ხელისუფალის ბინძური თამაშები

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ტემპერატურა არითმეტიკული პროგრესიით სულ უფრო იზრდება. ამას ორი მარტივი ახსნა აქვს. პირველი – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს პოლიტიკური პარტიები, ჩვეულებისამებრ, აქტიურდებიან ხოლმე. იწყებენ მოვალეობის მოხდის მიზნით ხეტიალს, ხალხთან შეხვედრებს, არჩევნებისთვის ხმებზე ნადირობას. იძლევიან დაპირებებს… მოკლედ მთელი ქვეყანა პოლიტიკური ბრძოლის ველადაა გადაქცეული. მეორე მიზეზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმაა. კონტროლის პალატა წერს მილიონობით ჯარიმას მხოლოდ ერთი – ოპოზიციური კოალიციის მიმართ. აყადაღებს მათ ანგარიშებს, ზღუდავს ინფორმაციის მიწოდების თავისუფლებას. არადა ფაქტები სხვას მეტყველებენ. კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბრად პასუხისმგებლობის პრინციპი ძალიან უხეშად ირღვება.

წინასაარჩევნო პერიოდში და მაშინაც როდესაც დებატები მიმდინარეობდა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური აქტორები საუბრისას აქცენტს საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პარტიის პროგრამის უპირატესობებზე კი არ აკეთებნენ, არამედ იმაზე თუ როგორი კორუმპირებული, მატყუარა, სახელმწიფოს ხარჯზე  გამდიდრებული, ქვეყნის დამაქცეველია მისი ოპონენტი. რეალურად, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს ყოფილიყო კიდეც ზემოხსენებული ეპითეტები, მაგრამ მსგავსი დისკუსია დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე დამკვიდრდა კიდეც საზოგადოებაში შეხედულება, რომ არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ცუდსა და უარესს შორის.

2003 წლის შემდეგ, რევოლუციით მოსული ხელისუფალის წინასაარჩევნო კამპანიები სტანდარტულად პრიმიტიული,  ბინძური და ერთფეროვანია. არც მომავალი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამონაკლისი. რას ვგულისხმობ: თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მომრავლდება ოპოზიციური კოალიციის  ”გაფუჭებაზე” ორიენტირებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც საუბარი იქნება მოსყიდვაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის განეიტრალებაზე, შესაძლოა იარაღის მოსახლეობისთვის დარიგებაზე, სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე და ასე შემდეგ… პირადად ჩემთვის, მსგავსი სატყუარა უკვე კარგად გაცვეთილი ხრიკია. კარგად გვახსოვს სატელეფონო საუბრების მთელი სერია, რომლის მეშვეობითაც მთელი ოპოზიცია რუსეთის აგენტად გამოცხადდა. რატომღაც მათი უმრავლესობა არ გასამართლდა. ერთად ერთი ცოტნე გამსახურდია დღესაც ციხეში იმყოფება.

კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალი. საქართველოს მასშტაბით, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს რეზერვისტთა გაწვევა. მართალია სულ რამდენიმე დღით მაგრამ მაინც. ზაფხულში უკვე მათი რიცხვი 75 000-ს მიაღწევსო – ამაყად განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილისვე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ისევ მოსალოდნელია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად სარწმუნოა ეს არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას გამოვრიცხავ თვითონ ამათ მოუვიდეთ თავში ეშმაკური იდეა სიტუაციის ასარევად. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ პოლიტიკურ პროცესებში არაფერია გამორიცხული, საერთოდ არაფერი. განსაკუთრებით მაშინ თუ კი პოლიტიკას ძალაუფლებისგან გარყვნილი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი გონებადაბინდული პოლიტიკოსები აკეთებენ.