2013 წლის ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერები

ედისონ კავანი

ედისონ კავანი

2012/2013 წლის სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ ხმაურიანი სიახლეების გარეშე ჩაიარა, რაც ვფიქრობ ბევრისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. საფეხბურთო წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ევროპის წამყვან  ჩემპიონატებში პრაქტიკულად გადაწყვეტილია გამარჯვეულის ბედი, ვინაობა.  ევროპის ჩემპიონთა ლიგაც გადამწყვეტ ფაზაში შედის და დაპირისპირებებიც სულ უფრო საინტერესო და დრამატული ხდება. რისი ცოცხალი დადასტურებაა მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის ორმატჩიანი დუელი. გარჩევას ნაღდად არ დავიწყებ, შორს წაგვიყვანს.

დავუბრუნდები მთავარ სათქმელს – მოსალოდნელ ტრანსფერებს. სეზონის დასრულებისას კარგად გამოჩნდება ხოლმე რომელ გუნდს რომელ რგოლში (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა) ესაჭიროება ცვლილება. ზოგჯერ ფეხბურთელია ტრავმირებული, ზოგიც საერთოდ ასრულებს კარიერას. შესაბამისად გუნდებიც ცდილობენ დანაკლისი აინაზღაურონ და გამოთავისუფლებული პოზიცია ღირსეული, ადეკვატური ფეხბურთელით შეავსონ. უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად წერენ მოსალოდნელ ცვლილებებზე. პირველ ასეთი ტრანსფერი შეეხება ლონდონური კლუბის ტოტენჰემის ფეხბურთელს გარეთ ბეილს. უელსელი ნამდვილად შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში იტანს გოლს ან აკეთებს შედეგიან გადაცემას.  არაერთი გადამწყვეტი გოლი აქვს შეგდებული. არსებობს  ინფორმაცია, რომ 23 წლის გარემარბის შესაძენად მადროდის რეალს 50 მილიონი ევრო აქვს გადადებული. რომან აბრამოვიჩსაც სურს მისი საკუთარ გუნდში ხილვა. დაინტერესებულები არიან ასევე მიუნხენის ბაიერნი და კატალონიური ბარსელონაც.

სებასტიან როდე

სებასტიან როდე

გავრცელდა აზრი, რომ მოურინიოს გარეთ ბეილი პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუს შემცვლელად ჭირდება. რონალდუ 2009 წელს გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედიდან სამეფო კლუბში. The Daily Star-ის ცნობით ფერგიუსონს მისი უკან დაბრუნება სურს და მზადაა 55 მილიონიც გადაიხადოს.

http://www.givemefootball.com-ის ცნობით, მომავალი წლიდან ბრაზილიელმა ფენომენმა ნეიმარმა შესაძლოა ევროპაში ითამაშოს. მისი შეძენით ჩელსი და მანჩესტერ სიტია დაინტერესებული. თვითონ ფეხბურთელისთვის კი ყველაზე სასურველი გუნდი კატალონიური ბარსელონაა.

მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნს პეპ გუარდიოლა გაწვრთნის. უკვე ცნობილია, რომ მისი №1 სამიზნე – დორტმუნდის ბორუსიას ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკია.  როგორც http://www.rantsports.com წერს 24 წლის  პოლონელ თავდამსხმელს კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. გახანგრძლივებას არ აპირებს და ოცნებობს ინგლისში თამაშზე. 2010 წლიდან თამაშობს დორტმუნდის ბორუსიაში და 82 შეხვედრაში 44 გოლი აქვს გატანილი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თავად ლევანდოვსკიზე კი საკმაოდ დიდი მოთხოვნაა – მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, არსენალი, პე-სე-ჟე.

http://www.givemefootball.com ავრცელებს ინფორმაციას,

ესიენ კაპუ

ესიენ კაპუ

თითქოსდა განიხილება შემდეგი გარიგება: მადრიდის ატლეტიკოს კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო შესაძლებელია გადავიდეს ჩელსიში. სანაცვლოდ კი ტორესი დაბრუნდება თავის ყოფილ გუნდში.

ცნობილი ბრიტანული ინტერნეტ გამოცემა http://www.goal.com-ის თანახმად, მანჩესტერ სიტი ცდილობს თავის რიგებში გადაიბიროს ურუგვაელი თავდამსხმელი ედისონ კავანი. იტალიური ნაპოლი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

რამდენიმე საფეხბურთო გამოცემა წერდა უეინ რუნის შესაძლო წასვლის შესახებ, მაგრამ დღეს http://www.eurosport.com-მა გაავრცელა სტატია. სტატია დასათაურებულია ფერგიუსონის სიტყვებით: “რუნი შემდეგ წელიწადს აქ იქნება”.

http://www.mirror.co.uk-ის თანახმად მანჩესტერ სიტი სამირ ნასრის შემცვლელად ალკმაარის ფეხბურთელის ადამ მეჰერის გადაბირებას ცდილობს. 19 წლის გამთამაშებელმა  უკვე მიიქცია ჩელსის და არსენალის ყურადღებაც.

