საშინელებათა ჟანრის 10 საუკეთესო ფილმი

The Cabin in the Woodsსიმართლე ვთქვა საშინელებათა ჟანრის ფილმები ჩემი ფავორიტი მაინც და მაინც არაა. თუმცა, მძაფრ შეგრძნებებსაც აქვს თავისი მუღამი. თუ “გულის გახეთქვამდე” მიდის საქმე, მაშინ ასეთი ფილმის ნახვა ნაღდად ერთ რამედ ღირს. ღამით, ყველას რომ სძინავს, “იმ” ჭორიკანა მეზობელსაც კი, აი მაშინ უნდა ჩაუჯდე მსგავს ფილმებს. პირველი იმიტომ, რომ ზედმეტმა ხმაურმა არ “გამოგაფხიზლოს” და შემდეგ რაც ყველაზე მთავარია – შეძლო მთელი სისრულით გადაეშვა ადრენალინის ოკეანეში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ ფილმებზე გადავალ. ბოლო დროის საუკეთესო საშინელებათა ფილმების 10-ეული ასე გამოიყურება:

10. Grave Encounters

9. The Possession

8. Insidious

7.  Kill List

6. The Thing

5. The Woman In Black

4. Sinister

3. The Innkeepers

2. Prometheus

1. The Cabin in the Woods

ესეც 10 ფილმი.
ადრენალზე და გულისგახეთქვებზე კომენტარებში  😉

Advertisements

12 მაიმუნი

”1997 წელს მომაკვდინებელი ვირუსისაგან 5 მილიარდი ადამიანი დაიღუპება. ის, ვინც გადარჩება დედამიწის ზედაპირს დატოვებს და სამყაროს ბატონ-პატრონები ისევ ცხოველები გახდებიან… – ნაწყვეტი საუბრიდან, რომელიც 1990 წლის 12 აპრილს ბალტიმორის ჰოსპიტლის პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტთან შედგა.” ასე იწყება 1995 წელს  ტერი გილიამის მიერ გადაღებული ფენტეზის ჟანრის ფილმი – “12 მაიმუნი”. მთავარ როლებს ბრიუს უილისი, ბრედ პიტი და მედლინ სთოუ თამაშობენ.  სიუჟეტი აღებულია კინემატოგრაფიაში ახალი ფრანგული ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის კრის მარკერის 1962 წელს გადაღებული ფილმიდან – “La Jetée”.

”12 მაიმუნი” – ეს გახლავთ კრიმინალი ჯეიმს კოულის (ბრიუს უილისი) ისტორია. 2035 წელს ის სისხლის სამართლის დამნაშავეა და პატიმრობაში იმყოფება. ამ დროისათვის, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სახელმწიფოს მმართველობა გარკვეულ დონეზე შენარჩუნებულია. მეცნიერება განვითარებული. გამოგონილია დროის მანქანა, რომელიც სრულყოფილი არაა, თუმცა, დროში მოგზაურობას უზრუნველყოფს. მეცნიერების მიზანია დედამიწის ზედაპირიდან ცოცხალი ორგანიზმების ნიმუშების შეგროვება, მათი გამოიკვლევა და იმის დადგენა განიცდის თუ არა მუტაციას ვირუსი.  საჭიროა ცნობების მოძიება ”12 მაიმუნი”-ს არმიის შესახებ. მეცნიერთა ვარაუდით, მათ მოიპარეს და შემდეგ გაავრცელეს მომწამვლელი ვირუსი მთელ დედამიწაზე.

მკვლევარები პატიმრებს იყენებენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად – მათ აგზავნიან მოხალისეებად დროში სამოგზაუროდ, რათა მოიპოვონ ვირუსის პირვანდელი ნიმუში, გამოიკვლიონ და შემდეგ შექმნან მისი ანტივირუსი. სწორედ ერთ-ერთი მოხალისე-პატიმარია ჯეიმს კოული – არაპროგნოზირებადი ტიპი, უამრავ დანაშაულში ბრალდებული, ანტისოციალურობის მე-6 დონე, კოდექსის ხშირი დარღვევა, თავხედი, ჯიუტი, არ ემორჩილება ხელისუფლებას, მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა. თუმცა, მკვლევარებში მოწონებით სარგებლობს: ჭკიანია, ძლიერი, აქვს კარგი მეხსიერება, სერიოზულად ეკიდება საქმეს. სასჯელის შემცირების პირობით, აგზავნიან წარსულში – 1996 წელში, რათა მოიპოვოს ინფორმაცია და დაეხმაროს მეცნიერებს ვირუსის მოკვლევაში.

