ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა – თავისუფლების იდეა. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი. შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება. აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ, უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა, შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული. რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისათვის მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა. დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას. ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა. ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი, ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე, სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის ბოლომდე მონური ყოფისთვის არ გაიმეტა… მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.

ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

2012 წლის 25 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წელი გავა. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო იყო.  მოღვაწეობა 1976 წლიდან დაიწყო და არაერთი პროექტში განახორციელა. იყო ჯგუფი ”არიში”, ინდი ჯგუფი – ”ტაქსი”, ელექტრო-ალტერნატიული ჯგუფი – ”Children’s Medicine” (საბავშვო მედიცინა), რომელიც ლივერპულში არსებობდა და პროექტი – “Georgian Dance Empire” – ორივე პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

ჩარკვიანის იგივე მეფეს პირველი სოლო სიმღერა იყო ”War is Over”, პირველი ალბომი (Svan Songs) კი 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა. შემდეგ იყო ალბომი ”აფრენ” (1997 წელი), სიმღერა ”საქართველო” (1999 წელი), სიმღერა ”უსაფრთხოება” (2000 წელი), ალბომი ”ამო” (2001 წელი), ალბომი ”სავსე” (2004 წელი). აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ამ პერიოდში აირჩია ირაკლი ჩარკვიანმა ფსევდონიმად მეფე.

 გარდაცვალების შემდეგ 2007 წელს ქართველმა შემსრულებლებმა (The Young Georgian Lolitaz, 33ა, ვაკის პარკი, Outsider…) მის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნეს სახელწოდებით – “ქაღალდის გემი – Tribute ალბომი”. ბოლოს კი შეგროვდა მისი სტუდიური ჩანაწერები და 2011 წელს გამოიცა ალბომი ”ძირს მეფე”.

ბოლო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის – ია ცაკუალე – ტექსტს გთავაზობთ:

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი. არ ველოდები არაფერს.
მსახურთ სათავე, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
სიფხიზლე, უსაფრთხოების წესების დაცვა – გარდაცვლილთა მოდაა;
საკუთარი მეს გამოსვენება პოდიუმზე და ჩუმი ტაში ნახევრად დაცლილ დარბაზში;
სიფრთხილე – სიფხიზლის მონაზონია, მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი;
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია მყრალი და ჩუმი;
მატარებლები არ შემოდიან შენ სადგურში, შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში ისმის მათი ჩუმი კაკანი.
მე ერთად ერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერას დიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს – ეს სიფხიზლეა!
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ქვასთან.
სიფრთხილე შენი მუზაა ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება ჩაკუჭული ბუსჰალტერში.
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ!
შენნაირების გამო დაემხო რომი.
   

ძალიან კარგი ლექსია. ბევრს ამბობს მე მგონი რეალობაზე, ქართულ რეალობაზე.

p.s. პოსტი ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას

 

ეს საინტერესოა …

ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით რომ ეს გახლავთ შემეცნებით-გასართობი პოსტი სადაც თქვენთვის საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ამოიკითხავთ.

1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.

 4. ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი  სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.

5. ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ (ესეც საშუალოდ რასაკვირველია).

6. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.

7. ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.

8.  მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.

9. ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს

10. ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.

11. მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.

12. პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი.  ვრიგლი დაბელმენტ ჯუსი ფრუთი – ხომ გახსოვთ?!

13. 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება.

14. ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს.  კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში.

15. მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია.

16. წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით  შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება?

17. ერთ ღამეში თხუნელას შეუძლია 300 ფუტის სიგრძის გვირაბი გათხაროს                 (1 ფუტი=30.5 სანტიმეტრს).

18. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა შტატი ფრანკლინი. დღესდღეობით ამ შტატის სახელწოდებაა ტენესი.

19. საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს.

20. თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია  13092.

21. სპილო ერთ-ერთი იმ ძუძუმწოვართაგანია, რომელსაც არ შეუძლია ხტომა.

22. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გამოიყენება 85 მილიონი ტონა ქაღალდი და იგზავნება 166 ტრილიონ 875 მილიონი E-mail.

23.  ბუ – ფრინველთა შორის ერთად ერთია, რომელსაც შეუძლია ლურჯი ფერის გარჩევა.