ჩემპიონთა ლიგის 5 საუკეთესო ფინალი

2012 წლის 19 მაისს, მიუნხენში, ალიანს არენაზე ლონდონის ჩელსიმ, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, დაამარცხა რა საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნი.  ვერ ვიტყვი, რომ ფინალების ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი მატჩი ვიხილე, თუცა, თამაში დაძაბული ნამდვილად გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში ბაიერნის ფეხბურთელებს შეეძლოთ დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ არიენ რობენს 11 მეტრიანი დარტყმა პეტერ ჩეხმა აუღო. პრინციპში, გამოუყენებელი პენალტი შეიძლება ჩაითვალოს მატჩის მიმდინარეობის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფსიქოლოგიურ მომენტად.  დარჩენილ წუთებშიც არაფერი შეცვლილა. პენალტების სერიაში 4-3 ჩელსიმ მოიგო. შეხვედრის გმირებად თამამად შეიძლება ჩაითვალონ კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა და მეკარე პეტერ ჩეხი.

აქამდე ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთად ერთხელ ითამაშეს. 2008 წელს მანჩესტერთან ძირითად დროში ფრედ 1-1-ის დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში წააგეს 5-6. მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. 19 მაისს კი მეხუთედ დათმეს ფინალი. შესაბამისად სულ 9-ჯერ აქვთ ფინალი ნათამაშები.  ბოლოს მათ 2001 წელს ესპანური ვალენსიასთან მოიპოვეს ევროპაში ყველაზე ძლიერი გუნდის ტიტული.

საფეხბურთო ინტერნეტ საიტმა www.givemefootball.com – მა  მკითხველს შესთავაზა ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში 5 საუკეთესო ფინალის მისეული ვერსია.

მადრიდის რეალი 7-3 ფრანკფურტი. 1960 წელი. გლაზგო. (შოტლანდია)
მადრიდელების საოცარი გამარჯვება ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო იმდროინდელი საფეხბურთო სამყაროსათვის. აღსანიშნავია დი სტეფანოს და პუშკაშის შეუდარებელი თამაში. ფინალში დი სტეფანომ ჰეთთრიკი შეასრულა. იმდროინდელ პრესაში აქტიურად იწერებოდა ევროპულ ფეხბურთში მადრიდელების დომინირებაზე – მათ ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს ევროპის საუკეთსო გუნდის ტიტული.

ბენფიკა 5-3 მადრიდის რეალი. 1962 წელი. ამსტერდამი. (ჰოლანდია)
თუკი 50-იან და 60-იანი წლების დასაწყისში ევროპაში დი სტეფანო, პუშკაში და ერთი გუნდი – მადრიდის რეალი – დომინირებდა, 1962 წელს ახალი წესრიგი დამყარდა. ჩემპიონთა თასის 1962 წლის ფინალში, მიუხედავად პუშკაშის მორიგი ჰეთთრიკისა, მადრიდის რეალი პორტუგალიურ ბენფიკასთან დამარცხდა. მადრიდელების წარმატებული ფინალების სერიას ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მაშინ ახალგაზრდა ეუსებიომ დაუსვა წერტილი. მან 65-ე და 68-ე წუთებზე მე-4 და მე-5 გოლები შეუგდო სამეფო გუნდს. ასე დაიბადა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ახალი სუპერვარსკვლავი.

 მილანი 4-0 ბარსელონა. 1994 წელი. ათენი (საბერძნეთი)
ბარსელონას დამარცხების მიზეზად კრუიფის და მისი გუნდის ზედმეტ თავდაჯერებლობას ასახელებენ. ”1992 წლის* შემდეგ ჩვენ უფრო სრულყოფილი, მებრძოლი და გამოცდილი გუნდი ვართ. მილანი არაფერია. მათი ფეხბურთის ბაზისია დაცვითი ტაქტიკა, ჩვენი კი – თავდასხმა” – აცხადებდა იოჰან კრუიფი ფინალის დაწყებამდე. ფაბიო კაპელოს გუნდს ფინალში მცველი ფრანკო ბარეზი აკლდებოდა, რაც ერთი შეხედვით ართულებდა ბარსელონას წინაშე მათ მდგომარეობას, მაგრამ დანიელე მასაროს დუბლის, დეიან სავიჩევიჩისა და მარსელ დესაის გოლების მეშვეობით ანგარიშით 4-0 დაამარცხეს ესპანელები.

მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 მიუნხენის ბაიერნი. 1999 წელი. ბარსელონა (ესპანეთი)
1999 წლის ფინალს ფეხბურთის საკმაოდ ბევრი მოყვარული მიიჩნევს ყველაზე დრამატულად.  მიუნხენის ბაიერნი  მარიო ბასლერის მიერ მე-6 წუთზე გატანილი გოლით მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. ჩემპიონის ვინაობაც თითქოს გარკვეული იყო, როდესაც შეხვედრის მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჯერ ტედი შერინგემმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ხელიდან გამოგლიჯა ჩემპიონთა თასი გერმანელებს. ვისაც ნანახი აქვს ზემოხსენებული ფინალი ვფიქრობ გემახსოვრებათ ბაიერნის მცველის სამუელ კუფურის წაგებისგან გამოწვებული ემოციები.

ლივერპული 3-3  მილანი  (პენ: 3-2). 2005 წელი. სტამბული. (თურქეთი)
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სანახაობრივი ფინალი, სადაც სამი გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული გაცოცხლდა, ფენიქსივით თავიდან დაიბადა და ნამდვილი ბრძოლა გაუჩაღა იტალიურ გრანდს. პირველი ტაიმის პირველივე წუთები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინგლისელთათვის. დასაწყისშივე მალდინიმ გაიტანა გოლი. რასაც კრესპოს დუბლი მოყვა ტაიმის მიწულურს. შესვენებაზე ლივერპული 0-3 ანგარიშით გავიდა. მეორე ტაიმში წითლების დამრიგებელმა რაფა ბენიტესმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა. გუნდი საბრძოლოდ განაწყო, რაც სწრაფადვე აისახა შედეგშიც. მატჩის განახლებიდან 9, 11 და 15 წუთებზე მიყოლებით სამი გოლი გაიტანეს მერსისაიდელებმა (ჟერარდი 54-ე წთ; შმიცერი 56-ე წთ; ალონსო 60-ე წთ). დარჩენილ 30 წუთში და დამატებულ ტაიმებში გოლი აღარ გასულა. პენალტების სერიაში კი ლივერპულმა 3-2 დაამარცხა მილანი და ლეგენდარული, დაუვიწყარი გამარჯვებაც მოიპოვა.

*1992 წელს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა იტალიური სამპდორია.

 p.s. მე კარგად მახსოვს 2005 წლის ფინალი და დაფიქსირებული შედეგიდან მიღებული ემოციები. მსგავსი საფეხბურთო წარმოდგენა ნაღდად ამშვენებს ნებისმიერი ტურნირის ფინალებს და მით უმეტეს ევროპაში (და არა მარტო ევროპაში, ალბათ) ყველაზე მშვნიშვნელოვან საკლუბო შეჯიბრების ფინალს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი

მთელი საფეხბურთო სამყარო სულმოუთქმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას. 2012 წლის 8 ივნისს უეფას რიგით მე-14 ევროპის ჩემპიონატი იწყება. ტურნირი 1960 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.  საკვალიფიკაციო ეტაპზე 53 გუნდი მონაწილეობს და მათ შორის მხოლოდ 16 საუკეთესო ახერხებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრას.

ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გერმანია გახლავთ. მან სხვადასხვა დროს სამჯერ მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტული (1972, 1980, 1996). ამავე დროს, გერმანელი რაინერ ბონჰოფი ერთად ერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე მიღებული – 1972 წელს ოქროს, 1976 წელს ვერცხლის, 1980 წელს კი ისევ ოქროს მედალი.

ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გოლეადორად მიშელ პლატინი ითვლება. მან 1984 წელს 9 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის 2 ჰეთთიკი შეასრულა (სამი გოლი ერთ შეხვედრაში).

ყველაზე მეტი 16-16 მატჩი, 4-4 ჩემპიონატზე ნათამაშები აქვთ ედვინ ვან დერ სარსა (ჰოლანდია) და ლილიან ტურამს (საფრანგეთი).

ევრო 2012-ს პოლონეთი და უკრაინა მასპინძლობენ.

მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად უკვე დიდი ხანია განთავსდნენ 4 ქვეჯგუფში.
A ჯგუფი: პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი.
B ჯგუფი: ჰოლანდია, დანია, გერმანია, პორტუგალია (ე.წ. სიკვდილის ჯგუფი).
C ჯგუფი:
ესპანეთი, იტალია, ირლანდია, ხორვატია.
D ჯგუფი: საფრანგეთი, შვედეთი, ინგლისი, უკრაინა.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების პოტენციალსა და შესაძლებლობაზე საუბარი არც ისე ადვილია. მოულოდნელი შედეგები მეტ-ნაკლებად ყველა ჩემპიონატზე ფიქსირდება. თუმცა, გამოკვეთილი ლიდერები ამ ჩემპიონატსაც ყავს. ესპანეთის ნაკრები - ბრმა უნდა იყო ბოლო წლებში ესპანური ფეხბურთის აღმასვლა რომ შეუმჩნეველი დაგრჩეს, გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე. სწორედ ესპანელებმა მოიგეს ბოლო მსოფლიოს (2010 წ. სამხრეთ აფრიკა) და ევროპის (2008 წ. ავსტრია-შვეიცარია) ჩემპიონატები. მე მგონი მხოლოდ ეს ორი ფაქტი ბევრს ამბობს მათ შესაძლებლობებზე. პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ. იგივე თავდასხმის ხაზში – დევიდ ვილა (ბოლო ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი, ოქროს ბუცის მფლობელი) ტრავმირებულია. ტორესი რომ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს არც ესაა შეუმჩნეველი. სოლდადო? ხუან მატა? ლორენტე? გუიზა? არ ვიცი, ვერ ერთ მათგანზე ვიტყვი რომ ევროპისთვის მზად არიან. მაგრამ ვნახოთ რომელს მიეცემა შანსი და რას ითამაშებს.  ჰოლანდიის ნაკრები - საკმაოდ მობილური და დაბალანსებული შემადგენლობით. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში დასანანი (ჩემთვის) მარცხი ესპანელებთან. ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნებიან წლევანდელ ევროპაზე წარდგენილები. კარგ ფორმაშია რობინ ვან პერსი რომელიც ინგლისის ჩემპიონატს ბომბარდირობს 28 გატანილი გოლით.  კლას იან ჰუნტელაარი – შალკეს ფორვარდიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ისიც საუკეთესოა გატანილი გოლების რაოდენობით და ბუნდესლიგის ბომბარდირების სათავეშია 27 გატანილი გოლით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, სნეიდერი, აფელაი. სუსტ წერტილად შესაძლოა დაცვის ზონა ჩაითვალოს, მაგრამ იმედია აქაც საგანგაშოდ არ იქნება საქმე. გერმანიის ნაკრები – როგორც უკვე ვახსენე, გერმანელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ ევროპის ჩემპიონატი მოგებული. სანაკრებო დონეზე, შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური გუნდი სწორედ მათ. შემადგენლობას არც ამ ჩემპიონატზე უჩივიან – მარიო გომესი, ფილიპ ლამი, შვაინშტაიგერი, ნოიერის მადრიდის რეალთან მოგერიებული პენლები ერთ რამედ ღირს. საფრანგეთის ნაკრები - ერთი შეხედვით საკმაოდ ძლიერი ინდივიდუალური შემსრულებლებითაა გუნდი დაკომპლექტებული, მაგრამ თითქოს რაღაც აკლია მათ თამაშებს. რაც არ უნდა იყოს მაინც ფავორიტებად ითვლებიან. გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა: ბენზემა, რიბერი, მალუდა, ნასრი, ევრა, კლიში – ძნელია ჩამოწერო. ინგლისის ნაკრები – არ ვიცი ამ გუნდზე რა ვთქვა?! ყოველთვის საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ყავთ, ინდივიდუალურად ყველა მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ სანაკრებო დონეზე მიღწევების კი რა მოგახსენოთ?! ერთად ერთხელ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ისიც ინგლისში (1966წ.), არც ერთხელ ევროპის ჩემპიონატი. უფრო მეტიც – 1966 წლის შემდეგ არც ერთხელ მსოფლიოს ფინალში არ უთამაშიათ და ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც არ გასულან არასოდეს. მიზეზებზე რთულია საუბარი. პორტუგალიის ნაკრები - ვერ ვიტყვი იმ კალიბრის გუნდია გვერდით დაუდგება გერმანიას, ჰოლანდიას და ესპანეთს თქო, მაგრამ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ გუნდს ყავს კრიშტიანუ რონალდუ. არ ვიცი როგორ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე გნებავთ თვითონ, გნებავთ მთლიანად ნაკრები, მაგრამ აუდსაიდერებში ნამდვილად ვერ ჩავწერ. იტალიის ნაკრები - ერთ-ერთი ლიდერი გუნდი მსოფლიო და ევროპის  საფეხბურთო ისტორიაში. ბოლოს 2006 წელს გერმანიაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, 2000 წელს კი საფრანგეთთან დრამატულად წააგეს ევროპის ჩემპიონატის ფინალი. 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა – ვერ გადალახეს ჯგუფური ეტაპი. 3  შეხვედრიდან 2 ფრედ დაასრულეს, ერთი კი დათმეს სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 3-2. სხვათაშორის, იტალიის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლაზე ხშირად ექმნება პრობლემა. მაგრამ თუ კი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, შემდეგ ფინალამდეც კი მიდის. ასე რომ ჯგუფური ეტაპია მათთვის მთავარი ბარიერი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ისე კი იტალია ყველასათვის არასასურველ მეტოქეა.

