სასწრაფოდ!!!

სასწრაფო დახმარებაა საჭირო.

პატარა ელენეს ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. ვერ ხედავს. მხოლოდ ბლელ ოთახში მკვეთრ სინათლის ანთებაზე აქვს პატარა რეაქცია, გაურბის და უცურავს თვალები. აუცილებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც 400-460 ლარამდე ჯდება, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. ოჯახისათვის ნებისმიერი სახის გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იქნება ეს პროცენტიანი სესხი, უანგაროდ გაღებული გარკვეული თანხა თუ თუნდაც 10-20 ლარის ჩარიცხვა.

უფრო კონკრეტულად დაავადების და მკურნალობის შესახებ:

ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე ნეირორეაბილიტაციის პერმანენტულ კურსებს შეუწყვეტლივ, ექოსკოპიებს, ნეიროსონოსკოპიას, მაგნიტურ-რეზონანსულს, ენცოფოლოგრამას, მუცელზე ექოსკოპიას, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპიას თვალებზე. ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია!

ამჯამად, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემატიური ნეირორეაბილიტაციის კურსები, რომლის ფასიც 990 ლარია [11 დღიანი]. ოჯახს არ აქვს არც სახელმწიფო დაზღვევა და არც დაფინანსება. “არქიმედე”-ს დაზღვევა საჭირო პროცედურებს არ აფინანსებს. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ბავშვს აქვს ფეხზე გავლის და მხედველობის დაბრუნების შანსი.

რეკვიზიტები:

ემონეი:  360963399

საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი : BAGAGE22

ანგარიშის ნომერი : GE93BG0000000288973000

მიმღების სახელი და გვარი : თორნიკე ონანაშვილი (მამა)

საკონტაქტოდ: 555 35-23-85 – თორნიკე (ელენეს მამა)

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/elenas.dasaxmareblad

https://fundrazr.com/campaigns/9I1t8

გთხოვთ გაავრცელეთ, დავეხმაროთ პატარა ელენეს!

მე მოვითხოვ … !

დროის ცვლილებასთან ერთად გარემოც ასე თუ ისე ვითარდება. რაღაცები შედარებით სწრაფად იცვლება, რაღაცები კი – შედარებით ნელა. თავისთავად არაფერი ხდება, ხოდა ვისთვისაც რაა პრიორიტეტული, შესაბამისად, ყურადღებაც უფრო მეტად იმას აქცევს.
რო გვკითხო ყველას უზრუნველი ცხოვრება გვინდა, ბევრ სიკეთეებს ჩავიდენდით გასაქანი რომ გვქონდეს, მაგრამ ამ ცხოვრების….
რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ უზრუნველი ცხოვრების მოსაწყობად წინაპირობები შევიქმნათ?
ოცნებებში გვიყვარს ხეტიალი და პინაზე რომ არავინ მოგვართმევს მეტ-ნაკლებად ჩვენთვის სასურველ ცხოვრებას ამაზე ნაკლებად გვეფიქრება.
უნდა ვიყოთ აქტიურები, ყველაფერზე ჩვენი ცოდნისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე გვქონდეს ადეკვატური გამოხმაურებები, ვიყოთ ერთმანეთის გვერდი-გვერდ საყოველთაოდ საკეთილდღეო საქმეებში.

თუ კი რამე დისკომფორტს გვიქმნის, უკმაყოფილებას იწვევს, ვიღაცების მიმართ დისკრიმინაციულია, ვიღაცებს ჩაგრავენ, უსამართლოდ ექცევიან და სხვა უამრავი მსგავსი, ასეთ შემთხვევაში სიჩუმე და განზე დგომა (სხვისი ჭირი –  ღობეს ჩხირის პრინციპით) სამოქალაქო უპასუხისმგებლობას ნიშნავს.

ვიყოთ პროგრესზე ორიენტირებულები და მოვითხოვოთ!

მოვითხოვ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვას, მიუხედავად  საზოგადოებაში მათი სოციალური სტატუსისა  და მიუხედავად მათი მატერიალური შესაძლებლობებისა.

მოვითხოვ სოლიდარულ, შემდგარ, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას!

მოვითხოვ მეტ იუმორის გრძნობას ადამიანებში. თვითკრიტიკის შედარებით მაღალ და სნობიზმის შედარებით დაბალ დონეს.