რაც შეეხება ლონდონის არსენალს, არსენ ვენგერს და მოსალოდნელ ტრანსფერებს. პე-სე-ჟე-ს სურს მწვრთნელად არსენ ვენგერი. მაგრამ, თვითონ ვენგერის თვალში კი ბევრი ფეხბურთელია მოხვედრილი. სავარაუდო გადმომსვლელების სია ასე გამოიყურება:

1. Jovetic (£25m)
2. Gotze (£25m)
3. Étienne Capoue (£12m)
4. Sebastien Corchia ( Right back as replacement of SAGNA)
5. David Villa (£14m)
6. Victor Valdes (£10m)
7. Victor Wanyama (£12m)
8. Pepe Reina (£10m)
9. Stephan El-Shaarawy (£25m)
10. Nicolas N’Koulou (Centre back, £10m)
11. Sebastian Rode (Central midfielder, £7m )
12. Christian Benteke (£11m)

როგორც არსენალის გულშემატკივარი, ვერ ვხედავ საჭიროებას პეპ რეინას ან ვიქტორ ვალდესის ყიდვის. სებასტიან როდე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად სასარგებლო იქნება. მიკელ არტეტა არაა ცუდი საყრდენი, მაგრამ ვთვლი, რომ ჩაიარა მისმა საუკეთესო წლებმა და თუ კი გუნდი მომავალზე, წარმატებულ მომავალზეა ორიენტირებული მაშინ სიახლეა საჭირო. ესიენ კაპუ კარგი არჩევანი იქნებოდა. Mario_Gotze
სებასტიან ბენკეტეზე, გიოტცეზე, ელ შაარავიზე და იოვეტიჩზე არაფერს ვამბობ, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ნაკლებად ვვარაუდობ კლუბში მათ მოსვლას. ისე, ბრიტანულ პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ ლონდონის არსენალს არაბები ყიდულობენ მილიარდ ნახევარ ფუნტად. თუ კი მართლა ასეც მოხდა, იდეაში ფეხბურთელებშიც მეტი ფული  უნდა დაიხარჯოს. არაფერია გამორიცხული და საინტერესოა როგორ ჩაივლის საზაფხულო სატრანსფერო პერიოდი.

პ.ს. არადა როგორ არ მიყვარს ამ არაბების ჩარევა ფეხბურთში.

ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

2012 წლის 19 მაისს, მიუნხენში, ალიანს არენაზე ლონდონის ჩელსიმ, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, დაამარცხა რა საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნი.  ვერ ვიტყვი, რომ ფინალების ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი მატჩი ვიხილე, თუცა, თამაში დაძაბული ნამდვილად გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში ბაიერნის ფეხბურთელებს შეეძლოთ დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ არიენ რობენს 11 მეტრიანი დარტყმა პეტერ ჩეხმა აუღო. პრინციპში, გამოუყენებელი პენალტი შეიძლება ჩაითვალოს მატჩის მიმდინარეობის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფსიქოლოგიურ მომენტად.  დარჩენილ წუთებშიც არაფერი შეცვლილა. პენალტების სერიაში 4-3 ჩელსიმ მოიგო. შეხვედრის გმირებად თამამად შეიძლება ჩაითვალონ კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა და მეკარე პეტერ ჩეხი.

აქამდე ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთად ერთხელ ითამაშეს. 2008 წელს მანჩესტერთან ძირითად დროში ფრედ 1-1-ის დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში წააგეს 5-6. მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. 19 მაისს კი მეხუთედ დათმეს ფინალი. შესაბამისად სულ 9-ჯერ აქვთ ფინალი ნათამაშები.  ბოლოს მათ 2001 წელს ესპანური ვალენსიასთან მოიპოვეს ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდის ტიტული.

საფეხბურთო ინტერნეტ საიტმა www.givemefootball.com – მა  მკითხველს შესთავაზა ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში 5 საუკეთესო ფინალის მისეული ვერსია.

მადრიდის რეალი 7-3 ფრანკფურტი. 1960 წელი. გლაზგო. (შოტლანდია)
მადრიდელების საოცარი გამარჯვება ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო იმდროინდელი საფეხბურთო სამყაროსათვის. აღსანიშნავია დი სტეფანოს და პუშკაშის შეუდარებელი თამაში. ფინალში დი სტეფანომ ჰეთთრიკი შეასრულა. იმდროინდელ პრესაში აქტიურად იწერებოდა ევროპულ ფეხბურთში მადრიდელების დომინირებაზე – მათ ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს ევროპის საუკეთსო გუნდის ტიტული.

