მთავარი » საზოგადოება » ნუ ივლი შენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად!

ნუ ივლი შენს მფარველ ანგელოზზე სწრაფად!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს საქართველოს გზებზე სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მიხედვით სულ 4999 ავტო–საგზაო შემთხვევაა აღრიცხული, რომლის შედეგადაც 450 ადამიანი გარდაიცვალა. 6640–მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. აღნიშნული მონაცემები, რა თქმა უნდა, საგანგაშო და ყურადსაღებია. უფრო მეტად უნდა ვუფრთხილდებოდეთ საკუთარსა და თანამოქალაქეების სიცოცხლეს.

ავტო–ავარიების გამომწვევი ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზი შეიძლება არსებობდეს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანზე – ადამიანურ ფაქტორზე მინდა გესაუბროთ.

ავტომობილით გადაადგილებისას, როდესაც მგზავრი ხარ თვლი, რომ მძღოლი “არც ისე კარგად” მართავს მანქანას. როდესაც შენ თავად ხარ მძღოლი გგონია, რომ არაფერი განსაკუთრებული მოხდება, რადგან სიტუაციას შენ თავად “აკონტროლებ”. სწორედ უსაფრთხოების მცდარი განცდა იქცევა ხოლმე ჩვენს სისუსტედ. გვავიწყდება, რომ გზაზე მოძრაობენ არა რობოტები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს, არამედ ადამიანების სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპები, განსხვავებული ემოციებით, ქცევებითა და მიზნებით. ცნობისათვის, ავარიების უმეტესობა არ უკავშირდება არც გაუმართავ ავტომობილს, არც საგზაო მოძრაობის ნიშნების არსებობას თუ არარსებობას. მათი ძირითადი მიზეზი ადამიანური ფაქტორია: “უპირატესობის შეგრძნების სიტკბო”.

ავტომობილის მართვა ბევრ ჩვენგანს მარტივი საქმე ჰგონია. სინამდვილეში კი საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელიც სრულ კონცენტრაციასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყოველწამიერად უამრავი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება გვიწევს, მუდმივად ვაკეთებთ პროგნოზებსა და გათვლებს, მომენტალურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და მივიღოთ გადაწყვეტილება. მთელი ეს პროცესი არანაკლებ 1500 მეორად უნარს მოიცავს. თუმცა! ამასთან ერთად საჭესთან სვამთ ყავას, ვფიქრობთ საქმეზე, წიგნის ან სერიალის სიუჟეტზე, ვივარცხნით თმას, ვწერთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის ტრასის ერთი მონაკვეთის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას (კვლევის გაანგარიშების მიხედვით) ყოველ 60 წამში მხედველობის არეში ინფორმაციის ახალი ელემენტი ხვდება (იქნება ეს საინფორმაციო ბანერი, მიმთითებელი ან ამკრძალავი ნიშანი თუ სხვა). გამომდინარე იქიდან, რომ მარტივად ვუყურებთ მართვის პროცესს სრულყოფილად ყურადღებასაც აღარ/ვეღარ ვამახვილებთ მითითებულ ინფორმაციაზე/ნიშნებზე.

