როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?

Civil Societyსაზოგადოება თავისი სტრუქტურით რომ რთული ფენომენია ამის თქმით, ალბათ, ახალს არაფერს ვიტყვი. საინტერესოა ნებისმიერი სოციალური სტატუსისა თუ სოციალური როლის მქონე ადამიანების ცხოვრების წესი, გარემოს აღქმა და მსოფლმხედველობა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე როგორ მიდის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე? რა განაპირობებს ადამიანის მოთხოვნების ტიპებს?

ჰომოსაპიენსმა პროგრესის გზაზე სიარული, ალბათ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გაუჩნდა კითხვები “რატომ?” და “როგორ?” და დაიწყო პასუხების ძიება.

როგორ გგონია, რამდენადა მჭიდროდაა ერთმანეთთან კავშირში ბედნიერების და კონფორმიზმის ცნებები? იმ შემთხვევაში, თუ კი ჩათვლი რომ ხარ ბედნიერი, გულისხმობს თუ არა ეს ავტომატურად იმას, რომ შენ უკვე დაყარე ფარ-ხმალი და კმაყოფილი ხარ მიღწეულით? (ზოგიერთისთვის მიღწევად შეიძლება რომელიმე მსხვილი კომპანიის სათავეში ჩადგომა ჩაითვალოს, ზოგისთვის კი საოცნებო მოგზაურობის განხორციელება ბრაზილიის ველურ ბუნებაში. ამას არ აქვს მნიშვნელობა)  ანუ წყვეტ “ბრძოლას”. ასეა?

მეცნიერული გამოკვლევების თანახმად გენეტიკური კოდის მეშვეობით ადამიანს გადაეცემა ცოდნა და გამოცდილება. ანუ, ყოველი ახალი თაობა აპრიორი უფრო ჭკვიანი და გამოცდილია წინაზე. საინტერესოა, როგორ აღიქმებოდა ანტიკური ფილოსოფოსების და იმდროინდელი სხვადასხვა მეცნიერების ნააზროვნები და ნაფიქრალი მაგალითად 1000 წლის წინ? შეიცვალა თუ არა აღქმა და როგორია ის დღეს? შეიცვლება თუ არა ის მომავალში და როგორი აღქმა იქნება 1000 წლის შემდეგ? რეალური გარემო – ის საზოგადოება რომელშიც ცხოვრობ, რომლის გარემოცვაშიც მოღვაწეობ და ფიქრობ კონკრეტულ დროსა და სივრცეში,საზოგადოება რომელიც ხასიათდება თავისი განვითარების დონით, ახალი და აწ უკვე დავიწყებული წესრიგებით – ახდენს თუ არა გავლენას დიდი ხნის წინ ნააზროვნების გააზრების საქმეში?

შეუძლია თუ არა ადამიანის გონებას ცნობიერად იარსებოს და იფუნქციონეროს ორ სხვადასხვა განზომილებაში ერთსა და იმავე დროს?

განათლების გარდა, საქართველოს დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რამდენად შესაძლებელია იყოს ქართველი ადამიანის ზედმეტად ამაყი და ამავდროულად მორჩილი ბუნების შედეგი? სიამაყე – იმ თვალსაზრისით, რომ ვცდილობთ თავის წარმოჩენას იმაზე მეტად, ვიდრე რეალურად წარმოვადგენთ. ვთაკილობთ გარკვეულ პროფესიებს და ხშირად არაფრის კეთებას ვამჯობინებთ. არასოდეს გვინდა საკუთარი შეცდომის აღიარება. პირიქით “ვაპრავებთ” ნამოქმედარს. ვკარგავთ სინაღდეს და ვეფლობით სიყალბეში. რაც აღვივებს უნდობლობას და დიდი ალბათობით შლის კეთილმეგობრულ განწყობებს. ასეთ შემთხვევებში კი რომელ სოლიდარულ განცდებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე შეიძლება საუბარი?! მორჩილ ბუნებას რაც შეეხება: აქ უსამართლობის წინაშე უმოქმედობა იგულისხმე. რაც დიდწილად სწორედ სოლიდარულობის განცდის არარსებობითაა ნაკვები. მაღაზიაში, ტრანსპორტში, სახლში ტელევიზორთან, თუ უნივერსიტეტში ლექციაზე – ყველგან მომხმარებლად გადაქცეული ცალკეული ადამიანი ვერაფერს სასიკეთოდ ვერ შეცვლის თუ კი ერთობლიობის განცდა არ იქნება. იქამდე, ვიდრე  ავტობუსის მძღოლი, მაღაზიის გამყიდველი, დიასახლისი და სტუდენტ-პროფესორები ერთმანეთის გვერდში დგომის აუცილებლობაში არ დარწმუნდებიან მანამდე განვითარებულ სახელმწიფოზე ფიქრი ფიქრადვე დარჩება.

