მერაბ მამარდაშვილი: “დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება”

merab mamardashvili moscow1980ინტერვიუ, რომელიც მერაბ მამარდაშვილთან ფრანგმა ჟურნალისტმა ფრანსუა შლოსერმა ჩაწერა 1990 წლის 7 ივნისს “Le Nouvel Observateur”-ში დაიბეჭდა. ფილოსოფოსი იმდროინდელი ქართული პოლიტიკური რეალობის შესახებ საუბრობს. გამოთქმული მოსაზრებები დღესაც არანაკლებ აქტუალურია, ჩემი აზრით. ამიტო გთავაზობთ ინტერვიუს.

– საქართველო ემზადება თავისი გადამწყვეტი არჩევნებისათვის. თქვენი აზრით, არის იგი მზად დამოუკიდებლობისათვის და დემოკრატიული რეჟიმის დასამყარებლად?
– ყველა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა სურს და ყველა თავს დემოკრატიად აცხადებს. მაგრამ ჯერ სანახავია რა იფარება ამ სიტყვების უკან. სამოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენში საბჭოთა რეჟიმი ბატონობდა. ამ ფაქტის გამო, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ფენა ბევრად უფრო კორუმპირებულია, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ჩვენს პოლიტიკურ, სოციალურ და, განსაკუთრებით, მენტალურ სივრცეში საბჭოთა ყოფა – სოვიეტიზმი – როგორც ცხოვრების, წარმოების, აზროვნების წესი, კვლავ გაბატონებულია. ჩვენ ვიქეცით ორსახოვან ხალხად: ერთი მხრივ, ნიადაგ უკმაყოფილო, კრიტიკული ვართ; საკუთარი ღირსების დამფასებელი, საკუთარი ნაციონალური კულტურის შეფარვით მებრძოლი.  მეორე მხრივ კი, თვითგადარჩენის მძაფრმა სურვილმა ქართველებს კარგად შეაძლებინა სისტემით სარგებლობა, საკუთარი მიზნებისადმი მისი მისადაგება. რის შედეგადაც ისინი გაებნენ ხსენებული წყობისათვის დამახასიათებელი კორუფციის, ქრთამის, მაქინაციების ხაფანგში. მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კეთილდღეობისკენ სწრაფვა მთელი საზოგადოებრივი სივრცის ნგრევით სრულდება. სისტემასთან შეგუების ასეთი ფორმა ერთდროულად იწვევს მკვეთრ ზნეობრივ დაცემას და იოლი გზის ძიების კონსერვატიზმს – ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. ასე კი ძნელია დემოკრატიისაჯენ გზის გაკვლევა.

– და მაინც, თბილისის გამოსვლებმა, ნაციონალისტურმა მოთხოვნებმა, პროტესტმა ხომ ნათელყო, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტივობის ერთგვარი აღორძინება?
– ამგვარი ნაციონალიზმის სახით გვიბრუნდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაანგრია ტოტალიტარიზმმა. ეს სოციალური ავტონომიის ერთგვარი აღორძინებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთებისათვის პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ეროვნული ლოზუნგებით შემოიფარგლება, რაც არ არის საკმარისი ნამდვილი დემოკრატიული მოძრაობისათვის.  “სოვიეტიზმს” მხოლოდ ჩვენი ეროვნული ვინაობა არ უარუყვია. მისგან თავსმოხვეულმა ცხოვრების წესმა ღრმა ჭრილობა მიაყენა ჩვენს პიროვნულ ღირსებას. ეს იარები უნდა განიკურნოს, ხოლო ღირსება – აღდგეს. ყოველივე ამის დაყვანა ეროვნული გრძნობების მარტივ მანიპულაციამდე საკმარისი არ არის დემოკრატიული მოძრაობისათვის. ამასთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის ერთი პლატფორმა კარგად აყალიბებს იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, საძირკველშივე უნდა მოიკვეთოს ყოველგვარი მცდელობა, რომ ეროვნულმა მოძრაობამ, დამოუკიდებლობის თუ ეროვნული ინტერესის სახელით, ჩაგვრის ერთი ფორმა სხვა ფორმით შეცვალოს.

– ეს გაფრთხილება საქართველოში რომელიმე გარკვეული ჯგუფისკენაა მიმართული?
– ცხადია, დემოკრატიული მოძრაობიდან ჩვენ არავის გამოვრიცხავთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ არიან ნერვულად აღგზნებულ ადამიანთა ჯგუფები და პიროვნებებიც, რომლებიც ზედმეტ ყურადღებას იქცევენ ხოლმე. მაგალითად, ისეთი პიროვნება, როგორიცაა ზვიად გამსახურდია, არც საქართველოს წარმოადგენს და არც ქართული ოპოზიციის ძალთა რჩეულს.  იგი პრიმიტიული აგრესიული ნაციონალიზმის წარმომადგენელია.  მართალია, იგი ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფიდან მოდის, მაგრამ იყენებს დაუშვებელ მეთოდებს ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ, აცხადებს რა მათ “ქართველი ერის მოღალატეებად” და ა.შ. მე განსაკუთრებით გამაოგნა იმ სიძულვილმა და აგრესიამ, რაც ზოგიერთ მის ზეპირ თუ წერილობით გამოსვლებში ვლინდება. როდესაც მოვლენებს გარედან ვუყურებთ, ნაციონალისტური აფეთქების მხოლოდ ეს უკიდურესი ფორმები იკვეთება.

– გსურთ თუ არა, რომ საქართელომ ძირეულად გაწყვიტოს კავშირი საბჭოთა კავშირთან?
– ის, რაც ჩვენ გვინდა თავისუფლებაა. ჩვენ გვინდა, რომ თავი დაგვანებონ, რათა ვიმუშაოთ ჩვენებურად, განკარგულების გარეშე. ჩვენ გვინდა ეკონომიკურ ორგანიზაციებზე კონტროლი დავიბრუნოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა არ ესაჭიროება. რაკი ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელნი ვიქნებით, ჩვენ თვითონვე დავამყარებთ საჭირო გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას ჩვენსავე მოსაზღვრე სამყაროსთან: რუსებთან, უკრაინელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან… და ეს მოხდება ორივე მხარის ურთიერთინტერესების შესაბამისად. ტოტალურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ევროპულ ბაზრებზე გასასვლელად ქართველებს, ისევე როგორც ლიტველებს, ამჟამად არაფერი გააჩნიათ. მე არ ვიცი, როგორი ფედერაციული მოწყობა დაგვაკავშირებს მოსკოვსა თუ ლენინგრადთან, – ამას დრო გვიჩვენებს. გეგმებმა, რომლებიც ამჯამად მუშავდება, სხვა, ყოფილ რესპუბლიკებთან კავშირების დასამყარებლად თითოეულ მათგანს მოქნილი მექანიზმები უნდა შეუქმნას.

Advertisements

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა მრავალპარტიუობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის  ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.

საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი ქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.

საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.

საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.

თბილისი, მთავრობის სასახლე,

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი