მთავარი » საზოგადოება » პოლიტიკა » პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

პეტიცია (სოლიდარობა დევნილთა უფლებების დასაცავად)

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ დევნილთა ყველაზე მძიმე პირობებში მყოფი ნაწილის პრობლემათა სწრაფად და ღირსეულად გადაჭრას, და ამ მიზნით მივმართავთ მასმედიას, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ხელისუფლებას, საზოგადოებას. ხაზს ვუსვამთ, რომ არ ვმოქმედებთ არც ერთი პოლიტიკური, საერთაშორისო, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. მეტიც – ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც დევნილების პრობლემაში გარკვევის პროცესში გავიცანით ერთმანეთი და ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებისა და სიმპატიების შესახებ. ჩვენი ერთიანობა დროებითია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთადმი სოლიდარულობა უდევს საფუძვლად. პირველი რიგის ამოცანად მიგვაჩნია პრობლემის არსის მიტანა ადრესატებამდე. ამისათვის საჭიროა მედიასაშუალებათა მიერ შექმნილი და დამკვიდრებული ყალბი მითების დანგრევა. მათგან უპირველესია ტყუილი, თითქოს დევნილები უარს ამბობენ დედაქალაქის გარეთ საცხოვრებელი ფართის შეთავაზებებზე და ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ თბილისში ბინებით დაკმაყოფილებას. შესაძლოა ერთეული ასეთი დევნილები არსებობენ კიდეც (ჩვენ ასეთებს არ ვიცნობთ), მაგრამ ასეთი პრეცედენტების არსებობა ვერანაირად ვერ გაამართლებს მასმედიის ზოგიერთი საშუალების არაადექვატურობას. სატელევიზიო რეპორტაჟებში დევნილთა შესახებ სიუჟეტებში ხშირად უბრალოდ აჩვენებენ დევნილებს და მათ მხარდამჭერებს, ხოლო დევნილთა ვითომდა ‘მოთხოვნის’ – ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფართების გამოყოფის შესახებ რატომღაც არა თავად დევნილთა, არამედ დიქტორის ტექსტით გვამცნობენ. ვაცხადებთ, რომ დევნილთა ის ნაწილი, რომელთაც ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას, საკითხს არასოდეს აყენებდა ასე, და რომ მსგავსი განცხადებები მტკნარი და ამავე დროს უკიდურესად სახიფათო, ანტისახელწიფოებრივი სიცრუეა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისა და დევნილების გამიჯვნას, მათ შორის მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ერთმნიშვნელოვანდ ვაცხადებთ, რომ დევნილთა მოთხოვნებში გეოგრაფიული პრეტენზიები საერთოდ არ ფიგურირებს. ისინი არ მოითხოვენ, ან უარყოფენ ამა თუ იმ რეგიონში ცხოვრებას, არამედ – ითხოვენ მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, და უარს ამბობენ შეურახმყოფელი და აუტანელი პირობების შეთავაზებაზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, ყველაზე გახმაურებული შეთავაზება, ფოცხო-ეწერი. დასახლებული პუნქტი მთიან რეგიონში, სადაც არ არის სკოლა, საავადმყოფო, აფთიაქი… რაიონულ ცენტრამდე და უკან მგზავრობას სჭირდება სულზე 8 ლარი, რაც დევნილთა ყოველთვიური დახმარების – ხშირად ერადერთი საარსებო წყაროს – მესამედზე ცოტა ნაკლებს შეადგენს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ ადამიანთა მდგომარეობა. ისინი, ომამდე სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის მკვიდრნი, ხშირად უმაღლესი განათლებით და პროფესიული სტაჟით, მათ შორის – პედაგოგები, ასევე ომის ვეტერანები, თითქმის 18 წელია, აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებისა და პერმანენტული თავშესაფრის გარეშე, დღეისათვის კი, დროებითი თავშესაფრიდან ძალადობით გამოყრილი, აუტანელ პირობეში, მათ შორის ქუჩაში, კარვებში ცხოვრობენ. მათ შორის არიან ოჯახები სასკოლო ასაკის ბავშვებით. ბუნებრივია, მათ სურთ ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც შეძლებენ შვილებს განათლება მისცენ. არიან ომის ინვალიდი, უბრალოდ აუტანელ პირობებში ხანგრძლივი ცხოვრების გამო მძიმედ დაავადებული ადამიანები. მათ სურთ ისეთი ცხოვრება, როდესაც ავადმყოფობას არ დაემატება მუდმივი შიში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში არათუ საავადმყოფოს მომსახურებით ვერ ისარგებლებენ, არამედ მედიკამენტების შეძენასაც ვერ შეძლებენ. არიან ადამიანები ისეთი ავადმყოფობებით, რომლის სამკურნალო აუცილებელი პროცედურების ჩატარება მხოლოდ თბილისის საავადმყოფოებშია შესაძლებელი. მაგ. ერთ-ერთმა მცირეწლოვანმა ექიმთა დაუდევრობის გამო სმენა დაკარგა. ამგვარი ბავშვებისათვის სკოლა მხოლოდ თბილისში და ქუთაისშია. გარდა ამისა, ბავშვი ყოველთვიურად საჭიროებს ყურიდან ჩირქის ამოღების პროცედურის ჩატარებას, რაც სრულფასოვნად მხოლოდ თბილისის ორ საავადმყოფოშია შესაძლებელი. ბუნებრივია მისი ოჯახი წინააღმდეგია საცხოვრებლად ფოცხო-ეწერში წავიდეს, მაგრამ კვლავ – აქ არსებითია არა გეოგრაფიული ფაქტორი, არამედ სოფელში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არარსებობა. არის სხვაგვარი შემთხვევები: მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოხუცი ბრმა დედის, მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალია. მისი ახალგაზრდობა ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც განათლების მიღება ვერ შეძლო. წლების განმავლობაში იგი ხელობით ინახავს ოჯახს. ეს ხელობა ავტომობილების შეკეთებაა. ბუნებრივია, ამ ოჯახის გაშვება მთიან რეგიონში, სადაც კვირაში რამოდენიმე მანქანა თუ გამოჩნდება, სახელმწიფო დახმარების – 28 ლარის იმედად, მათი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირვაა. არსებობს სხვაგვარი სპეციფიკის საქმეებიც. მაგრამ აქ მოყვანილი შემთხვევები საკმარისია დავასკვნათ, რომ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან დევნილთა საქმეებისადმი ინდივიდუალური მიმდგომა, კლასიფიკაცია პრინციპით გადაუდებლიდან – ნაკლებ საჩქარომდე (თუმცა დროებით თავშესაფარს ყველა მათგანი დაუყოვნებლივ საჭიროებს), და პრობლემათა სწრაფი და თანმიმდევრული მოგვარება. დღემდე კი, ამის სანაცვლოდ, დევნილები სახელმწიფო მოხელეთაგან მხოლოდ იგნორირებას, ხშირად – ცინიკურ და უგულო დამოკიდებულებას იღებენ. განსხვავებულ სპეციფიკათა მიუხედავადაც კი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამოდენიმე ზოგადი პირობა, რომლიც ყველა დევნილისათვის საერთო აუცილებელ მინიმუმს წარმოადგენს. დევნილები მზად არიან საცხოვრებლად წავიდნენ ყველგან, სადაც იქნება:

