Home » რელიგია » Habemus Papam!

Habemus Papam!

მარცელინი

მარცელინი
(296 წლის 30 ივნისი – 304 წლის 1 აპრილი)

კათოლიკური ეკლესიის მეთაურია რომის პაპი. იტალიური ტერმინი “Papa” მომდინარეობს ლათინური “Papa”-საგან, რომელიც, თავის მხრივ, ბერძნული სიტყვა “Papas” გალათინურებული ვარიანტია და ნიშნავს “მამას”. მარცელინი (3-4 სს.) იყო პირველი რომაელი ეპისკოპოსი, რომელმაც თავის თავს “პაპი” უწოდა.

მე-11 საუკუნიდან “პაპი”-ს ტიტულის ტარების უფლება მხოლოდ რომის ეპისკოპოსს მისცეს. თუმცა, კათოლიკურ საეკლესიო სამართალში მიღებული ოფიციალური სიტყვა “პაპი”-ს ნაცვლად რომის პონტიფექსს (Romanus Pontifex) ანუ რომის ქურუმს ან უზენაეს ქურუმს იყენებენ. ეს გამოთქმა პაპის ორ მნიშვნელობას გამოხატავს: ერთი, რომ იგი არის რომის ეპისკოპოსი და მეორე, იმავდროულად “პონტიფექსიც” ე.ი. სრულიად კათოლიკური ეკლესიის ქურუმი ანუ მეთაური.

თავდაპირველად, რომის ეპისკოპოსებს ხალხი და სამღვდელოება ირჩევდა. ამის შემდეგ არჩეული ეკურთხებოდა ეპსკოპოსად.  უკვე მე-5 საუკუნეში დაიწყო რომის ეპისკოპოსის არჩევნებში საერო პირების ზემოქმედება. მოგვიანებით იგი მხოლოდ სამღვდელოების პრეროგატივა გახდა. კერძოდ, მე-14 საუკუნის ბოლოს გადაწყვიტეს, რომ, ეპისკოპოსის არჩევის უფლება გადაეცათ რომის სამღვდელოების ელიტისათვის, ანუ კარდინალთა კოლეგიისათვის. დაუშვებელი იყო გარედან ნებისმიერი სახით ჩარევა. სწორედ ამ დროიდან გამკაცრდა საარჩევნო პროცედურისადმი მოთხოვნა, რაც შემდეგმა გარემოებამ განაპირობა:

 1268 წელს გარდაიცვალა პაპი კლიმენტ IV. კარდინალთა კოლეგიამ ორი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო ახალი პაპის არჩევა. კარდინალთა ქცევით აღშფოთებულმა მორწმუნეებმა საფრანგეთის მეფის ფილიპე I რჩევით სასახლის ოთახში (ლათ. “კონ კლავე”) გასაღებით ჩაკეტეს მღვდელმთავრები და გააფრთხილეს, რომ ისინი იქ დარჩებოდნენ იქამდე, ვიდრე ახალ პაპს აირჩევდნენ. ზამთარი იყო. სიცივემ და შიმშილმა კარდინალები აიძულა შეთანხმებულიყვნენ და რომის პაპად გრიგოლX აირჩიეს.  იმისათვის, რომ მომავალში კარდინალებს მალე აერჩიათ პაპი, სწორედ გრიგოლX 1274 წელს გამოსცა განსაკუთრებული კანონი კონკლავის (მოგვიანებით ასე ეწოდა გარე სამყაროსაგან თავისუფალ კარდინალთა კრებას, რომელიც ირჩევს პაპს) შესახებ, რომელიც მცირეოდენი შესწორებებით დღემდე მოქმედებს.