მოვითხოვ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის კონცერტების გამართვას, მათთვის სწავლა-განათლების ხელმისაწვდომობას. რასაკვირველია ციხეში ნინო ბადურაშვილის და სტეფანეს მსგავსი ტიპები არ იმღერებენ, არამედ ისეთები როგორებიცაა:  Pornopoezia, The Georgians, Indutrial City, რობი კუხიანიძე….

მოვითხოვ ვერცხლისწყალივით მოუსვენარ, ამბოხებულ და კრიტიკულ ახალგაზრდობას!

მე მოვითხოვ…  მე მოვითხოვ… მე მოვითხოვ…

წაღმართის მენტალიტეტი, ფარისევლები და ნულოვანი პოზიციის დამნაშავეობა

უმრავლესობას კარგად მოეხსენება, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანები უკუღმა იბადებიან ე.ი. თავით დაბლა. ამიტომაცაა რომ ადამიანები არიან უკუღმართები. ამის მთქმელს ახლა ნუ მომთხოვთ სხვადასხვა თეორიების გადმოლაგებას გინეკოლოგიის დარგში, მით უმეტეს, თქვენთვის რის განდობასაც ვაპირებ იმას არანაირი კავშირი გინეკოლოგიასთან არ აქვს. ტყუილების გარეშე გეტყვით (ტყუილების ლაპარაკი ჩვენ სამყაროში ხომ ჩვეულ და განუყრელ ნორმად იქცა!) არც თუ ისე მცირე და არც თუ ისე დიდი ხანია ცხადად დავინახე, რომ ადამიანთა უმრავლესობა მცირე გამონაკლისის გარდა უკუღმართები არიან. რა დასამალია და მეც უკუღმა დავიბადე. შესაბამისად, მეც უკუღმართი გახლდით. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე: რა თავში ვიხლი მეთქი ამ უკუღმართობას და ყველაფერს უკუღმართულს უკუღმა ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა წაღმართის მენტალიტეტი. ახლა ცოტა კი ჭირს უკუღმართებთან ცხოვრება, მაგრამ ამ ჩემ წაღმართ მენტალიტეტს რა ვუყო?!

ზოგადად, სხვებისთვის ჭკუის სწავლება არ მიყვარს, მაგრამ უკუღმართები არ გაძლევენ მშვიდად ყოფნის საშუალებას. შემეძლო არც არაფერი მეთქვა, თვალებიც დამეხუჭა და ისეთი გამომეტყველება მიმეღო თითქოს ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და ამქვეყნიური არაფერი გამეგება. ნეიტრალურის და პასიურის პოზიციაში აღმოვჩნდებოდი და ვიტყოდი: ”იმას, რაც ხდება და რასაც კარგად ვხედავ მე სრულებითაც არ მეხება, ხოლო ვისაც ეხებათ კისერიც უტეხიათ!” მაგრამ! უკუღმართები ისეთი ფარისევლები არიან და იმდენ უსამართლობას ჩადიან, რომ პასიურობა და ნეიტრალური პოზიცია დანაშაული გახლავთ.

როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება, შემთხვევით ან განგების ძალით თუ მათ შორის აღმოჩნდებით და არ დაიცავთ კრავს, თქვენდა უნებურად აღმოჩნდებით მგლის მხარეზე. ცხოვრების სამწუხარო გამოცდილება კი გვიჩვენებს რომ მგელი უთუოდ შეჭამს კრავს. ამიტომ ვამბობ, რომ ნულოვანი პოზიცია უკვე ნიშნავს გარკვეულ პოზიციაზე დგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში კრავი შეეწირება.

დავუბრუნდები ისევ უკუღმართების თემას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამუდმებით ჩაგვესმის რომ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. მართალია, დემოკრატიული გარემოს სუნი და გემო არ ვიცით, მაგრამ თეორიულად გვაქვს მასზე წარმოდგენები და გვსმენია რომ სადღაც დასავლეთშია მსგავსი წეს-წყობილება. ”იქ” კარგია და მოდი და ჩვენც ავაშენოთ ასეთივე. რატომაც არა?! დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება ბევრ არასამთავრობო ინსტიტუტს მოიცავს, რომლებსაც ქმნიან აქტიური მოქალაქეები, ინდივიდები. ეს ინსტიტუტები და ცალკეული ინდივიდები იცავენ უფლებესა და თავისუფლებებს და არავის პატიობენ უკუღმართობას. უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმას იმარლებენ. მოკლედ ქვეყნის ყოველდღიურობას თვალ-ყურს ადევნებენ.

