წაღმართის მენტალიტეტი, ფარისევლები და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

უმრავლესობას კარგად მოეხსენება, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანები უკუღმა იბადებიან ე.ი. თავით დაბლა. ამიტომაცაა რომ ადამიანები არიან უკუღმართები. ამის მთქმელს ახლა ნუ მომთხოვთ სხვადასხვა თეორიების გადმოლაგებას გინეკოლოგიის დარგში, მით უმეტეს, თქვენთვის რის განდობასაც ვაპირებ იმას არანაირი კავშირი გინეკოლოგიასთან არ აქვს. ტყუილების გარეშე გეტყვით (ტყუილების ლაპარაკი ჩვენ სამყაროში ხომ ჩვეულ და განუყრელ ნორმად იქცა!) არც თუ ისე მცირე და არც თუ ისე დიდი ხანია ცხადად დავინახე, რომ ადამიანთა უმრავლესობა მცირე გამონაკლისის გარდა უკუღმართები არიან. რა დასამალია და მეც უკუღმა დავიბადე. შესაბამისად, მეც უკუღმართი გახლდით. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე: რა თავში ვიხლი მეთქი ამ უკუღმართობას და ყველაფერს უკუღმართულს უკუღმა ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა წაღმართის მენტალიტეტი. ახლა ცოტა კი ჭირს უკუღმართებთან ცხოვრება, მაგრამ ამ ჩემ წაღმართ მენტალიტეტს რა ვუყო?!

ზოგადად, სხვებისთვის ჭკუის სწავლება არ მიყვარს, მაგრამ უკუღმართები არ გაძლევენ მშვიდად ყოფნის საშუალებას. შემეძლო არც არაფერი მეთქვა, თვალებიც დამეხუჭა და ისეთი გამომეტყველება მიმეღო თითქოს ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და ამქვეყნიური არაფერი გამეგება. ნეიტრალურის და პასიურის პოზიციაში აღმოვჩნდებოდი და ვიტყოდი: ”იმას, რაც ხდება და რასაც კარგად ვხედავ მე სრულებითაც არ მეხება, ხოლო ვისაც ეხებათ კისერიც უტეხიათ!” მაგრამ! უკუღმართები ისეთი ფარისევლები არიან და იმდენ უსამართლობას ჩადიან, რომ პასიურობა და ნეიტრალური პოზიცია დანაშაული გახლავთ.

როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება, შემთხვევით ან განგების ძალით თუ მათ შორის აღმოჩნდებით და არ დაიცავთ კრავს, თქვენდა უნებურად აღმოჩნდებით მგლის მხარეზე. ცხოვრების სამწუხარო გამოცდილება კი გვიჩვენებს რომ მგელი უთუოდ შეჭამს კრავს. ამიტომ ვამბობ, რომ ნულოვანი პოზიცია უკვე ნიშნავს გარკვეულ პოზიციაზე დგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში კრავი შეეწირება.

დავუბრუნდები ისევ უკუღმართების თემას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამუდმებით ჩაგვესმის რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. მართალია, დემოკრატიული გარემოს სუნი და გემო არ ვიცით, მაგრამ თეორიულად გვაქვს მასზე წარმოდგენები და გვსმენია რომ სადღაც დასავლეთშია მსგავსი წეს-წყობილება. ”იქ” კარგია და მოდი და ჩვენც ავაშენოთ ასეთივე. რატომაც არა?! დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება ბევრ არასამთავრობო ინსტიტუტს მოიცავს, რომლებსაც ქმნიან აქტიური მოქალაქეები, ინდივიდები. ეს ინსტიტუტები და ცალკეული ინდივიდები იცავენ უფლებესა და თავისუფლებებს და არავის პატიობენ უკუღმართობას. უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმას იმარლებენ. მოკლედ ქვეყნის ყოველდღიურობას თვალ-ყურს ადევნებენ.

რა ხდება ჩვენთან?

რამოდენიმე დღის წინ (15/16 აპრილი) თსუ-ს სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სამართლიანად გამოთქვეს უკმაყოფილება უნივერსიტეტში შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარების შესახებ. დაზარალებული სტუდენტების თქმით, 15 აპრილს მათ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ურტყამდნენ. სახელსა და გვარს არ ვიტყვი და კოლმეურნეობის თავმჯდომარემ უარყო თითქოს და ძალადობას სტუდენტური თვითმმართველობის რომელიმე წევრმა მიმართა. აღნიშნა რომ ფაქტის გამოძიებით თვითონაც დაინტერესებულია და დაგმო მომხდარი.

ინციდენტის შემდეგ გაიმართა აქცია უკუღმართული საქციელის  გასაპროტესტებლად. აქციაზე სტუდენტების სიმრავლე მაინც და მაინც არ შეიმჩნეოდა. ესეც თქვენ ნულოვანი პოზიციის ნათელი მაგალითი და “სოლიდარობის პიკი!”

არ ვიცი რატომ არ არიან ახალგაზრდები ვერცხლისწყალივით მოუსვენრები? რატომ არ არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ? რას ელოდებიან? მაგრამ ერთი კი ცხადია, პასიურობით, მონური თავჩაქინდვრით, ცხვრის ფარას დამსგავსებული ახალგაზრდებით დემოკრატიული სახელმწიფოები არ შენდება.

სხვათა შორის სამუელ ბეკეტმა დაწერა პიესა ”გოდოს მოლოდინში”. გოდოს მოლოდინში ხალხს სული ამოხდეს ლამისაა. არ ვიცი ვინაა ეს გოდო, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ მოდის. ხოდა ლოდინს ჯობს ცოტა გამოვფხიზლდეთ. ჩვენი ასაშენებელია ეს ქვეყანა და თუ კი ვინმეს ჰგონია პინაზე დემოკრატიული ბაფთით დამშვენებულ სახელმწიფოს მოგვართმევენ ძალიან ცდება. ასე რომ ვიყოთ მეტად აქტიურები,  ერთმანეთის მიმართ  უფრო მეტად სოლიდარულები, უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ და დემოკრატიულ სახელმწიფოსაც ავაშენებთ, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები.

ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს და განფენილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ლაგოდეხი საკმაოდ მდიდარი რაიონია – მევენახეობის, მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მებოსტეობისა და მებაღეობის, რძისა და ზეთის წარმოებისთვის აქ ყველა პირობა არსებობს. ლაგოდეხს აქვს  კიდე ერთი სიმდიდრე – მისი ბუნება-ერთმანეთის მონაცვლე გასაოცარი რელიეფებით, იშვიათი მცენარეებითა და ნადირ-ფრინველით. სხვათაშორის ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით.

მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნებით გამორჩეულმა ლაგოდეხის ნაკრძალმა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მიიზიდა ბუნების მოყვარულები. ნაკრძალის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ნატურალისტს მლოკოსიევიჩს.  მისი ინიციატივით კავკასიური როჭო დამოუკიდებელ სახეობად აღიარეს და აღმომჩენის პატივსაცებად უწოდეს – Tetrao mlokosiewiczi.

როჭო

1903 წელს ლაგოდეხის ხეობა იჯარით გადაეცა თავად დემიდოვს. წესები, რომელიც რუსმა თავადმა მისთვის გადაცემულ მიწაზე დაამყარა მკაცრი იყო.  ტერიტორიაზე ნადირობის უფლება მხოლოდ დემიდოვის ოჯახის წევრებსა და მათ სტუმრებს ჰქონდათ. ნადირობა, ხის ჭრა, საქონლის ძოვება, თიბვა – ყველა დანარჩენისთვის აკრძალული იყო.

1912 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა  აკადემიის შუამდგომლობით ლაგოდეხის ხეობა ნაკრძალად გამოცხადდა – აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება. ეს იყო პირველი ოფიციალური დაცული ტერიტორია საქართველოში.

1935 წელს ლაგოდეხის ნაკრძალლი გაფართოვდა და მას სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზებიმიუერთდა. 1945 წელს ნაკრძალს ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთეს. ამით ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ საკმაოდ დიდი სივრცე მოიცვა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში მისი ტერიტორია 17 818 ჰექტარს მოიცავდა. აქედან 12 146 ჰექტარი ტყით იყო დაფარული, 4 889 ჰექტარი მინდვრებსა და ალპურ იალაღებს ეკავათ, ხოლო კლდეებს – 539 ჰექტარი.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში, სამოქალაქო ომის და გამუკითხაობის დროს ნაკრძალის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. დაცულ ტერიტორიაზე ავტომატური და სანადირო იარაღით აღჭურვილი ხალხის მასიურმა შეღწევამ სხვადასხვა ცხოველთა სახეობები კატასტროფის წინაშე დააყენა. მნიშვნელოვნად შემცირდა ჯიხვის, არჩვის, ირმის, დათვის, შვლის და გარეული ღორის რაოდენობა.

2003 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (22 266 ჰექტარი) და ლაგოდეხის აღკვეთილი (1 992 ჰექტარი). შედეგად, ლაგოდეხის ნაკრძალმა ბუნების დაცვის პარალელურად საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციები ც შეიძინა.

ფლორა და ფაუნა

ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ეს იმას ნიშნავს,რომ აღნიშნული სახეობები მხოლოდ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი. ნაკრძალი ცნობილია ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი ხელუხლებლადაა შემონახული. შეხვდებით წიფელს, რცხილას, ქართულ მუხას, შერეულ ფოთლოვან ტყეებს, ნეკერჩხალს, მაღალი მთის მუხას, არყის ხის ტყეს.

ნეკერჩხალი

ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მეტრზე ტყის ზოლი არყნარით მთავრდება და ადგილს უთმობს მარადმწვანე დეკის ბუჩქნარს, რომელიც ლაგოდეხში დაახლოებით 2700 მეტრამდეა გავრცელებული.

ალპურ კლდეები ჯიხვისა და კავკასიური შურთხის სამფლობელოა. შედარებით დაბალ სიმაღლეზე ცხოვრობენ არჩვები. ბინადრობენ ასევე: მთის ანტილოპა, ირემი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი (!), ტყისა და კლდის კვერნები და ტყის კატა.

ალპური იალაღების თავზე დალივლივებენ მთის არწივები, ბატკანძერები, ორბები. ნაკრძალში შეხვდებით: კირკიტებს, კაკაჩებს, რამდენიმე სახის ბუს, როჭოს, კაკბებს, პატარა წითელთავას, თეთრგულა შაშვებს, გრძელნისკარტა და წითელფრთიან კლდეცოციას, რამდენიმე სახეობის

კაკაბი

კოდალას, გუგულს, ყვითელგულა მოლაღურებს, წყლის შაშვებს, ხეცოციებს, ჭინჭრაქებს, წიფლიებს.

ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტურების ორგანიზება: ფრინველებზე დაკვირვება; სათავგადასავლო ლაშქრობები; ისტორულ-კულტურული ტურები; ტურები ფოტო მოყვარულთათვის; სამოყვარულო თევზაობა; კემპინგი  ღია ცის ქვეშ და კარვებში ღამის თევა.

ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მოწყობა: 1.ლაგოდეხის ჩანჩქერი; 2.გურგენიანის ჩანჩქერი; 3.მაჭის ციხე; 4.შავი კლდეების ტბა.

p.s ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი: ქ. ლაგოდეხი, დ.აღმაშენებლის ქ.№ 89.
ვებ-გვერდი: www.lagodekhipa.ge