სიცოცხლის მდგმური

როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი!

როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე!

ნეტავ თავიდანვე გვეთქვა ე და ოთხადმოკეცილები სამუდამოდ ავკროდით თბილ, ლორწოვან კედელს…

ე! გესმის? ე! არ გამოხვიდე….

გამოხვალ თუ არა, გადაჭრიან ერთ ჭიპლარს და სამაგიეროდ მოგისევენ ათასობით უხილავ საცეცს. ქსოვილის ჩვრებში გაგახვევენ და შეგიკრავენ ისედაც უმწეო ხელ-ფეხს. შეეცდებიან დაგიმსგავსონ, თავს მოგახვევენ არაფრისმთქმელ უაზრო სიტყვებს. მოგიჩლიქავენ ენას და მხოლოდ ნათელი ფერებით შეაფერადებენ შენი სამყაროს კედლებს. დაგაჭედებენ, ლურსმნად გამოიყენებენ ზღაპრებს, ძილისპირულ ტკბილ იავნანებს.  და დრო რომ გაივლის… ჯერ კიდევ ქორფას, კიდევ უმწეოს გასახედნი კვიცივით თავს გიკრავენ დიდ არენაზე. ლაგამამოდებულს გაგაჭენებენ და გასახედნად გადაგიჭერენ ასობით მტკივნეულ სახრეს. ოდესღაც დაჭერილი ჭანჭიკები მოირყევიან და ქანცგაწყვეტილი იგრძნობ, სულს რომ აპარებ…

 არ გამოხვიდე!!!

ჯერ კიდევ თვალაუხილველს შეგირჩევენ ვინ უნდა იყო. თავს ღმერთამდე აიმაღლებენ და როგორც თიხას, შენ ძერწვასაც ისე დაიწყებენ. თვალს აგიხვევენ, პირს აგიკრავენ და თოკით სამართავ ტიკინად ქცეულს თავიანთ წესებს თავს მოგახვევენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ,რომ მათ აბსურდულ სამყაროში შენც დაბანაკდე.

ხშირად გეტყვიან_პატარა ხარო და ამ საბაბით შენს უამრავ ბოროტებას გაამართლებენ. ხარბად გამოწვდილ ცარიელ ხელებს სათამაშო იარაღით, თოჯინებით ამოავსებენ.ჯერჯერობით სათამაშოს, სანამ გამოგონილს ნამდვილი არ შეცვლის. მიეჩვევი თამაშით მოკვლას, ვიღაცის დევნას და მომავალში ნამდვილით ისვრი. შენ გაიზრდები “მკვლელი მანქანა” ანდა ბავშვების მწარმოებელი. დედალი ღორივით დაყრი შენს მსგავსებს და იამაყებ თუ “სამშობლოს” გამოადგება იმათი სისხლი.

არ გამოხვიდე!!!

ისინი გასწავლიან საკუთარი თავით მუდმივ ვაჭრობას და შენც-თვინიერი, დახლზე გადაწოლილი გაატარებ მთელ შენ სიცოცხლეს.დოღის ცხენივით ირბენ და შეეცდები გადაასწრო ყველას, სულყველას. შეეცდები შენი ხელი აღიმართოს ყველაზე მაღლა. და დაფასთან გასული გამარჯვებული სახით გადახედავ შურით დაბოღმილ მასას. ყველაზე ძნელი დასაწყისია, ამიტომაც დაწინაურების იმედით, დიდსულოვნად მიუტევებ საკუთარ თავს ვიღაცისთვის ერთი ადგილის ლოკვას.

დაემსგავსებით ერთმანეთს და ფეხს აუწყობთ “საბაზრო მოთხოვნილებას”. მსუქნებს ნაკლებად ხმარობენ, ამიტომ დიეტაზე იჯდები მთელი ცხოვრება. გაარკვევ რა უნდათ და მერე,ყველაფერს ზუსტად აირეკლავ. გექნება საყოველთაო, გასახმოვანებელი აზრები. ივლი ტუჩ-ტრაკ-მკერდ გამობზეკილი, და იოცნებებ რაც შეიძლება ბევრს მოუნდეს შენი “გაჟიმვა”.

არ გამოხვიდე!!!

