მთავარი » კრიტიკა » არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

რა რაკურსითაც არ უნდა შეხედო საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მაინც და მაინც სახარბიელოდაც არ უნდა გვქონდეს საქმე. დრო გადის… რაღაცები იცვლება (გარეგნულად)… მაგრამ ციკლურად მაინც საოცრად ”მოჯადოებულ”, უბადრუკ, ისევ და ისევ ჩვენთვის (ქართული სახელმწიფოსთვის) დამანგრეველ წრეზე ვტრიალებთ თითქოს…

სამოქალაქო ომი… აფხაზეთი… ოსეთი… მხედრიონი…  ედუარდ შევარდნაძე…  ასლან აბაშიძე… რევოლუცია… რევოლუციის მცდელობა… მასშტაბური აქცია… აქციის დარბევა… ისევ რევოლუციის მცდელობა…  ისევ დარბევა… და ეს დღესაც გრძელდება იმავე წრეზე ჩანჩალი. გასულია სულ რაღაც 20 წელიწადი…

რა პრობლემა გვაქვს? რა უნაირობა გვჭირს? სად ვართ გაჩხერილები? რით ვერ დავადექით ერთ კონკრეტულ განვითარების, პროგრესის მომტან გზას?

პრობლემა არის ჩვენში. პრობლემა არის ხალხში. ხალხში რომელიც გვინდა არ გვინდა გადაგვარებულია სწორედაც რომ საბჭოთა 70 წლიანი მმართველობის გავლენით. როდემდე უნდა ვიწუწუნოთ ამ წარსულით?! როდემდე უნდა ბრალდებოდეს ყველაფერი საბჭოთა წარსულს?! მოდით და დავიწყოთ ჩვენი საქმის კეთება და ჩვენ სახელმწიფოს მივხედოთ. ყველანი ჩავებათ ქვეყნის აღმშენებლობაში. დავიწყოთ ფიქრი და გავიაზროთ საერთოდ რა გვინდა? რა გვიშლის ხელს განვითარებაში? ვინ ვართ და რა ადგილი გვინდა დავიკავოთ მსოფლიო სახელმწიფოთა გვერდით?

ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. შესაცვლელი გვაქვს ის, რაც ჩემი აზრით, ხელს გვიშლის განვითარებაში. მე გავაკეთებ მცირეოდენ ჩამონათვალს – არ უნდა…

არ უნდა იყოს საზოგადოება ძაღლის როლში, რომელიც ხელისუფლისგან ძვლის გადმოგდებას ელოდება;

არ უნდა აჯერებდე თავს რომ მესია-გმირი მოვა და ის გადაგვარჩენს და გაგვიყვანს სამშვიდობოს;

არ უნდა გიყვარდეს პრეზიდენტი (ბელადი);

არ უნდა მისტიროდე გამუდმებით წარსულს;

არ უნდა იშვერდე ხელებს გამუდმებით სხვისკენ;

არ უნდა განიცდიდე მხოლოდ საკუთარს;

არ უნდა გეშინოდეს სიახლისა და ცვლილებების;

არ უნდა იყო ყოველმხრივ პასიური, რომელიც პარაზიტად აზის საზოგადოებას და სახელმწიფოს;

არ უნდა იყო ზარმაცი მეოცნებე;

არ უნდა ერთობოდე გამუდმებით;

არ უნდა გეშინოდეს ხმის ამოღების და საკუთარი აზრის გამოხატვის;

არ უნდა იყო მედროვე;

არ უნდა იყო მლიქვნელი;

არ უნდა იყო ახალგაზრდა მოხუცებული;

არ უნდა იცხოვრო მითებით;

არ უნდა ელოდო ცვლილებებს;

არ უნდა გეშინოდეს განსხვავებულის;

არ უნდა გეზიზღებოდეს სხვანაირი;

არ უნდა იყიდებოდეს ფულზე ყველა და ყველაფერი;

არ უნდა მორჩილებდე არავის და არაფერს რაციონალურის გარდა;

არ უნდა მორალისტობდე ბოზურ გარემოში;

არ უნდა იყო უფროსის (ასაკით და ჩინით) მონური მორჩილი;

არ უნდა დადიოდე მეორე კურსის სტუდენტი ჰალსტუხით და ქეისით;

არ უნდა ათვინიერებდე შვილს როგორც შინაურ ცხოველს;

არ უნდა ფიქრობდე მხოლოდ ”მე”-ზე.

