თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად დიდია რომ რას არ მოგაფიქრებინებს, გაგაკეთებინებს, გნებავთ დაგაწერინებს, გნებავთ გალაპარაკებს ადამიანს.

ერთი სულელურ ვიდეოს იღებს, მეორე კილიმანჯაროდან დაჰყურებს ხალხს და თავი ღმერთკაცი, გენიოსი ჰგონია. მესამე ხელოვნების სიღრმეზე და სულიერ საზრდოზე საუბრობს ოღონდ რემბრანტის, ხო რემბრანტის მსუქანი ქალები მაინც და მაინც არ მოსწონს.   

ადრე ერთ-ერთ პოსტში მეწერა თვითირონიას უნდა მოუმატონ ადამიანებმა და ამპატრანობის დონე დაბლა დაწიონთქო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არც პირში თქმა შველის ადამიანს და არც პირს უკან. (ასეა ჩემო, ილია, და ვერაფერს ვიზამ მე)
თვითირონია კი არა იმ სიმაღლიდან გადმოსცქერიან სამყაროს გაგიკვირდება როგორ მოასწრეს იქ ასვლა?!

მესმის რომ შესაძლებელია განსხვავებულობისადმი რაიმე ველური მიდრეკილება გვქონდეს. გაცხოველებული ჟინი იმის, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, იცვამ, საუბრობ, სხვანაირს უსმენ, სხვანაირად გიყვარს და კიდევ უამრავ განსხვავებული. რახან ასე თვლი ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ასეა? ნუ ეს ცალკე ამბავია. ვერავინ მოგედავება….

ხშირად აღნიშნავ რომ ძალიან თავისუფალი ხარ, ღირეულებებსაც ისეთს აჟღერებ ძალიან რომ ჰგავს დღევანდელ პოპულარულს. ყველას აზრს მოისმენ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის.  მაგრამ ეგოისტური, მაინც თავს წამოყოფს ხოლმე – მე შენზე მეტი ვარ!
დასაწყისშივე დაურთავ ხოლმე, რომ რასაც ეხლა იტყვი არავითარი მნიშვნელობა აქვს და არავის გაღიზიანება არ გინდა, მაგრამ შენ თანატოლებს შორის პირველმა დაიწყე კლასიკური როკის მოსმენა, იმიტომ რომ მამაშენი უსმენდა თურმე და მისი გავლენით მოხდა. აბა რა! რასაკვირველია! მამების თაობა განებივრებული იყო მსგავსი მუსიკის ხელმისაწვდომობით, რამდენიმე წკაპი ტორენტზე და ნებისმიერი ჰიტი უკვე გრამაფონში იყო.

კარგი, მუსიკა გასაგებია. ეხლა სხვა მეტად მნიშვნელოვანი რამეები გაქვს საჯაროდ გამოსატანი. ტესტირებას რელიგიაზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასა და გნებავთ ათეიზმზე გადიხარ. აქაც უკვე გაქვს წინასწარ მომზადებული ტექსტი. მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი ხარ, ან სულ ახლახანს გაცდი ამ პერიოდს, შენ ბავშვობიდან იმდენი გამოცდილება მიიღე, რომ შენ გარშემო ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანები ირევიან და შენ ისეთი დიდი ხარ რომ ყველასთან შეგიძლია საერთო გამონახო. შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! ჰომოსექსუალებზე დაცინვით საუბრობ თუმცა მათი უფლებების დამცავი ორგანიზაციის წევრი ხარ. 

მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან. იყავი ნაღდი და სადაც გინდა რაც გინდა ის გიკეთებია. სიყალბეს არასოდეს გაპატიებ.  საკმაო რაოდენობის სიყვარულით მე.

Advertisements

გოიმები და სნობები

ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი სხვადასხვაგვარად გამოვთქვამთ ხოლმე.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ნორმალური და გასაგებია. უჩვეულოც თითქოსდა არაფერია, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ეს ჩვეულებრივ ჩანს.
ხშირად, როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თუ როგორი გემოვნებიანები, მოდურები, თანამედროვეები, ჯანმრთელად მოაზროვნეები, განათლებულები და უბრალოდ ბევრზე უკეთესები არიან, მიუთითებენ სხვების ცუდზე, უნიჭობაზე, უგემოვნობაზე და ასე შემდეგ.საუბრობენ, რომ მათ მეტი ესმით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მეტად გემოვნებით იმოსებიან, ვინაიდან ცნობილი ბრენდების სამოსს ატარებენ, უფრო გამართულად საუბრობენ, სწორად მეტყველებენ და ‘ლ’-საც არ ურტყამენ.
არადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე.
როგორც ეხერხება ადამიანს ისე მეტყველებს, არავის გასაკიცხი არ უნდა იყოს ვინმე რბილ “ლ”-ს ამბობს თუ მოჭარბებული “შ” აქვს ან “ს”?
რბილი “ლ”-თი მეტყველება გოიმობად ითვლება. ვინ დაადგინა რო ეს გოიმობაა ეს კიდევ სხვა საკითხია. ალბათ, სნობებმა.