ვეღარ გაიგებ ვინ ვისი ტყვეა. თქვენს “ღმერთს” გაზომავთ,გაჭრით,გაკერავთ და ჯვარზე გაკრულს, სიმბოლოს სახით, ბანჯგვლიან მკერდზე ადგილს მიუზღვავთ. ხშირად ილოცებ,ჯვარს გადაიწერ… რომ სხვაც ხედავდეს ღმერთთან ახლოს ხარ! შენთვის სიკეთე საშვი იქნება, სამოთხისაკენ_ვიზა!!!

შენ არ გამოხვალ!!!

არ მინდა ამ უბედურების სათბური ვიყო, არ მინდა, არა!!!

                                                                                   ***

_გაიგე? აბორტი გაუკეთებია, ციცომ მითხრა იმ დღეს

_მართლა?არ მესმის როგორ ჩადიან ამხელა ბოროტებას. ღმერთის არ ეშინიათ?

_ეე,ღმერთი გადაუხდის. ჩვენ არ გვაქვს განკითხვის უფლება-ცოდვაა!

_ხოდა ნუ ჩავდგებით ცოდვაში, თან მარხვის პერიოდია.

***

“ბროწეულივით გადახლიჩა ჩემი მკერდი და ღამის ქურდივით ხელი ჩამავლო. ჯალათივით დიდხანს მაწვალა, თუმცა ლოშვნით მადა მაინც ვერ გაიძღო. ბრმა მლოცველივით ემთხვია ჩემს მკერდს, დასამორჩილებლად თითქოს ყველა უწმინდურ ძალას ერთად უხმო. მე ვტიროდი უძლურებისგან,ვკანკალებდი როგორც კურდღელი. ის კი გველივით მეხვეოდა თითქმის მთელ ტანზე და დამცინავად ჩურჩულებდა რაღაცას ყურში.

მერე ხელი მკრა და მიმატოვა…

როგორც ქუჩის მეძავები ტოვებენ თავიანთ პირმშოს”.

***

36_ე აუდიტორია

_მაშასადამე,რა არის სიკეთე? რა ან ვინ გვაიძულებს ის გავაკეთოთ?როცა რაიმე სიკეთეს ჩავდივართ,გულის სიღრმეში ჩავიხედოთ: სხვისთვის ვაკეთებთ თუ ისევ იმისათვის,რომ საკუთარ თავს ვასიამოვნოთ?ჩვენ ვიტყვით: სხვისთვის!; რადგან ხშირად სიკეთეს ვაკეთებთ სხვის დაუნახავად, საზღაურის გარეშე. მაგრამ ვცდებით: საკუთარი თავი, მთავარი მსაჯული გვავიწყდება. ჩვენ სიხარულით ვთანხმდებით საყოველთაოდ აღიარებული, მოწონებული სიკეთეების კეთებას, რადგან ის ჩვენს მორალში ჯდება. საკუთარ და სხვის თვალში გვამაღლებს. მაგრამ…

აი, მაგალითად თქვენ, გოგონა!

მოკლავდით ვინმეს, თუ ეს მისთვის ერთადერთი სიკეთე და შვება იქნებოდა? არა, რა თქმა უნდა, არა! რადგან მის მიმართ გასაკეთებელი სიკეთე თვენი თავის მიმართ იქნებოდა უდიდესი ბოროტება.
მაშასადამე,იფიქრეთ ამაზე…
მომავალ ლექციაზე განვიხილავთ უაღრესად საინტერესო თემას,როგორიცაა…

***

_გაიგე რამე?

_ნწ, ვერაა… ეგ კაცი მგონი ვერააა

_აუ, ჩამაბარებინა და… მთავარია 51-ს გადავცდე

_მე უფრო მაღალი ქულა მჭირდება

_ვიზამთ რამეს !

