არქიფო სეთური vs მიშა

ხელოვნების ნებისმიერ დარგში (იქნება ეს კინო, მუსიკა, ლიტერატურა თუ სხვა) შექმნილი სხვადასხვა ნამუშევარი არაერთი კრიტერიუმით ფასდება. შეფასების კრიტერიუმთა შორის, ვთვლი, რომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის დროსთან მიმართება. ვგულისხმობ შემდეგს: რამდენად ასახავს ის არსებულ რეალობას, რამდენად აქტუალურია თემატიკა მოცემულ მომენტში,  რა დროის მანძილზე ინარჩუნებს ყურადღებასა და მნიშვნელობას – რამდენად უძლებს დროს.

XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიგა ლორთქოფანიძემ გიზო გაბისკირიასთან ერთად გადაიღო 7 სერიანი მხატვრული ფილმი ”დათა თუთაშხია”. არ ვარ კინოკრიტიკოსი, შესაბამისად, არც მაინც და მაინც კომპეტენტური კინოს სფეროში, რომ ფილმის მხატვრულ მხარეზე ვისაუბრო და მის ანალიზს მოვყვე. მინდა რამდენიმე ეპიზოდზე გავამახვილო ყურადღება და დღევანდელ ქართულ რეალობასთან გავავლო პარალელი.

დღესდღეობით ქართველი პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ხშირად ჩაგვჩიჩინებენ ტელევიზიების მეშვეობით, რომ ავადსახსენებელი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაშენებთ დასავლური ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. როგორც იქნა მოვწყდით ბოროტების დიდ იმპერიას. დავადექით განვითარების გზას და საკუთარი ნება-სურვილით ვწყვეტთ თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. მართალია სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მხრივ დიდად არ ვართ წინ წასულები და ბევრიც არაფერი შეცვლილა იმასთან შედარებით რა მდგომარეობაც  იყო საბჭოთა საქართველოში.

”დათა თუთაშხიიდან” მინდა გავიხსენო არქიფო სეთურისა და კაკო თაბაგარის ეპიზოგი. დათა თუთაშხიასა და მის მეგობარ მოსეს მამასახლისი არქიფო სეთური ესაუბრება იმის შესახებ თუ როგორ ზრუნავს ის ადამიანების კეთილდღეობაზე. მისი დამოკიდებულება ხალხისადმი, ვფიქრობ, ძალიან ჰგავს დღევანდელ მდგომარეობას. არქიფომ კაცი იმის გამო გაალახვინა, რომ მან უკმაყოფილება გამოთქვა ბევრს გვართმევს და მხოლოდ იმდენს გვაძლევს შიმშილით რომ არ დავიხოცოთო.

არქიფო სეთური

სეთური ამბობს: ”კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ. სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყოველგვარი გარყვნილება და უზნეობა.  კაცისთვის კარგი თუ გინდა არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო. უკმაყოფილება კი, სანამ გაიზრდება და მოღონიერდება იქამდე უნდა ჩაქოლო.  ხალხს თუ უთხარი ადამიანი ხარო რას გეტყვის თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია შენი მაგივრობა გავწიო და გამოდი მანდედანო. ცხენი და სახედარი ხარ თქვა უნდა ელაპარაკო. ადვილად იჯერებენ ამას. იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. მარა, პირდაპირ კი არ უნდა უთხრა, შეფარვით, ქარაგმით.

მამასახლისი კლდეში ხალხს ტყუილ უბრალოდ გვირაბს ათხრევინებს. ეს ის გვირაბია, რომლის ბოლოსაც ძალიან მაგრად ბნელა. თუმცა, აქვს კი საერთოდ ბოლო?! ადამიანებს მიწას ზურგით ათრევინებს. ძნელი რომაა მაგიტო შეგიყვარდება საქმე. რაზედაც მეტ შრომას დახარჯავ და მეტს იზრუნებ მით უფრო მეტად შეგიყვარდებაო. გარდა საქმის სიყვარულისა ის ხალხს იმედს აძლევს. ეს მათი ბედნიერებისთვისაა საჭირო. იმედი თუ აქვს ხალხს ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერი. იმედი კი ჭაში ჩაშვებული ყრუ-მუნჯი კაცია, რომელსაც ხელში ზარზე მიბმული თოკი უჭირავს. როდესაც გვირაბი ამ ჭაში გამოვა ისიც ჩამოკრავს ზარს. ხალხიც სწორედ ამის მოლოდინშია და გაფაციცებით ელოდებიან ზარის ხმას. თუმცა, რეალურად გვირაბი არასოდეს გამოვა ჭასთან. ხალხიც მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და იმედიც სულ აქვთ. მშვენიერი მოფიქრებულია ვერაფერს იტყვი. სეთურის მრევლი ისეა დაბეჩავებული და გონებადაბინდული რომ ოდნავი კრიტიკის შეგრძნებაც კი არ უჩნდებათ ყოველივე ზემოთქმულთან, პირიქით, ერთი გადაკრული სიტყვა მამა-მარჩენალზე და მზად არიან დაუფიქრებლად გათელონ ნებისმიერი.

დაინახა და გაერკვა რა ყველაფერში დათა თუთაშხია, შეეცადა ხალხის გამოფხიზლებას თუ არა დაფიქრებას მაინც, მაგრამ ბრბომ ისე ჩაქოლა ის და მისი მეგობარიც რომ წარბიც არ შეუხრია.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ქართველი, ვისაც ნანახი აქვს ”დათა თუთაშხია” და ახსოვს ეს ეპიზოდი, კარგად ამჩნევს ამ ადამიანების უსუსურ და უგუნურ მდგომარეობას. თუთაშხიას კი საქციელს ცალსახად მოუწონებს. დღევანდელ დღეს თუთაშხიებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ კაცი რომელიც სიმართლეს იტყვის, ან გიჟად იქნება შერაცხული, ან ქვეყნის გამყიდველად, ან ხალხის მტრად. ესაა დღევანდელი პოლიტიკა.

ის რომ არქიფო სეთურის მრევლი დღეს მიშას მრევლით ჩანაცვლდა ამის დასტურად ამ ვიდეოებს გთავაზობთ. მოდით, ყველამ ერთად ვილოცოთ მიშაზე.

ისე კი, სანამ სხვა ნებისმიერ ადამიანს (მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა) საფუძველშივე ზე-არსებად განვიხილავთ, უპირობოდ მესიად გამოვაცხადებთ და თანასწორად არ ვუყურებთ, მანამდე სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი ყოვლად გამორიცხულია.

Advertisements