სიქსტეს კაპელა

სიქსტეს კაპელა

აღნიშნული კანონის თანახმად, კონკლავი პაპის გარდაცვალების მეათე დღეს უნდა მოიწვიონ. 10 დღე ეკლესია ვალდებულია დაიცვას გლოვა. კონკლავი უნდა შეიკრიბოს გარდაცვლილი პაპის რეზიდენციაში. თითოეულს დასვენებისათვის ცალკე ოთახი ეძლევა. თუ სამი დღის განმავლობაში ისინი არ აირჩევენ პაპს, მომდევნო ხუთი დღე კვების რაციონი ეზღუდებათ. თუ კიდევ არ იქნება პაპი არჩეული, კარდინალები მხოლოდ პურზე და წყალზე დარჩებიან მანამ სანამ არ აირჩევენ პაპს.

პაპის გარდაცვალებიდან პაპის არჩევამდე (ამ პერიოდს ეწოდება sade vacante – თავისუფალი ტახტი) პერიოდში ვატიკანში ჩინოვნიკთა მოღვაწეობა წყდება, მთავარი მოსამართლისა და კამერლენგოს (კარდინალთა კოლეგიის თავმჯდომარე) გარდა, ყველა ხელმძღვანელი ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება.

პაპის არჩევა ხდება სამუდამოდ, სიკვდილამდე. თუმცა, მას გადადგომის უფლება აქვს. ეს კანონიკური კოდექსითაა გათვალისწინებული, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.

მე-16 საუკუნიდან პაპის არჩევნები ტარდება ვატიკანში, სამოციქულო სასახლის მარცხენა მხარეში, იქ სადაც არის მიქელანჯელოს მიერ მოხატული სიქსტეს კაპელა. კარდინალებიდან თითოეულს უფლება აქვს კონკლავზე აიყვანოს ორი თანაშემწე – ერთი სასულიერო და ერთი საერო პირი. თუ კი იგი ამას საჭიროებს. გარდა ამისა, პალატაში, სადაც მიმდინარეობს კონკლავის სხდომა, იმყოფება რამდენიმე ათეული მომსახურე პერსონალი – ოფიციანტები, მზარეულები და ა.შ. სულ დაახლოებით 300 კაცი.

როდესაც კონკლავის ყველა მონაწილე მოიყრის თავს კამერლენგო შესძახებს “Extra omnes!” (“ზედმეტებს ვთხოვთ გავიდნენ გარეთ”). შემდეგ ოთახი იკეტება. მკაცრად იკრძალება ნებისმიერი სახის ინფორმაციის წერილობით ან ზეპირი სახით გადაცემა. კარდინალებს გარე სამყაროსთან დაკავშირება შეუძლიათ მხოლო იმ მოწყობილობით, რომელსაც ეწოდება “რუოტა” (თვალი). ეს გახლავთ ხის რგოლი დახურული უჰრით. “რუოტა” კონსტრუირებულია იმგვარად, რომ კარის ორივე მხარეს მდგომ ადამიანებს ერთმანეთის დანახვა არ შეუძლიათ. მისი დანუშნულებაა კარდინალებისთვის ახალი პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის და მედიკამენტების გადაცემა. რა საკვირველია, იკრძალება გაზეთის, რადიოს, ფოტო და ვიდეო კამერის მიწოდება. წესის დამრღვევი ისჯება ეკლესიიდან განკვეთით.

ახალი პაპის არჩევისათვის საჭიროა კონკლავში მონაწილე კარდინალთა ხმების 2/3 პლიუს 1. კენჭისყრის შემდეგ კარდინალთა თანდასწრებით ბიულეტენებს წვავენ. თუ კი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ცეცხლმოკიდებულ ბიულეტენებს აყრიან ნედლ ჩალასა და ძნას, შედეგად საკვამურიდან ამოვა შავი კვამლი (“სფუმატა”). თუ არჩევნები ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდა, მაშინ ბიულეტენებს თეთრი ჩალით წვავენ. საკმამურიდანაც შესაბამისად თეთრი კვამლი ამოვა, რაც იმის მაუწყებელია რომ კარდინალები შეთანხმდნენ და კათოლიკურ ეკლესიის ახალი მეთაურის სახელიც მალე იქნება ცნობილი.

