ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.

სტუდენტური მადლობა მიხეილ სააკაშვილს

წინასაარჩევნო პერიოდში რომ პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს ხოლმე – ეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მთავარია ყველაფერმა კანონის შეაბამისად ჩაიაროს. კანონის წინაშე კი ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბრადაა პასუხისმგებელი. სხვა საკითხია რამდენად დემოკრატიულია კანონი. პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა პოიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. ერთი მეორის მიყოლებით ამტკიცებს პარლამენტი სხვადასხვა კანონპროექტებს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ცვლილებები, ძირითადად, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” წინააღმდეგაა მიმართული. ამის ცოცხალი მაგალითია მოვლენა – ნათია მოგელაძე. ამ ქალბატონის კანტორა თვალყურს ადევნებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში თანხების ბრუნვას და არა მარტო. თუმცა, აქაც მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ სპექტრზე კეთდება აქცენტი: აპატიმრებენ ადამიანებს, იბარებენ დაკითხვებზე, აჯარიმებენ კოლოსალური თანხებით, ემუქრებიან… ამის პარალელურად ძალიან უმისამართოდ იხარჯება ბიუჯეტის თანხები. მოკლედ რა ხდება:

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმებით, ირჩევენ კონკრეტული რაოდენობის (და ალბათ პოლიტიკური შეხედულებებისაც) სტუდენტებს და მიყავთ 3-4 დღის ანაკლიაში. იდეაში ტრენინგებსა და პრესკომფერენციებზე. სრულიად უფასოდ. შემდეგ მათთან ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი და წინასაარჩევნოთ მათი ხმების სათავისდ გადაქაჩვას ცდილობს.

ოქროს საწმისი

ოქროს საწმისი

კონკრეტული მაგალითი: 2012 წლის 4 ივნისიდან 7 ივნისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თეატრალურისა და ილიაუნის სტუდენტები ანალოგიური მიზნით წაიყვანეს ანაკლიაში. საერთო ჯამში მათი რაოდენობა დაახლოებით 400-ს აღწევდა. გადანაწილებულები იყვნენ სამ სასტუმროში – “სასტუმრო ანაკლია”, სასტუმრო ”ოქროს საწმისი” და სასტუმრო ”Palm Beach”. კვება, აუზი, ღამით გართობა, მუსიკა – უფასო. რაც შეეხება ტრენინგს: მიწვეული იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის მესამე კურსელი სტუდენტი, რომელმაც 10-15 წუთიანი სემინარი ჩაატარა. ძირითადი დრო თამაშებს დაეთმო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამაში ძალიან ცოტა სტუდენტი მონაწილეობდა. მიწვეული იყო ასევე ჩინელი სტიდენტი, ისიც სემინარის ჩასატარებლად.

სტუდენტებმა ადგილზე შეიტყვეს რომ მათთა მისვლა მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. ერთ-ერთმა იკითხა თუ როგორი სახის შეხვედრა იყო დაგეგმილი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა შეკითვების დასმა და ა.შ.  გაირკვა რომ შეკითხვები იქნებოდა, რასაკვირველია, წინასწარი შეთანხმებით და კითხვების ფორმულირებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო.  კრიტიკული აზრის გამოთქმას პერსპექტივა არ აღმოაჩნდა. ნუ ყველას კარგად წარმოუდგენია როგორი შეხვედრა შედგებოდა, პრეზიდნტმა სიამაყით გააჟღერა მორიგი მიღწევა, რომ ბათუმი ჯობს კალიფორნიას, რომ ჰილარი კლინტონი საოცრად კმაყოფილი იყო ნანახით, მოსმენილით და მოკლედ შეგვნატროდა. სტუდენტებმა ხოტბა-დიდება შეასხეს პრეზიდენტს. გაიჟღერა შეკითხვამ თუ როდის ჩამოიყვანენ საქართველოში Red Hot Chili Peppers? როგორც ჩანს სხვა არაფერი აღელვებს კითხვის ავტორს.

საღამოს გაიმართა წვეულება. სუფრაზე ტრადიციულად ითქვა სადღეგრძელოები, თუმცა არც მაინც და მაინც ტრადიციული. მაგალითად: მადლობა მიხეილ სააკაშვილს! გაუმარჯოს ლადო ვარძელაშვილლს! გაუმარჯოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ასე შემდეგ.

სტუდენტები თბილისში 7 ივნისს დაბრუნდნენ. ეს ყველაფერი არ მთავრდება. ეხლა სხვა სტუდენტების გულის მოგების ჯერია. საინტერესოა რა თანხა ხმარდება აღნიშნულ რამდენიმედღიან ”დასვენებას” ანაკლიაში და ითვლება თუ არა მსგავსი შეხვედრები ამომრჩევლის მოსყიდვად?

 p.s. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჟურნალისტებისთვის დაფარულად.

