შიში მძვინვარებს ქვეყანაში, შიში!

კარგად მახსოვს 4-5 წლის წინ, პირველად რობერტ სტურუასგან მოვისმინე ხალხში შიშმა დაისადგურა და მოსახლეობას ეშინია საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაო. იმ დროს კიდეც გამიკვირდა. რა შიშზე ლაპარაკობს თქო გავიფიქრე, მაგრამ დღესდღეობით ძალიან კარგად ვხვდები თუ რას გულისხმობდა დღევანდელი ხელისუფალისგან აკრძალული და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებული რობერტ სტურუა.

2012 წლის აპრილის თვეში სამეგრელოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. ზუგდიდში რამდენიმე ოჯახს გავესაუბრე ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ. ერთ ქალბატონს ვკითხე სამხედროებზე, რომელზეც თავდაპირველად ირაკლი ალასანიამ გააკეთა განცხადება. მეგრულად მიპასუხა. არ მესმის რას მეუბნებით არ ვარ მეგრელი თქო. ”მე რომ მეკითხები თითქოს შენ უკეთ არ იცოდე რაც ზუგდიდში ხდება”-ო მითხრა.  ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით დილაობით იარაღს წმენდდნენ ხოლმე ახალგაზრდებიო. რატომ არიან მეთქი სახლებში რას აკეთებენ? – არ ვიციო, საჭმელ-სასმელი აქვთ და გარეთაც იშიათად თუ ნახავ, ფორმაში ჩაცმულები არ მოძრაობენო. ერთ კაცს ვკითხე კმაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი ცხოვრებით და ხელისუფალით თქო და ღიმილით მიპასუხა რომ საპრეტენზიო არაფერი ქონდა, მერე მანქანა ეზოში შეაყენა, გარეთაც აღარ გამოსულა. მისმა მეზობელმა პედაგოგმა ქალმა მითხრა ტყუილი გითხრა, ეშინია და ღიად ვერაფერი თქვა თავისი მდგომარეობის შესახებ. მაღაზიები აქვს ზუგდიდში და სულ ამ მთავრობის გინებაშია, ძალიან ავიწროებენო.

რამდენიმე დღით შიდა ქართლში ვიყავი და შიში მძვინვარებს ისეთი არ გენახოთ უარესი. გამარჯობაზეც კი ეჭვის თვალით გიყურებენ ლამის. როგორ ხარ ბაბუ, რას იტყვი დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყანაში? – რა გითხრა აბა?! მე მოხუცი ვარ რისი თქმა შემიძლია?! არაფერი ვიცი და მე ვინ რას მეკითხება?!  კმაყოფილი თუ ხარ დღევანდელი ცხოვრებით? – რა გითხრა აბა? პოლიტიკა ჩემი საქმე არაა…. ერთი ქალი ამბობდა რომ ოჯახში 6-ნი არიან, მათ შორის 4 უმუშევარია, ორი კი – ბავშვი. მაგრამ ცხოვრებით მაინც კმაყოფილები არიან. ერთი ქალბატონი ნატრობდა ნეტა პენსიონერის ასაკის მაინც ვიყო რაღაც შემოსავალი ხომ მაინც მექნებოდა ოჯახშიო. თუმცა, ხელისუფლებაზე კრიტიკულს ვერაფერს ამბობდა – შვილი მუშაობს ჩემი და მეშინია სამსახურიდან არ გამოუშვანო. სხვა ქალბატონს პატიმარი შვილი ჰყავდა და ამიტო ფრთხილობდა საუბარში. ქმარს ცოლი უშლიდა მთავრობაზე ხმამაღლა ”ცუდის” თქმას, დედას – შვილი, მოხუცს – მეზობელი და ასე შემდეგ. ეშინიათ პენსიის გაუქმების, ოჯახის წევრის სამსახურიდან გამოშვების, 22 ლარიანი სოციალურად დაუცველის დახმარების მოხსნის, მაღაზიის დახურვის, დაპატიმრების. ერთი პენსიონერი ქალი მეუბნებოდა: რა ვიცი ეხლა მე, რომ შენ ჩამწერი არ გაქვს ჩართული და ჩემ ლაპარაკს არ იწერო? აქ მე მგონი კომენტარი ნაღდად არაა საჭირო!

შიდა ქართლში გულწრფელი რამდენიმე ადამიანი იყო. ფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების მსგავსად აქაც ფსიქიკურად არამდგრადმა ადამიანმა მითხრა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სიმართლე! ის, რომ ძალიან მაგრადაც უჭირდა მას და მის გარშემო მყოფებს, უმუშევრობის და მაღალი გადასახადების გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც არიან ჩავარდნილები და რეალურადაც არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ისე, ბოლოს ამანაც მითხრა ეს ლაპარაკი ჩვენ შორის დარჩესო.

ამ ყველაფრის მერე კი გამოდიან ხელიფლების წარმომადგენლები და აკეთებენ დემოკრატიის განვითარებაზე განცხადებებს. ქვეყანას დაშინების მეთოდით მართავენ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ეს შიში როცა იქნება  ყელში ამოუვა ხალხს და ერთბაშად იფეთქებს. მე მგონი ეს აფეთქებაც მალე იქნება! სულ მალე!

