მთავარი » კრიტიკა » სიცოცხლის მდგმური

სიცოცხლის მდგმური

როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი!

როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე!

ნეტავ თავიდანვე გვეთქვა ე და ოთხადმოკეცილები სამუდამოდ ავკროდით თბილ, ლორწოვან კედელს…

ე! გესმის? ე! არ გამოხვიდე….

გამოხვალ თუ არა, გადაჭრიან ერთ ჭიპლარს და სამაგიეროდ მოგისევენ ათასობით უხილავ საცეცს. ქსოვილის ჩვრებში გაგახვევენ და შეგიკრავენ ისედაც უმწეო ხელ-ფეხს. შეეცდებიან დაგიმსგავსონ, თავს მოგახვევენ არაფრისმთქმელ უაზრო სიტყვებს. მოგიჩლიქავენ ენას და მხოლოდ ნათელი ფერებით შეაფერადებენ შენი სამყაროს კედლებს. დაგაჭედებენ, ლურსმნად გამოიყენებენ ზღაპრებს, ძილისპირულ ტკბილ იავნანებს.  და დრო რომ გაივლის… ჯერ კიდევ ქორფას, კიდევ უმწეოს გასახედნი კვიცივით თავს გიკრავენ დიდ არენაზე. ლაგამამოდებულს გაგაჭენებენ და გასახედნად გადაგიჭერენ ასობით მტკივნეულ სახრეს. ოდესღაც დაჭერილი ჭანჭიკები მოირყევიან და ქანცგაწყვეტილი იგრძნობ, სულს რომ აპარებ…

 არ გამოხვიდე!!!

ჯერ კიდევ თვალაუხილველს შეგირჩევენ ვინ უნდა იყო. თავს ღმერთამდე აიმაღლებენ და როგორც თიხას, შენ ძერწვასაც ისე დაიწყებენ. თვალს აგიხვევენ, პირს აგიკრავენ და თოკით სამართავ ტიკინად ქცეულს თავიანთ წესებს თავს მოგახვევენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ,რომ მათ აბსურდულ სამყაროში შენც დაბანაკდე.

ხშირად გეტყვიან_პატარა ხარო და ამ საბაბით შენს უამრავ ბოროტებას გაამართლებენ. ხარბად გამოწვდილ ცარიელ ხელებს სათამაშო იარაღით, თოჯინებით ამოავსებენ.ჯერჯერობით სათამაშოს, სანამ გამოგონილს ნამდვილი არ შეცვლის. მიეჩვევი თამაშით მოკვლას, ვიღაცის დევნას და მომავალში ნამდვილით ისვრი. შენ გაიზრდები “მკვლელი მანქანა” ანდა ბავშვების მწარმოებელი. დედალი ღორივით დაყრი შენს მსგავსებს და იამაყებ თუ “სამშობლოს” გამოადგება იმათი სისხლი.

არ გამოხვიდე!!!

ისინი გასწავლიან საკუთარი თავით მუდმივ ვაჭრობას და შენც-თვინიერი, დახლზე გადაწოლილი გაატარებ მთელ შენ სიცოცხლეს.დოღის ცხენივით ირბენ და შეეცდები გადაასწრო ყველას, სულყველას. შეეცდები შენი ხელი აღიმართოს ყველაზე მაღლა. და დაფასთან გასული გამარჯვებული სახით გადახედავ შურით დაბოღმილ მასას. ყველაზე ძნელი დასაწყისია, ამიტომაც დაწინაურების იმედით, დიდსულოვნად მიუტევებ საკუთარ თავს ვიღაცისთვის ერთი ადგილის ლოკვას.

დაემსგავსებით ერთმანეთს და ფეხს აუწყობთ “საბაზრო მოთხოვნილებას”. მსუქნებს ნაკლებად ხმარობენ, ამიტომ დიეტაზე იჯდები მთელი ცხოვრება. გაარკვევ რა უნდათ და მერე,ყველაფერს ზუსტად აირეკლავ. გექნება საყოველთაო, გასახმოვანებელი აზრები. ივლი ტუჩ-ტრაკ-მკერდ გამობზეკილი, და იოცნებებ რაც შეიძლება ბევრს მოუნდეს შენი “გაჟიმვა”.

არ გამოხვიდე!!!

ვეღარ გაიგებ ვინ ვისი ტყვეა. თქვენს “ღმერთს” გაზომავთ,გაჭრით,გაკერავთ და ჯვარზე გაკრულს, სიმბოლოს სახით, ბანჯგვლიან მკერდზე ადგილს მიუზღვავთ. ხშირად ილოცებ,ჯვარს გადაიწერ… რომ სხვაც ხედავდეს ღმერთთან ახლოს ხარ! შენთვის სიკეთე საშვი იქნება, სამოთხისაკენ_ვიზა!!!

შენ არ გამოხვალ!!!

არ მინდა ამ უბედურების სათბური ვიყო, არ მინდა, არა!!!

