”ვარლამის ქუჩა” ანუ არსად მიმავალი გზა

მოკლედ, ბევრსიტყვიანი წინათქმისა და შესავლების გარეშე გადავალ სათქმელზე.
მივხვდი, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ურა პატრიოტი და მინდა ამის შესახებ ქვეყნიერებას გავაგებინო.
ბევრი ”ნაღდი”  კანონშემოქმედის, სხვადასხვა ”ღირსეული” ადამიანის ნიღაბი მოვირგო, შევიდე როლში და წარვსდგე საჯაროდ, ასე ”ამაყად” და ”თავმომწონედ”.
დიახ, მე ვარ ის ”ქვეყნისთვის დავდადებული” ჭანჭიკი  სახელმწიფოს მშნენებლობაში ჩაბმული, რომელიც სრულიად ამაღლებულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს.

რა უნდა გააკეთო რომ იყო ასეთი? მოგახსენებთ.

საბჭოთა კავშირი მარაზმატიკულ წარსულად გამოცხადდა, თუმცა ისევ იმ რელსებზე ვდგავართ, ოღონდ ლოკომოტოვია სახეცვლილი ცოტაოდენ.
მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველო მეორედ იშვა 2003 წლის ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ. აქედან უნდა დაიწყოს თანამედროვე დემოკრატიის შუქურად წოდებული საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ეპოქას ვქმნით და ნაღდ ქართულ ისტორიას ახლა ვწერთ. მეც მინდა ამ პროცესში ჩავება. გავისისხლხორცე, მთლიანად შევიმეცნე და გავითავისე ის გამოწვევები, აღვიჭურვე შესაბამისი მლიქვნელ-ჩვევებით, რაც საშუალებას მომცემდა მმართველი ”სასტავის” ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი.

უფრო კონკრეტულად:
ჩემი ნეოკომკავშირული კარიერა სასკოლო ასაკიდან დაიწყო.  პატრიოტთა ბანაკებში დიდი ხალისით დავდიოდი. იქ მე ”ღირსეული” დამყოლი ტიპი გახლდით. თავს ინკუპატორიდან გამოჩეკილად ვგრძნობდი, რადგან ყველანი ერთმანეთს ვგავდით და ეს ძალიან მახარებდა. ჩემი  ლიდერის რიდიც მქონდა. ის ხომ ყოველთვის მართალია. შემდეგი ეტაპი იყო
უნივერსიტეტი. დიახ, მე ვიყავი თვითმმართველობის და ამავე დროს პარტიის ნორჩი,  ”სრულფასოვანი” და ”ღირსეული” წევრი. უნივერსიტეტში ჩვენთვის ყოველწლიურად ბევრი ფული იყო გამოყოფილი, რითაც უამრავ გასართობ ღონისძიებას ვუწევდით ორგანიზებას. ადვილი საქმე არ გეგონოთ თვითმმართველობის და რამდენიმე სტუდენტის გართობაზე ზრუნვა. პირდაპირ თუ ირიბად ნელ-ნელა დიდი პოლიტიკისკენ ვიკვალავდი გზას. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. საცემს ერთი-ორს მოვცხებდი, რაც ჩასაყლაპი იყო გადავყლაპავდი. უკნიდან შეხებასაც ვგრძნობდი, თავსაც ხშირად ვუხრიდი ”უფროსობას”, მორიდებული ვიყავი ჩინის წინაშე, მაინც მომავლისკენ ვიყურებოდი. გამჭრიახი ვარ და შორს მჭვრეტელი, დიახ. სხვაგვარად კომკავშირელი ვერ იქნები ჩემო ბატონო. დრო და დრო გავიზარდე. ჯერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში  დავიწყე მსახური. 2 წლის შემდეგ მერიაში გადავედი არც თუ ისე დაბალ თანამდებობაზე.  ”მეგობრობა” რომ არსად იკარგება კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მერია უფრო ნავაროჩენია.  ძალიან გამიხარდა.  მაგრამ რა ვიცოდი,  წინ თურმე უფრო მეტი პატივი მელოდა. რამდენიმე წლიანი ”მუშაობის” შემდეგ, პარტიამ ნამოღვაწარი დამიფასა და პარლამენტშიც ამოვყავი თავი. მიყვარს ჩემი პარტია. ჩემი გავლენაც სულ უფრო იზრდება. ვხარობ. ამაყი ვხდები. მიყვარს ყველაფერი ქართული. ვეამაყები ნათესავებსაც. სულ ჩემ წარმატებაზე საუბრობენ. ქორწილებში და ნათლობებში მეპატიჟებიან. ხშირად ბავშვს მანათლინებენ. ვგრძნობ ხალხის ”სიყვარულს”. ღიმილიანი სახით და კუდის ქიცინით მესაუბრებიან. ვგრძნობ რომ მაფასებენ.

უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი ყველაფერი პარტიული. ”ჩვენიანების” კანონპროექტებს უაპელაციოდ პლიუს ხმა აქვს ჩემგან. განსხვავებულ აზრს ვერ ვიტან. ან რა ასატანია პარტიისთვის მიუღებელი?! მომწონს საპატრულო პოლიციის გამჭირვალე ახალი შენობები. გულს მიჩუყებს ფილმი ”აგვისტოს 5 დღე”. საოცარი ნამუშევარია. ვისაც ეს ფილმი არ მოსწონს ის სახელმწიფოს მტერი და მოღალატეა. ვეთანხმები კობა ნაყოფიას, დიახ. მართალია ”ცოტათი” სხვადასხვა პროდუქტზე თუ სერვისზე ფასები კი იზრდება, მაგრამ ქვეყანაში რაღაც კეთდება და განვითარების და პროგრესის გზას რომ ვადგავართ ეს ცხადზე ცხადია. ოდესმე ხალხიც დასაქმდება და ხელფასებიც იქნება მაღალი. ჩამოუშლელ ეკონომიკას ვავითარებთ ჯერ კიდევ. ბათუმში სტინგი ჩამოვიყვანეთ, საოცარი კონცერტი იყო. გვიყვარს ქაჯობა. სასტუმროებს ვაშენებთ. აგენტებს ვიჭერთ. ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. სამართლიანობას ვიცავთ. ”ცოტა” შეიძლება ვრეკეტიორობთ, მაგრამ ბიუჯეტი ხომ უნდა შევავსოთ. ამიტო ეს არაა საგანგაშო.
დიდი ამბავი რამდენიმე ადამიანი თუ უდანაშაულოდ ჩავსვით ციხეში. ათასების კეთილდღეობას ერთეულების სიცოცხლე უნდა შეეწიროს, აბა როგორ გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?! შიში დანერგეთო გვაბრალებენ. ხალხს სიტყვის და ზრის გამოთქმის ეშინიაო. რა აქვთ კი მაგრამ სათქმელი? თქვან და ”დაისვენებენ სამუდამოდ”.

მოკლედ, მე თქვენი გამკვირვებია რომ კარგის დანახვა არ გინდათ. საქმის მეტი რა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ხოდა ”გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ”.
ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ რომ ”ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ, ასე რო მიფრთხილდით! მიფრთხილდით! ისე ხუმრობა გვერდით გადავდოთ და არსებითად ესაა ცხოვრება: ზოგი საპნის ბუშტებს უშვებს, ზოგიც ხალხის მტრებს დასდევს”.

Advertisements

ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

ჰანნა არენდტი გახლავთ XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  ის 1906 წლის 14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ებრაელების ოჯახში დაიბადა.  high school-ის დამთავრების შემდეგ 1924 წელს, მან თეოლოგიის შესწავლა დაიწყო.  მის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ფილოსოფოსმა – მარტინ ჰაიდეგერმა. 1930-იანი წლებში ნაცისტური გერმანიიდან არენდტი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ის ტოვებს საფრანგეთსაც და ცხოვრების ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის. 