ცალკე თავის ტკივილია ქართული მედია და პოლიტიკა. მასმედიის საშუალებები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიწოდების მუდმივი უშრეტი წყაროა.TV vs Book დიდი დოზით, მძაფრი შეგრძნებებით და პაუზის გარეშე. დღიდან დღემდე. პოლიტიკამ ჩაანაცვლა სპორტიც, კინოც, მუსიკაც, შემეცნებაც, გართობაც და დასვენებაც! საუბრისას ხშირად მომისმენია არგუმენტი: “რაზეც საზოგადოების მხრიდან არსებობს მაღალი მოთხოვნა შესაბამისად მიეწოდებათ ადეკვატურადაც”. კი მაგრამ! ალტერნატივა არსებობს? ქართველ მსმენელ-მაყურებელს აქვს იმის არჩევანი, რომ გადართოს სხვა ქართულ არხზე და მოუსმინოს გადაცემას, მაგალითად, იმაზე თუ როგორ იქმნებოდა კინო; როგორი მუსიკას უსმენდნენ ამერიკაში მე-20 საუკუნის 40-იან წლებში; როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად; როგორი ეგზოტიკურია ინდოეთი; როგორი ცხოვრების წესი აქვთ კუნძულ ისლანდიაზე და ასე შემდეგ… მსგავსი უბრალოდ არ არსებობს.
ამას გარდა ძალიან მომაბეზრებელი გახდა უკვე პოლიტიკოსების მხრიდან ერთმანეთში ტაკიმასხარაობა და ცირკაჩობები. მაგრამ ვაი, რომ სტიმულირება კაკრას რო ადამიანებისგან ხორციელდება, თავიანთი არაადეკვატური გამოხმაურებებით. ადამიანებამდე ეს მასხარაობა კი ისევ და ისევ ‘ძვირფასი’ მედის საშუალებით მიდის. აქცენტი კეთდება აბსოლუტურად არასწორად. ორად გაყოფილი საზოგადოება გაფაციცებითაა ჩამსხდარი სავარძლებში და სპორტული ჟინით ელოდება თავიანთი ფავორიტი პოლიტიკოსის მხრიდან მოპაექრის შეგინებას. ლანძღვა-გინება რომ განვითარების გზაზე გვაყენებდეს დღეს ასეთ არასახარბიელო მდგომარეობაში ნაღდად არ ვიქნებოდით. მაგრამ, ამის მიხვედრასაც გონების დიდი დაძაბვა ჭირდება, ალბათ.

როგორ ვუშველოთ საზოგადოებას?
-მივიღოთ განათლება, ინფორმაცია. გავაანალიზოთ და გადავცეთ.

საქართველო – ქვეყანა, სადაც …

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში რ ა ღ ა ც ე ბ ი ხდება, როგორ არა?! გავიდა თითქმის 9 წელი და იგივე მდგომარეობაში თითქოს არ ვართ, როგორც ამას ზოგიერთი მედია მაუწყებელი გვეუბნება. საავადმყოფოებით რო ამაყობს ხოლმე პირველი კაცი და თან აპარატურას დაატარებს აქეთ იქითო რო გაუბაზრდა, ამაზე უნდა ვთქვა მოკლედ, ორი სიტყვით. გარემონტდა და აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მაგრამ მიდი და იმკურნალე თუ ბიჭი ხარ.

რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოში ძაღლმა მიკბინა. ხობის ახალაშენებულ საავადმყოფოში გვაინ ღამით მივედი. რაბიოლოგი(ვისაც დაკბენილები აკითხავენ ხოლმე) არ დამხვდა. მორიგე ექიმი და მისი ასისტენტი შემრჩნენ ხელში. ასისტენტმა: ისე ვერ გაგიშვებ ჭრილობა უნდა დაგიმუშავოო. დიდიც არაფერი მჭირდა, გაკაწრული მქონდა მარცხენა ხელის ნეკა თითზე. არ ვიცოდი რამდენად სახიფათო იყო არდამუშავება, ხოდა დავთანხმდი. პროცედურა იყო ძალიან სასაცილო. სასაცილო იმდენად რამდენადაც არაფერი გაუკეთებია ქალბატონ ასისტენტს. საპნიანი წყლით მომბანა და ”სანტავიკი” შემოახვია ნეკა თითს. სულ ესააო თქვა და 25 ლარიც გამომიწერა. პირველი ვიზიტიაო, თან ისტორიასაც გიხსნიო აბა?! მთავარი ექიმი ახალგაზრდა მამრი იყო. კი მერიდება ამაში ფული როგორ გამოგართვა, მაგრამ უფროსობას ასე აქვს დაწესებულიო. საავადმყოფოებზე და მათი მომსახურების ძვირ სიამოვნებაზე მითხრა ერთმა: ”უნდა ილოცო, რომ რამე არ დაგემართოს და საოპერაციო არ გახდე, თორე ან ბინა უნდა გაყიდო, ან ბანკის ვალი უნდა აიღო საშვილიშვილოო”. რთულია არ დაეთანხმო.

ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადი გააკეთა აირია მონასტერი, თანაც ძალიან მაგრად. ”ქართული ოცნების” და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე არ ვაპირებ წერას. ყველაზე მეტად ის, კიდევ უფრო დაბინძურებული გარემო არ მომწონს, რასაც დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე ქვია. ხელისუფალი გაბოროტდა, პანიკაშია ჩავრდნილი და სულელურ ნაბიჯებს ერთი მეორის მიყოლებით დგამს. კონსტიტუციური ცვლილებები, კონტროლის პალატის ტერორი, მოსახლეობის დაშინება, ოპონენტების ფიზიკური ანგარიშსწორება, ქონების დაყადაღება… ჩამონათვალი გრძელია. სიტუაციის გამოსწორებისკენ სწრაფვას ჯერ პირი არ უჩანს, უფრო პირიქით.

მმართველ ძალას რომ დაუჯეროს კაცმა, საქართველო ქვეყანაა, სადაც ეკონომიკა ვითარდება და აღმასვლას განიცდის. მაგრამ! დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის შემჩნევას, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა ხალხისთვის. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯებესებულა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. 3.5 მილიონიან ქვეყანაში ეს საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

საქართველო მეტად ”უცნაური” სახელმწიფოა. ესაა ქვეყანა სადაც:

ადამიანის უფლებების შელახვისთვის აწინაურებენ;

ქვეყანა, სადაც განსხვავებული აზრისთვის სჯიან, აპატიმრებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ;

ქვეყანა, სადაც საბურავების მოპარვისთვის 16 წელს უსჯიან, მკვლელობისთვის კი 8 წელს და იმათაც ვადაზე ადრე უშვებენ;

ქვეყანა, სადაც პროფესიონალიზმზე უფრო მეტად  უფროსის მონური მორჩილება და მისი ძაღლური ერთგულება ფასდება;

ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები ”ობიექტურად” იტყუებიან;

ქვეყანა, სადაც მხიარულთა და საზრიანთა გუნდები მლიქვნელობენ ხელისუფლებას (ნუ გამონაკლისები არსებობენ);

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სტიპენდიანტები პრეზიდენტისავე განცხადებით არიან ოროსნები;

 ქვეყანა, სადაც წვიმის შემდეგ ქუჩაში მდინარეები მოდის და ხალხი სახლამდე ნავითღა თუ აღწევს;

ქვეყანა, სადაც მაია მიმინოშვილის  გათავისუფლება არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, მაგრამ მინისტრი მაინც მართალია;

