მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » ვლადისლავ სურკოვი – კრემლის რუხი კარდინალი!

ვლადისლავ სურკოვი – კრემლის რუხი კარდინალი!

ვლადისლავ სურკოვი (იგივე ასლამბეკ დუდაევი) 1964 წელს დაიბადა რუსი დედისა და ჩეჩენი მამის ოჯახში. მამამ პატარაობაშივე მიატოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სურკოვი მოსკოვში ჩადის. მეტალურგიული უნივერსიტეტიდან თეატრალურ უნივერსიტეტში გადადის. თუმცა, არც ერთს ამთავრებს.

იმ პერიოდში რუსეთში ნელ-ნელა ფეხს იდგამს პიარის მაგიური ძალა. სურკოვმაც თავისი თავი იპოვნა. იწყებს თანამშრომლობას მიხაილ ხადარკოვსკისთან. დაუგეგმა კიდეც პირველი კამპანია 1992 წელს.
ხადარკოვსკის შემდეგ იყო კრემლის დიდვეზირ ბორის ბერეზოვსკისთან მუშაობის პერიოდი – გახდა რა ოსტანკინოს პირველი არხის პიარის განყოფილების ხელმძღვანელი.
1999 წელს კრემლს შეუერთდა და დაიწყო პრეზიდენტის იმიჯზე ზრუნვა. პრეზიდენტმა ბერეზოვსკი ქვეყნიდან გააძევა, ხადარკოვსკის კი, ციხეში უკრა თავი.
ყურადსაღებია, რომ მთელი ამ პროცესების დროს იცვლებოდნენ სურკოვის ხელმძღვანელები და იდეოლოგიები, მაგრამ თვითონ სურკოვს ეს დისკომფორტს საერთოდ არ უქმნიდა – გადადიოდა თანამდებობიდან თანამდებობაზე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის მოადგილე და შემდეგ პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო საკითხებში, სურკოვი რუსულ საზოგადოებას რეალითი შოუსავით მართავს.
-მე ახალი რუსული სისტემის ავტორი ვარ, ან ერთ-ერთი ავტორი. კრემლში და მთავრობაში ჩემი პორტფოლიო მოიცავს იდეოლოგიას, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, რელიგიას, მოდერნიზაციას, ინოვაციას, საგარეო ურთიერთობას და ხელოვნებას – ასე წარადგინა ერთხელ საკუთარი თავი ვლადისლავ სურკოვმა სიტყვით გამოსვლისას. მის ერთ ტაშზე ახალი პოლიტიკური პარტია ჩნდება. ან ორგანიზაცია “ნაში” (ჩვენები), რომლის წევრებსაც პრო-დემოკრატიული მოძრაობის მხარდამჭერებთან ქუჩაში საბრძოლველად წვრთნიან.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის რანგში სურკოვი სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს კვირაში ერთხელ ხვდებოდა და ინსტრუქციებს აძლევდა ვის უნდა დასხმოდნენ თავს, ვინ უნდა დაეცვათ, ვისთვის უნდა მიეცათ ტელევიზიებში შესვლის უფლება და ვისთვის აეკრძალათ. RUSSIA-POLITICS-SURKOV-FILES

სურკოვი ხან სამოქალაქო ფორუმებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, ხან კი ფარულად მხარს უჭერს ნაციონალისტურ მოძრაობებს, რომლებიც არასამთავროების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი და აღიქვამენ მათ როგორც დასავლეთის იარაღს რუსეთში.
დააფინანსა ხელოვნების ფესტივალები მოსკოვში (ყველაზე პროვოკაცული თანამედროვე მსახიობების მონაწილეობით), შემდეგ კი წაახალისა შავებში გამოწყობილი ხელში ჯვრებმომარჯვებული ორთოდოქსი ფუნდამენტალისტები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების გამოფენას თავს დაესხნენ.
კრემლის მიზანია პოლიტიკური დისკურსის ყველა ფორმა გამოიყენოს და არც ერთ დამოუკიდებელ მოძრაობას ნება არ მისცეს ამ დისკურსის გარეთ განვითარდეს.