რა ხდება ჩვენთან?

რამოდენიმე დღის წინ (15/16 აპრილი) თსუ-ს სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სამართლიანად გამოთქვეს უკმაყოფილება უნივერსიტეტში შექმნილი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ვითარების შესახებ. დაზარალებული სტუდენტების თქმით, 15 აპრილს მათ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ურტყამდნენ. სახელსა და გვარს არ ვიტყვი და კოლმეურნეობის თავმჯდომარემ უარყო თითქოს და ძალადობას სტუდენტური თვითმმართველობის რომელიმე წევრმა მიმართა. აღნიშნა რომ ფაქტის გამოძიებით თვითონაც დაინტერესებულია და დაგმო მომხდარი.

ინციდენტის შემდეგ გაიმართა აქცია უკუღმართული საქციელის  გასაპროტესტებლად. აქციაზე სტუდენტების სიმრავლე მაინც და მაინც არ შეიმჩნეოდა. ესეც თქვენ ნულოვანი პოზიციის ნათელი მაგალითი და “სოლიდარობის პიკი!”

არ ვიცი რატომ არ არიან ახალგაზრდები ვერცხლისწყალივით მოუსვენრები? რატომ არ არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ? რას ელოდებიან? მაგრამ ერთი კი ცხადია, პასიურობით, მონური თავჩაქინდვრით, ცხვრის ფარას დამსგავსებული ახალგაზრდებით დემოკრატიული სახელმწიფოები არ შენდება.

სხვათა შორის სამუელ ბეკეტმა დაწერა პიესა ”გოდოს მოლოდინში”. გოდოს მოლოდინში ხალხს სული ამოხდეს ლამისაა. არ ვიცი ვინაა ეს გოდო, მაგრამ ფაქტია, რომ ის არ მოდის. ხოდა ლოდინს ჯობს ცოტა გამოვფხიზლდეთ. ჩვენი ასაშენებელია ეს ქვეყანა და თუ კი ვინმეს ჰგონია პინაზე დემოკრატიული ბაფთით დამშვენებულ სახელმწიფოს მოგვართმევენ ძალიან ცდება. ასე რომ ვიყოთ მეტად აქტიურები,  ერთმანეთის მიმართ  უფრო მეტად სოლიდარულები, უკუღმართული საქციელის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ და დემოკრატიულ სახელმწიფოსაც ავაშენებთ, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები.

პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ დევნილთა ყველაზე მძიმე პირობებში მყოფი ნაწილის პრობლემათა სწრაფად და ღირსეულად გადაჭრას, და ამ მიზნით მივმართავთ მასმედიას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, საზოგადოებას. ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვმოქმედებთ არც ერთი პოლიტიკური, საერთაშორისო, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. მეტიც – ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც დევნილების პრობლემაში გარკვევის პროცესში გავიცანით ერთმანეთი და ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებისა და სიმპატიების შესახებ. ჩვენი ერთიანობა დროებითია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთადმი სოლიდარულობა უდევს საფუძვლად. პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია პრობლემის არსის მიტანა ადრესატებამდე. ამისათვის საჭიროა მედიასაშუალებათა მიერ შექმნილი და დამკვიდრებული ყალბი მითების დანგრევა. მათგან უპირველესია ტყუილი, თითქოს დევნილები უარს ამბობენ დედაქალაქის გარეთ საცხოვრებელი ფართის შეთავაზებებზე და ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ თბილისში ბინებით დაკმაყოფილებას. შესაძლოა ერთეული ასეთი დევნილები არსებობენ კიდეც (ჩვენ ასეთებს არ ვიცნობთ), მაგრამ ასეთი პრეცედენტების არსებობა ვერანაირად ვერ გაამართლებს მასმედიის ზოგიერთი საშუალების არაადექვატურობას. სატელევიზიო რეპორტაჟებში დევნილთა შესახებ სიუჟეტებში ხშირად უბრალოდ აჩვენებენ დევნილებს და მათ მხარდამჭერებს, ხოლო დევნილთა ვითომდა ‘მოთხოვნის’ – ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართების გამოყოფის შესახებ რატომღაც არა თავად დევნილთა, არამედ დიქტორის ტექსტით გვამცნობენ. ვაცხადებთ, რომ დევნილთა ის ნაწილი, რომელთაც ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას, საკითხს არასოდეს აყენებდა ასე, და რომ მსგავსი განცხადებები მტკნარი და ამავე დროს უკიდურესად სახიფათო, ანტისახელწიფოებრივი სიცრუეა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისა და დევნილების გამიჯვნას, მათ შორის მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ერთმნიშვნელოვანდ ვაცხადებთ, რომ დევნილთა მოთხოვნებში გეოგრაფიული პრეტენზიები საერთოდ არ ფიგურირებს. ისინი არ მოითხოვენ, ან უარყოფენ ამა თუ იმ რეგიონში ცხოვრებას, არამედ – ითხოვენ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, და უარს ამბობენ შეურახმყოფელი და აუტანელი პირობების შეთავაზებაზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ყველაზე გახმაურებული შეთავაზება, ფოცხო-ეწერი. დასახლებული პუნქტი მთიან რეგიონში, სადაც არ არის სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი… რაიონულ ცენტრამდე და უკან მგზავრობას სჭირდება სულზე 8 ლარი, რაც დევნილთა ყოველთვიური დახმარების – ხშირად ერადერთი საარსებო წყაროს – მესამედზე ცოტა ნაკლებს შეადგენს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ ადამიანთა მდგომარეობა. ისინი, ომამდე სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის მკვიდრნი, ხშირად უმაღლესი განათლებით და პროფესიული სტაჟით, მათ შორის – პედაგოგები, ასევე ომის ვეტერანები, თითქმის 18 წელია, აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებისა და პერმანენტული თავშესაფრის გარეშე, დღეისათვის კი, დროებითი თავშესაფრიდან ძალადობით გამოყრილი, აუტანელ პირობეში, მათ შორის ქუჩაში, კარვებში ცხოვრობენ. მათ შორის არიან ოჯახები სასკოლო ასაკის ბავშვებით. ბუნებრივია, მათ სურთ ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც შეძლებენ შვილებს განათლება მისცენ. არიან ომის ინვალიდი, უბრალოდ აუტანელ პირობებში ხანგრძლივი ცხოვრების გამო მძიმედ დაავადებული ადამიანები. მათ სურთ ისეთი ცხოვრება, როდესაც ავადმყოფობას არ დაემატება მუდმივი შიში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში არათუ საავადმყოფოს მომსახურებით ვერ ისარგებლებენ, არამედ მედიკამენტების შეძენასაც ვერ შეძლებენ. არიან ადამიანები ისეთი ავადმყოფობებით, რომლის სამკურნალო აუცილებელი პროცედურების ჩატარება მხოლოდ თბილისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. მაგ. ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა ექიმთა დაუდევრობის გამო სმენა დაკარგა. ამგვარი ბავშვებისათვის სკოლა მხოლოდ თბილისში და ქუთაისშია. გარდა ამისა, ბავშვი ყოველთვიურად საჭიროებს ყურიდან ჩირქის ამოღების პროცედურის ჩატარებას, რაც სრულფასოვნად მხოლოდ თბილისის ორ საავადმყოფოშია შესაძლებელი. ბუნებრივია მისი ოჯახი წინააღმდეგია საცხოვრებლად ფოცხო-ეწერში წავიდეს, მაგრამ კვლავ – აქ არსებითია არა გეოგრაფიული ფაქტორი, არამედ სოფელში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არარსებობა. არის სხვაგვარი შემთხვევები: მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოხუცი ბრმა დედის, მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალია. მისი ახალგაზრდობა ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც განათლების მიღება ვერ შეძლო. წლების განმავლობაში იგი ხელობით ინახავს ოჯახს. ეს ხელობა ავტომობილების შეკეთებაა. ბუნებრივია, ამ ოჯახის გაშვება მთიან რეგიონში, სადაც კვირაში რამოდენიმე მანქანა თუ გამოჩნდება, სახელმწიფო დახმარების – 28 ლარის იმედად, მათი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვაა. არსებობს სხვაგვარი სპეციფიკის საქმეებიც. მაგრამ აქ მოყვანილი შემთხვევები საკმარისია დავასკვნათ, რომ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან დევნილთა საქმეებისადმი ინდივიდუალური მიმდგომა, კლასიფიკაცია პრინციპით გადაუდებლიდან – ნაკლებ საჩქარომდე (თუმცა დროებით თავშესაფარს ყველა მათგანი დაუყოვნებლივ საჭიროებს), და პრობლემათა სწრაფი და თანმიმდევრული მოგვარება. დღემდე კი, ამის სანაცვლოდ, დევნილები სახელმწიფო მოხელეთაგან მხოლოდ იგნორირებას, ხშირად – ცინიკურ და უგულო დამოკიდებულებას იღებენ. განსხვავებულ სპეციფიკათა მიუხედავადაც კი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე ზოგადი პირობა, რომლიც ყველა დევნილისათვის საერთო აუცილებელ მინიმუმს წარმოადგენს. დევნილები მზად არიან საცხოვრებლად წავიდნენ ყველგან, სადაც იქნება:

