არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

რა რაკურსითაც არ უნდა შეხედო საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მაინც და მაინც სახარბიელოდაც არ უნდა გვქონდეს საქმე. დრო გადის… რაღაცები იცვლება (გარეგნულად)… მაგრამ ციკლურად მაინც საოცრად ”მოჯადოებულ”, უბადრუკ, ისევ და ისევ ჩვენთვის (ქართული სახელმწიფოსთვის) დამანგრეველ წრეზე ვტრიალებთ თითქოს…

სამოქალაქო ომი… აფხაზეთი… ოსეთი… მხედრიონი…  ედუარდ შევარდნაძე…  ასლან აბაშიძე… რევოლუცია… რევოლუციის მცდელობა… მასშტაბური აქცია… აქციის დარბევა… ისევ რევოლუციის მცდელობა…  ისევ დარბევა… და ეს დღესაც გრძელდება იმავე წრეზე ჩანჩალი. გასულია სულ რაღაც 20 წელიწადი…

რა პრობლემა გვაქვს? რა უნაირობა გვჭირს? სად ვართ გაჩხერილები? რით ვერ დავადექით ერთ კონკრეტულ განვითარების, პროგრესის მომტან გზას?

პრობლემა არის ჩვენში. პრობლემა არის ხალხში. ხალხში რომელიც გვინდა არ გვინდა გადაგვარებულია სწორედაც რომ საბჭოთა 70 წლიანი მმართველობის გავლენით. როდემდე უნდა ვიწუწუნოთ ამ წარსულით?! როდემდე უნდა ბრალდებოდეს ყველაფერი საბჭოთა წარსულს?! მოდით და დავიწყოთ ჩვენი საქმის კეთება და ჩვენ სახელმწიფოს მივხედოთ. ყველანი ჩავებათ ქვეყნის აღმშენებლობაში. დავიწყოთ ფიქრი და გავიაზროთ საერთოდ რა გვინდა? რა გვიშლის ხელს განვითარებაში? ვინ ვართ და რა ადგილი გვინდა დავიკავოთ მსოფლიო სახელმწიფოთა გვერდით?

ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. შესაცვლელი გვაქვს ის, რაც ჩემი აზრით, ხელს გვიშლის განვითარებაში. მე გავაკეთებ მცირეოდენ ჩამონათვალს – არ უნდა…

არ უნდა იყოს საზოგადოება ძაღლის როლში, რომელიც ხელისუფლისგან ძვლის გადმოგდებას ელოდება;

არ უნდა აჯერებდე თავს რომ მესია-გმირი მოვა და ის გადაგვარჩენს და გაგვიყვანს სამშვიდობოს;

არ უნდა გიყვარდეს პრეზიდენტი (ბელადი);

არ უნდა მისტიროდე გამუდმებით წარსულს;

არ უნდა იშვერდე ხელებს გამუდმებით სხვისკენ;

არ უნდა განიცდიდე მხოლოდ საკუთარს;

არ უნდა გეშინოდეს სიახლისა და ცვლილებების;

არ უნდა იყო ყოველმხრივ პასიური, რომელიც პარაზიტად აზის საზოგადოებას და სახელმწიფოს;

არ უნდა იყო ზარმაცი მეოცნებე;

არ უნდა ერთობოდე გამუდმებით;

არ უნდა გეშინოდეს ხმის ამოღების და საკუთარი აზრის გამოხატვის;

არ უნდა იყო მედროვე;

არ უნდა იყო მლიქვნელი;

არ უნდა იყო ახალგაზრდა მოხუცებული;

არ უნდა იცხოვრო მითებით;

არ უნდა ელოდო ცვლილებებს;

არ უნდა გეშინოდეს განსხვავებულის;

არ უნდა გეზიზღებოდეს სხვანაირი;

არ უნდა იყიდებოდეს ფულზე ყველა და ყველაფერი;

არ უნდა მორჩილებდე არავის და არაფერს რაციონალურის გარდა;

არ უნდა მორალისტობდე ბოზურ გარემოში;

არ უნდა იყო უფროსის (ასაკით და ჩინით) მონური მორჩილი;

არ უნდა დადიოდე მეორე კურსის სტუდენტი ჰალსტუხით და ქეისით;

არ უნდა ათვინიერებდე შვილს როგორც შინაურ ცხოველს;

არ უნდა ფიქრობდე მხოლოდ ”მე”-ზე.

გამოსავალი არის მხოლოდ მეტად აზროვნებასა და დაფიქრებაში. რეალურად რა გვსურს? მივყვეთ პროცესებს თუ ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენივე შრომითა და მცდელობით ის როგორი გარემოც გვსურს?

მაგრამ რეალურად ვიცით კი რა გვსურს და ვინ გვინდა ვიყოთ?

