ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.

12 მაიმუნი

”1997 წელს მომაკვდინებელი ვირუსისაგან 5 მილიარდი ადამიანი დაიღუპება. ის, ვინც გადარჩება დედამიწის ზედაპირს დატოვებს და სამყაროს ბატონ-პატრონები ისევ ცხოველები გახდებიან… – ნაწყვეტი საუბრიდან, რომელიც 1990 წლის 12 აპრილს ბალტიმორის ჰოსპიტლის პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტთან შედგა.” ასე იწყება 1995 წელს  ტერი გილიამის მიერ გადაღებული ფენტეზის ჟანრის ფილმი – “12 მაიმუნი”. მთავარ როლებს ბრიუს უილისი, ბრედ პიტი და მედლინ სთოუ თამაშობენ.  სიუჟეტი აღებულია კინემატოგრაფიაში ახალი ფრანგული ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის კრის მარკერის 1962 წელს გადაღებული ფილმიდან – “La Jetée”.

”12 მაიმუნი” – ეს გახლავთ კრიმინალი ჯეიმს კოულის (ბრიუს უილისი) ისტორია. 2035 წელს ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და პატიმრობაში იმყოფება. ამ დროისათვის, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სახელმწიფოს მმართველობა გარკვეულ დონეზე შენარჩუნებულია. მეცნიერება განვითარებული. გამოგონილია დროის მანქანა, რომელიც სრულყოფილი არაა, თუმცა, დროში მოგზაურობას უზრუნველყოფს. მეცნიერების მიზანია დედამიწის ზედაპირიდან ცოცხალი ორგანიზმების ნიმუშების შეგროვება, მათი გამოიკვლევა და იმის დადგენა განიცდის თუ არა მუტაციას ვირუსი.  საჭიროა ცნობების მოძიება ”12 მაიმუნი”-ს არმიის შესახებ. მეცნიერთა ვარაუდით, მათ მოიპარეს და შემდეგ გაავრცელეს მომწამვლელი ვირუსი მთელ დედამიწაზე.

მკვლევარები პატიმრებს იყენებენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად – მათ აგზავნიან მოხალისეებად დროში სამოგზაუროდ, რათა მოიპოვონ ვირუსის პირვანდელი ნიმუში, გამოიკვლიონ და შემდეგ შექმნან მისი ანტივირუსი. სწორედ ერთ-ერთი მოხალისე-პატიმარია ჯეიმს კოული – არაპროგნოზირებადი ტიპი, უამრავ დანაშაულში ბრალდებული, ანტისოციალურობის მე-6 დონე, კოდექსის ხშირი დარღვევა, თავხედი, ჯიუტი, არ ემორჩილება ხელისუფლებას, მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა. თუმცა, მკვლევარებში მოწონებით სარგებლობს: ჭკიანია, ძლიერი, აქვს კარგი მეხსიერება, სერიოზულად ეკიდება საქმეს. სასჯელის შემცირების პირობით, აგზავნიან წარსულში – 1996 წელში, რათა მოიპოვოს ინფორმაცია და დაეხმაროს მეცნიერებს ვირუსის მოკვლევაში.

პირველი ექსპედიციისას ჯეიმსი 1996 წლის ნაცვლად 1990 წელში მოხვდა. ამ ეპოქაში ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს. ცხადია, არავინ არაფერი იცის მომავალში (მათთვის მომავალში) მომხდარი საშინელი ტრაგედიის შესახებ. პოლიციელები მის ნათქვამს სიგიჟედ აფასებენ. სწორედ, პოლიციაში გაესაუბრება ის პირველად ფსიქიატრ კეტრინ რეილის (მედლინ სთოუ). რასაკვირველია, დამაჯერებელი არც ფსიქიატრისათვის იყო ჯეიმსის აზრები. ასე მოხვდა პირველი ექსპედიციისას კოული სამხრეთ საფრანგეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც შეხვდა კიდეც ჯეფრი გოინსს (ბრედ პიტი). გოინსი მას სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას აცნობს: ”თამაშენი, თამაშები, უფრო მეტი თამაშები… თამაშები ბოსტნეულად გაქცევენ. თუ თამაშობ, ჩათვალე რომ ტრანკვილიზატორებს იღებ.  ყველგან გიჟები არიან. სიგიჟის ეპიდემიაა. მაგრამ გულახდილად რომ გითხრა ნამდვილი გიჟი აქ ცოტაა. არც შენ უნდა იყო დარტყმული. აქ სისტემის გამო ხარ არა?! ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები… აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!” ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამომწყვდეული კოული ნამდვილად ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოაგროვებდა. პირველი ექსპედიცია უშედეგოგ დასრულდა.