ამერიკაში, საფრანგეთში და ახალ ზელანდიაში ჩატარდა კვლევა. მძღოლების ჯგუფს სთხოვეს თავი “საშუალო მძღოლი”–სათვის შეედარებინათ. უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს საშუალოზე მაღალი შეფასება მისცა. ამის შემდეგ გასაკვირი ნამდვილად აღარაა თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ხოლმე მძღოლები საგზაო უსაფრთხოების ახალი წესების შემოღებას – იქნება ეს ღვედის დამაგრება თუ მობილური ტელეფონით საუბრის აკრძალვა. ერთ–ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მძღოლების უმეტესობა მიესალმებოდა მანქანის ტარებისას მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის აკრძალვას, თუმცა, თავად ისინი ამას ხშირად აკეთებენ ანალოგიურ სიტუაციაში. ჩვენ მიდრეკილება გვაქვს გადაჭარბებულად შევაფასოთ რისკები სხვებისთვის, ხოლო არასათანადოდ შევაფასოთ როდესაც ეს ჩვენ გვეხება. როგორც კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ჯასტინ კრიუგერი და დევიდ დანნინგი ამტკიცებენ, “ჩვენ არ გვაქვს უნარები და იმასაც ვერ ვაცნობიერებთ, რომ არ გვაქვს”. მოჰყავთ შემდეგი მაგალითი: ადამიანი, რომელმაც ინგლისური ენის გრამატიკა არ იცის, გაუჭირდება ზუსტად შეაფასოს რამდენად სწორადაა ესა თუ ის ტექსტი დაწერილი გრამატიკული თვალსაზრისით. მძღოლი, რომელსაც სრულად არ აქვს გაცნობიერებული რა საფრთხეს უკავშირდება სხვა მანქანის “კუდში მიყოლა”, ან რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები არ იცის, ვერ შეძლებს ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებების რისკები ან ტარების ხარისხი სხვა მანქანების მღოლებთან შედარებით.

გზებზე მოძრაობისას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისია (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) უკუკავშირის არარსებობა. საუბარია ნეგატიურ და პოზიტიურ უკუკავშირზე – ორივეზე. ერთად ერთი გამოხმაურებაა დაფა, რომელიც სიჩქარის შემცირებას გვთხოვს. საქართველოშიც გვაქვს მსგავსი დაფები – დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე – რა თქმა უნდა ყველას გაქვთ შემჩნეული. სხვა არავითარი მექანიზმი არ არსებობს მძღოლების მართვის შეფასების, გაფრთხილების მიცემის ან თუნდაც წახალისების. დიახ, დადიან საპატრულო ეკიპაჟები, მაგრამ! სათითაოდ ყველა მძღოლს ინდივიდუალურად ვერ დაუწყებენ კონტროლს, უკან დევნას, გაფრთხილების მიცემას და დაჯარიმებას. წარმოიდგინეთ რამდენი საპატრულო ეკიპაჟია ამისათვის საჭირო. შეუძლებელია.

აიოვას შტატის უნივერსიტეტის კოგნიტური სისტემების ლაბორატორიის უფროსი ჯონ ლი ამბობს:
–თქვენ, როგორც საშუალო მძღოლმა შეიძლება ბევრი არასწორი საქციელი ჩაიდინოთ, ვიდრე რეალურ უბედურებას არ წააწყდებით. ესაა პრობლემა. არ არსებობს გამოხმაურება. შესაძლებელია ცუდი მძღოლი იყოთ წლების მანძილზე და ვერც კი აცნობიერებდეთ ამას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესახებ თქვენთვის არავის უთქვამს. ატარებდეთ მანქანას, საუბრობდეთ მობილურზე და ფიქრობდეთ: “რატომ ამბობენ, რომ მობილურზე ლაპარაკი სახიფათოა? საჭესთან ჯდომისას ყოველდღე ვლაპარაკობ და ცუდი არაფერი მომხდარა”. ჩათვალეთ, რომ თქვენ, უბრალოდ, გაგიმართლათ.

ამერიკაში, ბევრი კომპანიის მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს გარედან ტელეფონის ნომრები აქვს მიწერილი. თუ კი აღნიშნული მანქანის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს მაშინ რეკავენ მითითებულ ნომერზე და კომპანიას ატყობინებენ კონკრეტული დარღვევის შესახებ. შემდეგ თვის ჭრილში მძღოლს აცნობენ მისი მისამართით შემოსული ზარების პოზიტიურ და ნეგატიურ გამოხმაურებებს.