დანარჩენების გულშემატკივრებმა მომიტევონ. ნამდვილად არ ჩამომიწერია არც ერთი მადგანი და არც მათ შესაძლებლობებს ვაკნინებ. პირიქით, ველოდები სასიამოვნო (ვისთვის როგორ) მოულოდნელობებს. სხვათაშორის, გამორჩეულად მაინც შვედეთის გუნდი მესიმპატიურებოდა ყოველთვის, ალბათ, ჰენრიკ ლარსონის დამსახურებაა.

კიევის ოლიმპიური სტადიონი

კიევის ოლიმპიური სტადიონი

პოლონეთის და უკრაინის საფეხბურთო მოედნები სრულ მზადყოფნაშია. 31 შეხვედრა 8 საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. პირველ შეხვედრას ვარშავის ნაციონალურ სტადიონი უმასპინძლებს. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს კიევის ოლიმპიურ სტადინზე გაიმართება.

 

p.s. დაწერეთ ვინ რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ.

კიდევ ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში ერთი განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში მძიმე ავადმყოფია – ორი მცირეწლოვანი შვილის დედა 25 წლის მამისა შონია. ორი წლის წინ, მამისამ მუცლის არეში მძიმე ტკივილების ჩივილით საავადმყოფოს მიაკითხა. ზუგდიდში ექიმებმა რაიმე სახის დაავადება მაშინვე გამორიცხეს. დიაგნოზიც ვერ დაადგინეს და პირველ ეტაპზე პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები დაუნიშნეს. 2 თვის შემდეგ მამისას ისევ გაუმეორდა ტკივილები. ზუგდიდში ექიმები ვერ შეჯერდნენ გაეკეთებინათ თუ არა ოპერაცია. თბილისში მამისას ნაწლავების გადახლართვა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა. 15 მეტრის სიგრძის ნაწლავიდან მას მხოლოდ 30 სანტიმეტრის სიგრძის ნაწლავიღა აქვს დატოვებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სასმელი და საკვები ორგანიზმში 10 წუთითაც არ უჩერდება. თვეში დაახლოებით 2000 ლარის წამალი ესაჭიროება. 600 ლარიან წამალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყობს. დანარჩენს კი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები ეხმარებიან, თუმცა რასაკვირველია ეს არაა საკმარისი. 2 წელია ეს ვითარება გრძელდება. თვითონ მამისა ძალიანაა დაუძლურებული – 25 წლის გოგო 27 კილოგრამს იწონის. პრაქტიკულად ვერ მეტყველებს, ძალა არ აქვს, ვერ მოძრაობს, წოლითი რეჟიმი აქვს. დრო და დრო ძლიერდება ტკივილები. ყოველდღიურ რეჟიმში ღებულობს წამლებს. ექიმებს უკვირთ აქამდე როგორ შეძლო სიცოცხლის შენარჩუნება, საავადმყოფოშიც აღარ აწვენენ…