“ლ”-სთან მიმართებით არსებობს ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაც. თუ ზემოხსენებულ თანხმოვანს საუბრისას დარბილებულად იყენებ ძერსკი ხარ (გოგო), საყვარლად ბაასობ. ოღონდ ეს ყველას კი არ გამოსდის (!). მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, უბანში უნდა იყო გაზრდილი. იქაურები გასცემენ მაგაზე აკრედიტაციას.
იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ “ლ”-ზე აქცენტის გაკეთება და მისი გამომყენებლის გოიმად შერაცხვა რომ თვითონ გამკრიტიკებელიც კი გადადის ამის გამო ე.წ. გოიმობაში
თავისი თავგამოდებული სწორად მეტყველების დაცვით.
არ მოგწონს? ნუ იმეტყველებ ეგრე. სხვას რაც უნდა ის უქნია. მარტივად მოგვარებადი ამბავია.

კიდევ ერთი “აღტაცების მომგვრელი” მოვლენა ქართულ რეალობაში: რიცხვების რუსულად გამოთქმა.
საოცარი რამეა ხოლმე ამის მოსმენა რა!
-რომელი სკოლაში სწავლობდი?
-შესტოი დავამთავრე.
ან
-ალო.
-ხო გოგო, სად ხარ?
-პიძისიატ ტრეწისთან გელოდები, მოდი.
საუბრის ასეთი მანერა ძერსკობის დამადასტურებელია, ტი შტო? 🙂
ტელეფონის ნომრების რუსულად კარნახზე არაფერს ვამბობ. ამ მოვლენას ჩვენში ჯერ კიდევ
ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

რაც შეეხებათ სნობებს: ესენიც მაგარი ანტიკვარები გახლავან.
რას ქვია?! მათთვის მეტროთი მგზავრობა პაზორია. ლევისის ჯინსი არ გაცვია? წასულია შენი საქმე. გოიმებში ეწერები “სხოდუ”.
მოდის ბოლო კივილის შესაბამისად უნდა გქონდეს “ზმანი” გარდერობში დალაგებული.
არა მარტო ეს! უნდა ერკვეოდე კიდეც რამე-რუმეებში. Fashion-ობაზე სხვაგვარად ვერ გექნება პრეტენზია.
აუცილებლად უნდა შეიძინო რაღაც რაღაც მახინჯობები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გიხდებოდეს მაგრამ ბრენდის სახელი მაინც თავისდა უნებურად მუშაობს. რა თქმა უნდა უნდა “გაიჩითო “სასტავში” მაგ “ზმანით”. (დაენახვო რა ბარე ორს)
თუ გაგიმართლა და ბრენდის სახელს გამოსაჩენი ადგილი აქვს მიკუთვნებული სამოსზე მაშინ ამაყი სნობი ხარ. The Dersk!
ისე რა საინტერესოა, თუ მელიის კუდი მხარზე არ გადავიგდე ან ნუტრიის ბეწვით არ შევიმოსე, (არა სიასამურიც “ნავაროჩენი” რამეა), ისე გლამურნი ვერ ვიქნები? :))
გადაირევი კაცი!
ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!

საერთოდაც ცოტა გაუგებარია რატომ უნდა იყოს გემოვნების მომწოდებელი და მკარნახებელი ვინმე?
რა განსაზღვრავს საერთოდ გემოვნებიანობას?
რა იგულისხმება გემოვნებაში?
ის რომ კარგი ავტომობილი უნდა გყავდეს და მოდური სამოსი გეცვას?
მგონი შხვართი გოგო რო დადის შენთან ერთად ეს უფრო ძერსკია, არა?
თუ ის რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია?
არა ტო! დასტოევსკის უნდა კითხულობდე მხოლოდ და მხოლოდ რუსულად, ტი შტო?
(თან ამის აპელირებას უნდა ახდენდე, სხვაგვარად არ აქვს მუღამი)
იქნებ ის რომ საყვარელი კერძი აუცილებლად სუში უნდა იყოს?
ხოდა კიდევ: ვისი გემოვნება უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ ადამიანი გემოვნებიანად ჩაითვალოს?

მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.
მიუღებელია ასევე, რომ ვაფიქსირებდეთ გარკვეულ კონკრეტულ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ ის იმ დროს საღ აზრად ჩაითვლება.
რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.