გამოსავალი არის მხოლოდ მეტად აზროვნებასა და დაფიქრებაში. რეალურად რა გვსურს? მივყვეთ პროცესებს თუ ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენივე შრომითა და მცდელობით ის როგორი გარემოც გვსურს?

მაგრამ რეალურად ვიცით კი რა გვსურს და ვინ გვინდა ვიყოთ?

32 thoughts on “არ უნდა… არ უნდა… არ უნდა…

  1. გეთანხმები სრულიად ბატონი ნიკოლოზ🙂
    პრობლემა სწორედ იმაშია, რომ გვგონია ვიცით რა გვსურს და სინამდვილეში არაფერიც არ ვიცით. დემოკრატია ღვთისგან ბოძებული ნიჭი გვგონია და ველოდებით, როდის მოგვიტანენ და ხელში მოგვცემენ.
    არა, პროცესებს არ უნდა მივყვეთ, თვითონვე უნდა შევქმნათ სასურველი გარემო, რომელიც მცირე დეტალებით და თანდათანობით შეიქმნება, უცებ არ იქნება ეს.
    ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ – თუ არ უნდა გვეშინოდეს სიახლის და ცვლილების, რატომ აღარ უნდა ველოდოთ ცვლილებებს? :-O თუ აქ იგულისხმება, რომ არ უნდა ველოდოთ და თვითონ შევცვალოთ?🙂

    • გვირილა, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ თვითონ შევცვალოთ უკეთესობისკენ.

  2. გარდა იმისა, რომ ბლოგზე წერ., შესაძლებელია მეგობრებთანაც საუბრობ, აი შენ, პირადად რას აკეთებ იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს? (მართლა მაინტერესებს, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე გეკითხები:) ხომ გესმის, ბევრია ასე, რომ წერს, ბევრია აე, რომ ფიქრობს(მე მაგალითად:), მაგრამ ნათქვამი საქმედ, მხოლოდ ილიასნაირებმა აქციეს.

    • ხოდა ვიყოთ მერე ილიასნაირები და ვცადოთ გავხდეთ უკეთესებიც, არა?
      შენ კითხვაზე პასუხს მოგწერ პირადად.

  3. ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, უფრო მარტივია პასუხისმგებლობა სხვას დააკისრო, ვიდრე შენ იტვირთო.
    მარტივია აიცილო ზედმეტი ვალდებულებები და შენც უბრალოდ მიჰყვე დროის დინებას – იცინიატივის გარეშე.
    ერთხელ ცხოვრობ, იმდენი პრობლემაა, იქ დაბალი ხელფასი, კიდევ ყოველდღიური პრობლემები, სად სცალია ქართველს ქვეყნის განვითარებისთვის იფიქროს? მოვა ‘ვინმე’ და მიხედავს, ან თუ არც…
    იცი რას მაგონებს ჩვენი ერი? ”გათითოკაცებულ, საძოვარზე მიშვებულ ერს, რომლის მთავარი ფუნქციაა – ძოვოს” (არაზუსტი ციტირებით). მართლაც, მონურ მორჩილებაში უადვილდება ყოფნა, როცა თავად მხოლოდ არსებობისთვის ზრუნავს. (რა საკვირველია, მასაზე ვსაუბრობ და არა 100%ზე)
    რასაც წერ, გეთანხმები ნიკა: ) უბრალოდ უმეტესობა არც თუ მარტივი მისაღწევია. მთლიანად ადამიანის აზროვნების შეცვლა გადაგიწვეტია, რაც ძალიან კარგი, თუმცა რთულია.
    მე დასაწყისისთვის ერთ მარტივ რამესაც დავჯერდებოდი: ბოლოს და ბოლოს ისწავლოს ქართველმა საქმის ხარისხიანად და კარგად შესრულება. სახელმწიფოში კი, სადაც ყოველი წევრი მის მოვალეობას პროფესიონალურ დონეზე ასრულებს, ის უკვე შემდგარია განვითარების გზაზე.
    (ნამეტანი ვრცელი კომენტარი გამომივიდა🙂 )

    • “უბრალოდ უმეტესობა არც თუ მარტივი მისაღწევია.”
      -რასაკვირველია ერთდროულად ამის მიღწევა შეუძლებელია. დრო, წლებია საჭირო ვითარების შესაცვლელად. ცვლილებები რომ საჭიროა (ვგულისხმობ მიდგომებს საკითხებისადმი) ამაზე დროთა განმავლობაში, მე მგონი, სულ უფრო მეტი ადამიანი თანხმდება.

