შენ არასოდეს მოკვდები!

შენ ხარ ის, ვინც მე მიყვარს და ვისთანაც მე მინდა…

მე შენ მიყვარხარ; ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი: ჩვენ ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვერასოდეს ვერაფერი დაგვიდგება წინ! სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა და ვერ შეედრება ჩვენ თანაარსებობას…

ჩვენ ჩვენი საუბრებით და უმეტესწილად ჩვენივე ერთმანეთისადმი სათუთი დამოკიდებულებით საფუძველს ვუყრით დიდ სიყვარულს ჩემო…

ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ…

ჩვენ ერთად უნდა გვყავდეს შვილები და ერთად უნდა ვზრუნავდეთ ჩვენი ოჯახის  ბედნიერებაზე…

ეს ოჯახობანას თამაში არაა ჩემო. ჩვენ ერთმანეთს ცოლ-ქმრად მოვიხსენიებთ. ჩვენ შვილებზე ვლაპარაკობთ. ერთმანეთის შესაძლო მომავალ წარმატებებზე ვფიქრობთ. ერთად დასვენებაზე ვლაპარაკობთ, ერთად კაფეში ყავის დალევაზე და ფილმების შერჩევაზე…

მეტ-ნაკლებად წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება და გამორიცხულია ვინმეც და რამეც, რაც ოდნავ საფრთხეს მაინც შეუქმნიდა ჩვენ სიყვარულს. ოდნავ ბიძგსაც  კი ვერაფერი მისცემს და ვერ შეარყევს ამ გრძნობას…

– შენ რომ დაგკარგო მე მოვკვდები…

– შენ არასოდეს მოკვდები!

კიდევ უნდა გავაგრძელო… ჩვენზე… ხო ჩვენზე!

ჩვენ იმის მეასედსაც კი ვერ წარმოვიდგენთ, რაც ერთმანეთთან თანაცხოვრების მანძილზე წინ გველოდება… ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კადრის “დანახვა” თუ შეგვიძლია მომავლიდან: როგორ ვსეირნობთ ფართო და ვიწრო ქუჩებში, ერთად დავდივართ მაღაზიებში, ერთად ვუყურებთ ფილმებს, ერთად გვძინავს, დილით ვსვამთ ყავას.

უჩვეულოდ გამობერილი მუცელი, რამდენჯერმე…

ვხედავთ როგორ ვთამაშობთ შვილებთან ერთად მინდორში ბურთს, როგორ ვსხედვართ კინოში და როგორ ვიცინით, როგორ ვსრიალებთ ზამთარში ლიჟებით, როგორ ვსეირნობთ ზაფხულში აყვავებულ ბაღებში და როგორ ვისვენებთ ხასხასა მწვანე ბალახზე. როგორ ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და როგორ გადავცემთ მზერით სითბოს, ემოციას, ცეცხლს, რომ ჩვენ ერთმანეთი ერთხელ ვიპოვნეთ და ერთად აღმოვაჩინეთ დანარჩენი სამყაროც ჩვენ გარშემო; რომ ჩვენ ბედნიერნი ვართ და ერთმანეთის მთლიანად გვესმის; რომ მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნისა და თანაცხოვრებისთვის ღირდა ყველაფერი რაც კი ოდესმე აქამდე მომხდარა…

ჩვენ ერთმანეთის ჭაღარას ვხედავთ და მაშინაც კი ხელჩაკიდებული ერთად ვსეირნობთ…

ჩვენ ბედნიერებას ვასხივებთ და ბედნიერ მომავალს ვუყრით საფუძველს…

ჩვენ შვილები გვყავს და მათთვის ღირს ჩვენი ცხოვრება…

ჩვენ…  ჩვენ…  ჩვენ…

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, სიყვარულით სავსე მხიარული ოჯახი გვყავს და ბედნიერები ვართ!

პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ დევნილთა ყველაზე მძიმე პირობებში მყოფი ნაწილის პრობლემათა სწრაფად და ღირსეულად გადაჭრას, და ამ მიზნით მივმართავთ მასმედიას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, საზოგადოებას. ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვმოქმედებთ არც ერთი პოლიტიკური, საერთაშორისო, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. მეტიც – ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც დევნილების პრობლემაში გარკვევის პროცესში გავიცანით ერთმანეთი და ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებისა და სიმპატიების შესახებ. ჩვენი ერთიანობა დროებითია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთადმი სოლიდარულობა უდევს საფუძვლად. პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია პრობლემის არსის მიტანა ადრესატებამდე. ამისათვის საჭიროა მედიასაშუალებათა მიერ შექმნილი და დამკვიდრებული ყალბი მითების დანგრევა. მათგან უპირველესია ტყუილი, თითქოს დევნილები უარს ამბობენ დედაქალაქის გარეთ საცხოვრებელი ფართის შეთავაზებებზე და ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ თბილისში ბინებით დაკმაყოფილებას. შესაძლოა ერთეული ასეთი დევნილები არსებობენ კიდეც (ჩვენ ასეთებს არ ვიცნობთ), მაგრამ ასეთი პრეცედენტების არსებობა ვერანაირად ვერ გაამართლებს მასმედიის ზოგიერთი საშუალების არაადექვატურობას. სატელევიზიო რეპორტაჟებში დევნილთა შესახებ სიუჟეტებში ხშირად უბრალოდ აჩვენებენ დევნილებს და მათ მხარდამჭერებს, ხოლო დევნილთა ვითომდა ‘მოთხოვნის’ – ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართების გამოყოფის შესახებ რატომღაც არა თავად დევნილთა, არამედ დიქტორის ტექსტით გვამცნობენ. ვაცხადებთ, რომ დევნილთა ის ნაწილი, რომელთაც ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას, საკითხს არასოდეს აყენებდა ასე, და რომ მსგავსი განცხადებები მტკნარი და ამავე დროს უკიდურესად სახიფათო, ანტისახელწიფოებრივი სიცრუეა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისა და დევნილების გამიჯვნას, მათ შორის მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ერთმნიშვნელოვანდ ვაცხადებთ, რომ დევნილთა მოთხოვნებში გეოგრაფიული პრეტენზიები საერთოდ არ ფიგურირებს. ისინი არ მოითხოვენ, ან უარყოფენ ამა თუ იმ რეგიონში ცხოვრებას, არამედ – ითხოვენ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, და უარს ამბობენ შეურახმყოფელი და აუტანელი პირობების შეთავაზებაზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ყველაზე გახმაურებული შეთავაზება, ფოცხო-ეწერი. დასახლებული პუნქტი მთიან რეგიონში, სადაც არ არის სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი… რაიონულ ცენტრამდე და უკან მგზავრობას სჭირდება სულზე 8 ლარი, რაც დევნილთა ყოველთვიური დახმარების – ხშირად ერადერთი საარსებო წყაროს – მესამედზე ცოტა ნაკლებს შეადგენს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ ადამიანთა მდგომარეობა. ისინი, ომამდე სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის მკვიდრნი, ხშირად უმაღლესი განათლებით და პროფესიული სტაჟით, მათ შორის – პედაგოგები, ასევე ომის ვეტერანები, თითქმის 18 წელია, აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებისა და პერმანენტული თავშესაფრის გარეშე, დღეისათვის კი, დროებითი თავშესაფრიდან ძალადობით გამოყრილი, აუტანელ პირობეში, მათ შორის ქუჩაში, კარვებში ცხოვრობენ. მათ შორის არიან ოჯახები სასკოლო ასაკის ბავშვებით. ბუნებრივია, მათ სურთ ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც შეძლებენ შვილებს განათლება მისცენ. არიან ომის ინვალიდი, უბრალოდ აუტანელ პირობებში ხანგრძლივი ცხოვრების გამო მძიმედ დაავადებული ადამიანები. მათ სურთ ისეთი ცხოვრება, როდესაც ავადმყოფობას არ დაემატება მუდმივი შიში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში არათუ საავადმყოფოს მომსახურებით ვერ ისარგებლებენ, არამედ მედიკამენტების შეძენასაც ვერ შეძლებენ. არიან ადამიანები ისეთი ავადმყოფობებით, რომლის სამკურნალო აუცილებელი პროცედურების ჩატარება მხოლოდ თბილისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. მაგ. ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა ექიმთა დაუდევრობის გამო სმენა დაკარგა. ამგვარი ბავშვებისათვის სკოლა მხოლოდ თბილისში და ქუთაისშია. გარდა ამისა, ბავშვი ყოველთვიურად საჭიროებს ყურიდან ჩირქის ამოღების პროცედურის ჩატარებას, რაც სრულფასოვნად მხოლოდ თბილისის ორ საავადმყოფოშია შესაძლებელი. ბუნებრივია მისი ოჯახი წინააღმდეგია საცხოვრებლად ფოცხო-ეწერში წავიდეს, მაგრამ კვლავ – აქ არსებითია არა გეოგრაფიული ფაქტორი, არამედ სოფელში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არარსებობა. არის სხვაგვარი შემთხვევები: მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოხუცი ბრმა დედის, მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალია. მისი ახალგაზრდობა ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც განათლების მიღება ვერ შეძლო. წლების განმავლობაში იგი ხელობით ინახავს ოჯახს. ეს ხელობა ავტომობილების შეკეთებაა. ბუნებრივია, ამ ოჯახის გაშვება მთიან რეგიონში, სადაც კვირაში რამოდენიმე მანქანა თუ გამოჩნდება, სახელმწიფო დახმარების – 28 ლარის იმედად, მათი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვაა. არსებობს სხვაგვარი სპეციფიკის საქმეებიც. მაგრამ აქ მოყვანილი შემთხვევები საკმარისია დავასკვნათ, რომ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან დევნილთა საქმეებისადმი ინდივიდუალური მიმდგომა, კლასიფიკაცია პრინციპით გადაუდებლიდან – ნაკლებ საჩქარომდე (თუმცა დროებით თავშესაფარს ყველა მათგანი დაუყოვნებლივ საჭიროებს), და პრობლემათა სწრაფი და თანმიმდევრული მოგვარება. დღემდე კი, ამის სანაცვლოდ, დევნილები სახელმწიფო მოხელეთაგან მხოლოდ იგნორირებას, ხშირად – ცინიკურ და უგულო დამოკიდებულებას იღებენ. განსხვავებულ სპეციფიკათა მიუხედავადაც კი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე ზოგადი პირობა, რომლიც ყველა დევნილისათვის საერთო აუცილებელ მინიმუმს წარმოადგენს. დევნილები მზად არიან საცხოვრებლად წავიდნენ ყველგან, სადაც იქნება:

