულია ვერაფერს იტყვი. სეთურის მრევლი ისეა დაბეჩავებული და გონებადაბინდული რომ ოდნავი კრიტიკის შეგრძნებაც კი არ უჩნდებათ ყოველივე ზემოთქმულთან, პირიქით, ერთი გადაკრული სიტყვა მამა-მარჩენალზე და მზად არიან დაუფიქრებლად გათელონ ნებისმიერი.

დაინახა და გაერკვა რა ყველაფერში დათა თუთაშხია, შეეცადა ხალხის გამოფხიზლებას თუ არა დაფიქრებას მაინც, მაგრამ ბრბომ ისე ჩაქოლა ის და მისი მეგობარიც რომ წარბიც არ შეუხრია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქართველი, ვისაც ნანახი აქვს ”დათა თუთაშხია” და ახსოვს ეს ეპიზოდი, კარგად ამჩნევს ამ ადამიანების უსუსურ და უგუნურ მდგომარეობას. თუთაშხიას კი საქციელს ცალსახად მოუწონებს. დღევანდელ დღეს თუთაშხიებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ კაცი რომელიც სიმართლეს იტყვის, ან გიჟად იქნება შერაცხული, ან ქვეყნის გამყიდველად, ან ხალხის მტრად. ესაა დღევანდელი პოლიტიკა.

ის რომ არქიფო სეთურის მრევლი დღეს მიშას მრევლით ჩანაცვლდა ამის დასტურად ამ ვიდეოებს გთავაზობთ. მოდით, ყველამ ერთად ვილოცოთ მიშაზე.

ისე კი, სანამ სხვა ნებისმიერ ადამიანს (მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა) საფუძველშივე ზე-არსებად განვიხილავთ, უპირობოდ მესიად გამოვაცხადებთ და თანასწორად არ ვუყურებთ, მანამდე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ყოვლად გამორიცხულია.

რის საფუძველზეც დააპატიმრეს სანდრო ბარათელი

ვარლამ არავიძე

ვარლამ არავიძე

გენიალური ქართველი კინორეჟისორის თენგის აბულაძის ტრილოგიის (ვედრება, ნატვრის ხე, მონანიება) ბოლო ნამუშევარია ფილმი ”მონანიება”. ფილმზე საუბარს არ დავიწყებ, ვინაიდან საკმაოდ ბევრია სასაუბრო.
გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ტოტალიტარული რეჟიმის იმ განუკითხაობისა და უსამართლობის შესახებ, რაც ფილმში საკმაოდ ცხადადაა გადმოცემული. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მხატვარ სანდრო ბარათელის დაკავების ფაქტზე და იმ წერილზე, რის საფუძველზე ის დააპატიმრეს. სანდრო ბარათელი ღვთისმშობლის ტაძარში ლაბორატორიული ცდების ჩატარების წინააღმდეგი იყო. დაუყოვნებლივ ითხოვდა აღნიშნული ცდების შეწყვეტას და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისათვის შესაფერისი შენობის აგებას. გარდა ამისა, ვარლამ არავიძემ ჯერ კიდევ მაშინ აითვალწუნა მხატვარი, როდესაც მისი მერად არჩევის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს სანდრომ ფანჯრები მიუხურა ქალაქის თავს. მონაწილეობა არ მიიღო მის მიერ მოწყობილ სახალხო ზეიმში, მოკლედ არ გახდა მისი წარმატების თანაზიარი.

გთავაზობთ ზემოაღნიშნულ წერილს:

”ამ ბოლო დროს ზოგიერთი ვაი მხატვრის ნაჯღაბი ინდივიდუალიზმის ნიშნებს ატარებს. ეს ყოყოჩა, თავნება ვაი მხატვარი… კავშირი აქვს ანარქისტ პოეტებთან…
გუშინწინ, საღამოს ხუთ საათზე მოვიდა მხატვართა პარნასში და იმუქრებოდა – ვინც ღვთისმშობლის ტაძარს ხელს ახლებს იმ ხელს ძირში მოვაჭრი პაპაჩემის ხანჯლითო.

