მთავარი » ფეხბურთი » ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

2012 წლის 19 მაისს, მიუნხენში, ალიანს არენაზე ლონდონის ჩელსიმ, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, დაამარცხა რა საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნი.  ვერ ვიტყვი, რომ ფინალების ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი მატჩი ვიხილე, თუცა, თამაში დაძაბული ნამდვილად გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში ბაიერნის ფეხბურთელებს შეეძლოთ დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ არიენ რობენს 11 მეტრიანი დარტყმა პეტერ ჩეხმა აუღო. პრინციპში, გამოუყენებელი პენალტი შეიძლება ჩაითვალოს მატჩის მიმდინარეობის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფსიქოლოგიურ მომენტად.  დარჩენილ წუთებშიც არაფერი შეცვლილა. პენალტების სერიაში 4-3 ჩელსიმ მოიგო. შეხვედრის გმირებად თამამად შეიძლება ჩაითვალონ კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა და მეკარე პეტერ ჩეხი.

აქამდე ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთად ერთხელ ითამაშეს. 2008 წელს მანჩესტერთან ძირითად დროში ფრედ 1-1-ის დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში წააგეს 5-6. მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. 19 მაისს კი მეხუთედ დათმეს ფინალი. შესაბამისად სულ 9-ჯერ აქვთ ფინალი ნათამაშები.  ბოლოს მათ 2001 წელს ესპანური ვალენსიასთან მოიპოვეს ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდის ტიტული.

საფეხბურთო ინტერნეტ საიტმა www.givemefootball.com – მა  მკითხველს შესთავაზა ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში 5 საუკეთესო ფინალის მისეული ვერსია.

მადრიდის რეალი 7-3 ფრანკფურტი. 1960 წელი. გლაზგო. (შოტლანდია)
მადრიდელების საოცარი გამარჯვება ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო იმდროინდელი საფეხბურთო სამყაროსათვის. აღსანიშნავია დი სტეფანოს და პუშკაშის შეუდარებელი თამაში. ფინალში დი სტეფანომ ჰეთთრიკი შეასრულა. იმდროინდელ პრესაში აქტიურად იწერებოდა ევროპულ ფეხბურთში მადრიდელების დომინირებაზე – მათ ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს ევროპის საუკეთსო გუნდის ტიტული.

ბენფიკა 5-3 მადრიდის რეალი. 1962 წელი. ამსტერდამი. (ჰოლანდია)
თუკი 50-იან და 60-იანი წლების დასაწყისში ევროპაში დი სტეფანო, პუშკაში და ერთი გუნდი – მადრიდის რეალი – დომინირებდა, 1962 წელს ახალი წესრიგი დამყარდა. ჩემპიონთა თასის 1962 წლის ფინალში, მიუხედავად პუშკაშის მორიგი ჰეთთრიკისა, მადრიდის რეალი პორტუგალიურ ბენფიკასთან დამარცხდა. მადრიდელების წარმატებული ფინალების სერიას ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მაშინ ახალგაზრდა ეუსებიომ დაუსვა წერტილი. მან 65-ე და 68-ე წუთებზე მე-4 და მე-5 გოლები შეუგდო სამეფო გუნდს. ასე დაიბადა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ახალი სუპერვარსკვლავი.

 მილანი 4-0 ბარსელონა. 1994 წელი. ათენი (საბერძნეთი)
ბარსელონას დამარცხების მიზეზად კრუიფის და მისი გუნდის ზედმეტ თავდაჯერებლობას ასახელებენ. ”1992 წლის* შემდეგ ჩვენ უფრო სრულყოფილი, მებრძოლი და გამოცდილი გუნდი ვართ. მილანი არაფერია. მათი ფეხბურთის ბაზისია დაცვითი ტაქტიკა, ჩვენი კი – თავდასხმა” – აცხადებდა იოჰან კრუიფი ფინალის დაწყებამდე. ფაბიო კაპელოს გუნდს ფინალში მცველი ფრანკო ბარეზი აკლდებოდა, რაც ერთი შეხედვით ართულებდა ბარსელონას წინაშე მათ მდგომარეობას, მაგრამ დანიელე მასაროს დუბლის, დეიან სავიჩევიჩისა და მარსელ დესაის გოლების მეშვეობით ანგარიშით 4-0 დაამარცხეს ესპანელები.

მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 მიუნხენის ბაიერნი. 1999 წელი. ბარსელონა (ესპანეთი)
1999 წლის ფინალს ფეხბურთის საკმაოდ ბევრი მოყვარული მიიჩნევს ყველაზე დრამატულად.  მიუნხენის ბაიერნი  მარიო ბასლერის მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლით მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. ჩემპიონის ვინაობაც თითქოს გარკვეული იყო, როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჯერ ტედი შერინგემმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ხელიდან გამოგლიჯა ჩემპიონთა თასი გერმანელებს. ვისაც ნანახი აქვს ზემოხსენებული ფინალი ვფიქრობ გემახსოვრებათ ბაიერნის მცველის სამუელ კუფურის წაგებისგან გამოწვებული ემოციები.

ლივერპული 3-3  მილანი  (პენ: 3-2). 2005 წელი. სტამბული. (თურქეთი)
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სანახაობრივი ფინალი, სადაც სამი გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული გაცოცხლდა, ფენიქსივით თავიდან დაიბადა და ნამდვილი ბრძოლა გაუჩაღა იტალიურ გრანდს. პირველი ტაიმის პირველივე წუთები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინგლისელთათვის. დასაწყისშივე მალდინიმ გაიტანა გოლი. რასაც კრესპოს დუბლი მოყვა ტაიმის მიწულურს. შესვენებაზე ლივერპული 0-3 ანგარიშით გავიდა. მეორე ტაიმში წითლების დამრიგებელმა რაფა ბენიტესმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა. გუნდი საბრძოლოდ განაწყო, რაც სწრაფადვე აისახა შედეგშიც. მატჩის განახლებიდან 9, 11 და 15 წუთებზე მიყოლებით სამი გოლი გაიტანეს მერსისაიდელებმა (ჟერარდი 54-ე წთ; შმიცერი 56-ე წთ; ალონსო 60-ე წთ). დარჩენილ 30 წუთში და დამატებულ ტაიმებში გოლი აღარ გასულა. პენალტების სერიაში კი ლივერპულმა 3-2 დაამარცხა მილანი და ლეგენდარული, დაუვიწყარი გამარჯვებაც მოიპოვა.

*1992 წელს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა იტალიური სამპდორია.

 p.s. მე კარგად მახსოვს 2005 წლის ფინალი და დაფიქსირებული შედეგიდან მიღებული ემოციები. მსგავსი საფეხბურთო წარმოდგენა ნაღდად ამშვენებს ნებისმიერი ტურნირის ფინალებს და მით უმეტეს ევროპაში (და არა მარტო ევროპაში, ალბათ) ყველაზე მშვნიშვნელოვან საკლუბო შეჯიბრების ფინალს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s