გოიმები და სნობები

ადამიანები ერთმანეთისგან ასე თუ ისე განვსხვავდებით. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული გარეგნობა, ქცევები, შეხედულებები, მსოფლმხედველობა, გემოვნება, საუბრის მანერა და მშობლიურ ენაზე სიტყვებსაც კი სხვადასხვაგვარად გამოვთქვამთ ხოლმე.
ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ნორმალური და გასაგებია. უჩვეულოც თითქოსდა არაფერია, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა როგორც ეს ჩვეულებრივ ჩანს.
ხშირად, როდესაც ადამიანები ცდილობენ წარმოაჩინონ თუ როგორი გემოვნებიანები, მოდურები, თანამედროვეები, ჯანმრთელად მოაზროვნეები, განათლებულები და უბრალოდ ბევრზე უკეთესები არიან, მიუთითებენ სხვების ცუდზე, უნიჭობაზე, უგემოვნობაზე და ასე შემდეგ.საუბრობენ, რომ მათ მეტი ესმით კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მეტად გემოვნებით იმოსებიან, ვინაიდან ცნობილი ბრენდების სამოსს ატარებენ, უფრო გამართულად საუბრობენ, სწორად მეტყველებენ და ‘ლ’-საც არ ურტყამენ.
არადა ვის რატომ უნდა გაუჩნდეს პრეტენზია ვინმე კონკრეტული ადამიანის “ლ”-ზე თუ ამ ადამიანს არ აქვს პრეტენზია საჯაროდ საუბარზე.
როგორც ეხერხება ადამიანს ისე მეტყველებს, არავის გასაკიცხი არ უნდა იყოს ვინმე რბილ “ლ”-ს ამბობს თუ მოჭარბებული “შ” აქვს ან “ს”?
რბილი “ლ”-თი მეტყველება გოიმობად ითვლება. ვინ დაადგინა რო ეს გოიმობაა ეს კიდევ სხვა საკითხია. ალბათ, სნობებმა.

“ლ”-სთან მიმართებით არსებობს ცოტათი განსხვავებული დამოკიდებულებაც. თუ ზემოხსენებულ თანხმოვანს საუბრისას დარბილებულად იყენებ ძერსკი ხარ (გოგო), საყვარლად ბაასობ. ოღონდ ეს ყველას კი არ გამოსდის (!). მხოლოდ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, უბანში უნდა იყო გაზრდილი. იქაურები გასცემენ მაგაზე აკრედიტაციას.
იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ “ლ”-ზე აქცენტის გაკეთება და მისი გამომყენებლის გოიმად შერაცხვა რომ თვითონ გამკრიტიკებელიც კი გადადის ამის გამო ე.წ. გოიმობაში
თავისი თავგამოდებული სწორად მეტყველების დაცვით.
არ მოგწონს? ნუ იმეტყველებ ეგრე. სხვას რაც უნდა ის უქნია. მარტივად მოგვარებადი ამბავია.

კიდევ ერთი “აღტაცების მომგვრელი” მოვლენა ქართულ რეალობაში: რიცხვების რუსულად გამოთქმა.
საოცარი რამეა ხოლმე ამის მოსმენა რა!
-რომელი სკოლაში სწავლობდი?
-შესტოი დავამთავრე.
ან
-ალო.
-ხო გოგო, სად ხარ?
-პიძისიატ ტრეწისთან გელოდები, მოდი.
საუბრის ასეთი მანერა ძერსკობის დამადასტურებელია, ტი შტო? 🙂
ტელეფონის ნომრების რუსულად კარნახზე არაფერს ვამბობ. ამ მოვლენას ჩვენში ჯერ კიდევ
ღრმად აქვს ფესვები გადგმული.

რაც შეეხებათ სნობებს: ესენიც მაგარი ანტიკვარები გახლავან.
რას ქვია?! მათთვის მეტროთი მგზავრობა პაზორია. ლევისის ჯინსი არ გაცვია? წასულია შენი საქმე. გოიმებში ეწერები “სხოდუ”.
მოდის ბოლო კივილის შესაბამისად უნდა გქონდეს “ზმანი” გარდერობში დალაგებული.
არა მარტო ეს! უნდა ერკვეოდე კიდეც რამე-რუმეებში. Fashion-ობაზე სხვაგვარად ვერ გექნება პრეტენზია.
აუცილებლად უნდა შეიძინო რაღაც რაღაც მახინჯობები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გიხდებოდეს მაგრამ ბრენდის სახელი მაინც თავისდა უნებურად მუშაობს. რა თქმა უნდა უნდა “გაიჩითო “სასტავში” მაგ “ზმანით”. (დაენახვო რა ბარე ორს)
თუ გაგიმართლა და ბრენდის სახელს გამოსაჩენი ადგილი აქვს მიკუთვნებული სამოსზე მაშინ ამაყი სნობი ხარ. The Dersk!
ისე რა საინტერესოა, თუ მელიის კუდი მხარზე არ გადავიგდე ან ნუტრიის ბეწვით არ შევიმოსე, (არა სიასამურიც “ნავაროჩენი” რამეა), ისე გლამურნი ვერ ვიქნები? :))
გადაირევი კაცი!
ერთი რამ ცხადია: ბრენდებისადმი გადაჭარბებული დამოკიდებულება პროვინციალიზმის ნიშნის მატარებელია!

საერთოდაც ცოტა გაუგებარია რატომ უნდა იყოს გემოვნების მომწოდებელი და მკარნახებელი ვინმე?
რა განსაზღვრავს საერთოდ გემოვნებიანობას?
რა იგულისხმება გემოვნებაში?
ის რომ კარგი ავტომობილი უნდა გყავდეს და მოდური სამოსი გეცვას?
მგონი შხვართი გოგო რო დადის შენთან ერთად ეს უფრო ძერსკია, არა?
თუ ის რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია?
არა ტო! დასტოევსკის უნდა კითხულობდე მხოლოდ და მხოლოდ რუსულად, ტი შტო?
(თან ამის აპელირებას უნდა ახდენდე, სხვაგვარად არ აქვს მუღამი)
იქნებ ის რომ საყვარელი კერძი აუცილებლად სუში უნდა იყოს?
ხოდა კიდევ: ვისი გემოვნება უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ ადამიანი გემოვნებიანად ჩაითვალოს?

მოკლედ, ყველამ საკუთარს მივხედოთ და შევეშვათ სხვისკენ თითის კი არა ხელების გაშვერას. არ მოგვწონს კონკრეტული ადამიანის ქმედება? ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და აკეთოს ის რაც სურს, როგორც სურს და ვისთან ერთადაც სურს თუ კი თავისი ქმედებით ჩვენ უსიამოვნოდ არ გვეხება.
მიუღებელია ასევე, რომ ვაფიქსირებდეთ გარკვეულ კონკრეტულ პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ რომ ის იმ დროს საღ აზრად ჩაითვლება.
რეალურად უნდა გვქონდეს გააზრებული რას ვამბობთ და სხვის გაკიცხვას რო დავიწყებთ,
იმაზეც ვიფიქროთ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ როგორ მოვიქცევით.

Advertisements