მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » მერაბ მამარდაშვილი: “დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება”

მერაბ მამარდაშვილი: “დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება”

merab mamardashvili moscow1980ინტერვიუ, რომელიც მერაბ მამარდაშვილთან ფრანგმა ჟურნალისტმა ფრანსუა შლოსერმა ჩაწერა 1990 წლის 7 ივნისს “Le Nouvel Observateur”-ში დაიბეჭდა. ფილოსოფოსი იმდროინდელი ქართული პოლიტიკური რეალობის შესახებ საუბრობს. გამოთქმული მოსაზრებები დღესაც არანაკლებ აქტუალურია, ჩემი აზრით. ამიტო გთავაზობთ ინტერვიუს.

– საქართველო ემზადება თავისი გადამწყვეტი არჩევნებისათვის. თქვენი აზრით, არის იგი მზად დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად?
– ყველა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა სურს და ყველა თავს დემოკრატიად აცხადებს. მაგრამ ჯერ სანახავია რა იფარება ამ სიტყვების უკან. სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენში საბჭოთა რეჟიმი ბატონობდა. ამ ფაქტის გამო, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ფენა ბევრად უფრო კორუმპირებულია, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და, განსაკუთრებით, მენტალურ სივრცეში საბჭოთა ყოფა – სოვიეტიზმი – როგორც ცხოვრების, წარმოების, აზროვნების წესი, კვლავ გაბატონებულია. ჩვენ ვიქეცით ორსახოვან ხალხად: ერთი მხრივ, ნიადაგ უკმაყოფილო, კრიტიკული ვართ; საკუთარი ღირსების დამფასებელი, საკუთარი ნაციონალური კულტურის შეფარვით მებრძოლი.  მეორე მხრივ კი, თვითგადარჩენის მძაფრმა სურვილმა ქართველებს კარგად შეაძლებინა სისტემით სარგებლობა, საკუთარი მიზნებისადმი მისი მისადაგება. რის შედეგადაც ისინი გაებნენ ხსენებული წყობისათვის დამახასიათებელი კორუფციის, ქრთამის, მაქინაციების ხაფანგში. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა მთელი საზოგადოებრივი სივრცის ნგრევით სრულდება. სისტემასთან შეგუების ასეთი ფორმა ერთდროულად იწვევს მკვეთრ ზნეობრივ დაცემას და იოლი გზის ძიების კონსერვატიზმს – ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ასე კი ძნელია დემოკრატიისაჯენ გზის გაკვლევა.

– და მაინც, თბილისის გამოსვლებმა, ნაციონალისტურმა მოთხოვნებმა, პროტესტმა ხომ ნათელყო, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტივობის ერთგვარი აღორძინება?
– ამგვარი ნაციონალიზმის სახით გვიბრუნდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაანგრია ტოტალიტარიზმმა. ეს სოციალური ავტონომიის ერთგვარი აღორძინებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთებისათვის პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ეროვნული ლოზუნგებით შემოიფარგლება, რაც არ არის საკმარისი ნამდვილი დემოკრატიული მოძრაობისათვის.  “სოვიეტიზმს” მხოლოდ ჩვენი ეროვნული ვინაობა არ უარუყვია. მისგან თავსმოხვეულმა ცხოვრების წესმა ღრმა ჭრილობა მიაყენა ჩვენს პიროვნულ ღირსებას. ეს იარები უნდა განიკურნოს, ხოლო ღირსება – აღდგეს. ყოველივე ამის დაყვანა ეროვნული გრძნობების მარტივ მანიპულაციამდე საკმარისი არ არის დემოკრატიული მოძრაობისათვის. ამასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის ერთი პლატფორმა კარგად აყალიბებს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საძირკველშივე უნდა მოიკვეთოს ყოველგვარი მცდელობა, რომ ეროვნულმა მოძრაობამ, დამოუკიდებლობის თუ ეროვნული ინტერესის სახელით, ჩაგვრის ერთი ფორმა სხვა ფორმით შეცვალოს.

– ეს გაფრთხილება საქართველოში რომელიმე გარკვეული ჯგუფისკენაა მიმართული?
– ცხადია, დემოკრატიული მოძრაობიდან ჩვენ არავის გამოვრიცხავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან ნერვულად აღგზნებულ ადამიანთა ჯგუფები და პიროვნებებიც, რომლებიც ზედმეტ ყურადღებას იქცევენ ხოლმე. მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, არც საქართველოს წარმოადგენს და არც ქართული ოპოზიციის ძალთა რჩეულს.  იგი პრიმიტიული აგრესიული ნაციონალიზმის წარმომადგენელია.  მართალია, იგი ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიდან მოდის, მაგრამ იყენებს დაუშვებელ მეთოდებს ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ, აცხადებს რა მათ “ქართველი ერის მოღალატეებად” და ა.შ. მე განსაკუთრებით გამაოგნა იმ სიძულვილმა და აგრესიამ, რაც ზოგიერთ მის ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებში ვლინდება. როდესაც მოვლენებს გარედან ვუყურებთ, ნაციონალისტური აფეთქების მხოლოდ ეს უკიდურესი ფორმები იკვეთება.

– გსურთ თუ არა, რომ საქართელომ ძირეულად გაწყვიტოს კავშირი საბჭოთა კავშირთან?
– ის, რაც ჩვენ გვინდა თავისუფლებაა. ჩვენ გვინდა, რომ თავი დაგვანებონ, რათა ვიმუშაოთ ჩვენებურად, განკარგულების გარეშე. ჩვენ გვინდა ეკონომიკურ ორგანიზაციებზე კონტროლი დავიბრუნოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა არ ესაჭიროება. რაკი ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელნი ვიქნებით, ჩვენ თვითონვე დავამყარებთ საჭირო გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას ჩვენსავე მოსაზღვრე სამყაროსთან: რუსებთან, უკრაინელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან… და ეს მოხდება ორივე მხარის ურთიერთინტერესების შესაბამისად. ტოტალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად ქართველებს, ისევე როგორც ლიტველებს, ამჟამად არაფერი გააჩნიათ. მე არ ვიცი, როგორი ფედერაციული მოწყობა დაგვაკავშირებს მოსკოვსა თუ ლენინგრადთან, – ამას დრო გვიჩვენებს. გეგმებმა, რომლებიც ამჯამად მუშავდება, სხვა, ყოფილ რესპუბლიკებთან კავშირების დასამყარებლად თითოეულ მათგანს მოქნილი მექანიზმები უნდა შეუქმნას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s