ბენფიკა 5-3 მადრიდის რეალი. 1962 წელი. ამსტერდამი. (ჰოლანდია)
თუკი 50-იან და 60-იანი წლების დასაწყისში ევროპაში დი სტეფანო, პუშკაში და ერთი გუნდი – მადრიდის რეალი – დომინირებდა, 1962 წელს ახალი წესრიგი დამყარდა. ჩემპიონთა თასის 1962 წლის ფინალში, მიუხედავად პუშკაშის მორიგი ჰეთთრიკისა, მადრიდის რეალი პორტუგალიურ ბენფიკასთან დამარცხდა. მადრიდელების წარმატებული ფინალების სერიას ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მაშინ ახალგაზრდა ეუსებიომ დაუსვა წერტილი. მან 65-ე და 68-ე წუთებზე მე-4 და მე-5 გოლები შეუგდო სამეფო გუნდს. ასე დაიბადა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ახალი სუპერვარსკვლავი.

 მილანი 4-0 ბარსელონა. 1994 წელი. ათენი (საბერძნეთი)
ბარსელონას დამარცხების მიზეზად კრუიფის და მისი გუნდის ზედმეტ თავდაჯერებლობას ასახელებენ. ”1992 წლის* შემდეგ ჩვენ უფრო სრულყოფილი, მებრძოლი და გამოცდილი გუნდი ვართ. მილანი არაფერია. მათი ფეხბურთის ბაზისია დაცვითი ტაქტიკა, ჩვენი კი – თავდასხმა” – აცხადებდა იოჰან კრუიფი ფინალის დაწყებამდე. ფაბიო კაპელოს გუნდს ფინალში მცველი ფრანკო ბარეზი აკლდებოდა, რაც ერთი შეხედვით ართულებდა ბარსელონას წინაშე მათ მდგომარეობას, მაგრამ დანიელე მასაროს დუბლის, დეიან სავიჩევიჩისა და მარსელ დესაის გოლების მეშვეობით ანგარიშით 4-0 დაამარცხეს ესპანელები.

მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 მიუნხენის ბაიერნი. 1999 წელი. ბარსელონა (ესპანეთი)
1999 წლის ფინალს ფეხბურთის საკმაოდ ბევრი მოყვარული მიიჩნევს ყველაზე დრამატულად.  მიუნხენის ბაიერნი  მარიო ბასლერის მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლით მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. ჩემპიონის ვინაობაც თითქოს გარკვეული იყო, როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჯერ ტედი შერინგემმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ხელიდან გამოგლიჯა ჩემპიონთა თასი გერმანელებს. ვისაც ნანახი აქვს ზემოხსენებული ფინალი ვფიქრობ გემახსოვრებათ ბაიერნის მცველის სამუელ კუფურის წაგებისგან გამოწვებული ემოციები.

ლივერპული 3-3  მილანი  (პენ: 3-2). 2005 წელი. სტამბული. (თურქეთი)
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სანახაობრივი ფინალი, სადაც სამი გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული გაცოცხლდა, ფენიქსივით თავიდან დაიბადა და ნამდვილი ბრძოლა გაუჩაღა იტალიურ გრანდს. პირველი ტაიმის პირველივე წუთები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინგლისელთათვის. დასაწყისშივე მალდინიმ გაიტანა გოლი. რასაც კრესპოს დუბლი მოყვა ტაიმის მიწულურს. შესვენებაზე ლივერპული 0-3 ანგარიშით გავიდა. მეორე ტაიმში წითლების დამრიგებელმა რაფა ბენიტესმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა. გუნდი საბრძოლოდ განაწყო, რაც სწრაფადვე აისახა შედეგშიც. მატჩის განახლებიდან 9, 11 და 15 წუთებზე მიყოლებით სამი გოლი გაიტანეს მერსისაიდელებმა (ჟერარდი 54-ე წთ; შმიცერი 56-ე წთ; ალონსო 60-ე წთ). დარჩენილ 30 წუთში და დამატებულ ტაიმებში გოლი აღარ გასულა. პენალტების სერიაში კი ლივერპულმა 3-2 დაამარცხა მილანი და ლეგენდარული, დაუვიწყარი გამარჯვებაც მოიპოვა.

*1992 წელს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა იტალიური სამპდორია.

 p.s. მე კარგად მახსოვს 2005 წლის ფინალი და დაფიქსირებული შედეგიდან მიღებული ემოციები. მსგავსი საფეხბურთო წარმოდგენა ნაღდად ამშვენებს ნებისმიერი ტურნირის ფინალებს და მით უმეტეს ევროპაში (და არა მარტო ევროპაში, ალბათ) ყველაზე მშვნიშვნელოვან საკლუბო შეჯიბრების ფინალს.