პირველი ექსპედიციისას ჯეიმსი 1996 წლის ნაცვლად 1990 წელში მოხვდა. ამ ეპოქაში ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს. ცხადია, არავინ არაფერი იცის მომავალში (მათთვის მომავალში) მომხდარი საშინელი ტრაგედიის შესახებ. პოლიციელები მის ნათქვამს სიგიჟედ აფასებენ. სწორედ, პოლიციაში გაესაუბრება ის პირველად ფსიქიატრ კეტრინ რეილის (მედლინ სთოუ). რასაკვირველია, დამაჯერებელი არც ფსიქიატრისათვის იყო ჯეიმსის აზრები. ასე მოხვდა პირველი ექსპედიციისას კოული სამხრეთ საფრანგეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც შეხვდა კიდეც ჯეფრი გოინსს (ბრედ პიტი). გოინსი მას სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას აცნობს: ”თამაშენი, თამაშები, უფრო მეტი თამაშები… თამაშები ბოსტნეულად გაქცევენ. თუ თამაშობ, ჩათვალე რომ ტრანკვილიზატორებს იღებ.  ყველგან გიჟები არიან. სიგიჟის ეპიდემიაა. მაგრამ გულახდილად რომ გითხრა ნამდვილი გიჟი აქ ცოტაა. არც შენ უნდა იყო დარტყმული. აქ სისტემის გამო ხარ არა?! ტელევიზორი! ყველაფერი მისი ბრალია. უყურე, უსმინე, დადექი მუხლებზე და ილოცე! რეკლამები… აღარაფერს აღარ ვაწარმოებთ. ყველაფერს ავტომატები აკეთებენ. მაშინ რა საჭირო ვართ? ჩვენ მყიდველები ვართ! შეიძინე ყველაფერი და კარგი მოქალაქე იქნები, მაგრამ თუ არაფერს არ ყიდულობ მაშინ რას წარმოადგენ? მაშინ გიჟი ხარ! ეს ფაქტია, ფაქტი! თუ კი არ ყიდულობ მანქანებს, სამზარეულოს კომბაინებს, ეროტიკულ ელექტრო მოწყობილობებს, ტელეფონებს, რომლებისგანაც ტვინში იმპლანტი იზრდება, სახრახნისებს ჩამონტაჟებული რადარებით და ხმოვან კომპიუტერებს, მაშინ გიჟი ხარ!” ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამომწყვდეული კოული ნამდვილად ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოაგროვებდა. პირველი ექსპედიცია უშედეგოგ დასრულდა.

მეორე მცდელობისას ჯეიმსი პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრანგთა სანგრებში გაჩნდა. მესამე მცდელობამ გაამართლა და ის 1996 წელში გაამგზავრეს. 6 წლის შემდეგ კვლავ შეხვდა უკვე დოქტორ რეილს. დოქტორი საკუთარი წიგნის პრეზენტაციისას საუბრობს წინასწარმეტყველ ადამიანთა შესახებ – მოვლენაზე როგორც ასეთზე და დასძენს რომ მათ კასანდრას კომპლექსი აქვთ (ბერძნულ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ კასანდრა მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მისი არავის სჯეროდა). თუმცა, მალევე დარწმუნდება რომ ჯეიმს კოული მართალს ამბობს. მაგრამ, ვაქცინის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

საბოლოო მისიის დროს, 2035 წელს ჯეიმს კოული გადაწყვეტს, რომ აღარ დაბრუნდეს მომავალში. მასზე და კეტრინზე ძებნა გამოცხადა. საჭიროა ქვეყნის დატოვება. აეროპორტში მიმავალ გზაზე ისინი შეიტყობენ, რომ ჯეფრი გოინსის მიერ ჩამოყალიბებული არმია ”12 მაიმუნი” ცხოველთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა (მიაღწიეს კიდეც სასურველს – ზოოპარკის გალიებიდან გაათავისუფლეს ცხოველები)  და არა ვირუსის მოპოვება-გავრცელებისათვის. აეროპორტში ცნობილი ხდება იმ ადამიანის შესახებ, ვისაც ვირუსი გადააქვს. ჯეიმსი გადაწყვეტს მის შეჩერებას. სამწუხაროდ მას აეროპორტში პოლიციელები კლავენ. 8 წლის კოული საკუთარ მკვლელობას უყურებს. ერთი შეხედვით გამოვიდა ისე, რომ ჯეიმს კოულის მისია შეუსრულებელი დარჩა. მაგრამ! მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვირუსის მოკვლევაში. პირველი: მან დარეკა მომავალში და აცნობა მკვლევარებს რომ ”12 მაიმუნი”-ს არმია ვირუსის გავრცელებასთან არანაირ კავშირში არაა.  და მეორე: ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მომავლიდან უკან დაბრუნებული მეცნიერი, თვითმფრინავში ჯდება სწორედ დოქტორი პიტერსის (ვინც შექმნა ვირუსი) გვერდით და ეცნობა მას როგორც წარმომადგენელი ”სადაზღვევოი კომპანიისა”. მე ვთვლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მან (ჯეიმს კოულმა) შეძლო და გადაარჩინა კაცობრიობა ვირუსით განადგურებას.

ისე, კი, რეალურად რომ დავფიქრდეთ, დღეს ადამიანების განადგურებას არამარტო მომწამვლელი  ვირუსი ემუქრება. ყოველდღიურად გვესმის ამბები სახელმწიფოთა დაპირისპირების შესახებ, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. სწორედ მასშტაბურ ომებში იხოცება ასიათასობით ადამიანი. ასევე: კაცობრიობის სენს წარმოადგენს ტერორიზმიც. რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ასალმებს სიცოცხლეს. მე მგონია, ფილმში მაინც ის აზრია გატარებული, რომ პირველ რიგში, ადამიანები უნდა ზრუნავდნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, და შემდეგ იმ გარემოს რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა – თავისუფლების იდეა. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი. შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება. აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ, უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა, შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული. რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისათვის მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა. დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას. ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა. ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი, ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე, სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის ბოლომდე მონური ყოფისთვის არ გაიმეტა… მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.