• თავშესაფარი ელემენტარული პირობებით: ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საკვების მომზადების შესაძლებლობით.

• სკოლა, სადაც მცირეწლოვანი დევნილები სხვა თანატოლებთან ერთად კონსტიტუციით გარანტირებული სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებას შეძლებენ.

• საავადმყოფო, აფთიაქი და სასწრაფო დახმარება გონივრულ დროში მისაწვდომ მანძილზე.

• ამასთან, თუმცა დევნილები არ ითხოვენ სახელმწიფოსაგან სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, სურთ ისეთ გარემოში დასახლდნენ, სადაც სამუშაოს პოვნის შანსი იარსებებს, და მონდომების შემთხვევაში თვითდასაქმებას შეძლებენ – იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი თუ სერვისი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნებში არაფერი გადაჭარბებული არაა. მეტიც, მოთხოვნილი პირობები მნიშვნლოვანწილად ნაკლებია იმაზე, რაც ამგვარ გარემოებებში აღმოჩენილი ადამიანებისათვის საერთაშორისო სტანდარტითაა განსაზღვრული. ჩვენი აზრით, ეს ის მინიმუმია, რაზე ნაკლებზეც ჩვენი საზოგადოების არც ერთი წევრი არ უნდა იყოს თანახმა, და რაზე ნაკლების შეთავაზებაც სახელმწიფოსგან, რომელიც, შეგახსენებთ, კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოა, უბრალოდ მიუღებელია. მივმართავთ: პოლიტიკურ ორგანიზაციებს: მივესალმებით რა ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარ ადამიანთა მონაწილეობას პრობლემის გადაჭრის პროცესში, ყველას ვთხოვთ, ნუ მოახდნენ ვითარების პოლიტიზირებას, ნუ გამოიყენებენ დევნილთა მდგომარეობას პოლიტიკური ინტერესებისათვის. მასმედიას: ვთხოვთ შეუგნებლად თუ მიზანმიმართულად ნუ შეუწყობენ ხელს შეურაცხმყოფელი სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას, კიდევ ერთხელ ნუ ატკენენ გულს ისედაც ლამის ათწლეულობის განმავლობაში ჩვენგან გარიყულ და იგნორირებულ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს; ობიექტურად გააშუქონ დევნილთა პრობლემატიკა, და ამ პროცესში იხელმძღვანელონ თავად დევნილთა, და მათი ნდობით აღჭურვილი პირების ინფორმაციით, და არა ანონიმური, საეჭვო და დაუდგენელი ‘მოარული ხმებით’. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს: ვთხოვთ შეძლებისადაგვარად შეგვიწყონ ხელი პროცესის ნორმალურად და ეფექტურად წარმართვის საქმეში; გაგვიზიარონ ცოდნა; გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია; გამოიყენონ საკუთარი ავტორიტეტი სათანადო ორგანოების დასარწმუნებლად. ხელისუფლებას: ვთხოვთ დაუყოვნებლივ შეუდგეს პრობლემის გადაჭრას; დასაწყისისთვის მოისმინოს დევნილთა და მათი ნდობით აღჭურვილ პირთა მოსაზრებები, მოთხოვნები, და ცხადი წარმოდგენა შეუქმნას მათ, პრობლემის გადაჭრის რა ხედვა და გეგმა გააჩნია შესაბამის ორგანოებს. ამ მიზნით, ჩვენ მოივითხოვთ დევნილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეხვედრას დევნილებთან და მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან უმოკლეს დროში. და ბოლოს, ვთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში. პირველ რიგში, არ გაავრცელოს თავად, და შეძლებისდაგვარად ხელი შეუშალოს სხვათა მიერ დევნილთა შესახებ შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის გავრცელებას. გამოხატოს დევნილთა აქ ჩამოყალიბებული მოთხოვნებისადმი პრინციპული მხარდაჭრა. შესაძლებლობის ფარგლებში, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე, დაეხმაროს დევნილებს ცივი და მშიერი ზამთრის გადატანაში.