• თავშესაფარი ელემენტარული პირობებით: ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საკვების მომზადების შესაძლებლობით.

• სკოლა, სადაც მცირეწლოვანი დევნილები სხვა თანატოლებთან ერთად კონსტიტუციით გარანტირებული სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებას შეძლებენ.

• საავადმყოფო, აფთიაქი და სასწრაფო დახმარება გონივრულ დროში მისაწვდომ მანძილზე.

• ამასთან, თუმცა დევნილები არ ითხოვენ სახელმწიფოსაგან სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, სურთ ისეთ გარემოში დასახლდნენ, სადაც სამუშაოს პოვნის შანსი იარსებებს, და მონდომების შემთხვევაში თვითდასაქმებას შეძლებენ – იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი თუ სერვისი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნებში არაფერი გადაჭარბებული არაა. მეტიც, მოთხოვნილი პირობები მნიშვნლოვანწილად ნაკლებია იმაზე, რაც ამგვარ გარემოებებში აღმოჩენილი ადამიანებისათვის საერთაშორისო სტანდარტითაა განსაზღვრული. ჩვენი აზრით, ეს ის მინიმუმია, რაზე ნაკლებზეც ჩვენი საზოგადოების არც ერთი წევრი არ უნდა იყოს თანახმა, და რაზე ნაკლების შეთავაზებაც სახელმწიფოსგან, რომელიც, შეგახსენებთ, კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოა, უბრალოდ მიუღებელია. მივმართავთ: პოლიტიკურ ორგანიზაციებს: მივესალმებით რა ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარ ადამიანთა მონაწილეობას პრობლემის გადაჭრის პროცესში, ყველას ვთხოვთ, ნუ მოახდნენ ვითარების პოლიტიზირებას, ნუ გამოიყენებენ დევნილთა მდგომარეობას პოლიტიკური ინტერესებისათვის. მასმედიას: ვთხოვთ შეუგნებლად თუ მიზანმიმართულად ნუ შეუწყობენ ხელს შეურაცხმყოფელი სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას, კიდევ ერთხელ ნუ ატკენენ გულს ისედაც ლამის ათწლეულობის განმავლობაში ჩვენგან გარიყულ და იგნორირებულ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს; ობიექტურად გააშუქონ დევნილთა პრობლემატიკა, და ამ პროცესში იხელმძღვანელონ თავად დევნილთა, და მათი ნდობით აღჭურვილი პირების ინფორმაციით, და არა ანონიმური, საეჭვო და დაუდგენელი ‘მოარული ხმებით’. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს: ვთხოვთ შეძლებისადაგვარად შეგვიწყონ ხელი პროცესის ნორმალურად და ეფექტურად წარმართვის საქმეში; გაგვიზიარონ ცოდნა; გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია; გამოიყენონ საკუთარი ავტორიტეტი სათანადო ორგანოების დასარწმუნებლად. ხელისუფლებას: ვთხოვთ დაუყოვნებლივ შეუდგეს პრობლემის გადაჭრას; დასაწყისისთვის მოისმინოს დევნილთა და მათი ნდობით აღჭურვილ პირთა მოსაზრებები, მოთხოვნები, და ცხადი წარმოდგენა შეუქმნას მათ, პრობლემის გადაჭრის რა ხედვა და გეგმა გააჩნია შესაბამის ორგანოებს. ამ მიზნით, ჩვენ მოივითხოვთ დევნილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეხვედრას დევნილებთან და მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან უმოკლეს დროში. და ბოლოს, ვთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში. პირველ რიგში, არ გაავრცელოს თავად, და შეძლებისდაგვარად ხელი შეუშალოს სხვათა მიერ დევნილთა შესახებ შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის გავრცელებას. გამოხატოს დევნილთა აქ ჩამოყალიბებული მოთხოვნებისადმი პრინციპული მხარდაჭრა. შესაძლებლობის ფარგლებში, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე, დაეხმაროს დევნილებს ცივი და მშიერი ზამთრის გადატანაში.

