რის საფუძველზეც დააპატიმრეს სანდრო ბარათელი

ვარლამ არავიძე

ვარლამ არავიძე

გენიალური ქართველი კინორეჟისორის თენგის აბულაძის ტრილოგიის (ვედრება, ნატვრის ხე, მონანიება) ბოლო ნამუშევარია ფილმი ”მონანიება”. ფილმზე საუბარს არ დავიწყებ, ვინაიდან საკმაოდ ბევრია სასაუბრო.
გთავაზობთ მცირე ეპიზოდს ტოტალიტარული რეჟიმის იმ განუკითხაობისა და უსამართლობის შესახებ, რაც ფილმში საკმაოდ ცხადადაა გადმოცემული. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მხატვარ სანდრო ბარათელის დაკავების ფაქტზე და იმ წერილზე, რის საფუძველზე ის დააპატიმრეს. სანდრო ბარათელი ღვთისმშობლის ტაძარში ლაბორატორიული ცდების ჩატარების წინააღმდეგი იყო. დაუყოვნებლივ ითხოვდა აღნიშნული ცდების შეწყვეტას და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისათვის შესაფერისი შენობის აგებას. გარდა ამისა, ვარლამ არავიძემ ჯერ კიდევ მაშინ აითვალწუნა მხატვარი, როდესაც მისი მერად არჩევის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლის დროს სანდრომ ფანჯრები მიუხურა ქალაქის თავს. მონაწილეობა არ მიიღო მის მიერ მოწყობილ სახალხო ზეიმში, მოკლედ არ გახდა მისი წარმატების თანაზიარი.

გთავაზობთ ზემოაღნიშნულ წერილს:

”ამ ბოლო დროს ზოგიერთი ვაი მხატვრის ნაჯღაბი ინდივიდუალიზმის ნიშნებს ატარებს. ეს ყოყოჩა, თავნება ვაი მხატვარი… კავშირი აქვს ანარქისტ პოეტებთან…
გუშინწინ, საღამოს ხუთ საათზე მოვიდა მხატვართა პარნასში და იმუქრებოდა – ვინც ღვთისმშობლის ტაძარს ხელს ახლებს იმ ხელს ძირში მოვაჭრი პაპაჩემის ხანჯლითო.

გასაკვირია, მაინც ვინ მფარველობს ამ ვაი მხატვარს და ვინ უწყობს გამოფენებს?

ანარქისტი ბარათელის ხელოვნება სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ნათელი საზოგადოებისათვის, რომლის მტერია ბარათელი.

თუ თქვენ არ მიხედავთ ამ საქმეს სიმართლეს გაარკვევენ სადაც ჯერ არს”.

სანდრო ბარათელი 

სანდრო ბარათელი

ჰანნა არენდტი ინდივიდსა და ტოტალიტარიზმზე

ჰანნა არენდტი გახლავთ XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  ის 1906 წლის 14 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ებრაელების ოჯახში დაიბადა.  high school-ის დამთავრების შემდეგ 1924 წელს, მან თეოლოგიის შესწავლა დაიწყო.  მის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ფილოსოფოსმა – მარტინ ჰაიდეგერმა. 1930-იანი წლებში ნაცისტური გერმანიიდან არენდტი საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, მაგრამ საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ის ტოვებს საფრანგეთსაც და ცხოვრების ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის. 

რაც შეეხება ინდივიდზე და ტოტალიტარიზმზე ჰანნა არენდტის ნააზრევს: ის მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის ”თავისუფლება” ღირებულებათა შორის უმთავრესია. გამოყოფს აქტიური ადამიანის სამ ტიპს:
I – ეს გახლავთ მშრომელი ადამიანი, რომელიც შრომობს გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისი სურვილია.  მისი შრომა არაა დაძალებული.
II – მწარმოებელი ადამიანი, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გარკვეული გეგმის მიხედვით და რომლის მიზანიც გახლავთ მოგების მიღება.
III – მესამე ტიპი, ესაა აქტივა, ანუ თავისუფალი ტიპი.
ამასთან, ჰანნა არენდტი გამოყოფს ადამიანის მოქმედების ორ არეალს – ესენი გახლავთ კერძო და საჯარო სფეროები. ორივე სფერო უნდა იყოს კარგად განვითარებული და უნდა აბალანსებდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება ერთი რომელიმეს მიერ მეორეს გადაფარვა მოხდეს. არენდტი ორივე სფეროს განიხილავს როგორც კეთილშობილთა საქმეს.
მისი აზრით,ადამიანებს გააჩნიათ კერძო სფერო, სადაც ისინი არ მოქმედებენ ეულად.  ადამიანს სხვა ინდივიდებთან უწევს კონტაქტი, ვერ ჩაიკეტება საკუთარ ნაჭუჭში, ვინაიდან მისივე აზრით, სამყარო არ არსებობს ცალკე აღებული იზოლირებული ინდივიდებით. ერთი ადამიანის ქმედება მეორე ადამიანის ქმედებასთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული, მეორისა – მესამესთან და ასე დაუსრულებლად. როგორც არენდტი ამბობს კერძო სფეროში ადამიანთა I და II ტიპი მოქმედებს. ეს ორი ტიპი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ არის ადამიანი – მუშა და ადამიანი – მწარმოებელი.

რაც შეეხება საჯარო სფეროს. საჯარო სფეროს ჰანნა არენდტი განიხილავს თანასწორ ადამიანთა მოქმედების სფეროდ. საჯარო სფეროს  III ტიპის ადამიანები შეადგენენ. აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. არენდტი ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს საჯარო სფეროს გადაჭარბება კერძო სფეროზე, რადგან ასეთ შემთხვევაში, იკარგება ინდივიდუალიზმი, იქმნება მასა, იკარგება თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, იქმნება ე.წ. იდიოტიზმი ანუ მარტოსულობა და საფუძველი ეყრება ტოტალიტარიზმს.

არენდტისათვის მეტად ღირებულ ფასეულობას წარმოადგენს თავისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ თავისუფლება თავისი არსით  უკვე გულისხმობს ინდივიდთა თავისუფალ მოქმედებას. სწორედ თავისუფლების არსებობა უშლის ხელს ტოტალიტარიზმის განვითარებას. თავისუფლება სიახლის საწყისია. თავისუფლება არის ფენომენი, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახლის შექმნისკენ. ადამიანმა უნდა იგრძნოს და დაიცვას  თავისუფლება საჯარო სფეროში.
აკრიტიკებს რა ტოტალიტარიზმს, არენდტი გამოთქვამს აზრს, რომ ტოტალიტარული მმართველობისას სახელმწიფოა ყველაფრის განმგებელი და არ არსებობს კერძო სფერო. ანუ საჯარო სფერომ ჩაყლაპა ის.  ასეთ შემთხვევაში კი თავის მხრივ ირღვევა ბალანსი და იკარგება თავისუფლების პრინციპიც.

არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმი არის სოციალურად მკვდარი, არააქტიური ადამიანების მმართველობა, სადაც ადამიანს არ ეძლევა აქტიურების უფლება. ტოტალიტარიზმი იზოლაციონიზმის და განცალკევების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას. ასეთ შეზღუდული უფლებების  და ჩაკეტილ სახელმწიფოს პირობებში სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ ადამიანს ხდის მარტოსულს, რაც იწვევს ამ ადამიანის როგორც ინდივიდის ფსიქოლოგიურ ნგრევას. ასეთ ადამიანს არ შეუძლია მსჯელობა და ინერციით მიყვება ნაკარნახევ ცხოვრებას.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან? არის თუ არა საყოველთაო კონტოლის ნიშნები საქართველოში? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.