არჩეული პაპი იცვლის ნათლობის სახელს და ახალ სახელს იღებს. მას შეუძლია

ფრანცისკ I

ფრანცისკ I

ნებისმიერი თავისი წინამორბედის ან სრულიად სხვა სახელი აირჩიოს. მაგალითად: 2013 წლის მარტში კარდინალთა გადაწყვეტილებით კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი გახდა არგენტინელი, ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელმაც დაირქვა ფრანცისკ I. პაპის ტანსაცმლით შემოსვის შემდეგ ყველა კარდინალი გამოდის სამოციქულო სასახლის აივანზე, საიდანაც კამერლენგო აცხადებს ახალი პაპის სახელს: “გაუწყებთ თქვენ საამურ ცნობას – ჩვენ გვყავს პაპი (ესა და ეს)”  (“Nutio vobis gaudium magnum – Habemus Papam!”).

საეკლესიო კანონის თანახმად, პაპი უნდა იყოს მხოლოდ მამაკაცი. ამ მხრივ საინტერესოა ერთი შემთხვევა: მე-9 საუკუნეში პაპის ტახტი 2 წელი და 7 თვე ეკავა ინგლისელ ქალს იონას, ნახევრად ლეგენდარულ ნახევრად ისტორიულ პიროვნებას.

საეკლესიო ისტორიკოსების მტკიცებით, 266 პაპიდან დაახლოებით 200 იყო იტალიელი. დანარჩენებიდან ყველაზე მეტჯერ: გერმანელი 8,  ბერძენი და ფრანგი 7-7. ასევე:  ესპანელი 2, პორტუგალიელი, ინგლისელი, პოლონელი, ჰოლანდიელი, აფრიკელი და ახლა უკვე არგენტინელი თითო-თითო.

ძველი ტრადიციის თანახმად, რომის პაპი მრავალ მნიშვნელოვან ტიტულს ფლობს: “რომის ეპისკოპოსი”, “იესო ქრისტეს ნაცვალი (ვიაკრი)”, “მოციქულთა მთავრების მემკვიდრე”, “დასავლეთის პატრიარქი”, “იტალიის პრიმასი”, “რომის პროვინციების არქიეპისკოპოსი და მეტროპოლიტი”, “ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის სუვერენი” და ასე შემდეგ.

იშვიათი ღვთისმსახურების (კორონაცია, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და ა.შ.) დროს პაპები იხურავენ თავსაბურავს – ტიარას, რომელსაც ზვიგენისმაგვარი ჩაფხუტის ფორმა აქვს. ტიარას ოქროს სამი დიადემა ამშვენებს და პაპის უზენაესობის, საერო და სასულიერო ძალაუფლებას გამოხატავს სიმბოლურად.

პაპი თავის ხელისუფლებას ახორციელებს მთელი რიგი დაწესებულებების მეშვეობით, რომელსაც პაპის კურია ეწოდება. კურია ქმნის კონგრეგაციებს, ტრიბუნალებს, სამდივნოებს, საბჭოებს, კომისიებს, ბიუროებს, მმართველობებს, ვატიკანის სამოქალაქო საგუბერნატოროს. კურიის მთავარი დაწესებულებაა სახელმწიფო სამდივნო  (ფაქტობრივად, ვატიკანის მთავრობა), რომლის მეთაურია კარდინალ-გამგებელი ანუ პარდონე.

რომის კურიის გარდა პაპთან არსებობს ორი სათათბირო ორგანო: კარდინალთა კოლეგია (140-ზე მეტი კარდინალი) და პაპის საკონსულტაციო სტრუქტურა – ეპისკოპოსთა სინოდი (მასში შედიან ეროვნულ საეპისკოპოსთა და საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. სინოდს იწვევენ პაპის ინიციატივით. იგი გადაწყვეტილებებს იღებს ხმების 2/3-ით და ძალაში შედის მხოლოდ პაპის დამტკიცების შემდეგ.