რაც შეეხება ინდივიდზე და ტოტალიტარიზმზე ჰანნა არენდტის ნააზრევს: ის მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის ”თავისუფლება” ღირებულებათა შორის უმთავრესია. გამოყოფს აქტიური ადამიანის სამ ტიპს:
I – ეს გახლავთ მშრომელი ადამიანი, რომელიც შრომობს გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი სურვილია.  მისი შრომა არაა დაძალებული.
II – მწარმოებელი ადამიანი, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული გეგმის მიხედვით და რომლის მიზანიც გახლავთ მოგების მიღება.
III – მესამე ტიპი, ესაა აქტივა, ანუ თავისუფალი ტიპი.
ამასთან, ჰანნა არენდტი გამოყოფს ადამიანის მოქმედების ორ არეალს – ესენი გახლავთ კერძო და საჯარო სფეროები. ორივე სფერო უნდა იყოს კარგად განვითარებული და უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება ერთი რომელიმეს მიერ მეორეს გადაფარვა მოხდეს. არენდტი ორივე სფეროს განიხილავს როგორც კეთილშობილთა საქმეს.
მისი აზრით,ადამიანებს გააჩნიათ კერძო სფერო, სადაც ისინი არ მოქმედებენ ეულად.  ადამიანს სხვა ინდივიდებთან უწევს კონტაქტი, ვერ ჩაიკეტება საკუთარ ნაჭუჭში, ვინაიდან მისივე აზრით, სამყარო არ არსებობს ცალკე აღებული იზოლირებული ინდივიდებით. ერთი ადამიანის ქმედება მეორე ადამიანის ქმედებასთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული, მეორისა – მესამესთან და ასე დაუსრულებლად. როგორც არენდტი ამბობს კერძო სფეროში ადამიანთა I და II ტიპი მოქმედებს. ეს ორი ტიპი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ არის ადამიანი – მუშა და ადამიანი – მწარმოებელი.

რაც შეეხება საჯარო სფეროს. საჯარო სფეროს ჰანნა არენდტი განიხილავს თანასწორ ადამიანთა მოქმედების სფეროდ. საჯარო სფეროს  III ტიპის ადამიანები შეადგენენ. აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. არენდტი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს საჯარო სფეროს გადაჭარბება კერძო სფეროზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, იკარგება ინდივიდუალიზმი, იქმნება მასა, იკარგება თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, იქმნება ე.წ. იდიოტიზმი ანუ მარტოსულობა და საფუძველი ეყრება ტოტალიტარიზმს.

არენდტისათვის მეტად ღირებულ ფასეულობას წარმოადგენს თავისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება თავისი არსით  უკვე გულისხმობს ინდივიდთა თავისუფალ მოქმედებას. სწორედ თავისუფლების არსებობა უშლის ხელს ტოტალიტარიზმის განვითარებას. თავისუფლება სიახლის საწყისია. თავისუფლება არის ფენომენი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახლის შექმნისკენ. ადამიანმა უნდა იგრძნოს და დაიცვას  თავისუფლება საჯარო სფეროში.
აკრიტიკებს რა ტოტალიტარიზმს, არენდტი გამოთქვამს აზრს, რომ ტოტალიტარული მმართველობისას სახელმწიფოა ყველაფრის განმგებელი და არ არსებობს კერძო სფერო. ანუ საჯარო სფერომ ჩაყლაპა ის.  ასეთ შემთხვევაში კი თავის მხრივ ირღვევა ბალანსი და იკარგება თავისუფლების პრინციპიც.

არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმი არის სოციალურად მკვდარი, არააქტიური ადამიანების მმართველობა, სადაც ადამიანს არ ეძლევა აქტიურების უფლება. ტოტალიტარიზმი იზოლაციონიზმის და განცალკევების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას. ასეთ შეზღუდული უფლებების  და ჩაკეტილ სახელმწიფოს პირობებში სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ადამიანს ხდის მარტოსულს, რაც იწვევს ამ ადამიანის როგორც ინდივიდის ფსიქოლოგიურ ნგრევას. ასეთ ადამიანს არ შეუძლია მსჯელობა და ინერციით მიყვება ნაკარნახევ ცხოვრებას.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? არის თუ არა საყოველთაო კონტოლის ნიშნები საქართველოში? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.