შონიების ოჯახის ტრაგედია ამით არ იწურება. მათ ჰყავთ მეორე შვილი – 22 წლის ბიჭი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება რუსთავის ერთ-ერთ ციხეში.
ოჯახის დიასახლისი საკუთარი ვაჟის დრამატულ ისტორიასაც ცრემლით ყვება. ”15 წლის იყო, როდესაც ჩვენ სოფელში ჩამოსულ ერთ-ერთ სტუმარ გოგოს ჩემი ბიჭი ძალიან მოეწონა. ცოტა ხანში ერთმანეთი შეუყვარდათ და შეუღლდნენ. დავიდა ცოტა ხანი. ერთ ღამესაც, დაახლოებით 02:00 საათზე სახლში პოლიციელები მოვიდნენ. ჩემი შვილი იკითხეს. ვუთხარი გვერდით ოთახში ძინავს თქო. დამაძახებინეს. რომ დავბრუნდი ჩემ ოთახში დავინახე რომ საწილში იარაღები მელაგა.  ჩემ შვილს იარაღის შენახვა-ტარება მუხლი წაუყენეს და დააპატიმრეს. ხონის ციხეში ჩასვეს. ის გოგო ჩემთან მყავდა, შვილივით მიყვარდა, ჩახუტებულს ჩემთან ეძინა. 2008 წლის ომის შემდეგ ხონის ციხეში ბუნტი იყო. ჩემი შვილი სხვებთან ერთად გაიქცა ციხიდან. 2 საათში დაიჭირეს. საქმე ისე წარიმართა, რომ საერთო ჯამში ჩემ შვილს 14 წელს უსჯიდნენ. პირველმა პროკურორმა, ვინც საქმეს აწარმოებდა ბლომად ფული შეჭამა და კინაღამ საბოლოოდ დაგვღუპა. მისი გათავისუფლების შემდეგ სხვა დანიშნეს რომელთანაც შედგა საპროცესო შეთანხმება და ჩემ შვილს საბოლოოდ 6 წელი მიესაჯა. ეხლა დარჩენილი აქვს 1 წელი და 7 თვე. დარეკვისას ითხოვს თავის დასთან ლაპარაკს, მაგრამ როგორ ვალაპარაკოთ?! ხან ვეუბნები რომ ძინავს, ხან ვატყუებ რომ არ ვარ სახლში. რუსთავში ჩაყვანასაც მთხოვს, მაგრამ როგორ ვანახო? როგორ ჩავიყვანო? მკლავებზე მყავდეს დაწვენილი?!”
ოჯახთან დამშვიდობებისას დიასახლისი მეუბნებოდა: ამბობენ, ოჯახში ავადმყოფი და პატიმარი გაშოროს ღმერთმა და დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და გადალახავო. ჩვენ ოჯახს კი ორივე დაატყდა თავს. ნეტა ჩემი გოგო ჯანმრთელი იყოს და არაფერს დავიშურებდი…
მამისა შონიას მუდმივად ესაჭიროება წამლები: ალბუნინი, კრეუმი, იმფუზოლი.
ადრე მახსოვს დისკუსია იყო ასეთი – უნდა გამოიყოს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხები ისეთი ადამიანის სამკურნალოდ, რომელსაც მაინც და მაინც დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია. ჩემი აზრით, რასაკვირველია, უნდა გამოიყოს რომ ტკივილი შეუმსუბუქდეს და გაუყუჩდეს. მაგრამ, როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტრო სხვაგვარად მიიჩნევს.

ისტორია ნამდვილად მძიმე და დრამატულია…
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!

Homo Sapiens-იდან ტვინის გამორეცხვამდე

რატომ იბადება ადამიანი?  რატომ ცოცხლობს?  რომ მერე ოდესმე ან მალე მოკვდეს?  რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში? ან რატომ უნდა აკეთოს?

იდიოტი ერი

ვისთვის (რისთვის) უნდა აკეთოს? რა ფუნქცია, რა დანიშნულება გააჩნია მას სამყაროში? ან გააჩნია კი რამე დანიშნულება? როგორ უნდა განვითარდეს? ან უნდა განვითარდეს კი? ცალსახად პასუხის გაცემა ამ კითხვებზე ძალიან რთულია.

თუ მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჰომო საპიენსი (Homo Sapiens – გონიერი ადამიანი) – როგორც სახეობა დაახლოებით 300 ათასი წლისაა, ცივილიზებული საზოგადოება კი – 20 ათასი წლის. გამოდის რომ ადამიანი მთელი მისი ისტორიის 90% ფორმირდებოდა და იმყოფებოდა პირველყოფილი ჯგუფური არსებობის პერიოდში. მნიშვნელოვანი როლი ადამიანის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში ითამაშა ცეცხლის მოპოვებამ და დამორჩილებამ. ის უკვე აღარ იყო დამოკიდებული მეხის გავარდნასა თუ ლავის ამოფრქვევაზე. კაჟის ქვის ერთმანეთზე დაკვრით შეეძლო მიეღო ცეცხლი. ამ მონაპოვარმა ადამიანი გამოიყვანა ბუნებაში შედარებით თბილი გარემოდან, დააძლევინა ცეცხლის შიში და დაიწყო დასახლება მთელ დედამიწაზე. განვითარდა და მრავალი ქარტეხილისა თუ ომების შემდეგ მოვედით დღევანდელ დღემდე.

