სიყვარული, ფული და ბედნიერება

ცხოვრება რომ მარტივი არაა ეს მეტ-ნაკლებად ყველას მოეხსენება. არ ვაპირებ სოციალურ სირთულეებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე დავწერო. პირიქით, ამ პოსტის თემა ზემოხსენებულისგან განსხვავდება და ის ადამიანური ურთიერთობების სირთულეს უკავშირდება. საუბარი მაქვს ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დილემის წინაშე აღმოჩნდები და გადაწყვეტილების მიღება კი არც ისე ადვილია.

მოკლედ რა ხდება: საქმე ეხება ჩემ ნაცნობ გოგონას და მის ცხოვრებაში არსებულ ორ მამაკაცს. ერთი მდიდარია, ძვირფასი ავტომობილით მოძრაობს. ანებივრებს გოგონას საჩუქრებით, შურიანი დაქალების თვალწინ ეპატიჟება რესტორანში, კინოში, თეატრში. გოგონა ამაყია იმით რომ მდიდარმა მამრმა სწორედ ის აირჩია, ეამაყება მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას გამოჩენა, მაგრამ…  მენქანაში, ბინაში, რესტორანში, ან თუნდაც საწოლში მასთან ყოფნის დროს ის ყოველთვის სხვაზე ფიქრობს, სხვა ახსენდება…

ის სხვა გოგონას  უყვარს. მისი გულის რჩეულია, თუმცა არაა ისეთი მდიდარი როგორც  პირველი. მაგრამ! ღმერთო როგორი მოსაწყენია ის მდიდარი! უბრალოდ მოსაბეზრებელი! მასთან ყოფნის დროს გოგონა შეყვარებულთან გატარებულ გიჟურ დღეებზე ფიქრობს, მასთან კამათებზე და შერიგების შემდეგ სასიამოვნოდ გატარებულ ღამეებზე.

თავის მხრივ, არც მდიდარია ცუდი პიროვნება. უარყოფითი დამოკიდებულება არც მასთან აქვს. ის პატიოსანი და გულწრფელია. სამაგიეროდ, გოგონა თავს იდანაშაულებს, რომ თვითონ  არაა მასთან გულწრფელი გრძნობებთან დაკავშირებით და მაინც და მაინც არც ემოციურად გრძნობს მასთან ყოფნის მოთხოვნილებას. მდიდრის დახმარებით გოგონა იცვლება, უფრო იხვეწება, მაგრამ არის თუ არა ის ბედნიერი? 

ბედნიერება ყველამ ინდივიდუალურად შეიძლება აღვიქვათ. ვისთვის რაა ბედნიერება – ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში კონტექსტიდან გამომდინარე თუ ვიტყვი გოგონა არაა ბედნიერი! შეუძლებელია თავს ბედნიერად გრძნობდე მაშინ როდესაც მხოლოდ შენ ხარ ვიღაცისთვის საყვარელი და შენ მასთან ყოფნისას სხვაზე ფიქრობდე. მასთან დაკავშირებით კი მხოლოდ პატივისცემის გრძნობა გაკავშირებდეს. არ გასვენებდეს მუდმივად დანაშაულის შეგრძნება, ვინაიდან ფიქრებში ყოველთვის ღალატობ მას.

როგორ უნდა მოიქცეს გოგო? დაუბრუნდეს ღარიბს, მაგრამ საყვარელ მამაკაცს და მიატოვოს მდიდარი თუ დატოვოს ყველაფერი ისე როგორც არის?

მეგობრების ერთი ნაწილი გოგონას ურჩევს მიატოვოს ის უქონელი და აიწყოს ოჯახი მდიდართან. რომანტიკოსი დაქალები კი ურჩევენ რომ მთავარი სიყვარულია, სიმდიდრე დღეს გაქვს ხვალ-აღარ, ან პირიქით… და მაინც რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გოგონამ?

მე მაინც მიმაჩნია რომ ფიქრი, გაანალიზება და გადაწყვეტილებას მიღება მხოლოდ ამ გოგონაზეა დამოკიდებული. მდიდარ ადამიანთან ცხოვრება და საყოფაცხოვრებო კომფორტი მშვენიერი რამეა ვერაფერს იტყვი, მაგრამ ფიქრობს კი ის მდიდარი ამ გოგონასთან ოჯახის შექმნაზე? თუ მხოლოდ მასთან სექსის სურვილი ამოძრავებს? სხვათაშორის ერთ-ერთი გავრცელებული სირთულე მდიდარი მამაკაცების ცოლებისა გახლავთ ფულის ხელზე უქონლობა. შეიძლება ის უბრალოდ ძუნწი ადამიანი აღმოჩნდეს, ქმნიდეს ყველანაირ კომფორტს, თუმცა თავს ოქროს გალიაში აგრძნობინებდეს ქალს.