გათითოკაცებული ერი

საქართველოს პოლიტიკოსთა უმრავლესობას თუ სრულ უმრავლესობას არა, რომ ჰკითხო უკლებლივ ყველა – დეპუტატები, მთავრობის წევრები, გუბერნატორები, გამგებლები და ამ ზემოთ ჩამოთლილის მოადგილეები – ქვეყნის პერსპექტივაზე ზრუნავს, ცალსახად ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და სახელმწიფოს ყოველმხრივ განვითარებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, რომ კანონი უნდა უზენაესობდეს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს წმინდათა წმინდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორად უნდა იყოს პასუხისმგებელი მიუხედავად მათი ჩინ-მედლების და სოციალური სტატუსისა, რომ საქართველო უნდა იყოს ლიბერალური ღირებულებების მატარებელი, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების, არჩევანის, რწმენის, შრომის და სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, რომ სადავო სიტუაციები უნდა გაირჩეს სასამართლოში და რომ სიმართლე ქუჩაში არ უნდა ეძიო და ”ძალა აღმართს ხნავს” პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელო. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. საკმაოდ მსუყედ ისმენ-იკითხება და წუნს ვერ დაუდებ კაცი. მაგრამ! არსებობს საკმაოდ ბევრი მაგრამ.

პირველ რიგში, შემდგარი სახელმწიფოს სტატუსი რომ გააჩნდეს ქვეყანას ამისათვის მხოლოდ შემოსაზღვრული ტერიტორია, ჰიმნი, გერბი, დროშა და მინისტრთა კაბინეტი საკმარისი არაა. დემოკრატიის შუქურა რომ ვიყავით (არ ვიცი ახლაკიდევ გვაქვს თუ არა ეს სტატუსი? ალბათ დემოკრატიის თვალისმომჭრელად მოკაშკაშე ვარსკვლავი ვართ) კარგად მახსოვს. ასეთ ”შუქურა” სახელმწიფოში ხალხი ირჩევს ხელისუფალს საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. შემდეგ,  ჩამოყალიბებული პოლიტიკური ელიტა პასუხისმგებელია სწორედაც რომ ამ ხალხის წინაშე. მათ მიერ მიღებული კანონები, მათი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში საზოგადოების ინტერესებთან. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ხელისუფალი არ უნდა უგულებელყოფდეს ხალხს და მეტ-ნაკლებად ზრუნავდეს კიდეც უნდა მათზე. მით უმეტეს როდესაც ვალდებულია!

საქართველოს მაგალითზე, სახელმწიფოს ”მზრუნველობა” ადამიანებზე ცოტა არ იყოს და  ცინიკური მნისვნელობის მატარებელია (მზრუნველობაში არ მოვიაზრებ იმას, რომ შრომისუნარიანი ადამიანი სახელმწიფოს პარაზიტად უნდა წამოაჯდეს თავზე, ფეხი-ფეხზე გადაიდოს და ხარჯად დააწვეს მას). ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, დევნილების საკითხს ვგულისხმობ (მერამდენედ არიან უკვე დევნილები!).

