Radiohead – The King of Limbs Newspaper album (იყიდება!)

მოკლედ, ყველანაირი შესავლების გარეშე, თბილისში იყიდება Radiohead-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი, 2011 წელს გამოშვებული ალბომი – The King of Limbs,  ე.წ. საგაზეთო ვერსია. შეძენილია ოფიციალური საიტიდან. ალბომი მოიცავს ორ ცალ გრამფირფიტას, ერთ CD-ს, გაზეთს და კიდევ ერთ Artwork-ს. კომპაქტ დისკიც და გრამფირფიტებიც ახალია, გამოუყენებელი. მთლიანი კომპლექტის ფასია 100 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა იცით როგორც შემეხმიანოთ.

შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

კარგად მახსოვს 4-5 წლის წინ, პირველად რობერტ სტურუასგან მოვისმინე ხალხში შიშმა დაისადგურა და მოსახლეობას ეშინია საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაო. იმ დროს კიდეც გამიკვირდა. რა შიშზე ლაპარაკობს თქო გავიფიქრე, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგად ვხვდები თუ რას გულისხმობდა დღევანდელი ხელისუფალისგან აკრძალული და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტ სტურუა.

2012 წლის აპრილის თვეში სამეგრელოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ზუგდიდში რამდენიმე ოჯახს გავესაუბრე ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. ერთ ქალბატონს ვკითხე სამხედროებზე, რომელზეც თავდაპირველად ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება. მეგრულად მიპასუხა. არ მესმის რას მეუბნებით არ ვარ მეგრელი თქო. ”მე რომ მეკითხები თითქოს შენ უკეთ არ იცოდე რაც ზუგდიდში ხდება”-ო მითხრა.  ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით დილაობით იარაღს წმენდდნენ ხოლმე ახალგაზრდებიო. რატომ არიან მეთქი სახლებში რას აკეთებენ? – არ ვიციო, საჭმელ-სასმელი აქვთ და გარეთაც იშიათად თუ ნახავ, ფორმაში ჩაცმულები არ მოძრაობენო. ერთ კაცს ვკითხე კმაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი ცხოვრებით და ხელისუფალით თქო და ღიმილით მიპასუხა რომ საპრეტენზიო არაფერი ქონდა, მერე მანქანა ეზოში შეაყენა, გარეთაც აღარ გამოსულა. მისმა მეზობელმა პედაგოგმა ქალმა მითხრა ტყუილი გითხრა, ეშინია და ღიად ვერაფერი თქვა თავისი მდგომარეობის შესახებ. მაღაზიები აქვს ზუგდიდში და სულ ამ მთავრობის გინებაშია, ძალიან ავიწროებენო.

რამდენიმე დღით შიდა ქართლში ვიყავი და შიში მძვინვარებს ისეთი არ გენახოთ უარესი. გამარჯობაზეც კი ეჭვის თვალით გიყურებენ ლამის. როგორ ხარ ბაბუ, რას იტყვი დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყანაში? – რა გითხრა აბა?! მე მოხუცი ვარ რისი თქმა შემიძლია?! არაფერი ვიცი და მე ვინ რას მეკითხება?!  კმაყოფილი თუ ხარ დღევანდელი ცხოვრებით? – რა გითხრა აბა? პოლიტიკა ჩემი საქმე არაა…. ერთი ქალი ამბობდა რომ ოჯახში 6-ნი არიან, მათ შორის 4 უმუშევარია, ორი კი – ბავშვი. მაგრამ ცხოვრებით მაინც კმაყოფილები არიან. ერთი ქალბატონი ნატრობდა ნეტა პენსიონერის ასაკის მაინც ვიყო რაღაც შემოსავალი ხომ მაინც მექნებოდა ოჯახშიო. თუმცა, ხელისუფლებაზე კრიტიკულს ვერაფერს ამბობდა – შვილი მუშაობს ჩემი და მეშინია სამსახურიდან არ გამოუშვანო. სხვა ქალბატონს პატიმარი შვილი ჰყავდა და ამიტო ფრთხილობდა საუბარში. ქმარს ცოლი უშლიდა მთავრობაზე ხმამაღლა ”ცუდის” თქმას, დედას – შვილი, მოხუცს – მეზობელი და ასე შემდეგ. ეშინიათ პენსიის გაუქმების, ოჯახის წევრის სამსახურიდან გამოშვების, 22 ლარიანი სოციალურად დაუცველის დახმარების მოხსნის, მაღაზიის დახურვის, დაპატიმრების. ერთი პენსიონერი ქალი მეუბნებოდა: რა ვიცი ეხლა მე, რომ შენ ჩამწერი არ გაქვს ჩართული და ჩემ ლაპარაკს არ იწერო? აქ მე მგონი კომენტარი ნაღდად არაა საჭირო!

შიდა ქართლში გულწრფელი რამდენიმე ადამიანი იყო. ფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად აქაც ფსიქიკურად არამდგრადმა ადამიანმა მითხრა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სიმართლე! ის, რომ ძალიან მაგრადაც უჭირდა მას და მის გარშემო მყოფებს, უმუშევრობის და მაღალი გადასახადების გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც არიან ჩავარდნილები და რეალურადაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ისე, ბოლოს ამანაც მითხრა ეს ლაპარაკი ჩვენ შორის დარჩესო.

ამ ყველაფრის მერე კი გამოდიან ხელიფლების წარმომადგენლები და აკეთებენ დემოკრატიის განვითარებაზე განცხადებებს. ქვეყანას დაშინების მეთოდით მართავენ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ეს შიში როცა იქნება  ყელში ამოუვა ხალხს და ერთბაშად იფეთქებს. მე მგონი ეს აფეთქებაც მალე იქნება! სულ მალე!