გათითოკაცებული ერი

საქართველოს პოლიტიკოსთა უმრავლესობას თუ სრულ უმრავლესობას არა, რომ ჰკითხო უკლებლივ ყველა – დეპუტატები, მთავრობის წევრები, გუბერნატორები, გამგებლები და ამ ზემოთ ჩამოთლილის მოადგილეები – ქვეყნის პერსპექტივაზე ზრუნავს, ცალსახად ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და სახელმწიფოს ყოველმხრივ განვითარებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, რომ კანონი უნდა უზენაესობდეს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს წმინდათა წმინდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორად უნდა იყოს პასუხისმგებელი მიუხედავად მათი ჩინ-მედლების და სოციალური სტატუსისა, რომ საქართველო უნდა იყოს ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, არჩევანის, რწმენის, შრომის და სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, რომ სადავო სიტუაციები უნდა გაირჩეს სასამართლოში და რომ სიმართლე ქუჩაში არ უნდა ეძიო და ”ძალა აღმართს ხნავს” პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელო. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. საკმაოდ მსუყედ ისმენ-იკითხება და წუნს ვერ დაუდებ კაცი. მაგრამ! არსებობს საკმაოდ ბევრი მაგრამ.

პირველ რიგში, შემდგარი სახელმწიფოს სტატუსი რომ გააჩნდეს ქვეყანას ამისათვის მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორია, ჰიმნი, გერბი, დროშა და მინისტრთა კაბინეტი საკმარისი არაა. დემოკრატიის შუქურა რომ ვიყავით (არ ვიცი ახლაკიდევ გვაქვს თუ არა ეს სტატუსი? ალბათ დემოკრატიის თვალისმომჭრელად მოკაშკაშე ვარსკვლავი ვართ) კარგად მახსოვს. ასეთ ”შუქურა” სახელმწიფოში ხალხი ირჩევს ხელისუფალს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. შემდეგ,  ჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებელია სწორედაც რომ ამ ხალხის წინაშე. მათ მიერ მიღებული კანონები, მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საზოგადოების ინტერესებთან. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ხელისუფალი არ უნდა უგულებელყოფდეს ხალხს და მეტ-ნაკლებად ზრუნავდეს კიდეც უნდა მათზე. მით უმეტეს როდესაც ვალდებულია!

საქართველოს მაგალითზე, სახელმწიფოს ”მზრუნველობა” ადამიანებზე ცოტა არ იყოს და  ცინიკური მნისვნელობის მატარებელია (მზრუნველობაში არ მოვიაზრებ იმას, რომ შრომისუნარიანი ადამიანი სახელმწიფოს პარაზიტად უნდა წამოაჯდეს თავზე, ფეხი-ფეხზე გადაიდოს და ხარჯად დააწვეს მას). ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, დევნილების საკითხს ვგულისხმობ (მერამდენედ არიან უკვე დევნილები!).