2010 წლის სექტემბერშიხელისუფლების გადაწყვეტილებით დევნილები გამოასახლეს დაკავებული ფართებიდან. უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილების ნაწილმა ახლობლების ოჯახებს შეაფარა თავი, ნაწილი ერთ სახლში ცხოვრობს ქირით და გადასახადს ტანაბრად იყოფენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, იქვე ეზოში კარვებში ცხოვრობენ. ასე გრძელდება უკვე მეხუთე თვეა. მათი იქ ყოფნის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, თითქმის არავინ. ამის პარალელურად კი ”ჯიგარი” ტელევიზიის მეშვეობით 1 კილოგრამი შაქრის 3 ლარამდე გაძვირებაზე მიდის ღადაობა და დამსწრე ”საზოგადოებაც” ხარხარებს და ამაზე ”მხურვალე ტაშს” შემოჰკრავს. (სადღაც მაქვს მსგავსი ”ტაშები” ნანახი შავ-თეთრად, ბუნდოვნად მახსოვს) ვის აღელვებს ლტოლვილები?! საერთოდაც ვინ იცის რო მათ შესახებ?!

ჩვენთვისაც, ახალგაზრდისთვისაც რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში მცხოვრები დევნილების შესახებ. შეიქმნა ჯგუფი ფეიბუქზეც. ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. ყოველდღიურად რამდენიმე იქვე კარავში რჩება და ღამეს იქ ათევს, ზოგს პროდუქტი მიაქვს, ზოგს – მედიკამენტები. განსაკუთრებულს თითქოს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მათთვის ჩვენი გვერდში დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამას ჩვენ ყოველ იქ მისვლაზე აღნიშნავენ. უბრალოდ სოლიდარობის ამბავია. ამ ეტაპზე ჩვენ ცოტანი ვართ, საკმაოდ. (თუმცა, ჯერ-ჯერობით)

ერთ-ერთმა დევნილმა ქალბატონმა სამინისტროს წინ თავი დაიწვა. ამ ფაქტმაც ისე ჩაიარა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. საზოგადოებაში ამ ფაქტს არანაირი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. უბრალოდ -1 დევნილი და მორჩა. იმ ქალბატონის ფოტო იქვე სამინისტროს შესასვლელთან ხეზეა მიმაგრებული. სამინისტროს თითოეული მუშაკი დილით და საღამოს, დღეში მინიმუმ ორჯერ, ამ ფოტოს მშვიდად უვლის გვერდს სამსახურში მისვლის და გამოსვლის დროს.

დევნილები არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ და მაინც. ყველას მაინც და მაინცდედაქალაქში ცხოვრებაზე არ აქვს პრეტენზია. მათ სურთ ისეთ პირობებში ცხოვრება, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირობები (სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში) ყველასთვის დამაკმაყოფილებელი არაა. იმიტომ, რომ ზოგიერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ისეთ ადგილას ჩასახლება როგორიცაა ფოცხო ეწერი (სამეგრელო, წალენჯიხის რაიონი) მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ზოგს მხედველობის პრობლემა აქვს, ხერხემლის პრობლემა, გადაადგილების პრობლემა. ერთ-ერთ დევნილს ყრუ-მუნჯი შვილი ყავს. გოგონას თვეში ერთხელ ესაჭიროებაისეთი სამედიცინო მომსახურეობა, რომლის მიღებაც მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. წარმოიდგინეთ ფოცხოეწერიდან ან ქუთაისში ან მით უმეტეს თბილისში სიარული თვეში ერთხელ სისტემატიურად, მაშინ როდესაც იქ (ფოცხო ეწერში) უკვე მაცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში წასასვლელი ფული არ აქვთ. სამუშაოს დეფიციტია. საავადმყოფოზე ზედმეტია საუბარი, აფთიაქიც კი არ არსებობს. ექიმი კვირაში ერთხელ მიდის.

დასასრულს მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რითაც პოსტის წერა დავიწყე და დავამატებ ერთს: რომ შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გარეშე. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი ადამიანებში სოლიდარობის განცდაა. ხოდა ვიყოთ სოლიდარულები როგორც დევნილების მიმართ, ასევე ზოდადად, ერთმანეთის მიმართ.

ფეისბუქზე შექმნილი ჯგუფის ლინკი: http://www.facebook.com/home.php?sk=group_125390484196064&ref=notif&notif_t=group_activity