მეორე მცდელობისას ჯეიმსი პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრანგთა სანგრებში გაჩნდა. მესამე მცდელობამ გაამართლა და ის 1996 წელში გაამგზავრეს. 6 წლის შემდეგ კვლავ შეხვდა უკვე დოქტორ რეილს. დოქტორი საკუთარი წიგნის პრეზენტაციისას საუბრობს წინასწარმეტყველ ადამიანთა შესახებ – მოვლენაზე როგორც ასეთზე და დასძენს რომ მათ კასანდრას კომპლექსი აქვთ (ბერძნულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ კასანდრა მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა). თუმცა, მალევე დარწმუნდება რომ ჯეიმს კოული მართალს ამბობს. მაგრამ, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

საბოლოო მისიის დროს, 2035 წელს ჯეიმს კოული გადაწყვეტს, რომ აღარ დაბრუნდეს მომავალში. მასზე და კეტრინზე ძებნა გამოცხადა. საჭიროა ქვეყნის დატოვება. აეროპორტში მიმავალ გზაზე ისინი შეიტყობენ, რომ ჯეფრი გოინსის მიერ ჩამოყალიბებული არმია ”12 მაიმუნი” ცხოველთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა (მიაღწიეს კიდეც სასურველს – ზოოპარკის გალიებიდან გაათავისუფლეს ცხოველები)  და არა ვირუსის მოპოვება-გავრცელებისათვის. აეროპორტში ცნობილი ხდება იმ ადამიანის შესახებ, ვისაც ვირუსი გადააქვს. ჯეიმსი გადაწყვეტს მის შეჩერებას. სამწუხაროდ მას აეროპორტში პოლიციელები კლავენ. 8 წლის კოული საკუთარ მკვლელობას უყურებს. ერთი შეხედვით გამოვიდა ისე, რომ ჯეიმს კოულის მისია შეუსრულებელი დარჩა. მაგრამ! მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვირუსის მოკვლევაში. პირველი: მან დარეკა მომავალში და აცნობა მკვლევარებს რომ ”12 მაიმუნი”-ს არმია ვირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირში არაა.  და მეორე: ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მომავლიდან უკან დაბრუნებული მეცნიერი, თვითმფრინავში ჯდება სწორედ დოქტორი პიტერსის (ვინც შექმნა ვირუსი) გვერდით და ეცნობა მას როგორც წარმომადგენელი ”სადაზღვევოი კომპანიისა”. მე ვთვლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან (ჯეიმს კოულმა) შეძლო და გადაარჩინა კაცობრიობა ვირუსით განადგურებას.

ისე, კი, რეალურად რომ დავფიქრდეთ, დღეს ადამიანების განადგურებას არამარტო მომწამვლელი  ვირუსი ემუქრება. ყოველდღიურად გვესმის ამბები სახელმწიფოთა დაპირისპირების შესახებ, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სწორედ მასშტაბურ ომებში იხოცება ასიათასობით ადამიანი. ასევე: კაცობრიობის სენს წარმოადგენს ტერორიზმიც. რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ასალმებს სიცოცხლეს. მე მგონია, ფილმში მაინც ის აზრია გატარებული, რომ პირველ რიგში, ადამიანები უნდა ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, და შემდეგ იმ გარემოს რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

წინასაარჩევნო პერიოდში რომ პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს ხოლმე – ეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მთავარია ყველაფერმა კანონის შეაბამისად ჩაიაროს. კანონის წინაშე კი ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბრადაა პასუხისმგებელი. სხვა საკითხია რამდენად დემოკრატიულია კანონი. პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა პოიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებს პარლამენტი სხვადასხვა კანონპროექტებს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები, ძირითადად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული. ამის ცოცხალი მაგალითია მოვლენა – ნათია მოგელაძე. ამ ქალბატონის კანტორა თვალყურს ადევნებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში თანხების ბრუნვას და არა მარტო. თუმცა, აქაც მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ სპექტრზე კეთდება აქცენტი: აპატიმრებენ ადამიანებს, იბარებენ დაკითხვებზე, აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ემუქრებიან… ამის პარალელურად ძალიან უმისამართოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მოკლედ რა ხდება:

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით, ირჩევენ კონკრეტული რაოდენობის (და ალბათ პოლიტიკური შეხედულებებისაც) სტუდენტებს და მიყავთ 3-4 დღის ანაკლიაში. იდეაში ტრენინგებსა და პრესკომფერენციებზე. სრულიად უფასოდ. შემდეგ მათთან ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი და წინასაარჩევნოთ მათი ხმების სათავისდ გადაქაჩვას ცდილობს.

ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი

კონკრეტული მაგალითი: 2012 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრალურისა და ილიაუნის სტუდენტები ანალოგიური მიზნით წაიყვანეს ანაკლიაში. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევდა. გადანაწილებულები იყვნენ სამ სასტუმროში – “სასტუმრო ანაკლია”, სასტუმრო ”ოქროს საწმისი” და სასტუმრო ”Palm Beach”. კვება, აუზი, ღამით გართობა, მუსიკა – უფასო. რაც შეეხება ტრენინგს: მიწვეული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტი, რომელმაც 10-15 წუთიანი სემინარი ჩაატარა. ძირითადი დრო თამაშებს დაეთმო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამაში ძალიან ცოტა სტუდენტი მონაწილეობდა. მიწვეული იყო ასევე ჩინელი სტიდენტი, ისიც სემინარის ჩასატარებლად.

სტუდენტებმა ადგილზე შეიტყვეს რომ მათთა მისვლა მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. ერთ-ერთმა იკითხა თუ როგორი სახის შეხვედრა იყო დაგეგმილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შეკითვების დასმა და ა.შ.  გაირკვა რომ შეკითხვები იქნებოდა, რასაკვირველია, წინასწარი შეთანხმებით და კითხვების ფორმულირებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.  კრიტიკული აზრის გამოთქმას პერსპექტივა არ აღმოაჩნდა. ნუ ყველას კარგად წარმოუდგენია როგორი შეხვედრა შედგებოდა, პრეზიდნტმა სიამაყით გააჟღერა მორიგი მიღწევა, რომ ბათუმი ჯობს კალიფორნიას, რომ ჰილარი კლინტონი საოცრად კმაყოფილი იყო ნანახით, მოსმენილით და მოკლედ შეგვნატროდა. სტუდენტებმა ხოტბა-დიდება შეასხეს პრეზიდენტს. გაიჟღერა შეკითხვამ თუ როდის ჩამოიყვანენ საქართველოში Red Hot Chili Peppers? როგორც ჩანს სხვა არაფერი აღელვებს კითხვის ავტორს.

საღამოს გაიმართა წვეულება. სუფრაზე ტრადიციულად ითქვა სადღეგრძელოები, თუმცა არც მაინც და მაინც ტრადიციული. მაგალითად: მადლობა მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ლადო ვარძელაშვილლს! გაუმარჯოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასე შემდეგ.

სტუდენტები თბილისში 7 ივნისს დაბრუნდნენ. ეს ყველაფერი არ მთავრდება. ეხლა სხვა სტუდენტების გულის მოგების ჯერია. საინტერესოა რა თანხა ხმარდება აღნიშნულ რამდენიმედღიან ”დასვენებას” ანაკლიაში და ითვლება თუ არა მსგავსი შეხვედრები ამომრჩევლის მოსყიდვად?

 p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჟურნალისტებისთვის დაფარულად.

მსოფლიო ჩემპიონატის 5 საუკეთესო ფინალი

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი სანახაობაა. აღნიშნულ ფინალებშიც გამოირჩევა ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული თამაშები. გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 5 საუკეთესო ფინალს ბრიტანული ინტერნეტ გვერდ www.mirror.co.uk -ის მიხედვით.

1.ურუგვაი 4-2 არგენტინა. 1930 წელი (მასპინძელი ქვეყანა: ურუგვაი).
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალური შეხვედრა იყო რემატჩი 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალის. ჩემპიონატის მასპინძელი ურუგვაი გახლდათ. პირველი ტაიმი არგენტინელების უპირატესობით წარიმართა, მეორე კი – ურუგვაელების. იგებდნენ კიდეც თამაშს არგენტინელები ანგარიშით 1-2, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ურუგვაელებმა მოიპოვეს. მათ 4-2 დაამარცხეს მეტოქე.

2. ბრაზილია 5-2 შვედეთი. 1958 წელი (მასპინძელი ქვეყანა: შვედეთი)
1958 წელს ბრაზილიელებმა პირველი მსოფლიო აღიარება მოიპოვეს გახდნენ რა მსოფლიო ჩემპიონები. სწორედ აქედან დაიწყო კიდეც მათი ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც დიდწილად განპირობებული იყო ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს თამაშით. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პელე სულ რაღაც 17 წლის იყო და ფინალში დუბლი შეასრულა. ორივე გატანილი გოლი აღნიშვნის ღირსია. საერთო ჯამში კი აღნიშნულ ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბრაზილიელმა 6 გოლი გაიტანა.