გასაკვირია, მაინც ვინ მფარველობს ამ ვაი მხატვარს და ვინ უწყობს გამოფენებს?

ანარქისტი ბარათელის ხელოვნება სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ნათელი საზოგადოებისათვის, რომლის მტერია ბარათელი.

თუ თქვენ არ მიხედავთ ამ საქმეს სიმართლეს გაარკვევენ სადაც ჯერ არს”.

სანდრო ბარათელი 

სანდრო ბარათელი

”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

მოკლედ, ბევრსიტყვიანი წინათქმისა და შესავლების გარეშე გადავალ სათქმელზე.
მივხვდი, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ურა პატრიოტი და მინდა ამის შესახებ ქვეყნიერებას გავაგებინო.
ბევრი ”ნაღდი”  კანონშემოქმედის, სხვადასხვა ”ღირსეული” ადამიანის ნიღაბი მოვირგო, შევიდე როლში და წარვსდგე საჯაროდ, ასე ”ამაყად” და ”თავმომწონედ”.
დიახ, მე ვარ ის ”ქვეყნისთვის დავდადებული” ჭანჭიკი  სახელმწიფოს მშნენებლობაში ჩაბმული, რომელიც სრულიად ამაღლებულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს.

რა უნდა გააკეთო რომ იყო ასეთი? მოგახსენებთ.

საბჭოთა კავშირი მარაზმატიკულ წარსულად გამოცხადდა, თუმცა ისევ იმ რელსებზე ვდგავართ, ოღონდ ლოკომოტოვია სახეცვლილი ცოტაოდენ.
მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველო მეორედ იშვა 2003 წლის ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. აქედან უნდა დაიწყოს თანამედროვე დემოკრატიის შუქურად წოდებული საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ეპოქას ვქმნით და ნაღდ ქართულ ისტორიას ახლა ვწერთ. მეც მინდა ამ პროცესში ჩავება. გავისისხლხორცე, მთლიანად შევიმეცნე და გავითავისე ის გამოწვევები, აღვიჭურვე შესაბამისი მლიქვნელ-ჩვევებით, რაც საშუალებას მომცემდა მმართველი ”სასტავის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი.

უფრო კონკრეტულად:
ჩემი ნეოკომკავშირული კარიერა სასკოლო ასაკიდან დაიწყო.  პატრიოტთა ბანაკებში დიდი ხალისით დავდიოდი. იქ მე ”ღირსეული” დამყოლი ტიპი გახლდით. თავს ინკუპატორიდან გამოჩეკილად ვგრძნობდი, რადგან ყველანი ერთმანეთს ვგავდით და ეს ძალიან მახარებდა. ჩემი  ლიდერის რიდიც მქონდა. ის ხომ ყოველთვის მართალია. შემდეგი ეტაპი იყო
უნივერსიტეტი. დიახ, მე ვიყავი თვითმმართველობის და ამავე დროს პარტიის ნორჩი,  ”სრულფასოვანი” და ”ღირსეული” წევრი. უნივერსიტეტში ჩვენთვის ყოველწლიურად ბევრი ფული იყო გამოყოფილი, რითაც უამრავ გასართობ ღონისძიებას ვუწევდით ორგანიზებას. ადვილი საქმე არ გეგონოთ თვითმმართველობის და რამდენიმე სტუდენტის გართობაზე ზრუნვა. პირდაპირ თუ ირიბად ნელ-ნელა დიდი პოლიტიკისკენ ვიკვალავდი გზას. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. საცემს ერთი-ორს მოვცხებდი, რაც ჩასაყლაპი იყო გადავყლაპავდი. უკნიდან შეხებასაც ვგრძნობდი, თავსაც ხშირად ვუხრიდი ”უფროსობას”, მორიდებული ვიყავი ჩინის წინაშე, მაინც მომავლისკენ ვიყურებოდი. გამჭრიახი ვარ და შორს მჭვრეტელი, დიახ. სხვაგვარად კომკავშირელი ვერ იქნები ჩემო ბატონო. დრო და დრო გავიზარდე. ჯერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში  დავიწყე მსახური. 2 წლის შემდეგ მერიაში გადავედი არც თუ ისე დაბალ თანამდებობაზე.  ”მეგობრობა” რომ არსად იკარგება კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მერია უფრო ნავაროჩენია.  ძალიან გამიხარდა.  მაგრამ რა ვიცოდი,  წინ თურმე უფრო მეტი პატივი მელოდა. რამდენიმე წლიანი ”მუშაობის” შემდეგ, პარტიამ ნამოღვაწარი დამიფასა და პარლამენტშიც ამოვყავი თავი. მიყვარს ჩემი პარტია. ჩემი გავლენაც სულ უფრო იზრდება. ვხარობ. ამაყი ვხდები. მიყვარს ყველაფერი ქართული. ვეამაყები ნათესავებსაც. სულ ჩემ წარმატებაზე საუბრობენ. ქორწილებში და ნათლობებში მეპატიჟებიან. ხშირად ბავშვს მანათლინებენ. ვგრძნობ ხალხის ”სიყვარულს”. ღიმილიანი სახით და კუდის ქიცინით მესაუბრებიან. ვგრძნობ რომ მაფასებენ.

უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი ყველაფერი პარტიული. ”ჩვენიანების” კანონპროექტებს უაპელაციოდ პლიუს ხმა აქვს ჩემგან. განსხვავებულ აზრს ვერ ვიტან. ან რა ასატანია პარტიისთვის მიუღებელი?! მომწონს საპატრულო პოლიციის გამჭირვალე ახალი შენობები. გულს მიჩუყებს ფილმი ”აგვისტოს 5 დღე”. საოცარი ნამუშევარია. ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს ის სახელმწიფოს მტერი და მოღალატეა. ვეთანხმები კობა ნაყოფიას, დიახ. მართალია ”ცოტათი” სხვადასხვა პროდუქტზე თუ სერვისზე ფასები კი იზრდება, მაგრამ ქვეყანაში რაღაც კეთდება და განვითარების და პროგრესის გზას რომ ვადგავართ ეს ცხადზე ცხადია. ოდესმე ხალხიც დასაქმდება და ხელფასებიც იქნება მაღალი. ჩამოუშლელ ეკონომიკას ვავითარებთ ჯერ კიდევ. ბათუმში სტინგი ჩამოვიყვანეთ, საოცარი კონცერტი იყო. გვიყვარს ქაჯობა. სასტუმროებს ვაშენებთ. აგენტებს ვიჭერთ. ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. სამართლიანობას ვიცავთ. ”ცოტა” შეიძლება ვრეკეტიორობთ, მაგრამ ბიუჯეტი ხომ უნდა შევავსოთ. ამიტო ეს არაა საგანგაშო.
დიდი ამბავი რამდენიმე ადამიანი თუ უდანაშაულოდ ჩავსვით ციხეში. ათასების კეთილდღეობას ერთეულების სიცოცხლე უნდა შეეწიროს, აბა როგორ გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! შიში დანერგეთო გვაბრალებენ. ხალხს სიტყვის და ზრის გამოთქმის ეშინიაო. რა აქვთ კი მაგრამ სათქმელი? თქვან და ”დაისვენებენ სამუდამოდ”.

მოკლედ, მე თქვენი გამკვირვებია რომ კარგის დანახვა არ გინდათ. საქმის მეტი რა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოდა ”გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ”.
ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ რომ ”ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ასე რო მიფრთხილდით! მიფრთხილდით! ისე ხუმრობა გვერდით გადავდოთ და არსებითად ესაა ცხოვრება: ზოგი საპნის ბუშტებს უშვებს, ზოგიც ხალხის მტრებს დასდევს”.

ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

ჰანნა არენდტი გახლავთ XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  ის 1906 წლის 14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ებრაელების ოჯახში დაიბადა.  high school-ის დამთავრების შემდეგ 1924 წელს, მან თეოლოგიის შესწავლა დაიწყო.  მის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ფილოსოფოსმა – მარტინ ჰაიდეგერმა. 1930-იანი წლებში ნაცისტური გერმანიიდან არენდტი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ის ტოვებს საფრანგეთსაც და ცხოვრების ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის. 

რაც შეეხება ინდივიდზე და ტოტალიტარიზმზე ჰანნა არენდტის ნააზრევს: ის მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის ”თავისუფლება” ღირებულებათა შორის უმთავრესია. გამოყოფს აქტიური ადამიანის სამ ტიპს:
I – ეს გახლავთ მშრომელი ადამიანი, რომელიც შრომობს გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი სურვილია.  მისი შრომა არაა დაძალებული.
II – მწარმოებელი ადამიანი, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული გეგმის მიხედვით და რომლის მიზანიც გახლავთ მოგების მიღება.
III – მესამე ტიპი, ესაა აქტივა, ანუ თავისუფალი ტიპი.
ამასთან, ჰანნა არენდტი გამოყოფს ადამიანის მოქმედების ორ არეალს – ესენი გახლავთ კერძო და საჯარო სფეროები. ორივე სფერო უნდა იყოს კარგად განვითარებული და უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება ერთი რომელიმეს მიერ მეორეს გადაფარვა მოხდეს. არენდტი ორივე სფეროს განიხილავს როგორც კეთილშობილთა საქმეს.
მისი აზრით,ადამიანებს გააჩნიათ კერძო სფერო, სადაც ისინი არ მოქმედებენ ეულად.  ადამიანს სხვა ინდივიდებთან უწევს კონტაქტი, ვერ ჩაიკეტება საკუთარ ნაჭუჭში, ვინაიდან მისივე აზრით, სამყარო არ არსებობს ცალკე აღებული იზოლირებული ინდივიდებით. ერთი ადამიანის ქმედება მეორე ადამიანის ქმედებასთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული, მეორისა – მესამესთან და ასე დაუსრულებლად. როგორც არენდტი ამბობს კერძო სფეროში ადამიანთა I და II ტიპი მოქმედებს. ეს ორი ტიპი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ არის ადამიანი – მუშა და ადამიანი – მწარმოებელი.

რაც შეეხება საჯარო სფეროს. საჯარო სფეროს ჰანნა არენდტი განიხილავს თანასწორ ადამიანთა მოქმედების სფეროდ. საჯარო სფეროს  III ტიპის ადამიანები შეადგენენ. აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. არენდტი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს საჯარო სფეროს გადაჭარბება კერძო სფეროზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, იკარგება ინდივიდუალიზმი, იქმნება მასა, იკარგება თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, იქმნება ე.წ. იდიოტიზმი ანუ მარტოსულობა და საფუძველი ეყრება ტოტალიტარიზმს.

არენდტისათვის მეტად ღირებულ ფასეულობას წარმოადგენს თავისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება თავისი არსით  უკვე გულისხმობს ინდივიდთა თავისუფალ მოქმედებას. სწორედ თავისუფლების არსებობა უშლის ხელს ტოტალიტარიზმის განვითარებას. თავისუფლება სიახლის საწყისია. თავისუფლება არის ფენომენი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახლის შექმნისკენ. ადამიანმა უნდა იგრძნოს და დაიცვას  თავისუფლება საჯარო სფეროში.
აკრიტიკებს რა ტოტალიტარიზმს, არენდტი გამოთქვამს აზრს, რომ ტოტალიტარული მმართველობისას სახელმწიფოა ყველაფრის განმგებელი და არ არსებობს კერძო სფერო. ანუ საჯარო სფერომ ჩაყლაპა ის.  ასეთ შემთხვევაში კი თავის მხრივ ირღვევა ბალანსი და იკარგება თავისუფლების პრინციპიც.

არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმი არის სოციალურად მკვდარი, არააქტიური ადამიანების მმართველობა, სადაც ადამიანს არ ეძლევა აქტიურების უფლება. ტოტალიტარიზმი იზოლაციონიზმის და განცალკევების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას. ასეთ შეზღუდული უფლებების  და ჩაკეტილ სახელმწიფოს პირობებში სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ადამიანს ხდის მარტოსულს, რაც იწვევს ამ ადამიანის როგორც ინდივიდის ფსიქოლოგიურ ნგრევას. ასეთ ადამიანს არ შეუძლია მსჯელობა და ინერციით მიყვება ნაკარნახევ ცხოვრებას.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? არის თუ არა საყოველთაო კონტოლის ნიშნები საქართველოში? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.

შოკისმომგვრელი მოგონებები

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“  26 მაისს აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის „პოსტი“ გავრცელდა.  პოსტი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ უცვლელად შესთავაზა მკითხველს – შენარჩუნებულია ტექსტის სტილისტიკაც.

23 რიცხვიდან აქციაში ჩავერთე თბილისში, დარბევის დროს ბიჭებთან ვიყავი და მეც პლასტმასის ხელკეტი მეჭირა, როცა სპეცნაზმა შემოუტია ბიჭებმა ნელ-ნელა უკან დავიხიეთ, ჰაერში ტყვიები ზუზუნებდა, გაზი თავის საქმეს აკეთებდა, ხალხის ტალღამ სცენის უკან გამიტაცა და ლიდერების გვერდით აღმოვჩნდი, ორივე მხრიდან სპეცნაზი გვიტევდა, რუსთაველის მხარეს გზა გახსნეს და ხალხმაც იხუვლა, ნონა გაფრინდაშვილი წაიქცა, ვიღაცა მის წამოყენებას ცდილობდა მაგრამ უკანა რიგებმა მოაწვა და ქალბატონი ნონა გადათელეს, მოკლედ ყველანი შეგვრეკეს რუსთაველში, სპეცნაზმა ეტყობა შეგნებულად-ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თავი მოვიყარეთ დარბაზში სადაც რაღაც ფილმი გადიოდა, დაახლოებით 150-მა კავმა, პრინციპში ქალბატონი ნინოს(რომელიც სპეცნაზის მის მანქანასთან მოახლოებამდე უარს ამობობდა მანქანაში ჩაჯდომაზე მაგრამ როცა სპეცნაზი 10 მეტრში მივიდა დაცვამ ძალას ჩასვა) და ქალბატონი ნონა. ერთი მხარე კარები ჩავკეტეთ და მეორე მხარე ღიად, დაახლოებით 15 წუთში პირველმა სპეცნაზელმა თავი შემოყო და დანარჩენებს დაუძახა, ბიჭებმა დაუყვირეს ქალები არიან დარბაზში და გაზი არ შემოუშვათო, შემოცვივდა სპეცნაზი, რამდენიმე ადამინმა დაიყვირა ჩვენ კინოში ვიყავით და აქციასთან შეხება არ გვაქვსო-მაშინ ბილეთები წარმოადგინეთო, დაახლოებით 30-მა ადამიანმა ბილეთი წარმოდგენა შეძლო და ისინი გაუშვეს, პირველი ლიდერებს მიადგნენ გოგი ქავთარაძეს პირდაპირ სახეში ჩაარტყეს