                                                                                   ***

_გაიგე? აბორტი გაუკეთებია, ციცომ მითხრა იმ დღეს

_მართლა?არ მესმის როგორ ჩადიან ამხელა ბოროტებას. ღმერთის არ ეშინიათ?

_ეე,ღმერთი გადაუხდის. ჩვენ არ გვაქვს განკითხვის უფლება-ცოდვაა!

_ხოდა ნუ ჩავდგებით ცოდვაში, თან მარხვის პერიოდია.

***

“ბროწეულივით გადახლიჩა ჩემი მკერდი და ღამის ქურდივით ხელი ჩამავლო. ჯალათივით დიდხანს მაწვალა, თუმცა ლოშვნით მადა მაინც ვერ გაიძღო. ბრმა მლოცველივით ემთხვია ჩემს მკერდს, დასამორჩილებლად თითქოს ყველა უწმინდურ ძალას ერთად უხმო. მე ვტიროდი უძლურებისგან,ვკანკალებდი როგორც კურდღელი. ის კი გველივით მეხვეოდა თითქმის მთელ ტანზე და დამცინავად ჩურჩულებდა რაღაცას ყურში.

მერე ხელი მკრა და მიმატოვა…

როგორც ქუჩის მეძავები ტოვებენ თავიანთ პირმშოს”.

***

36_ე აუდიტორია

_მაშასადამე,რა არის სიკეთე? რა ან ვინ გვაიძულებს ის გავაკეთოთ?როცა რაიმე სიკეთეს ჩავდივართ,გულის სიღრმეში ჩავიხედოთ: სხვისთვის ვაკეთებთ თუ ისევ იმისათვის,რომ საკუთარ თავს ვასიამოვნოთ?ჩვენ ვიტყვით: სხვისთვის!; რადგან ხშირად სიკეთეს ვაკეთებთ სხვის დაუნახავად, საზღაურის გარეშე. მაგრამ ვცდებით: საკუთარი თავი, მთავარი მსაჯული გვავიწყდება. ჩვენ სიხარულით ვთანხმდებით საყოველთაოდ აღიარებული, მოწონებული სიკეთეების კეთებას, რადგან ის ჩვენს მორალში ჯდება. საკუთარ და სხვის თვალში გვამაღლებს. მაგრამ…

აი, მაგალითად თქვენ, გოგონა!

მოკლავდით ვინმეს, თუ ეს მისთვის ერთადერთი სიკეთე და შვება იქნებოდა? არა, რა თქმა უნდა, არა! რადგან მის მიმართ გასაკეთებელი სიკეთე თვენი თავის მიმართ იქნებოდა უდიდესი ბოროტება.
მაშასადამე,იფიქრეთ ამაზე…
მომავალ ლექციაზე განვიხილავთ უაღრესად საინტერესო თემას,როგორიცაა…

***

_გაიგე რამე?

_ნწ, ვერაა… ეგ კაცი მგონი ვერააა

_აუ, ჩამაბარებინა და… მთავარია 51-ს გადავცდე

_მე უფრო მაღალი ქულა მჭირდება

_ვიზამთ რამეს !

                                                                                                            By:  Steppen Wolf

22 thoughts on “სიცოცხლის მდგმური

  1. მართალი ხარ, ცხოვრება არაა, ალბათ, ადვილი.
    ადამიანიც რაც უფრო აცნობიერებს თუ სად ”მოხვდ”, იმის მიხედვით იცვლება კიდეც თამაშის წესები.
    რაღაც ღირებულებების გადაფასება და ა.შ.
    კარგი იყო, პოსტი მომეწონა

  2. და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც ბედნიერი ვარ რომ ი-დაიძახეს და გამოვედი. მიყვარს ცხოვრება, და მჯერა რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანბიც. მასისგან, ბრბოსგან გამორჩეულები, მართალია ერთეულები მაგრამ მაინც ხომ არიან? გვირაბის ბოლოს სინათლის სხივიით არიან ეგენი, მჯერა რომ ადრე თუ გვიან რაღაც გვეშველება. დოგმებად ჩამოყალიბებული აღზრდის კულტურა შეიცვლება, დამოკიდებულება შეიცვლება ხალხის ცხოვრების მიმართ…. ალბათ ვოცნებობ, მაგრამ მინდა ასე მჯეროდეს :შ

  3. ჭანტურია? თუ თვითონ მიხვედი?
    თუ იმავე მონდომებით და სიტყვამრავლობით საპირისპიროც შეგიძლია დაწერო, ჩავთვლი, რომ პოსტი მომეწონა. იმიტომ კი არა, რომ ოსტატურად უნდა ვეორგულოთ საკუთარ აზრებს, იმიტომ, რომ აქ ორივე აზრი ნამდვილია.
    სიკეთის მქმნელი პირველ რიგში ამაღლებული განცდით ჯილდოვდება და ესეც საკმარისია “ანგარებისთვის”, მაგრამ ასე ცდისმიღმურად დევს ჩვენში ყველაფერი სხვაც და ვინ თქვა, რომ ცუდად..
    ჩემთვის რომ ეკითხათ იგივე, ვუპასუხებდი, რომ არა, არ მოვკლავდი, რახან სიკვდილი შვება არაა, საერთოდ არც ვიცით, რაა. იმ გზით დავეხმარებოდი, რაშიც დარწმუნებული ვარ.