• თავშესაფარი ელემენტარული პირობებით: ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და საკვების მომზადების შესაძლებლობით.

• სკოლა, სადაც მცირეწლოვანი დევნილები სხვა თანატოლებთან ერთად კონსტიტუციით გარანტირებული სრულფასოვანი საშუალო განათლების მიღებას შეძლებენ.

• საავადმყოფო, აფთიაქი და სასწრაფო დახმარება გონივრულ დროში მისაწვდომ მანძილზე.

• ამასთან, თუმცა დევნილები არ ითხოვენ სახელმწიფოსაგან სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას, სურთ ისეთ გარემოში დასახლდნენ, სადაც სამუშაოს პოვნის შანსი იარსებებს, და მონდომების შემთხვევაში თვითდასაქმებას შეძლებენ – იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი თუ სერვისი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნებში არაფერი გადაჭარბებული არაა. მეტიც, მოთხოვნილი პირობები მნიშვნლოვანწილად ნაკლებია იმაზე, რაც ამგვარ გარემოებებში აღმოჩენილი ადამიანებისათვის საერთაშორისო სტანდარტითაა განსაზღვრული. ჩვენი აზრით, ეს ის მინიმუმია, რაზე ნაკლებზეც ჩვენი საზოგადოების არც ერთი წევრი არ უნდა იყოს თანახმა, და რაზე ნაკლების შეთავაზებაც სახელმწიფოსგან, რომელიც, შეგახსენებთ, კონსტიტუციით სოციალური სახელმწიფოა, უბრალოდ მიუღებელია. მივმართავთ: პოლიტიკურ ორგანიზაციებს: მივესალმებით რა ნებისმიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარ ადამიანთა მონაწილეობას პრობლემის გადაჭრის პროცესში, ყველას ვთხოვთ, ნუ მოახდნენ ვითარების პოლიტიზირებას, ნუ გამოიყენებენ დევნილთა მდგომარეობას პოლიტიკური ინტერესებისათვის. მასმედიას: ვთხოვთ შეუგნებლად თუ მიზანმიმართულად ნუ შეუწყობენ ხელს შეურაცხმყოფელი სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას, კიდევ ერთხელ ნუ ატკენენ გულს ისედაც ლამის ათწლეულობის განმავლობაში ჩვენგან გარიყულ და იგნორირებულ, ყველაზე დაუცველ ადამიანებს; ობიექტურად გააშუქონ დევნილთა პრობლემატიკა, და ამ პროცესში იხელმძღვანელონ თავად დევნილთა, და მათი ნდობით აღჭურვილი პირების ინფორმაციით, და არა ანონიმური, საეჭვო და დაუდგენელი ‘მოარული ხმებით’. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საელჩოებს: ვთხოვთ შეძლებისადაგვარად შეგვიწყონ ხელი პროცესის ნორმალურად და ეფექტურად წარმართვის საქმეში; გაგვიზიარონ ცოდნა; გაავრცელონ ობიექტური ინფორმაცია; გამოიყენონ საკუთარი ავტორიტეტი სათანადო ორგანოების დასარწმუნებლად. ხელისუფლებას: ვთხოვთ დაუყოვნებლივ შეუდგეს პრობლემის გადაჭრას; დასაწყისისთვის მოისმინოს დევნილთა და მათი ნდობით აღჭურვილ პირთა მოსაზრებები, მოთხოვნები, და ცხადი წარმოდგენა შეუქმნას მათ, პრობლემის გადაჭრის რა ხედვა და გეგმა გააჩნია შესაბამის ორგანოებს. ამ მიზნით, ჩვენ მოივითხოვთ დევნილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის შეხვედრას დევნილებთან და მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან უმოკლეს დროში. და ბოლოს, ვთხოვთ საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში. პირველ რიგში, არ გაავრცელოს თავად, და შეძლებისდაგვარად ხელი შეუშალოს სხვათა მიერ დევნილთა შესახებ შეურაცხმყოფელი დეზინფორმაციის გავრცელებას. გამოხატოს დევნილთა აქ ჩამოყალიბებული მოთხოვნებისადმი პრინციპული მხარდაჭრა. შესაძლებლობის ფარგლებში, პრობლემის საბოლოო გადაჭრამდე, დაეხმაროს დევნილებს ცივი და მშიერი ზამთრის გადატანაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s