ხელკეტი, სოსო ჯაჭვლიანი გაიყვანეს, შაშიაშვილიც, კურტანიძეს როცა ხელი შეახეს ამ ბიჭმა მაგრა იბრძოლა, სამჯერ დააგდეს ვანოს ბიჭებმა მაგრამ კურტანიძემ ირგვლივ ყველა დაასახიჩრა, მესამე წამოდგომაზე დაახლოებით 20 სპეცრაზმელი მივარდა და ჩაქოლეს-მერე უკვე გაათრიეს ადამიანების წამება პირველი რიგებიდან დაიწყო, ეკითხებოდნენ რომელი რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილი და ჩამოსულებს ორმაგად ცემდნენ, ხელკეტებს პირდაპირ სახეში ურტყამდა რამდენიმე ადამიანი, დარბაზში დაახლოებით 100სპეცრაზმელი იმყოფებოდა, ჩემამდე დაახლოებით 15 წუთში მოაღწიეს(მეხუთე ტიგში ვიჯექი), მომვარდა 2 სპეცრაზმელი და უმოწყალოდ ცემა დამიწყეს, პირველი ტალჭის სემდეგ თავზე ხელები დამაკრეფინეს და სადაურობა გამომკითხეს, როცა ხელკეტი მომიღირა ერთერთმა ჯიბეში სანტელი დამინახა და ამომიღო ჯიბიდან და მითხრა -სანთელის გამო ხელს არ დაგარტყამო, გვერდით მდგომმა სპეცრაზმელმა ჯიბეში ხელი ჩამიყო და ფული ჯიბის ერთად ამომგლიჯა (ჯიბეში 300 ლარამდე მქონდა), მიყვირა ბურჯანაძესთან ფულს აკეთებო და უმოწყალოდ მცემა,უკნიდან ვიღაცა შეუსვენებლივ თავში მირტყამდა სკამზე მჯდიმარეს, ბოლოს კეფაზე ბატინკის კბილები ვიგრძენი, ჩემთან რომ მოამთავრეს სკამებზე გადაბიჯებით ქვემოთ წასვლა მიბრძანეს, მეორე რიგამდე ცავედი და მიბრძანა რიგებშუა გავსულიყავი რომ დარბაზი დამეტოვებინა, სულ დამავიწყდა ხელები ჯერ კიდე მეხუთე რიგში თეთრი პლასტმასის ხელბორკილით შემიკრეს, ერთი უკან მომსდევდა და განუწყვეტლივ თავში და გვერდებში ხელკეტს მირტყამდა, კიბეებზე ჩასვლის დროს მამაო ამოვიდა და სპეცრაზმელს ჩემი ცემის შეწყვეტა სთხოვა სპეცრაზმელმა უხეშად მიუგო- შენს საქმეს მიხედეო, ქვემოთ ჩამიყვენეს ფოიეში და მუხლებზე დამაყენეს, იატაკი გატეხილი მინით იყო დაფარული, ფეხებზე როცა მიმათრევდნენ ფეხსაცმელები გამძვრა, მეორე მამაო ახლოს მოვიდა და ვთხოვე სანთელი ჯიბიდან ამოეღო-მამაომ თხოვნა შემისრულა, სპეცრაზმელმა მიბრძანა წამომდგარიყავი და ავტობუსისაკენ დავძრულიყავი, რომელიც 15 მეტრში იდგა, მე ვთხოვე ფეხზე არ მაცვია და გვერდითი კარებიდან გავსულიყავით, ამაზე სპეცრაზმელმა უმოწყალოდ მცემა, შემათრიეს ავტობუსში, ჩამაგდეს გასასვლელში, პატარა ავტობუსში 30 კაცამდე ვიყავით, თავების ჩაღუნვა გვიბრძანეს, რომ არ დამავიწყდეს ეს ყველაფერი მიმდინარეობს ადამიანების ბღავილის და სპეცრაზმელების ღრიალის ფონზე, სულ დედას გვაგინბდნენ, ოჯახებს და რუსეთის აგენტებს გვიწოდებდნენ, ავტობუსი დაიძრა და დაახლოებით 20 წუთში მთავარ სამმარტველოსთან მივიდა, ჩამოგვყარეს ავტობუსებიდან ცემა-ტყებით და ჩაგვამწკვრივეს, ძლიერი