  4. ”სიკეთის მქმნელი პირველ რიგში ამაღლებული განცდით ჯილდოვდება”
    – როგორ გგონია: გააზრებულად ბოროტების მქმნელი არ ჯილდოვდება ამაღლებული განცდით? რატომ?

    ”რახან სიკვდილი შვება არაა”
    – რატო გგონია? იქნებ არის კიდეც და ეს ინდივიდუალურია? ანუ ვისთვის როგორ. არა?

    ”იმ გზით დავეხმარებოდი, რაშიც დარწმუნებული ვარ.”
    – რამდენად მისთვის ეს შედეგიანი და სასარგებლო იქნებოდა? აქაც ინდივიდუალური დამოკიდებულების ამბავია. თუ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის წართმევის უფლება მხოლოდ უფალს აქვს ისევ?

    • ეგ იგივეა, რომ ვთქვა, სინდისი ქენჯნის ადამიანს ცუდის ქმნისას-თქო და შენ რომ ჩამეძიო, განა ყველა ასეაო?! ასეთ გამონაკლისებს ანიჭებთ ბოროტება იმგვარი ხარისხის ამაღლებულ განცდას, რასაც სიკეთე. აქ არაფერი მგონია საკამათო.
      შენიშვნა სწორია, უნდა მეთქვა: რადგან არ ვიცი, სიკვდილი შვება თუა. გამაყუჩებელს დალევ და აპრიორი იცი, რომ მცირედ ფიზიკურ ტკივილს დაგიამებს, მაგრამ ვინ მითხრა, რომ სიკვდილის მერე არარსებობაა და რა ვიცი, რომ მას ამ ქმედებით, ვთქვათ, ცოდვების მონანიების შანსი წავართვი და მასთან – სამოთხეში მოხვედრის, რაც უნდა დოგმატურ-ჰიპოთეტურად ჟღერდეს. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ნამდვილად არაფერი ვიცით სიკდილზე თუ მის მერეზე.
      მომდევნო შენიშნულ ფრაზასაც სჭირდება დაზუსტება: იმ გზით დავეხმარებოდი, რითიც, დარწმუნებული ვარ, რომ გამოუსწორებელ შეცდომას არ დავუშვებ და მხოლოდ წაადგება ან არ წაადგება, მაგრამ არა რამე უარყოფითი შედეგი. მოგეხსენება, გამოუსწორებელი და უსაშველო სიკვდილია მხოლოდ. იქამდე ადამიანური ბუნება ყოველთვის იძლევა ცვლილებების საშუალებას და ეს სულაც არაა მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა.

      • ”ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ნამდვილად არაფერი ვიცით სიკდილზე თუ მის მერეზე.”
        – ასეა

        ”იმ გზით დავეხმარებოდი, რითიც, დარწმუნებული ვარ, რომ გამოუსწორებელ შეცდომას არ დავუშვებ და მხოლოდ წაადგება ან არ წაადგება, მაგრამ არა რამე უარყოფითი შედეგი. მოგეხსენება, გამოუსწორებელი და უსაშველო სიკვდილია მხოლოდ. იქამდე ადამიანური ბუნება ყოველთვის იძლევა ცვლილებების საშუალებას და ეს სულაც არაა მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა.”
        – არადა შენც იცი და რატომღაც მგონია რომ იზიარებ იმ აზრს, რომ სიკვდილი – არის თუ არა გამოუსწორებელი შეცდომა ესეც არაა ცალსახად გადაწყვეტადი საკითხი : )

      • გამოუსწორებელი სულ არის. ადვილი შესაძლებელია, გამოუსწორებელი შეცდომა იყოს, ამას ვამბობ.

  5. შენც ძალიან გაბრაზებული იყავი ამას რომ წერდი თუ ნამდვილად ასე ფიქრობ?

    • პირველ რიგში გეტყვი იმას რომ ჩემი დაწერილი არაა.

      იმ ნაწერთან შედარებით ეს სულ სხვაა თავისი პათოსითაც თამი…
      ის ტექსტი შეურაცმყოფელია, ამისგან განსხვავებით…

  6. ბედნიერი ვარ რომ ვარსებობ, და მიხარია,რომ არავინ დამიძახა “ეეეეეეეეე”.
    ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ფრიად გამუქებული
    . მე ვარდისფერ სათვალეს ვირგებ ხშირად… სხვანაირად ვერ ვიცოცხლებდი ამ სიბოროტით სავსე ქვეყნიერებაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s