დედამიწაზე სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის სახელმწიფო შეიქმნა. ზოგი მეტად განვითარებუილი, ზოგიერთიც შედარებით ნაკლებად. მიუხედავად მასშტაბების და ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, საქართველოც ცდილობს ფეხი აუბას თანამედროვეობას, ჩაებას მსოფლიო პოლიტიკურ ფერხულში და სრულფასოვანი ადგილი დაიმკივდოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.

 თუ საკითხს დავაყენებთ შემდეგნაირად: არის თუ არა დღევანდელი ადამიანი ანტიკური ხანის ადამიანზე განითარებული?  გარკვეული ნაწილი დაუფიქრებლად იტყვის, რომ რასაკვირველია არის! არგუმენტირებისას კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანენ რადიოს და ტელევიზიის გამოგონება-განვითარებას, ინტერნეტ ქსელის შექმნას და თან დააყოლებენ რომ აღნიშნულის გამოგონებებით ადამიანს ინფორმაცია ბევრად უფრო სწრაფად გადაეცემა პლანეტის ერთი წერტილიდან მეორეში ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. ძნელია არ დაეთანხმო.

რა ხდება ამ მხრივ საქართელოში? როგორ წაგვწია (ან არც) წინ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ? განვიცდით თუ არა პროგრესს?

2003 წლის ე.წ.  ხავერდოვანი ”ვარდების რევოლუციის” სრულყოფაში ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია მედიამ. პოსტრევოლუციურ პერიოდში იმავე მედია საშუალებებით დიდი ინტენსივოთ დაიწყო აპელირება ე.წ. საბჭოთა გადმონაშთებზე, საბჭოთა ადამიანებზე. რომ მათი დრო უკვე წავიდა. ახალი საქართელოს  დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად  საჭიროებდა ახალი ტიპის ადამიანს. აქ მედიას დაეკისრა მთავარი როლის შესრულება.

 როგორ გავლენას ახდენს მედიაპოლიტიკა ახალი ადამიანის ”გამოყვანაზე?”. თუ გადავხედავთ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზიების გადაცემების ბადეს (რუსთავი2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ვნახავთ, რომ მდარე ხარისხის შოებსა და ტელესერიალებს საკმაოდ დიდი ნაწილი უკავიათ. მოსახლეობაც მასობრივათ მიშტერებია ტელევიზორს და თავით ეშვება ამ სანაგვეში. პრაქტიკულად არ არსებობს შემეცნებითი გადაცემა. შოუები იმბეცილობის პოპულარობას ეწევიან. გამოჩნდა ახალი სატელევიზიო შოუ ”ქალური ლოგიკა”, რომელიც, ჩემი აზრით, სიდებილის პროპაგანდაა თავიდან ბოლომდე. ესაა გადაცემა გახლავთ უინტელექტობის რეკლამა. მერე რა თუ არ იცი როგორია ფანქრის სათლელი, ფეხბურთში რამდენმეტრიანია საჯარიმო დარტყმა –  პენალტი, მერე რა თუ ბრაზილიის დედაქალაქი შეიძლება ყველა ნებისმიერი ქალაქი იყოს და არა ბრაზილია. შოუში სულელურ (არაზუსტ) პასუხებს მოყვება შეძახილი ”კარგი გოგო ხარ”, რაც თითქოს ახალისებს კიდეც ამ უცოდინრობას. ტვინის გამორეცხვის ტიპური, ცოცხალი მაგალითი. მსგავსი გადაცემებით სურს ხელისუფალს ახალი ადამიანის ”გამოყვანა?” ეს არის დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების მოთხოვნა? მსგავს გადაცემებზე გადის პროგრესისკენ მიმავალი გზა? მე არ ვფიქრობ ასე. თუმცა, საითკენაა მიმართული ეს ყველაფერი, ამის ახსნა, რთული ნამდვილად არ უნდა იყოს: გაუნათლებელი საზოგადობა, გნებავთ ინდივიდი ბევრად უფრო ადვილი სამართავია.

თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებას ინფორმაციის სწრაფად გავრცელების პარალელურად მოაქვს ისიც,

არ მისცე უფლება სხვებს გავლენა იქონიონ შენ ფიქრებზე

რომ ადამიანთა უმრავლესობა წყვეტს ფიქრს, აზროვნებას. უყურებენ რა ”ქალური ლოგიკის” მსგავს გადაცემებს, ისინი წყვეტენ ზრდას და განვითარებას. ამიტო, თუ კი არ გვინდა ჰომო საპიენსივით ისტორიის (ჩვენ შემთხვევაში ცხოვრების) 90% ერთი საფეხურით წინ წაწევას მოვანდომოთ გამოვრთოთ ტელევიზორები და თავად მოვძებნოთ ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით. მე მიმაჩნია რომ ადამიანი მუდმივად უნდა პროგრესირებდეს. ცხოვრების საზრისი არ მგონია ლუარსაბ თათქარიძეობა იყოს. მუდმივად ახლის ძიება და განვითარებაზე ზრუნვა – აი ამას გისურვებთ ყველას ვისაც არ სურს იყოს  ფარაში მყოფი რიგითი ცხვარი.

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

1975 წელს მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” (One flew over the cuckoo’s nest). მთავარ როლს გენიალურად თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.

ფილმის ღირსებას მსახიობების უბადლო თამაშის გარდა წარმოადგენს მისი იდეა – თავისუფლების იდეა. ნაწარმოების ეკრანიზაციის ნახვისას, რატომღაც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფსიქიატრიული კლინიკა ავტორიტარული სახელმწიფოს მინი მოდელს წარმოადგენს, პაციენტები რიგითი მოქალაქეები არიან, მედდა რეტჩედი კი – ცივსისხლიანი ავტორიტარი მმართველი. შესავალში ბევრ საუბარს აღარ გავაგრძელებ. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საგიჟეთში კი არა და სახელმწიფოში (თუ კი მათ შორის რამე განსხვავებაა).

ფილმი მაკმერფის (ჯეკ ნიკოლსონი) ფსიქიატრიულ კლინიკაში მიყვანის სცენით იწყება. აღსანიშნავია, რომ მაკმერფი არაა ფსიქოლოგიურად შეშლილი. ის არ ეგუება ფსიქიატრიულში არსებულ რუტინას, არაადამიანურ წესებს, პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას და გარკვეულწილად ბრძოლას უცხადეს არაჰუმანურ რეჟიმს. თავის მხრივ ადმინისტრაცია მაკმერფის ”მორჯულებისთვის” ძალ-ღონეს არ იშურებს, იქნება ეს ტვინის გამორეცხვის აბების მეშვეობით თუ შოკური თერაპიით.   კლინიკაში აბსოლუტურად არაფერი კეთდება ადამიანის გამოჯანმრთელებისათვის. ყოველდღიური რუტინა პირიქით გამოშტერებისკენ უფროა მიმართული. არაფრის მომცემი, ყოველმხრივ უშედეგო თერაპიად წოდებული საუბრები პირად თემებზე, დამამშვიდებელი აბები და მუსიკა. მუსიკაც ისეთია საერთოდ გამოთიშავს ადამიანს რეალობიდან, ისეთი რუდუნებით ისმინება აბსოლუტურად ყველაფრისგან გწყვეტს. უმოძრაობისკენ, ძილისკენ, უმოქმედობისკენ, გათიშულობისკენ, უსიცოცხლობისკენ ჭაობში ჩაძირვისკენ უფრო გიბიძგებს. ფილმს ფონად გასდევს მელოდია და თითქოს უხილავ საბურველში ახვევს და აყუჩებს ყველა პაციენტს.

ერთად ერთი მაკმერფი არ ექცევა კლინიკაში არსებული წესების გავლენის ქვეშ. ითხოვს მუსიკის დაბალ ხმაზე მოსმენას, არ სვამს ტაბლეტებს. ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია და არც ერთი წამით არ აგრძნობინებს არც მედდა რეტჩედს და არც დანარჩენებს რომ სულიერად გატყდა. მოითხოვს ბეიზბოლის მატჩის ნახვას, რაზეც უარს მიიღებს რეტჩედისგან. ძალიან გაბრაზდებული გამორთული ტელევიზორის წინ ჩამოჯდება და აი აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი: თვითონ დაიწყებს მატჩის რეპორტაჟის კომენტირებას ხმამაღლა. პაციენტები გამოვლენ ოთახებიდან და ერთად მხურვალედ გულშემატკივრობენ მაკმერფის ფავორიტ გუნდს. მადდა გაოგნებული და ყინულივით გაციებული სახით უყურებს ყოველივეს, მაგრამ ვერაფერს იზამს.