პაპის მუდმივი რეზიდენცია მდებარეობს ქალაქ რომის ცენტრში, დამოუკიდებელ ქალქ-სახელმწიფო ვატიკანში. ტრაპეციის ფორმის ეს ტერიტორია რომელიც 44 ჰექტარს შეადგენს, პაპ პიუს XI აჩუქა იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა ბენიტო მუსოლინიმ 1929 წელს.

Vatican-Beautiful1-572x322ვატიკანის ტერიტორიაზე არსებული წმინდა პეტრეს ტაძარი (არქიტექტორი: დ. ფონტანა XVI ს.) დაახლოებით 10 000 კაცს იტევს. შენდებოდა 100 წლის მანძილზე. მშენებლობაში მონაწილეობდნენ ბერნინი, მიქელანჯელო, რაფაელი. ტაძარს აკრავს წმინდა პეტრეს მოედანი, რომელსაც შემოვლებული აქვს ბერნინის ცნობილი კოლონადა 280 სვეტისაგან, რომელიც მორთულია 164 ქანდაკებით. ტაძრის გარსშემორტყმული აპოსტოლიკური სასახლე 5.5 ჰექტარს იკავებს და მოიცავს: 3 000 ოთახს, 8 საპარადო და 200 ჩვეულებრივ კიბეს, 200 ეზოს. პაპის პირადი პალატა (19 ოთახი)სასახლის მეორე სართულზეა. იქვეა სიქსტეს კაპელაც.

ვატიკანში მცხოვრები ადამიანების 60% მამაკაცები შეადგენენ. სახელმწიფო ენა იტალიურია, ხოლო ოფიციალური აქტები ლათინურ ენაზე იწერება. ვატიკანს უმდიდრესი არქივი და ბიბლიოთეკა გააჩნია, რომელშიც დაცულია უძველესი ხელნაწერები და 800 ათასი წიგნი. იმ თაროების საერთო სიგრძე სადაც საიდუმლო არქივია განლაგებული 50 კმ შეადგენს. არქივში მუშაობის უფლება მხოლოდ ვატიკანთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე სახელმწიფოთა მოქალაქეებს აქვთ (ანუ საქართველოს მოქალაქეებსაც).

ვატიკანს გააჩნია ოფიციალური სახელმწიფო დროშა, გერბი, ჰიმნი (მუსიკა ეკუთვნის ფრანგ კომპოზიტორს შარლ გუნოს), ფოსტა, რკინიგზა (სიგრძე 850 მეტრი), რადიო (გადაცემებს აწარმოებს 34 ენაზე), ტელეცენტრი, გაზეთი – “ოსსერატორე რომანო” (70 000 ტირაჟით, ყოველკვირეული დანამატით ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, გერმანულ და პოლონურ ენებზე, ჰყავს თავისი შვეიცარიული გვარდია (დაცვა) 100-მდე ჯარისკაცი, რომლებიც მიქელანჯელოს ესკიზით შეკერილი ყვითელ-წითელ-ლურჯ ფერების სპეციალურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი.

პაპის მანქანა შავი ფერის მერსედესია ნომრით SCV-1 (Stata della Citta del Vaticano – ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანი). ვატიკანის ჩინოვნიკთა სამუშაო დღე ხანმოკლეა (9:00-13:00). შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ისინი ისვენებენ. ვატიკანს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მათ შორის 1992 წლიდან საქართველოსთან.

About these ads

4 thoughts on “Habemus Papam!

  1. ძალიან კარგია პოსტია, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა. მითუმეტეს, რომ რომის პაპს და ზოგადად ვატიკანს მართლმადიდებლები ამრეზით უცქერენ და შესაბამისად, ნაკლებია ინფორმაციაც. (სამწუხაროდ). ხოდა ისე, ყველაზე მეტი ფული სწორედ აქ და ფეხბურთში ტრიალებს ;))

  2. ძალიან მაგარი პოსტია, მადლობა ამხელა ინფოსთვის..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s