      -საქმის პროფესიონალურად შესრულებასთან დაკავშირებით გეთანხმები ნინი : )

  4. ნათიას კომენტარს რაც შეეხება.. კი, მართალი ხარ, საქმეა აუცილებელი, მაგრამ შენ ისიც ხომ იცი:
    ,,ერთ ღამეში არ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება, მაგრამ შეგიძლია შეცვალო აზროვნება, რომელიც გარდატეხავს შენი ცხოვრების სტილს.”
    თუნდაც ის, რომ ‘ნაკლი’ დაინახო, აღიარო… უკვე დიდი შანსია ცვლილების: )

  5. კი ნიკოსლოგი, ზუსტად ვიცი რა მსურს და როგორი მინდა რომ ვიყო! უაზროდ!!!!! უაზროდ მიყვარს ქართველები და ყველა სეცდომას ვპატიობ ჩემს ერს! შენც მიყვარხარ!🙂

    • შენ კი იცი როგორი გინდა იყო, აქსიომ, მაგრამ აქ საუბარია მასშტაბზე. ქართველებმა შეცდომების გამოსწორება უნდა ვისწავლოთ. შეცდომების გაანალიზება უნდა ვისწავლოთ, რომ სხვა შემთხვევებში ანალოგიური აღარ დავუშვათ.
      სულ რომ გვესიყვარულებოდეს ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს აქსიომ?! : )

  6. ნწ! სიყვარული უნდა ვისწავლოთ და მერე გამოსწორდება ყველაფერი! უბრალოდ სიყვარული და მეტი არაფერი!🙂

  7. ბნ. ნიკოლოზ, ფრიად საინტერესო პოსტია.მართლა🙂 რამდენადაც მე მივხვი მის დედააზრს, შენ ამბობ რომ ადამიანები(ინდივიდები) უნდა შეიცვალონ უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს მათი ერთიანი სისტემა(გინდა საზოგადობა, გინდა ერი) უკეთესობისკენ.. ხო?
    თუ ხო, მომიტევე და არ დაგეთანხმები. ხალხი(ჩვენ საყვარელი პრეზიდენტი საზოგადოებას რომ უძახის) არ უნდა განვიხილოთ როგორც ინდივიდებ კრებული, იმჰო, ის უნდა განვიხილოთ როგორც სტატისტიკური სისტემა. შესაბამისად, თუ გვინდა ამ სისტემის შეცვლა, არ უნდა დავიწყოთ მისი შემადგენელი ცალკეული ელემენტების(ადამიანების) შეცვლით, არამედ მთელი სისტემის, როგორც ერთი ორგანიზმის.. არა?

    • კეთილი BATU. ახლა მოდი შენ მოსაზრებას დავეყრდნოთ და გავშალოთ ის. თუ კი თითოეული ადამიანის არსში, შიგნით თვითონ, არ დაიწყო გარდატეხა, ცვლილება (რაც გვინდა ის დავარქვათ) მაშინ როგორ წარმოგიდგენია მთლიანი სისტემმის (ადამიანთა ერთობას ვგულისხმობ შენი ნათქვამიდან გამომდინარე)შეცვლა? ვინმემ პერმანენტულად უნდა ”დამოძღვროს” ეს ერთობა თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს?

      • სხვათაშორის მეც მჯეროდა გულუბრყვილოდ, რომ თითოეული ინდივიდის შეცვლით შეიძლებოდა მთლიანი სისტემის შეცვლა.. უშედეგოდ ვქადაგებდი ერთპარტიული პარლამენტი დამღუპველია ქვეყნისთვის და ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმიტომ რომ 5-ანი არ შემოხაზოთ-მეთქი და ისინი მპასუხობდნენ შენ ოპოზიციონერი ხარ და მაგიტო იძახი მაგასო(არადა არ ვარ🙂 ) და დიდი შემართებით 5-იანებს ხაზავდნენ მაინც.. არადა რა ადვლი გასააზრებელია ის, თუ რატომ არის ერთპარტიული პარლამენტი დამღუპველი.. არა?
        მაგრამ არავის არ უნდოდა, ერთი წამითაც არ უნდოდა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, არჩევნებზე ხმის მიციმის წინ, თუ რას აკეთებდნენ… ხოდა ასეთი მარტივი რაღაცა თუ ვერ გაგეს [სხვა ორატორული იმედგაცრუებებიც მქონია :)] ამათ რა აზროვნება მოვთხოვო მეთქი და… ხელი ჩავიქნიე