არქიფო სეთური vs მიშა

ხელოვნების ნებისმიერ დარგში (იქნება ეს კინო, მუსიკა, ლიტერატურა თუ სხვა) შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი არაერთი კრიტერიუმით ფასდება. შეფასების კრიტერიუმთა შორის, ვთვლი, რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის დროსთან მიმართება. ვგულისხმობ შემდეგს: რამდენად ასახავს ის არსებულ რეალობას, რამდენად აქტუალურია თემატიკა მოცემულ მომენტში,  რა დროის მანძილზე ინარჩუნებს ყურადღებასა და მნიშვნელობას – რამდენად უძლებს დროს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიგა ლორთქოფანიძემ გიზო გაბისკირიასთან ერთად გადაიღო 7 სერიანი მხატვრული ფილმი ”დათა თუთაშხია”. არ ვარ კინოკრიტიკოსი, შესაბამისად, არც მაინც და მაინც კომპეტენტური კინოს სფეროში, რომ ფილმის მხატვრულ მხარეზე ვისაუბრო და მის ანალიზს მოვყვე. მინდა რამდენიმე ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება და დღევანდელ ქართულ რეალობასთან გავავლო პარალელი.

დღესდღეობით ქართველი პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ხშირად ჩაგვჩიჩინებენ ტელევიზიების მეშვეობით, რომ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაშენებთ დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. როგორც იქნა მოვწყდით ბოროტების დიდ იმპერიას. დავადექით განვითარების გზას და საკუთარი ნება-სურვილით ვწყვეტთ თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. მართალია სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მხრივ დიდად არ ვართ წინ წასულები და ბევრიც არაფერი შეცვლილა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაც  იყო საბჭოთა საქართველოში.

”დათა თუთაშხიიდან” მინდა გავიხსენო არქიფო სეთურისა და კაკო თაბაგარის ეპიზოგი. დათა თუთაშხიასა და მის მეგობარ მოსეს მამასახლისი არქიფო სეთური ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ ზრუნავს ის ადამიანების კეთილდღეობაზე. მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, ვფიქრობ, ძალიან ჰგავს დღევანდელ მდგომარეობას. არქიფომ კაცი იმის გამო გაალახვინა, რომ მან უკმაყოფილება გამოთქვა ბევრს გვართმევს და მხოლოდ იმდენს გვაძლევს შიმშილით რომ არ დავიხოცოთო.

არქიფო სეთური

სეთური ამბობს: ”კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობა.  კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. უკმაყოფილება კი, სანამ გაიზრდება და მოღონიერდება იქამდე უნდა ჩაქოლო.  ხალხს თუ უთხარი ადამიანი ხარო რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მანდედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. მარა, პირდაპირ კი არ უნდა უთხრა, შეფარვით, ქარაგმით.

მამასახლისი კლდეში ხალხს ტყუილ უბრალოდ გვირაბს ათხრევინებს. ეს ის გვირაბია, რომლის ბოლოსაც ძალიან მაგრად ბნელა. თუმცა, აქვს კი საერთოდ ბოლო?! ადამიანებს მიწას ზურგით ათრევინებს. ძნელი რომაა მაგიტო შეგიყვარდება საქმე. რაზედაც მეტ შრომას დახარჯავ და მეტს იზრუნებ მით უფრო მეტად შეგიყვარდებაო. გარდა საქმის სიყვარულისა ის ხალხს იმედს აძლევს. ეს მათი ბედნიერებისთვისაა საჭირო. იმედი თუ აქვს ხალხს ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. იმედი კი ჭაში ჩაშვებული ყრუ-მუნჯი კაცია, რომელსაც ხელში ზარზე მიბმული თოკი უჭირავს. როდესაც გვირაბი ამ ჭაში გამოვა ისიც ჩამოკრავს ზარს. ხალხიც სწორედ ამის მოლოდინშია და გაფაციცებით ელოდებიან ზარის ხმას. თუმცა, რეალურად გვირაბი არასოდეს გამოვა ჭასთან. ხალხიც მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და იმედიც სულ აქვთ. მშვენიერი მოფიქრებულია ვერაფერს იტყვი. სეთურის მრევლი ისეა დაბეჩავებული და გონებადაბინდული რომ ოდნავი კრიტიკის შეგრძნებაც კი არ უჩნდებათ ყოველივე ზემოთქმულთან, პირიქით, ერთი გადაკრული სიტყვა მამა-მარჩენალზე და მზად არიან დაუფიქრებლად გათელონ ნებისმიერი.

დაინახა და გაერკვა რა ყველაფერში დათა თუთაშხია, შეეცადა ხალხის გამოფხიზლებას თუ არა დაფიქრებას მაინც, მაგრამ ბრბომ ისე ჩაქოლა ის და მისი მეგობარიც რომ წარბიც არ შეუხრია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქართველი, ვისაც ნანახი აქვს ”დათა თუთაშხია” და ახსოვს ეს ეპიზოდი, კარგად ამჩნევს ამ ადამიანების უსუსურ და უგუნურ მდგომარეობას. თუთაშხიას კი საქციელს ცალსახად მოუწონებს. დღევანდელ დღეს თუთაშხიებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ კაცი რომელიც სიმართლეს იტყვის, ან გიჟად იქნება შერაცხული, ან ქვეყნის გამყიდველად, ან ხალხის მტრად. ესაა დღევანდელი პოლიტიკა.

ის რომ არქიფო სეთურის მრევლი დღეს მიშას მრევლით ჩანაცვლდა ამის დასტურად ამ ვიდეოებს გთავაზობთ. მოდით, ყველამ ერთად ვილოცოთ მიშაზე.

ისე კი, სანამ სხვა ნებისმიერ ადამიანს (მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა) საფუძველშივე ზე-არსებად განვიხილავთ, უპირობოდ მესიად გამოვაცხადებთ და თანასწორად არ ვუყურებთ, მანამდე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ყოვლად გამორიცხულია.