ქვეყანა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი განათლების მინისტრად ინიშნება;

ქვეყანა, სადაც განათლების სისტემიდან პროფესიონალებს ათავისუფლებენ და მათ ადგილზე პოლიციელებს ნიშნავენ;

ქვეყანა, სადაც მაია ასათიანი და ნოდარ მელაძე რეიტინგული ჟიურნალისტები არიან;

ქვეყანა, სადაც ”კოკა სეფერთელაძე” მინისტრის მოადგილეა;

ქვეყანა, სადაც real tv, Itv.ge, presa.ge მედიასაშუალებებად ითვლება. იქ ”მომუშავე” ადამიანები კი – ჟურნალისტებად;

ოქტომბერში არჩევნები გვექნება. დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნებს დიდი მნიშვნელბა ენიჭება. ინფორმირებული ადამიანის გადაწყვეტილებას ყველაზე მეტი ფასი აქვს. დღევანდელ პირობებში ალტერნატიულ ინფორმაციის არსებობაზე საუბარი სასაცილოა, განსაკუთრებით, რეგიონებს ეხებათ ეს. ტელეკომპანიები, რომელთა მაუწყებლობაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, ცალსახად, პროსახელისუფლებო სიუჟეტებს ამზადებენ და პირიქით, ოპოზიის მარგინალიზებას ეწევიან.

პოსტი მინდა დავასრულო ნაწყვეტით 1995 წელს გადაღებული ფილმიდან ”12 მაიმუნი”.
”ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები…
აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!”

Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

რატომ იბადება ადამიანი?  რატომ ცოცხლობს?  რომ მერე ოდესმე ან მალე მოკვდეს?  რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში? ან რატომ უნდა აკეთოს?

იდიოტი ერი

ვისთვის (რისთვის) უნდა აკეთოს? რა ფუნქცია, რა დანიშნულება გააჩნია მას სამყაროში? ან გააჩნია კი რამე დანიშნულება? როგორ უნდა განვითარდეს? ან უნდა განვითარდეს კი? ცალსახად პასუხის გაცემა ამ კითხვებზე ძალიან რთულია.

თუ მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჰომო საპიენსი (Homo Sapiens – გონიერი ადამიანი) – როგორც სახეობა დაახლოებით 300 ათასი წლისაა, ცივილიზებული საზოგადოება კი – 20 ათასი წლის. გამოდის რომ ადამიანი მთელი მისი ისტორიის 90% ფორმირდებოდა და იმყოფებოდა პირველყოფილი ჯგუფური არსებობის პერიოდში. მნიშვნელოვანი როლი ადამიანის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში ითამაშა ცეცხლის მოპოვებამ და დამორჩილებამ. ის უკვე აღარ იყო დამოკიდებული მეხის გავარდნასა თუ ლავის ამოფრქვევაზე. კაჟის ქვის ერთმანეთზე დაკვრით შეეძლო მიეღო ცეცხლი. ამ მონაპოვარმა ადამიანი გამოიყვანა ბუნებაში შედარებით თბილი გარემოდან, დააძლევინა ცეცხლის შიში და დაიწყო დასახლება მთელ დედამიწაზე. განვითარდა და მრავალი ქარტეხილისა თუ ომების შემდეგ მოვედით დღევანდელ დღემდე.

დედამიწაზე სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფო შეიქმნა. ზოგი მეტად განვითარებუილი, ზოგიერთიც შედარებით ნაკლებად. მიუხედავად მასშტაბების და ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, საქართველოც ცდილობს ფეხი აუბას თანამედროვეობას, ჩაებას მსოფლიო პოლიტიკურ ფერხულში და სრულფასოვანი ადგილი დაიმკივდოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.

 თუ საკითხს დავაყენებთ შემდეგნაირად: არის თუ არა დღევანდელი ადამიანი ანტიკური ხანის ადამიანზე განითარებული?  გარკვეული ნაწილი დაუფიქრებლად იტყვის, რომ რასაკვირველია არის! არგუმენტირებისას კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანენ რადიოს და ტელევიზიის გამოგონება-განვითარებას, ინტერნეტ ქსელის შექმნას და თან დააყოლებენ რომ აღნიშნულის გამოგონებებით ადამიანს ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა პლანეტის ერთი წერტილიდან მეორეში ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ძნელია არ დაეთანხმო.