მბრძანებელიც და შემსრულებელიც

XX საუკუნეში მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთში გამოიცა ფრანგი მწერლის რობერ მერლის რომანი ”La Mort est mon Métier” – “სიკვდილი ჩემი ხელობაა”. თავის დროზე საბჭოთა კავშირმა აღნიშნული რომანი საავტორო უფლების დაცვით შეიძინა. შემდეგ ის ითარგმნა როგორც რუსულ, ასევე საბჭოთა სხვა რესპუბლიკების ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. 

რობერ მერლი რომანში მოგვითხრობს რუდოლფ ლანგის (სინამდვილეში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის  კომენდანტის რუდოლფ ჰესის) ამბავს. ნაწარმოების კითხვისას ცხადი ხდება, რომ პარიზში რუდოლფის მამა მეძავს გადაეყარა და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. როდესაც ის გონს წამოეგო, გააცნობიერა, რომ ამ უღირსი აქტით მან დაარღვია ახალი აღთქმის ერთ-ერთი მცნება. სწორედ იმ წყეული დღიდან რუდოლფის ”ღვთისმოსავმა” მამამ გადაწყვიტა საკუთარ თავზე აეღო ყველა ის ცოდვა, რომელსაც მომავალში მისი ოჯახის წევრები ჩაიდენდნენ. თავისი შვილი, რუდოლფი კი, ყოველგვარ ბუებრივ და ადამიანურ უფლებას მოკლებული, მამის მხრიდან განუწყვეტელ სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენებული და ტრავმირებული ეკლესიისათვის გადაელოცა.

ბავშვობიდანვე რუდოლფს სისასტიკით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. მამამისი გულქვა არსება იყო და ადამიანური ურთიერთობების არაფერი გაეგებოდა. ტვინიკოსმა მამამ შვილი აქცია რობოტად, რომელიც ნაცისტური პარტიის სამსახურში ჩადგა. ცოლადაც პარტიის წევრი შეირთო.  

რუდოლფ ლანგი და მსგავსი მენტალიტეტის მქონე გარეწრები, როგორც წესი, არიან მშიშარა კომფორმისტები, რომლებსაც პარტიულობა სჭირდებათ ნიღბად საკუთარი ცხოვრების კომფორტულად მოწყობისათვის. ხოლო რაც მათ ინტერესებში არ შედის ასეთ პირმეტყველ ცხოველებს სულ ცალ ფეხსაცმელზე ჰკიდიათ.

რობერ მერლის აზრით, მსგავსი დანაშაულებრივი გარემოსა და იმფანტილური დამოკიდებულების შექმნა შესაძლებელია ისეთ საზოგადოებებში, სადაც ხალხის აზრს ჩალის ფასი აქვს. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში გადადის და საზოგადოებრივ კონტროლს არ ექვემდებარება. ამგვარ სისტემაში მკვლელობა პრობლემის მოგვარების უსწრაფესი საშუალებაა. ავტორის თქმით, ნაცისტური რეჟიმის სამსახურში ასიათასობით რუდოლფ ლანგები იყვნენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ ზნეობით უზნეობაში და კეთილსინდისიერებით უსინდისობაში. რას გულისხმობს აღნიშნული სიტყვათშეთანხმება?

ნაცისტური რეჟიმის მმართველობის დროს, წვრილფეხა კადრები უფროსის ბრძანებას კეთილსინდისიერად, ყოველგვარი დაფიქრება-განსჯის გარეშე ასრულებდნენ. ვინაიდან ეს ბრძანება თავისი არსით არა მხოლოდ ზნეობას იყო მოკლებული, არამედ დანაშაულებრივიც გახლდათ, ამიტომ ბრძანებელიც და შემსრულებელიც – ორივე თანაბრად არის პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავე.

რომანის მთავარი პერსონაჟის ქმედება არ იყო მისთვის ნიშანდობლივი ბოროტებით განპირობებული, არამედ – უფროსისადმი ერთგულებით, ბრძანებლისადმი ბრმა მორჩილებით. მას აზრადაც არ მოსვლია გაერკვია სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა რა იყო დაფარული და იქცეოდა ისე, როგორც მოვალეობის კეთილსინდისიერი შემსრულებელი: იღებდა დავალებას ადამიანთა მასიურ გაჟლეტაზე და უნაკლოდ ასრლებდა მას. სწორედ ამასი მდგომარეობს ბრძანების გაუანალიზებლად შესრულების შემზარაობა.

პოსტს კი დავასრულებ ალბერტ აინშტაინის სიტყვებით:  ”სიტყვა პროგრესს არ ექნება არავითარი აზრი, სანამ ბავშვები იქნებიან უბედურები”.