რაც შეეხება საყვარელ, მაგრამ ამავე დროს ღარიბ მამაკაცს. მასთან და მის ცხოვრებასთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვები? რატომ ვერ მიაღწია მან მცირეოდენ წარმატებას ცხოვრებაში? თუ ახალგაზრდაა მაშინ ვითარება ჯერ კიდევ შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თუ 30 წელიწადს უკვე გადააბიჯა და კვლავ იმ რომანტიკოსად რჩება, რომელიც მიიჩნევს, რომ  ჯიბის ფულის მეგობრისგან გამორთმევა და  ავტობუსით სეირნობა საყვარელ ქალთან ერთად დროსტარების საუკეთესო საშუალებაა, მაშინ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.

დასასრულს ვიტყვი იმას, რომ მსგავს სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება არც სპონტანურად  ხდება და არც ისე მარტივი არაა.

2 + 2 = 5

RADIOHEAD – არის ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ.  ჯგუფი, რომელიც ნამდვილად ახერხებს გარკვეული დროით მაინც მოგწყვიტოს გაუფერულებულ, გაურკვეველ, ჩახლართულ რეალობას. ამ ბრიტანულ მუსიკას აქვს ეს თვისება. აღნიშნულ პოსტში მუსიკის უფრო პოლიტიკურ მხარეზე უნდა ვთქვა. ინსტრუმენტზე, როგორც შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაზე. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ცნობილ, ძალიან ბევრისმთქმელ ტრეკს, სახელწოდებით 2+2=5. სწორედ ამ მელოდიის ანიმაციურ ვიდეოს შესაბამისადაა ნათქვამი –  მარტივი და გენიალური. ინსპირაცია, რასაკვირველია ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებია – “1984” და “ცხოველების ფერმა”.

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” პირველად დაიბეჭდა 1945 წელს როგორც პოლიტიკური სატირა. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში. ნაწარმოებში ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

რა ხდება ვიდეო კლიპში?

ვიდეო კლიპში ნათლად ჩანს ცხოველთა ჰარმონიული თანაარსებობა, მანამ, სანამ ღორმა არ ჩაიგდო ხელში მმართვის სადავეები. სწორედ იმ მომენტიდან ”აირია მონასტერი”, თანაც მაგრად.  გამოჩნდა  მომხვეჭელობას დაწაფებული, გაზულუქებული, კაპიტალისტი, არაჰუმანური “ღორი”! რომელსაც ფერმაში მოაქვს ტელევიზორი – გაბითურების და გონებრივი გათიშულობის – ერთ საუკეთესო საშუალება.  საინტერესო  და ყურადსაღები ფაქტია ის, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზორი ცხოველებზე. რას ანახვებენ  ეკრანზე?! ესაა ეროტიკა! ტელევიზიის მეშვეობით ღორმა დაანგრია ცხოველთა შეხმატკბილებული თანაარსებობა. მოაკლდათ მათ სამუშაო საათები (TV-სთან სხედან უმეტესწილად და ამიტო).

ნაპოლეონი (ღორი) ცხოველთა ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ.

დრო გადის…

ფერმაში დარჩენილმა ცხოველებმა გადაწყვიტეს მმართველობის ისეთი სისტემა შეექმნათ, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ადამიანის მიერ შექმნილისა. აკრძალული იყო: ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება, ალკოჰოლის მიღება…  დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, “ეცემოდა ადამიანის დონემდე”. საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად “ნაპოლეონი”, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან. თავისუფლება შეზღუდეს (ჩიტი დაიჭირეს, რომელიც ნამდვილად  იყო თავისუფლების და სილაღის სიმბოლო). ვინ ვინ და ისევ ღორმუცელას ხელი ერია ამ საქმეში. ცხოველები აჯანყდნენ ღორის წინააღმდეგ, რადგან ფერმაში ისევ ადამიანური წესრიგის დამყარებისკენ მიდიოდა ყველაფერი. თუმცა, ამაოდ. ღორს ძაღლები იცავენ.  ოდესღაც ჯანზე და ფერზე მოსული რქოსნები გახდნენ სკილეტები, აი ის დამპალი ძალაუფლება ხელში ჩაგდებული ჩლიქოსნები კი გასიებულები,იღრინებიან სახელმწიფოს სადავეებით ხელში. RADIOHEAD – ის ვიდეო იმით მთავრდება, რომ თავის დროზე ცხოველების მიერ შექმნილი პირობები მთლიანად ირღვება. მაგალითად: კლიპის ბოლოს სვავი აზის პირუტყვის ლეშს და ჭამს. არადა თავის დროზე ”ანიმალიზმის” შვიდი ცნება ქონდათ მიღებული:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.
საფინალო კადრებით კი აბსოლუტურად ყველაფერი უგულებელყოფილია.

ვისაც ”ცხოველების ფერმა” წაკითხული გაქვთ, ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები – ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები – მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ”ცხოველების ფერმა” ძალიან კარგი გაკვეთილია, ცხოვრებისეული. წიგნში ყველაფერი საყურადღებოა და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის წინ მიუძღვება ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.