        “როგორ წარმოგიდგენია მთლიანი სისტემმის (ადამიანთა ერთობას ვგულისხმობ შენი ნათქვამიდან გამომდინარე)შეცვლა?”- გულწრფელად გიპასუხებ: წარმოდგენ არ მაქვს🙂 მაგრამ ეს “წარმოდგენ არ მაქვს” უფრო ადვილადგადაჭრადი პრობლემაა, ჩემი აზრით, ვიდრე ბრბოს, მოაზროვნე ინდივიდების ერთობლივობად წარმოდგენა.. რაც უფრო მეტი მოაზროვნე ინდივიდი იქნება, მით უკეთესი(ან არის კი ასე?).. მაგრამ.. მე მეეჭვება ასეთ რაღაცეებზე ბევრი დარდობდეს, მათ როგორც წესი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი🙂

  8. პრინციპში ძალიან გასაგებია ყველაფერი რასაც წერ.
    როდესაც საქმე ეხება ბევრის წინაშე შენი როგორც უმცირესობაში მყოფის პოზიციას, ასეთ დროს, ჩემი აზრით, საჭიროა არგუმენტირებული დისკურსი. იმასთან დაკავშირებით თუ რატომაა შენი პოზიცია შედარებით უკეთესი, უფრო სწორი ვიდრე მათი. თუმცა ერთიცაა: თუ გაგება არ უნდა ვერაფრით ვერ გააგებინებ, არის ესეც.

    ”“როგორ წარმოგიდგენია მთლიანი სისტემმის (ადამიანთა ერთობას ვგულისხმობ შენი ნათქვამიდან გამომდინარე)შეცვლა?”- გულწრფელად გიპასუხებ: წარმოდგენ არ მაქვს მაგრამ ეს “წარმოდგენ არ მაქვს” უფრო ადვილადგადაჭრადი პრობლემაა, ჩემი აზრით, ვიდრე ბრბოს, მოაზროვნე ინდივიდების ერთობლივობად წარმოდგენა.. ”
    -არა, მე იმას არ ვფიქრობ რომ ბრბო უცებ, ხელად გადაიქცევა მოაზროვნეთა დიდ ერთობად. აბსოლუტიზმზე ნაღდად არც მიფიქრია. უბრალოდ ვისწავლოთ ფიქრი, გავაანალიზოთ ის, რაც აქამდე მოხდა და რა უნდა გავაკეთოთ რომ შეცდომები აღარ გავიმეოროთ, რომ დავალაგოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება.

  9. მეც გეთანხმები, მაგარმ პირველ რიგში ალაბთ საკუთარი შინაგანი სამყარო და შეგნება უნდა შევცვალოთ ქართველებმა თორემ წინ ვერასოდეს ვერ წავალთ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში.

    • გასაგებია mtvareuli89.
      ისე, თუ გიფიქრია როგორ შეიძლება დაიწყოს ეს შინაგანი სამყაროს ცვლილება?

      • პირველ რიგში ალბათ შინაგანი კულტურა უნდა შეცვალონ, დღესაც კი ვაწყდები ისთ შემთხვევებს როდესაც ნაგვის ყუთი გვერძე უდგათ და მიანც დაბლა ყრიან ნაგავს, ასეთი ადამინებ შინაგან სამყაროს კი არა ვერაფერს შეცვლიან. შინაგან სამყაროს შეცვალ ყველას თავისებურად შეძლებს, მე ამას ჩემი რწმენით ვახეხებ, მაგარმ ვერ ვიტვი რომ სულ გამოდის ხანდახან მეც მიბინძურდება ჩემი სამყარო, სამწუხაროდ…

  10. მე რაღა დაგიწერო?! მეც გეთანხმები, უბრალოდ შენ გაიხარე რა, ბევრის სათქმელი თქვი. ჩვენს თავს თვითონ თუ არ ვუშველეთ ვერავინაც ვერ გვიშველის, ცუდია წარსულზე ტირილი, თუმცა ხალხს წარსულიდან გადმოყვა და დღესაც ასეა, დავჩმორდით და ასე ჩმორებივით ვიტანთ ყველაფერს. არ უნდა! ნამდვილად არ უნდა!

