მთავარი » რელიგია » 4 სახარება, 4 მახარობელი და მათი სიმბოლოები

4 სახარება, 4 მახარობელი და მათი სიმბოლოები

მახარობლები არიან ისინი, ვინც სახარება არა მარტო სიტყვით იქადაგეს, არამედ წერილობითაც გადმოგვცეს. ესენი გახლავან: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. მათე და იოანე 12 მოციქულთა შორის არიან, მარკოზი და ლუკა – 70 მოციქულთა შორის.

მათე – ალფეს ძე ლევი მებაჟე. მათე თვითონ მოიხსენებს თავს მებაჟედ. არსებობს მრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ სად ქადაგებდა მათე. პირველი ვერსიით ის ქადაგებდა ეთიოპიასა და პართიაში. მეორე ვერსიით – სპარსეთსა და მიდიაში. წასვლის წინ მას იუდეველნი სთხოვდნენ დაეწერა ის, რასაც ქადაგებდა ანუ სახარება. აზრთა სხვადასხვაობა ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით ის ეთიოპიაში კოცონზე დაწვით აწამეს. მეორე ვერსიის თანახმად, იგი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. სახარება ქრისტეს ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა, ებრაულ ენაზე – იუდეველებისთვის. მათე მახარობლის სიმბოლოა ფრთებიანი ყმაწვილი.

მარკოზი – მარკოზი 70 მოციულთა შორისაა. მისი სიმბოლოა ლომი. მარკოზი პეტრე  მოციქულის მოწაფე იყო. წმინდა პეტრეს იგი ისე უყვარდა, რომ თავის შვილს უწოდებდა. წმინდა მარკოზი თავის მასწავლებელს რომში გაყვა, სადაც დაწერა კიდეც სახარება.  სანამ ნაწერს რომაელ ქრისტიანებს ჩააბარებდა, მარკოზმა ის პეტრეს უჩვენა, რომელმაც თავის მხრივ სახარება შემდეგნაირად შეაფასა: ”ყოველივე ჭეშმარიტია და შეიძლება მისი რწმუნება”. პეტრემ მარკოზი საქადაგებლად აკვილიაში და ეგვიპტეში გააგზავნა. ალექსანდრიაში კი ის პირველი ეპისკოპოსი იყო.

მარკოზი წამებით მოკლეს. წარმართებმა ის წვეტიან ქვებზე ათრიეს. ბერძნებს მისი გვამის დაწვა უნდოდათ, მაგრამ მოხდა სასწაული: დაბნელდა და სეტყვა წამოვიდა. ბერძნებმა გვამი მიატოვეს, აღარ დაუწვავთ. მარკოზი გარდაიცვალა 25 აპრილს.

ლუკა – ლუკას სიმბოლოა ხარის თავი. წმინდა მახარებელ ლუკას წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთის მხრივ, მას აღიარებენ როგორც ბერძენ მოღვაწეს, რომელიც ცხოვრობა ძველი სირიის ქალაქ ანტიოქიაში. მეორე მხრივ, მიიჩნევენ რომ ის ელინური ებრაელი იყო. პავლე მოციქული მას მოიხსენიებს როგორც ექიმს. არსებობს მოსაზრება, რომ ლუკა დახელოვნებული მხატვარიც იყო. იგი პავლე მოციქულის თანამგზავრი გახლდათ. მან ქრისტეს რჯული წარმართებთან იქადაგა. ააშენა ეკლესიები. კურნავდა სულით და ხორცით ტანჯულებს. თქმულების თანახმად, ლუკამ პირველად დახატა ღვთისმშობლის სახე ყრმით ხელში. შემდეგ კიდევ ორი ნახატი ასევე ღვთისმშობლის და უჩვენა ყოვლად წმინდა ქალწულს, რომელმაც თურმე წარმოთქვა შემდეგი: ”ჩემგან შობილისა და ჩემი მადლი იყოს ამ ხატებთან”. ამბობენ ორ ვერსიას მის გარდაცვალებაზე: პირველის თანახმად,  80 წელს გადაცილებული წამებით აღესრულა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით 84 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

იოანე მახარებელი – მისი სიმბოლოა არწივი. წმინდა იოანე მოციქული და მახარებელი იყო ძე ზებედესი. მას იესომ ”ქუხილის ძე” დაარქვა, რადგან იცოდა, რომ იგი ქუხილის მსგავსად ყველგან იღაღადებდა ქრისტეს სიტყვებს. საიდუმლო სერობისას წმინდა იოანე ყველაზე ახლოს იჯდა იესოსთან. ჯვარცმის დროს იოანემ არ დატოვა უფალი და იდგა მის ჯვართან მარიამის გვერდით. იესომ დაინახა რა აღნიშნული წარმოთქვა შემდეგი სიტყვები. მარიამს: ”აი ძე შენი”, ხოლო იოანეს:  ” აი დედა შენი”. ამის შემდეგ იოანე არ მოსცილებია და დედასავით ერთგულებდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ იოანე საქადაგებლად აზიაში წავიდა. მას ბევრს აწამებდნენ ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებისთვის, მაგრამ ყოველი წამების შემდეგ ის მაინც ინარჩუნებდა სიცოცხლეს. როდესაც იოანემ 100 წელიწადს გადააბიჯა, მან მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავის ამოთხრა უბრძანა. შემდეგ მისი ცოცხლად ჩაშვება და საფლავის მიწით ამოვსება. მოწაფეებმაც დაკოცნეს მახარებელი და სრულიად დაფარეს მიწით. ეს რომ მისმა მიმდევრებმა გაიგეს მივიდნენ საფლავზე, ამოთხარეს, მაგრამ ვეღარაფერი ნახეს.

ყოველწელიწადს 8 მაისს გამოჩნდებოდა წმინდა მტვერი მის საფლავთან და მრავალს კურნავდა.

8 thoughts on “4 სახარება, 4 მახარობელი და მათი სიმბოლოები

დატოვე კომენტარი