Advertisements

კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში ერთი განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში მძიმე ავადმყოფია – ორი მცირეწლოვანი შვილის დედა 25 წლის მამისა შონია. ორი წლის წინ, მამისამ მუცლის არეში მძიმე ტკივილების ჩივილით საავადმყოფოს მიაკითხა. ზუგდიდში ექიმებმა რაიმე სახის დაავადება მაშინვე გამორიცხეს. დიაგნოზიც ვერ დაადგინეს და პირველ ეტაპზე პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები დაუნიშნეს. 2 თვის შემდეგ მამისას ისევ გაუმეორდა ტკივილები. ზუგდიდში ექიმები ვერ შეჯერდნენ გაეკეთებინათ თუ არა ოპერაცია. თბილისში მამისას ნაწლავების გადახლართვა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა. 15 მეტრის სიგრძის ნაწლავიდან მას მხოლოდ 30 სანტიმეტრის სიგრძის ნაწლავიღა აქვს დატოვებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სასმელი და საკვები ორგანიზმში 10 წუთითაც არ უჩერდება. თვეში დაახლოებით 2000 ლარის წამალი ესაჭიროება. 600 ლარიან წამალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყობს. დანარჩენს კი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები ეხმარებიან, თუმცა რასაკვირველია ეს არაა საკმარისი. 2 წელია ეს ვითარება გრძელდება. თვითონ მამისა ძალიანაა დაუძლურებული – 25 წლის გოგო 27 კილოგრამს იწონის. პრაქტიკულად ვერ მეტყველებს, ძალა არ აქვს, ვერ მოძრაობს, წოლითი რეჟიმი აქვს. დრო და დრო ძლიერდება ტკივილები. ყოველდღიურ რეჟიმში ღებულობს წამლებს. ექიმებს უკვირთ აქამდე როგორ შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, საავადმყოფოშიც აღარ აწვენენ…

შონიების ოჯახის ტრაგედია ამით არ იწურება. მათ ჰყავთ მეორე შვილი – 22 წლის ბიჭი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება რუსთავის ერთ-ერთ ციხეში.
ოჯახის დიასახლისი საკუთარი ვაჟის დრამატულ ისტორიასაც ცრემლით ყვება. ”15 წლის იყო, როდესაც ჩვენ სოფელში ჩამოსულ ერთ-ერთ სტუმარ გოგოს ჩემი ბიჭი ძალიან მოეწონა. ცოტა ხანში ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. დავიდა ცოტა ხანი. ერთ ღამესაც, დაახლოებით 02:00 საათზე სახლში პოლიციელები მოვიდნენ. ჩემი შვილი იკითხეს. ვუთხარი გვერდით ოთახში ძინავს თქო. დამაძახებინეს. რომ დავბრუნდი ჩემ ოთახში დავინახე რომ საწილში იარაღები მელაგა.  ჩემ შვილს იარაღის შენახვა-ტარება მუხლი წაუყენეს და დააპატიმრეს. ხონის ციხეში ჩასვეს. ის გოგო ჩემთან მყავდა, შვილივით მიყვარდა, ჩახუტებულს ჩემთან ეძინა. 2008 წლის ომის შემდეგ ხონის ციხეში ბუნტი იყო. ჩემი შვილი სხვებთან ერთად გაიქცა ციხიდან. 2 საათში დაიჭირეს. საქმე ისე წარიმართა, რომ საერთო ჯამში ჩემ შვილს 14 წელს უსჯიდნენ. პირველმა პროკურორმა, ვინც საქმეს აწარმოებდა ბლომად ფული შეჭამა და კინაღამ საბოლოოდ დაგვღუპა. მისი გათავისუფლების შემდეგ სხვა დანიშნეს რომელთანაც შედგა საპროცესო შეთანხმება და ჩემ შვილს საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა. ეხლა დარჩენილი აქვს 1 წელი და 7 თვე. დარეკვისას ითხოვს თავის დასთან ლაპარაკს, მაგრამ როგორ ვალაპარაკოთ?! ხან ვეუბნები რომ ძინავს, ხან ვატყუებ რომ არ ვარ სახლში. რუსთავში ჩაყვანასაც მთხოვს, მაგრამ როგორ ვანახო? როგორ ჩავიყვანო? მკლავებზე მყავდეს დაწვენილი?!”
ოჯახთან დამშვიდობებისას დიასახლისი მეუბნებოდა: ამბობენ, ოჯახში ავადმყოფი და პატიმარი გაშოროს ღმერთმა და დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და გადალახავო. ჩვენ ოჯახს კი ორივე დაატყდა თავს. ნეტა ჩემი გოგო ჯანმრთელი იყოს და არაფერს დავიშურებდი…
მამისა შონიას მუდმივად ესაჭიროება წამლები: ალბუნინი, კრეუმი, იმფუზოლი.
ადრე მახსოვს დისკუსია იყო ასეთი – უნდა გამოიყოს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხები ისეთი ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც მაინც და მაინც დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია. ჩემი აზრით, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს რომ ტკივილი შეუმსუბუქდეს და გაუყუჩდეს. მაგრამ, როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრო სხვაგვარად მიიჩნევს.

ისტორია ნამდვილად მძიმე და დრამატულია…
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!