ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა – თავისუფლების იდეა. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი. შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება. აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ, უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა, შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული. რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისათვის მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა. დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას. ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა. ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი, ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე, სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის ბოლომდე მონური ყოფისთვის არ გაიმეტა… მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.

Advertisements

2 + 2 = 5

RADIOHEAD – არის ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ.  ჯგუფი, რომელიც ნამდვილად ახერხებს გარკვეული დროით მაინც მოგწყვიტოს გაუფერულებულ, გაურკვეველ, ჩახლართულ რეალობას. ამ ბრიტანულ მუსიკას აქვს ეს თვისება. აღნიშნულ პოსტში მუსიკის უფრო პოლიტიკურ მხარეზე უნდა ვთქვა. ინსტრუმენტზე, როგორც შინაგანი უკმაყოფილების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაზე. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ცნობილ, ძალიან ბევრისმთქმელ ტრეკს, სახელწოდებით 2+2=5. სწორედ ამ მელოდიის ანიმაციურ ვიდეოს შესაბამისადაა ნათქვამი –  მარტივი და გენიალური. ინსპირაცია, რასაკვირველია ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებია – “1984” და “ცხოველების ფერმა”.

ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” პირველად დაიბეჭდა 1945 წელს როგორც პოლიტიკური სატირა. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში. ნაწარმოებში ცხოველები და მოვლენები გაიგივებულია საბჭოთა კავშირში მიმდინარე ამბებთან. მაგალითად, ღორი ნაპოლეონი გაიგივებულია სტალინთან, რაზეც ორუელი პირდაპირ უთითებს 1945 წლის 17 მარტის წერილში გამომცემელთან.

რა ხდება ვიდეო კლიპში?

ვიდეო კლიპში ნათლად ჩანს ცხოველთა ჰარმონიული თანაარსებობა, მანამ, სანამ ღორმა არ ჩაიგდო ხელში მმართვის სადავეები. სწორედ იმ მომენტიდან ”აირია მონასტერი”, თანაც მაგრად.  გამოჩნდა  მომხვეჭელობას დაწაფებული, გაზულუქებული, კაპიტალისტი, არაჰუმანური “ღორი”! რომელსაც ფერმაში მოაქვს ტელევიზორი – გაბითურების და გონებრივი გათიშულობის – ერთ საუკეთესო საშუალება.  საინტერესო  და ყურადსაღები ფაქტია ის, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზორი ცხოველებზე. რას ანახვებენ  ეკრანზე?! ესაა ეროტიკა! ტელევიზიის მეშვეობით ღორმა დაანგრია ცხოველთა შეხმატკბილებული თანაარსებობა. მოაკლდათ მათ სამუშაო საათები (TV-სთან სხედან უმეტესწილად და ამიტო).

ნაპოლეონი (ღორი) ცხოველთა ფერმის ლიდერია აჯანყების შემდეგ. მას ჰყავს საიდუმლო პოლიცია, ძაღლების სახით, რომლებიც მას იცავენ.

დრო გადის…

ფერმაში დარჩენილმა ცხოველებმა გადაწყვიტეს მმართველობის ისეთი სისტემა შეექმნათ, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ადამიანის მიერ შექმნილისა. აკრძალული იყო: ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება, ალკოჰოლის მიღება…  დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, “ეცემოდა ადამიანის დონემდე”. საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად “ნაპოლეონი”, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან. თავისუფლება შეზღუდეს (ჩიტი დაიჭირეს, რომელიც ნამდვილად  იყო თავისუფლების და სილაღის სიმბოლო). ვინ ვინ და ისევ ღორმუცელას ხელი ერია ამ საქმეში. ცხოველები აჯანყდნენ ღორის წინააღმდეგ, რადგან ფერმაში ისევ ადამიანური წესრიგის დამყარებისკენ მიდიოდა ყველაფერი. თუმცა, ამაოდ. ღორს ძაღლები იცავენ.  ოდესღაც ჯანზე და ფერზე მოსული რქოსნები გახდნენ სკილეტები, აი ის დამპალი ძალაუფლება ხელში ჩაგდებული ჩლიქოსნები კი გასიებულები,იღრინებიან სახელმწიფოს სადავეებით ხელში. RADIOHEAD – ის ვიდეო იმით მთავრდება, რომ თავის დროზე ცხოველების მიერ შექმნილი პირობები მთლიანად ირღვება. მაგალითად: კლიპის ბოლოს სვავი აზის პირუტყვის ლეშს და ჭამს. არადა თავის დროზე ”ანიმალიზმის” შვიდი ცნება ქონდათ მიღებული:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.
საფინალო კადრებით კი აბსოლუტურად ყველაფერი უგულებელყოფილია.

ვისაც ”ცხოველების ფერმა” წაკითხული გაქვთ, ალბათ ადვილი ამოსაცნობია, რომ რომანში აღწერილი სხვადასხვა ცხოველი სხვადასხვა ადამიანის ხასიათსა თუ საზოგადოებაში მის მდგომარეობას გამოხატავს. მაგალითად: დაუნდობელი ძაღლები – ხელისუფლებისადმი ერთგულ დასაყრდენს, პოლიციელებს განასახიერებენ, ცხვრები – მუდამ მორჩილ და თვინიერ ამომრჩევლებს, ცხენები კი დღენიადაგ შრომით გატანჯულ, დამონებულ საზოგადოებას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ”ცხოველების ფერმა” ძალიან კარგი გაკვეთილია, ცხოვრებისეული. წიგნში ყველაფერი საყურადღებოა და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოს პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის წინ მიუძღვება ყველაზე გულუბრყვილო, პასიურ და ადვილად სამართავ ადამიანებს. სამაგიეროდ ვერ იმორჩილებენ განათლებულ, ნიჭიერ პიროვნებებს, ამიტომაც ტოტალიტარიზმს სძულს ინტელექტუალები.