წვიმა იყო, ნახევარი ადამიანები ფეხსაცმელები გარეშე და ზოგიერთი ერთი ფეხსაცმლითაც კი იყო, თავის აწევის საშუალებას არ გაძლევდნენ, იყვნენ ძლიერად დაშავებულები, სამმართველოდან პატრულის ბიჭები მამოვიდნენ რამდენიმე ადამიანი, ბიჭებმა თხოვეს დაჭრილებს და მაგარ ნაცემებს დახმარებოდნენ, ზოგიერთმა ხელზე ხელბორკილების მოშვება სთხოვეს, პატრულის ბიჭები კარგად იქცეოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ბიჭებს დახმარებოდნენ, ერთი საათი კოკისპირულ წვიმაში გვამყოფეს და მერე შეგვიყვანეს, ბიჭების დანაწილება დაიწყეს სართულების მიხედვით, მე მეხუთე სართულზე ამიყვანეს, მე როგორც შევნიშნე ეს სართული ეტყობა ნიღბიანების სამფლობელო იყო. ამ სართულზე ამოიყვანის მურმან დუმბაძე, უმოწყალოდ ნაცემი და ოთახში შეათრიეს,როგორც მესმოდა მას რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ მან კი უარი უთხრა, დაუწყეს უმოწყალოდ ცემა, დუმბაძის მარტო არა ისმოდა, რამდენიმე წუთის შემდეგ მისი დასისხლიანებული სხეული გამოათრიეს. ამ დროს ჩვენ დანარჩენი პოლიციელები და სპეცრაზმელები უმოწყალოდ გვცემდნენ, ძალიან ერჩოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, სამი ბიჭი ოთახში შეათრიეს, ხელკეტებზე პრეზერვატივები ჩამოაცვეს და ჩვენს თვალწინ გააპატიურეს, როცა ამ წერილს ვწერ ძალიან მიჭირს ამის გახსენება, ტიროდა ვაჟკაცი ხალხი, რამდენიმე კაცი გამოგვათრიეს, ბიჭებმა ერთმანეთს გადავულაპარეაკეთ თუ ოთახისაკენ წასვლას მოგვიწევდა ფანჯრიდან გადამხტარიყავით, მაგრამ მეშვიდე სართულზე აგვიყვანე. იქ დერეფანში დაახლოებით 100 კაცი დაგვხდა კოლონებად დაწყობილი, ყველა იყო უმოწყალოდ ნაცემი დაიწყეს გამოცხრილვა, ვისავ სურათში ამოიცნობდნენ ხელკეტით ხელში პირდაპირ ორთვიანზე უშვებდნენ, დანარჩენებს ახალგაზრდა პოლიციელები გვაკითხავდნენ და დაკავების ოქმს აკეთებდნენ. დერეფანში აქტიურობდნენ ახალგაზრდა პოლიციელები დაახლოებით 22-დან 25 წლამდე, გავლა გამოვლაზე კაცებს ცემდნენ, ამ სართულზე ახალგაზრდებს ერჩოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ აქ გაუპატიურება არ ყოფილა, ფეხები გამიშავდა მაგრამ შენობაში მაინც თბილოდა. როცა გათენდა პოლიციელები არ ეყოთ და თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლოს აგვიყვანეს და დაგვყარეს 20-მდე ადამიანი(ღამეში ინვალიდები და 45 წელს გადაცილებულები გაუშვეს), ისე ჰუმანურობამდე ეს ადამიანები უმოწყალოდ ნაცემი იყვნენ ახლა სახლში ვწევარ და ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ იმ სამ ახალგაზრდის დავიწყება ნაღდად გამიჭირდება.

წყარო: ახალი ამბების სააგენტო ”ექსპრესნიუსი”