სურკოვი არა მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელია. იგი წერს სტატიებს თანამედროვე ხელოვნების შესახებ, ამავე დროს პუტინის ფოტოს გვერდით მაგიდაზე რეპერ თუფაქის(!) სურათი უდევს. მასვე მიაწერენ ავტორობას წიგნისა – “თითქმის ნული”, რომელიც 2008 წელს დაიბეჭდა. წიგნი ნათან დუბოვიცკის ფსევდონიმითაა გამოცემული. სურკოვის ცოლი ნატალია დუბოვიცკაიაა. თვითონ სურკოვი ერთმნიშვნელოვნად არასოდეს ადასტურებს რომ წიგნი მისი დაწერილია, თუმც კი ძალიან აქებს – “ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს”. ამას გარდა, რომანი სატირაა თანამედროვე რუსეთზე, რომლის მთავარი გმირიც – იგორი – კორუმპირებული პიარის სპეციალისტია. ისიც სურკოვის მსგავსად, უმამოდ გაიზარდა რუსეთის პროვინციაში. 1980-იანებში გადადის მოსკოვში და 90-იანებში პიარის გურუ ხდება. იგორის ღმერთი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა. “პიარშიკისთვის” სამყარო ადგილია, სადაც სხვადასხვა რეალობა უნდა დააპროექტოს. ამ სამყაროში რამის რწმენა და ამ რწმენის დაცვის სურვილი სასაცილოდ ითვლება, სამაგიეროდ დიდად ფასობს სახეცვლილების და ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი.
ვლადიმერ ნაბოკოვს აღწერილი აქვს პეპლების სახეობები, რომლებიც განვითარების ადრეულ სტადიაზე სწავლობენ ფერის შეცვლას მტაცებლებს რომ დაემალონ. ის მტაცებლები დიდი ხანია გადაშენდნენ, მაგრამ პეპლები ფერს მაინც იცვლიან (უბრალოდ სიამოვნებთ ტრანსფორმაცია). რაღაც მსგავსი დაემართა რუსულ ელიტასაც: საბჭოთა პერიოდში გადარჩენისთვის თვალთმაქცობა ისწავლეს. ახლა, მუდმივი ფერისცვალების აუცილებლობა აღარაა, თუმცა, ისევ ისე იცვლებიან, რაღაც გაუგებარი ჟინით. კონფორმიზმი ლამის ესთეტიკური აქტის რანგშია აყვანილი. თავად სურკოვიც ამ ფსიქოლოგიის უკიდურესი გამოხატულებაა – მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, იცვლება ვერცხლისყალივით.

ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი სურკოვის ამბიცია გასცდა პარტიებისა და პოლიტიკის შექმნას, ახალი ქალაქის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. კოლოსალური თანხა (ასეულობით მილიონი რუბლი) ჩაიდო პროექტში, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი აშენებულა (არსებობს მოსაზრებები იმის თაობაზე რომ პროექტი, ნაწილობრივ მაინც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის გადმოსაქაჩად შემუშავდა.

2013 წლის 20 სექტემბერს სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. მას უნდა გაეკონტროლებინა მოსკოვიდან წამოსული ინვესტიციები. თავად სურკოვის დანიშვნის ფაქტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეფასდა, რადგან იგი წარმოშობით კავკასიელია და კარგად იცნობს კავკასიის საქმეებს, განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც ის 2000 წლიდან ხშირად დადიოდა და იცის შიდა აფხაზური პოლიტიკის თავისებურებებიც.

სურკოვის განსაკუთრებული როლი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში 2014 წლის მაისში გამოვლინდა, როდესაც იგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო აფხაზეთში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისში. სურკოვს ოპოზიციონერებთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ და მისმა მომხრეებმა თავისი მოთხოვნები გააცნეს, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შესახებ. სურკოვის უშუალო ჩარევის შედეგად 2014 წლის 1 ივნისს ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.

2014 წლის გაზაფხულზევე რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. სურკოვი აქაც დამდგმელ რეჟისორად გვევლინება: კაზაკებით, ბაიკერებით, მარიონეტი პოლიტიკოსებით, დადგმული რეფერენდუმით და შეიარაღებული ხალხით. საპასუხოდ, სურკოვი ერთ-ერთი პირველი რუსი ოფიციალური პირი აღმოჩნდა, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაადო – აუკრძალა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა და ფულის დაბანდება. მოგვიანებით სურკოვმა განაცხადა: “ვაშინგტონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ვაფასებ, როგორც აღიარებას იმისა, რომ ჩემს სამშობლოს კეთილსინდისიერად ვემსახურები. ეს დიდი პატივია ჩემთვის. იგივეა რომ ოსკარის პოლიტიკურ ეკვივალენტზე წარვედგინე. საზღვარგარეთ ანგარიშები არ მაქვს. ამერიკაში მხოლოდ თუფაქ შაკური, ალენ გინზბერგი და ჯექსონ პოლოკი მაინტერესებს. იმისათვის კი, მათ ხელოვნებას ვეზიარო ვიზა არ მჭირდება. ასე რომ არაფერი დამიკარგავს”.

2020 წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის პუტინის მრჩეველი იყო უკრაინის აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის საკითხებში.

პოსტში გამოყენებულია მასალები:
The Hidden Author of Putinism
კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
Nothing Is True and Everything Is Possible: The Surreal Heart of the New Russia

დატოვე კომენტარი