სან დიეგოში ტექნოლოგიური კომპანია DriveCam მცირე ზომის კამერებს ავტომობილების სალონში სარკესთან ათავსებს, რომლის მეშვეობითაც აკვირდება მძღოლების ქცევას. გასაანალიზებლად ვიდეო ჩანაწერები კომპანიის ანალიტიკოსებთან იყრის თავს. კამერები ბევრგანაა განთავსებული: სატვირთო ავტომობილებში, ლას ვეგასის ტაქსებში, აეროპორტის ავტობუსებში.
ერთ–ერთ ასეთ ვიდეო ჩანაწერში, მჭიდროდ დასახლებულ მიკრორაიონში გადაადგილებისას მამაკაცი გზას მზერას აშორებს და მობილურ ტელეფონზე ნომერს კრეფს. თითქმის 10 წამის განმავლლობაში არ უყურებდა გზას. ამასობაში მანქანა ტროტუარზე იწყებს ასვლას. უცნაური ვიბრაციის შემდეგ მძღოლი მკვეთრად აბრუნებს მანქანას მოძრაობის ზოლში. ყურადსაღებია, რომ იქვე ახლოს ტრუტუარზე ორი ბავშვი იდგა ველოსიპედებით. მძღოლს რა თქმა უნდა ბავშვები არ დაუნახავს, მას უბრალოდ გაუმართლა. ვიდეოს გარეშე მძღოლი ბოლომდე ვერ აცნობიერებს თავისი შეცდომით გამოწვეულ შესაძლო მძიმე შედეგებს. ყველანი დარწმუნებული ვართ (უსაფუძვლოდ), რომ ჩვენ უბედურება არ შეგვემთხვევა.

ავარიების უმეტესი ნაწილი განზრახ ან უნებურად ჩადენილი დარღვევის გამო ხდება. მაგრამ “განზრახ”–სა და “უნებურ”–ს შორის საზღვარიც ხშირად ბუნდოვანია. 2006 წელს ჩიკაგოში ავტომობილის მართვისას მძღოლი ტელეფონს წაეპოტინა და მართვაზე კონტროლი დაკარგა. შედეგად მოხდა ისე, რომ სხვა ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. მსხვერპლის ოჯახმა განაცხადა: “თუ მძღოლი არ სვამდა და ნარკოტიკულ საშუალებებს არ იყენებდა, მაშინ ეს უბედური შემთხვევაა”. სრული სიგიჟე! მძღოლმა დაარღვია კანონი! რას ნიშნავს “უბედური შემთხვევა”?! მაგრამ ამ ამბის აბსურდულობას აგვირგვინებს მოსამართლე, რომელიც დაეთანხმა ოჯახს და დამნაშავე მძღოლი 200$–ით დააჯარიმა.

როგორც DriveCam–ის ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში ავარია გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ჩადიან საქციელს, რომლის შედეგად ავარია “არააღკვეთადი” ხდება. კომპანიის მთავარი ამოცანა ტარების უნარების გაუმჯობესება კი არაა, არამედ ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოწვეული შეცდომების გამოსწორება.

იმ კომპანიებში, რომლის ავტომობილებშიც DriveCam დაიდგა ავარიების მაჩვენებლები 30%–დან 50%–მდე შემცირდა.

როგორც ჩანს, გზებზე მოძრაობისას ჩვენი მთავარი პრობლემა არა მხოლოდ უკუკავშირის არარსებობას და გადაჭარბებულ თვითშეფასებას უკავშირდება, არამედ იმას, რომ არ შეგვიძლია სიფხიზლის სტაბილური დონის შენარჩუნება. როგორც კი ჩავთვლით, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება მაშინვე იცვლება ჩვენი ქცევა: ვიწყებთ აქეთ–იქით ყურებას, მობილურზე ლაპარაკს. პრობლემების უმრავლესობა აღქმის შეზღუდულობიდან და უყურადღებობიდან მოდის, რაზეს მომდევნო პოსტებში მოგახსენებთ.

წყარო: Traffic: Why We Drive the Way We Do and What It Says About Us

ვუძღვნი ჩემი ძმების ლევან ბაძგარაძისა და ბაჩი ცქიტიშვილის ხსოვნას!

დატოვე კომენტარი