3. ბრაზილია 4-1 იტალია. 1970 წელი (მასპინძელი ქვეყანა: მექსიკა)
ნახევარფინალში, გერმანიასთან დამატებით დროში, ანგარიშით 4-3 მოგებული შეხვედრის შემდეგ, იტალიელები ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ ფინალში. საბოლოოდ ეს შედეგშიც აისახა. 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბრაზილიამ მესამედ მოიპოვა. აღსანიშნავია ბრაზილიელთა კომბინაციური თამაში მეოთხე გოლის გატანისას, რომელშიც 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გოლი კი ძლიერი და ზუსტი დარტყმით კარლოს ალბერტომ შეაგდო.

4. ჰოლანდია 1-2 გერმანია. 1974 წელი (მასპინძელი ქვეყანა: გერმანია)
ჰალნდიელებმა მეორე წუთზე, მაშინ როდესაც გერმანელებს ბურთისთვის ფეხი არ ქონდათ შეხებული, ანგარიში გახსნეს 11 მეტრიანი დარტყმით. თუმცა, ეს არ ააღმოჩნდა საკმარისი უპირატესობის მოსაპოვებლად და შეხვედრის გამარჯვებამდე მისაყვანად. გერმანელებმა 23-ე წუთზე საპასუხი გოლი პენალტით გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი 46-ე წუთზე დაფიქსირდა: ჰოლანდია 1-2 გერმანია. 

5. საფრანგეთი 1-1 იტალია (პენ.3:5) 2006 წელი (მასპინძელი ქვეყანა: გერმანია)
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ნამდვილად დრამატული გამოდგა. ეს მატჩი იყო ყველაფერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ფრანგი ზინედინ ზიდანისა და იტალიელ მცველ მარკო მატერაცისათვის. ჯერ იყო და მატერაციმ საკუთარ საჯარიმოში მოწინააღმდეგის წაქცევისთვის პენალტი აიკიდა, რომელიც ზიდანმა ბრწყინვალედ შეასრულა. შემდეგ კუთხურიდან პირლოს ჩამოწოდებული თავად მატერაციმ შეაგდო. ძირითადი დრო 1-1 დამთავრდა. დამატებით დროში იტალიელთა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონიმ წარმოუდგენელი სირთულის თავური დარტყმა აუღო ზიდანს.  1o წუთი იყო დარჩენილი დამატებითი დროის დასრულებამდე, როდესაც მატერაცისა და ზიდანს შორის შელაპარაკება მოხდა.  ფრანგმა მეტოქეს თავი ჩაარტყა მკერდში ძლიერად. რის გამოც მიიღო კიდეც წითელი ბარათი და გაძევდა მოედნიდან. პენალტების სერიაში იტალიელებმა იმარჯვეს ანგარიშით 5-3 და მეოთხედ მოიპოვეს მსოფლიოში უძლიერესი გუნდის ტიტული.

საქართველო – ქვეყანა, სადაც …

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში რ ა ღ ა ც ე ბ ი ხდება, როგორ არა?! გავიდა თითქმის 9 წელი და იგივე მდგომარეობაში თითქოს არ ვართ, როგორც ამას ზოგიერთი მედია მაუწყებელი გვეუბნება. საავადმყოფოებით რო ამაყობს ხოლმე პირველი კაცი და თან აპარატურას დაატარებს აქეთ იქითო რო გაუბაზრდა, ამაზე უნდა ვთქვა მოკლედ, ორი სიტყვით. გარემონტდა და აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მაგრამ მიდი და იმკურნალე თუ ბიჭი ხარ.

რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოში ძაღლმა მიკბინა. ხობის ახალაშენებულ საავადმყოფოში გვაინ ღამით მივედი. რაბიოლოგი(ვისაც დაკბენილები აკითხავენ ხოლმე) არ დამხვდა. მორიგე ექიმი და მისი ასისტენტი შემრჩნენ ხელში. ასისტენტმა: ისე ვერ გაგიშვებ ჭრილობა უნდა დაგიმუშავოო. დიდიც არაფერი მჭირდა, გაკაწრული მქონდა მარცხენა ხელის ნეკა თითზე. არ ვიცოდი რამდენად სახიფათო იყო არდამუშავება, ხოდა დავთანხმდი. პროცედურა იყო ძალიან სასაცილო. სასაცილო იმდენად რამდენადაც არაფერი გაუკეთებია ქალბატონ ასისტენტს. საპნიანი წყლით მომბანა და ”სანტავიკი” შემოახვია ნეკა თითს. სულ ესააო თქვა და 25 ლარიც გამომიწერა. პირველი ვიზიტიაო, თან ისტორიასაც გიხსნიო აბა?! მთავარი ექიმი ახალგაზრდა მამრი იყო. კი მერიდება ამაში ფული როგორ გამოგართვა, მაგრამ უფროსობას ასე აქვს დაწესებულიო. საავადმყოფოებზე და მათი მომსახურების ძვირ სიამოვნებაზე მითხრა ერთმა: ”უნდა ილოცო, რომ რამე არ დაგემართოს და საოპერაციო არ გახდე, თორე ან ბინა უნდა გაყიდო, ან ბანკის ვალი უნდა აიღო საშვილიშვილოო”. რთულია არ დაეთანხმო.

ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადი გააკეთა აირია მონასტერი, თანაც ძალიან მაგრად. ”ქართული ოცნების” და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე არ ვაპირებ წერას. ყველაზე მეტად ის, კიდევ უფრო დაბინძურებული გარემო არ მომწონს, რასაც დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე ქვია. ხელისუფალი გაბოროტდა, პანიკაშია ჩავრდნილი და სულელურ ნაბიჯებს ერთი მეორის მიყოლებით დგამს. კონსტიტუციური ცვლილებები, კონტროლის პალატის ტერორი, მოსახლეობის დაშინება, ოპონენტების ფიზიკური ანგარიშსწორება, ქონების დაყადაღება… ჩამონათვალი გრძელია. სიტუაციის გამოსწორებისკენ სწრაფვას ჯერ პირი არ უჩანს, უფრო პირიქით.

მმართველ ძალას რომ დაუჯეროს კაცმა, საქართველო ქვეყანაა, სადაც ეკონომიკა ვითარდება და აღმასვლას განიცდის. მაგრამ! დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის შემჩნევას, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ხალხისთვის. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯებესებულა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. 3.5 მილიონიან ქვეყანაში ეს საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

საქართველო მეტად ”უცნაური” სახელმწიფოა. ესაა ქვეყანა სადაც:

ადამიანის უფლებების შელახვისთვის აწინაურებენ;

ქვეყანა, სადაც განსხვავებული აზრისთვის სჯიან, აპატიმრებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ;

ქვეყანა, სადაც საბურავების მოპარვისთვის 16 წელს უსჯიან, მკვლელობისთვის კი 8 წელს და იმათაც ვადაზე ადრე უშვებენ;

ქვეყანა, სადაც პროფესიონალიზმზე უფრო მეტად  უფროსის მონური მორჩილება და მისი ძაღლური ერთგულება ფასდება;

ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები ”ობიექტურად” იტყუებიან;

ქვეყანა, სადაც მხიარულთა და საზრიანთა გუნდები მლიქვნელობენ ხელისუფლებას (ნუ გამონაკლისები არსებობენ);

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სტიპენდიანტები პრეზიდენტისავე განცხადებით არიან ოროსნები;

 ქვეყანა, სადაც წვიმის შემდეგ ქუჩაში მდინარეები მოდის და ხალხი სახლამდე ნავითღა თუ აღწევს;

ქვეყანა, სადაც მაია მიმინოშვილის  გათავისუფლება არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, მაგრამ მინისტრი მაინც მართალია;

ქვეყანა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი განათლების მინისტრად ინიშნება;

ქვეყანა, სადაც განათლების სისტემიდან პროფესიონალებს ათავისუფლებენ და მათ ადგილზე პოლიციელებს ნიშნავენ;

ქვეყანა, სადაც მაია ასათიანი და ნოდარ მელაძე რეიტინგული ჟიურნალისტები არიან;

ქვეყანა, სადაც ”კოკა სეფერთელაძე” მინისტრის მოადგილეა;

ქვეყანა, სადაც real tv, Itv.ge, presa.ge მედიასაშუალებებად ითვლება. იქ ”მომუშავე” ადამიანები კი – ჟურნალისტებად;

ოქტომბერში არჩევნები გვექნება. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნებს დიდი მნიშვნელბა ენიჭება. ინფორმირებული ადამიანის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტი ფასი აქვს. დღევანდელ პირობებში ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობაზე საუბარი სასაცილოა, განსაკუთრებით, რეგიონებს ეხებათ ეს. ტელეკომპანიები, რომელთა მაუწყებლობაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ცალსახად, პროსახელისუფლებო სიუჟეტებს ამზადებენ და პირიქით, ოპოზიის მარგინალიზებას ეწევიან.

პოსტი მინდა დავასრულო ნაწყვეტით 1995 წელს გადაღებული ფილმიდან ”12 მაიმუნი”.
”ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები…
აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!”