რა ხდება ამ მხრივ საქართელოში? როგორ წაგვწია (ან არც) წინ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ? განვიცდით თუ არა პროგრესს?

2003 წლის ე.წ.  ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” სრულყოფაში ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია მედიამ. პოსტრევოლუციურ პერიოდში იმავე მედია საშუალებებით დიდი ინტენსივოთ დაიწყო აპელირება ე.წ. საბჭოთა გადმონაშთებზე, საბჭოთა ადამიანებზე. რომ მათი დრო უკვე წავიდა. ახალი საქართელოს  დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად  საჭიროებდა ახალი ტიპის ადამიანს. აქ მედიას დაეკისრა მთავარი როლის შესრულება.

 როგორ გავლენას ახდენს მედიაპოლიტიკა ახალი ადამიანის ”გამოყვანაზე?”. თუ გადავხედავთ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიების გადაცემების ბადეს (რუსთავი2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ვნახავთ, რომ მდარე ხარისხის შოებსა და ტელესერიალებს საკმაოდ დიდი ნაწილი უკავიათ. მოსახლეობაც მასობრივად მიშტერებია ტელევიზორს და თავით ეშვება ამ სანაგვეში. პრაქტიკულად არ არსებობს შემეცნებითი გადაცემა. შოუები იმბეცილობის პოპულარობას ეწევიან. გამოჩნდა ახალი სატელევიზიო შოუ ”ქალური ლოგიკა”, რომელიც, ჩემი აზრით, სიდებილის პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე. ეს გადაცემა გახლავთ უინტელექტობის რეკლამა. მერე რა თუ არ იცი როგორია ფანქრის სათლელი, ფეხბურთში რამდენმეტრიანია საჯარიმო დარტყმა –  პენალტი, მერე რა თუ ბრაზილიის დედაქალაქი შეიძლება ყველა ნებისმიერი ქალაქი იყოს და არა ბრაზილია. შოუში სულელურ (არაზუსტ) პასუხებს მოყვება შეძახილი ”კარგი გოგო ხარ”, რაც თითქოს ახალისებს კიდეც ამ უცოდინრობას. ტვინის გამორეცხვის ტიპური, ცოცხალი მაგალითი. მსგავსი გადაცემებით სურს ხელისუფალს ახალი ადამიანის ”გამოყვანა?” ეს არის დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნა? მსგავს გადაცემებზე გადის პროგრესისკენ მიმავალი გზა? მე არ ვფიქრობ ასე. თუმცა, საითკენაა მიმართული ეს ყველაფერი, ამის ახსნა, რთული ნამდვილად არ უნდა იყოს: გაუნათლებელი საზოგადობა, გნებავთ ინდივიდი ბევრად უფრო ადვილი სამართავია.

თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებას ინფორმაციის სწრაფად გავრცელების პარალელურად მოაქვს ისიც,

არ მისცე უფლება სხვებს გავლენა იქონიონ შენ ფიქრებზე

რომ ადამიანთა უმრავლესობა წყვეტს ფიქრს, აზროვნებას. უყურებენ რა ”ქალური ლოგიკის” მსგავს გადაცემებს, ისინი წყვეტენ ზრდას და განვითარებას. ამიტო, თუ კი არ გვინდა ჰომო საპიენსივით ისტორიის (ჩვენ შემთხვევაში ცხოვრების) 90% ერთი საფეხურით წინ წაწევას მოვანდომოთ გამოვრთოთ ტელევიზორები და თავად მოვძებნოთ ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით. მე მიმაჩნია რომ ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს. ცხოვრების საზრისი არ მგონია ლუარსაბ თათქარიძეობა იყოს. მუდმივად ახლის ძიება და განვითარებაზე ზრუნვა – აი ამას გისურვებთ ყველას ვისაც არ სურს იყოს  ფარაში მყოფი რიგითი ცხვარი.