ნამასხარავები

ქართველი ადამიანის  ხასიათში გემრიელადაა ჩალურსმლული  პირფერობა, მლიქვნელობა, სხვის გაქილიკება, სხვის სულში ხელების ფათური, სხვისი ქმედების არ მოწონება და გაკრიტიკება, სხვისი ‘სიმახინჯეების’ სააშკარაოზე გამოვლინება, მატრაკვეცობა, სიყალბე, ფარისევლობა და მისთანანი. ყველგა საზოგადოებას ახასიათებს მსგავსი? ნუ არც მაინც და მაინც ასე არ უნდა იყოს საქმე. სხვაგან ვინ რას შვრება სულ ცალ ფეხსაცმელზე მაქვს ჩამოკონწიალებული. ჩვენ ვიკითხოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემების და დაულაგებელი სახელმწიფოს პირობებში რო გვიწევს ცხოვრება. მრავალჭირვარამგადანახადი (ეს სიტყვა სკოლაში გაიჩითა პირველად ქართული ენის განსაზღვრებად) სახელმწიფოს არარაციონალური საზოგადოეა ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ. შემდეგ გვიკვირს თუ  როგორი დაკომპლექსებულია ის ვიღაც სხვა, ნებისმიერი.

ჩვენ ყალბები ვართ და გვიყვარს ჩვენივე სიყალბე.

ჩვენ მატყუარები ვართ და ყოველთვის სხვის მატყუარობაზე მივუთითებთ.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სხვის სულში ვაფათუროთ ხელები, თუმცა ამის უფლება არავის აქვს და ამასვე ვაღიარებთ თვითონვე.

ჩვენ ვაქებთ, კომპლიმენტს ვეუბნებით, მაგრამ ზურგს უკან დავცინით.

ჩვენ გვიყვარს სიტყვით, მაგრამ არ ვიცით საქმით სიყვარული.

ჩვენ ვაკეთებთ სხვის ჯიბრზე და არა საკუთარი სურვილის შესაბამისად.

ჩვენ ვფიქრობთ თითო-თითოდ მე-ზე და არ ვფიქრობთ ჩვენ-ზე.

ჩვენ ვგმობთ კონკრეტულ ქმედებას, მაგრამ ჩუმად უყოყმანოდ გავაკეთებდით იგივეს.

ჩვენ ვმოქმედებთ სხვის დასანახად და არა საკუთარი შეხედულებებიდან და სურვილიდან გამომდინარე.

ჩვენ ფარისეველი მორწმუნენი ვართ და არასოდეს ვაღიარებთ ამას. მარხვაში ხორცს არ შევჭამთ, მაგრამ სიგარეტს გავაბოლებთ, ბევრს არა მხოლოდ 3 ღერს დღეში.

ჩვენ ვართ “სამართლიანები” და არა სიმართლიანები. (ვართ კი სამართლიანები?)

ჩვენ კარგი მრჩევლები და ცუდი შემსრულებლები ვართ.

ჩვენ არასოდეს მოგვწონს სხვისი გაკეთებული, თუმცა თვითონაც მაინც და მაინც არ ვიკლავთ თავს კეთებით.

ჩვენ გვიყვარს ოცნება და არ ვიცით ფიქრი.

ჩვენ გვაქვს ენა, თვალი, ყური, მაგრამ არ გვაქვს სალაპარაკო, არ ვხედავთ და ვუყრუებთ კიდეც.

ჩვენ თქვენობით ვლაპარაკობთ, მაგრამ უზრდელები ვართ.

ჩვენ ამპარტავნები ვართ, თუმცა სხვის უკანალებსაც სიამოვნებით ვლოკავთ საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენ გვიყვარს მხატვრობა, იმიტომ რომ უნდა გვიყვარდეს – “საოცარი სიღრმე დევს “ემზარას” მთელ შემოქმედებაში, ისეთი ნატიფი შესრულებაა, ფერთა პალიტრა საოცრადაა წარმოჩენილი”.

ჩვენ ვიცვამთ “სახელს” და არა სამოსს. ნუ ტრენდია, ბრენდია, მოდაშია და კაი პონტია .

ჩვენ პატარა კაცმაცუნები ვართ და თავი დევგმირები გვგონია.

ჩვენ უბრალოდ მონები ვართ (საკუთარი ნებით სხვათაშორის) და არავის ამაზე პრეტენზია არ გვიჩნდება….

კიდევ კარგი ყველა ადამიანის ჩრდილის ზომას თვითონ ამ ადამიანის ნება-სურვილი არ განსაზღვრავს, თორემ ქართველების ჩრდილები დააბნელებდნენ გალაქტიკებს.

Advertisements