2010 წლის სექტემბერშიხელისუფლების გადაწყვეტილებით დევნილები გამოასახლეს დაკავებული ფართებიდან. უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილების ნაწილმა ახლობლების ოჯახებს შეაფარა თავი, ნაწილი ერთ სახლში ცხოვრობს ქირით და გადასახადს ტანაბრად იყოფენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, იქვე ეზოში კარვებში ცხოვრობენ. ასე გრძელდება უკვე მეხუთე თვეა. მათი იქ ყოფნის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, თითქმის არავინ. ამის პარალელურად კი ”ჯიგარი” ტელევიზიის მეშვეობით 1 კილოგრამი შაქრის 3 ლარამდე გაძვირებაზე მიდის ღადაობა და დამსწრე ”საზოგადოებაც” ხარხარებს და ამაზე ”მხურვალე ტაშს” შემოჰკრავს. (სადღაც მაქვს მსგავსი ”ტაშები” ნანახი შავ-თეთრად, ბუნდოვნად მახსოვს) ვის აღელვებს ლტოლვილები?! საერთოდაც ვინ იცის რო მათ შესახებ?!

ჩვენთვისაც, ახალგაზრდისთვისაც რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში მცხოვრები დევნილების შესახებ. შეიქმნა ჯგუფი ფეიბუქზეც. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. ყოველდღიურად რამდენიმე იქვე კარავში რჩება და ღამეს იქ ათევს, ზოგს პროდუქტი მიაქვს, ზოგს – მედიკამენტები. განსაკუთრებულს თითქოს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მათთვის ჩვენი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამას ჩვენ ყოველ იქ მისვლაზე აღნიშნავენ. უბრალოდ სოლიდარობის ამბავია. ამ ეტაპზე ჩვენ ცოტანი ვართ, საკმაოდ. (თუმცა, ჯერ-ჯერობით)

ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა სამინისტროს წინ თავი დაიწვა. ამ ფაქტმაც ისე ჩაიარა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. საზოგადოებაში ამ ფაქტს არანაირი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. უბრალოდ -1 დევნილი და მორჩა. იმ ქალბატონის ფოტო იქვე სამინისტროს შესასვლელთან ხეზეა მიმაგრებული. სამინისტროს თითოეული მუშაკი დილით და საღამოს, დღეში მინიმუმ ორჯერ, ამ ფოტოს მშვიდად უვლის გვერდს სამსახურში მისვლის და გამოსვლის დროს.

დევნილები არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ და მაინც. ყველას მაინც და მაინცდედაქალაქში ცხოვრებაზე არ აქვს პრეტენზია. მათ სურთ ისეთ პირობებში ცხოვრება, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირობები (სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში) ყველასთვის დამაკმაყოფილებელი არაა. იმიტომ, რომ ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ისეთ ადგილას ჩასახლება როგორიცაა ფოცხო ეწერი (სამეგრელო, წალენჯიხის რაიონი) მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ზოგს მხედველობის პრობლემა აქვს, ხერხემლის პრობლემა, გადაადგილების პრობლემა. ერთ-ერთ დევნილს ყრუ-მუნჯი შვილი ყავს. გოგონას თვეში ერთხელ ესაჭიროებაისეთი სამედიცინო მომსახურეობა, რომლის მიღებაც მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. წარმოიდგინეთ ფოცხოეწერიდან ან ქუთაისში ან მით უმეტეს თბილისში სიარული თვეში ერთხელ სისტემატიურად, მაშინ როდესაც იქ (ფოცხო ეწერში) უკვე მაცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში წასასვლელი ფული არ აქვთ. სამუშაოს დეფიციტია. საავადმყოფოზე ზედმეტია საუბარი, აფთიაქიც კი არ არსებობს. ექიმი კვირაში ერთხელ მიდის.

დასასრულს მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რითაც პოსტის წერა დავიწყე და დავამატებ ერთს: რომ შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი ადამიანებში სოლიდარობის განცდაა. ხოდა ვიყოთ სოლიდარულები როგორც დევნილების მიმართ, ასევე ზოდადად, ერთმანეთის მიმართ.

ფეისბუქზე შექმნილი ჯგუფის ლინკი: http://www.facebook.com/home.php?sk=group_125390484196064&ref=notif&notif_t=group_activity