                                                                                                            By:  Steppen Wolf

Advertisements

გოგონა დრაკონის ტატუთი

სტიგ ლარსონი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ  სტიგ ლარსონის ე.წ. ”მილენიუმის ტრილოგიის” პირველი წიგნი – ”გოგონა დრაკონის ტატუთი” – გამოსცა. წიგნი საკმაოდ ვრცელტანიანია, თუმცა მკითხველს ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და სხვადასხვა საინტერესო ფაქტები სწრაფ-სრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს.
ისტორია იმდენად ჩახლართულია, იმდენი პიროვნების ვინაობა, მათი სოციალური სტატუსი თუ საქმიანობაა აღწერილი, რომ კითხვის დროს ხანგრძლივი პაუზის (3-4 დღე) გაკეთების შემთხვევაში წიგნის თავიდან წაკითხვა  იქნება საჭირო უკვე მიღებული ინფორმაციის აღსადგენად. ”გოგონა დრაკონის ტატუთი” დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია და მასში მოქმედებები რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სიუჟეტები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს თითქოს ორ სხვადასხვა ფილმს ერთდროულად უყურებ.

მოქმედება 2000-იან წლებში ვითარდება.  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი ადამიანი ცდილობს გამოიძიონ 40 წლის წინანდელი მკვლელობა და დაადგინონ მკვლელის ვინაობა. საქმით დაინტერესებულია მულტიმილიონერი ჰენრიკ ვანგერი. მისი ვარაუდით ძმის შვილი ჰარიეტ ვანგერი შურისძიების მიზნით ოჯახის რომელიმე წევრმა მოუკლა.

პოლიტიკური ჟურნალის ცნობილმა ჟურნალისტმა მიქაელ ბლუმკვისტმა სასამართლო პროცესი წააგო მულტიმილიონერ ჰანს ერიკ ვენერსტრომის წინააღმდეგ. მას ცილისწამებაში დასდეს ბრალი. მისი იმიჯი შეირყა, ნდობა დაიკარგა და სამი თვით სასჯელის აღკვეთაც შეეფარდა. ჟურნალისტი ეკონომიკის მიმომხილველი იყო და მსხვილი კომპანიების ფინანსურ მაქინაციებს იძიებდა. ბლუმკვისტის არასახარბიელო მდგომარეობით ”ისარგებლა” ჰერნიკ ვანგერმა და საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზა ძმის შვილის მკვლელობის გამოძიების სანაცვლოდ. აქვე დაჰპირდა ვენერსტრომის წინააღმდეგ მტკიცე მასალების გადაცემასაც, რასაკვირველია გამოძიების დასრულების შემდეგ. ბლუმკვისტი დათანხმდა ვანგერის შეთავაზებულ წინადადებას.

მესამე პირი, რომელიც გამოძიებაში ერთვება გახლავთ ჰაკერი ლისბეთ სალანდერი – გოგონა დრაკონის ტატუთი. ლისბეთი გამორჩეულია არა მარტო მისი თანატოლებისგან, არამედ მთლიანად საზოგადოებისგან, რომელმაც ის გონებაშეზღუდულად გამოაცხადა. უემოციო. იშვიათად მომღიმარი. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, ფიქრის პირდაპირი გამხმოვანებელი.

ბლუმკისტი საქმის მსვლლობისას, ჰაკერ გოგონას მოძებნის და გამოძიებაში დახმარებას თხოვს.
მათ საგამოძიებო საქმიანობას ვანგერის დინასტია და გამოცდილი პოლიციელი სკეპტიკურად უყურებენ.  თუმცა, ამის საპირისპოდ მათ უამრავი საინტერესო რამ აღმოაჩინეს, რაც 40 წლიანი გამოძიების მანძილზე მიჩქმალული იყო. საქმე ეხებოდა არა მხოლოდ ერთი გოგონას მკვლელობას, არამედ – ქალთა სერიულ მკვლელს.  ნელ-ნელა მიქაელი და ლისბეთი რწმუნდებიან რომ სწორ კვალზე დგანან რომ მკვლელს მალე გამოააშკარავებენ.

წიგნში ბევრია დაძაბული მომენტები, გასროლა, სექსი, დრამატული სიუჟეტები, საინტერესო მიგნებები… ერთი სიტყვით მკითხველს მთლიანად ითრევს, ხდება მოვლენების თანამონაწილე და დრო არ რჩება მოსაწყენად.

რაც ყველაზე მთავარია: გამოძიება სრულდება სრულიად მოულოდნელი შედეგით!

”გოგონა დრაკონის ტატუთი” – არის წიგნი დეტექტივების, ჩახლართული ისტორიების და ზოგადად წიგნის მოყვარულთათვის.