    • ხოდა მივიღოთ განათლება ჩემო ცოტნე და ავიღოთ ორიენტირი პროგრესზე.
      სხვანაირად არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს. არ უნდა გავიყინოთ

      • გეთანხმები. ხოდა მე ჩემი თავით ვცდილობ ამ ყოველივეს, იმედია ვიქნები მაგალითი.🙂

  11. გამოსავალი არის მხოლოდ მეტად აზროვნებასა და დაფიქრებაში-ყველაზე კარგი რეცეპტია:). ყველა პუნქტში შენთან ვარ.

  12. ნიკოლოზ ესეიგი რა მინდა გითხრა. წერის ნიჭი ნამდვილად გაქ ვაღიარებ და სწორი მიმართულებითაც მიდიხარ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ერთ მთლიანობად რომ გავატარე გონებაში დასკვნა შემდეგნაირი მივიგე საზოგადოება რომელიც “საბჭოთა მარწუხებში”ა გაზრდილი ტყვეობას მიჩვეული რთულია და გაუგებარია მისთვის თავისუფლება მაგრამ შენ იმაზე თუ დაფიქრებულხარ ზოგადად ქართველი ადამიანის მენტალიტეტი რო სიზარმაცეზე და მუქთახორობაზეა დამყარებული? რომ ქართველს რაც არ უნდა ელაპარაკო მაინც უბრალოდ ეზარება? შენს ტექსტში მე ერთგვარად ფრიდრიხ ნიცშეს “ზარადუსტრას” აზროვნება დავინახე და ერთგვარად მომეწონა კიდეც ის. მაგრამ ბრბოს რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მაინც არ გადავა აზრს იმიტომ რომ ის უმართავია. პესიმისტი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ მაგრამ არც ფერადი სათვალეებით ყურება მიყვარს სამყაროს მიმართ და დარწმუნებული ვარ რომ ქართველი როგორც საზოგადოების პერსონა ვერასოდეს იქნება ევროპელი კარგი გაგებით და ყოველთვის იქნება ევროპელი ცუდი გაგებით.
    საზოგადოების წინსვლას ჩემი აზრით საქართველოში მხოლოდ ახალი თაობის გაზრდისას თუ შევძლებთ მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ვერც დგევანდელ ახალგაზრდობაში ვხედავ პერსპექტივას.

  13. კარგი, აბსოლუტურად გასაგებია რასაც ამბობ,გიო.
    დღევანდელი მდგომარეობა არაა გადასარევი და სახარბიელო, მაგრამ რაღაც ნიშნულიდან უნდა დავიწყოთ და მგონი აქა-იქ რაღაც იმედის მომცემი ნიშნულები ჩნდება.
    პრობლემა მე რა მგონია იცი? ვიცნობ ადამიანებს (ახალგაზრდებს), რომლებსაც აქვთ ამბიციაც, სიტუაციასაც მეტ-ნაკლებად ჯანმრთელად უყურებენ, პერსპექტივაშიც, ალბათ, იქნებიან წარმატებულებიც. მაგრამ!
    არ მინდა მოხდეს ისე რომ სისტემამ ”გააფუჭოს” ეს ჯგუფი. რას ვგულისხმობ? იმას რომ გადაეწყონ სხვა რელსებზე მატერიალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. პრინციპულები თუ იქნებიან ეს ნაღდად არ მოხდება.

    მადლობა კომპლიმენტისა და ვრცელი კომენტარისთვის

  14. ხახლხი დაპროგრამებულია ისე,რომ სხვანაირად ვერ აზროვნებს.იმდენად აქვს ჩამჯდარი ტვინში,რომ ძაღლია და კიდევ ათასი ზემოთხსენებული “არ უნდა”,რომ ძნელია მისთვის გადადგას ნაბიჯი დამოუკიდებლად–სწორედ ამაშია პრობლემა.არასოდეს არ ვდგავთ ნაბიჯს წინ,ველოდებით როდის გადადგამს სხვა.ის სხვა კი ჩვენ გველოდება.ასე დავრჩებით ერთ ადგილას გაშეშებული და არაფერი არ გვეშველება.
    მოკლედ,კარგი პოსტია ძაან,ყოჩაღ.

  15. “არასოდეს არ ვდგავთ ნაბიჯს წინ,ველოდებით როდის გადადგამს სხვა.ის სხვა კი ჩვენ გველოდება.”
    – მესმის რასაც ამბობ და გეთანხმები. სამწუხაროდ, ასეა და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.

    მადლობა ნენსი

  16. “არ უნდა გეშინოდეს ხმის ამოღების და საკუთარი აზრის გამოხატვის;” – მემგონი ყველაფერი აქედან იწყება:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s