მედდა რეტჩედი

ფილმს ფონად წესების უგულებელყოფის და თავისუფლების იდეა გასდევს. როცა თავისუფლების წყურვილი დიდია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ვერანაირი ძალა, შეზღუდვა თუ თავსმოხვეული იდეოლოგია. სწორედ თავისუფლებასთან ზიარებაა ჯერ ავტობუსის გატაცება და შემდეგ ღია ზღვაში სათევზაოდ გასვლა. ზღვა სწორედ რომ თავისუფლების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ ამ შემთხვევაში – უსაზღვრო, შეუზღუდავ სივრცეში ისარივით გაჭრა.

ერთ-ერთი თერაპიული სეანსის დროს მაკმერფი სვამს შეკითხვას თუ რატომაა მისი კლინიკიდან გაშვების ბედი მხოლოდ მედდა რეტჩედის ნება-სურვილზე დამოკიდებული. რაზეც პაციენტებიდან ერთ-ერთი (ჰარდინგი) საკმაოდ უცნაურ და მაკმერფისადმი მოუოდნელ პასუხს სცემს. ის ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია კლინიკიდან გასვლა სურვილისამებრ. უფრო მეტიც, ფსიქიატრიულშიც საკუთარი ნებითაა მისული. ჰარდინგის გარდა კიდევ რამდენიმეა მსგავს მდგომარეობაში. ეს რას მაგონებს იცი? აი სახელმწიფოში რო ყველას უფლება აღიარებულია – საკუთრების, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების, მაგრამ ხმამაღლა აზრის გამოთქმისთვის რო ადამიანები გაილახებიან, ბიზნესში რო გეცილებიან და წილებს გთხოვენ, საკუთრებასაც სახელმწიფო რო მიითვისებს თუ კი ეს მოესურვება. ეს ისე ლირიული გადახვევა. დავუბრუნდები ფილმს.

მაკმერფის კლინიკიდან თავის დაღწევის ფიქრი არ ასვენებს. დაგეგმავს კიდეც გაპარვას. ერთგვარ რევოლუციად შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიატრიულში გოგოების მიყვანა სასმელებით და შუა ღამისას გემრიელად მოლხენა. ნაღდად დაიმხეს კლინიკა იმ ღამით პაციენტებმა. არანაირი წესები, არანაირი შეზღუდვა, ბევრი სასმელი და საახალწლო მუსიკა. ერთი ხელის მოსმით გაქარწყლდა ადმინისტრაციის ყოვლისშემძლეობა. ყოველდღიური რუტინაც უცებ გაქრა.

აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა მედიცინის დაიკო რეტჩედზე. უემოციო, უგრძნობი, ცივსისხლიანი მმართველის სახეს განასახიერებს. ვიზეც შეუძლია ფსიქოლოგიურად ზემოქმედეს, თუ არადა საქმეში მისი ”სამი მუშკეტერი” ჩაერთვება და ისინი ძალას არ იშურებენ პაციენტებთან ”ორთაბრძოლებში”. მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას შეეწირა ყველაზე ახალგაზრდა ბობი. კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა თვითონაც. დამქაშებმა ის ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან მაკმერფის. სამწუხაროდ, ეს იყო მაკმერფის საღ(!) გონებაზე ყოფნის ბოლო მომენტი. თავის ქალა ახადეს და პირდაპირი მნიშვნელობით დააჩლუნგეს. ასევე, სამწუხაროდ, ეს ოპერაცია კლინიკის ხელმძღვანელობის აზრით, მკურნალობის ნაწილად ითვლებოდა. ჯეკ ნიკოლსონის გმირი პრაქტიკულად მოკლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს იდეას – თავისუფლების იდეას. ინდიელმა გამოლენჩებული მაკმერფი სიცოცხლის ბოლომდე მონური ყოფისთვის არ გაიმეტა… მისი სურვილი, მიზანი კი თვითონ აასრულა – ჩალეწა ფანჯარა და გაიქცა ფსიქიატრიულიდან.

მონობაზე თავისუფლების გამარჯვების სიმბოლო კი ეს ფოტო მიმაჩნია – გენიალურია.

ირაკლი ჩარკვიანი – ია ცაკუალე

2012 წლის 25 თებერვალს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წელი გავა. მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო იყო.  მოღვაწეობა 1976 წლიდან დაიწყო და არაერთი პროექტში განახორციელა. იყო ჯგუფი ”არიში”, ინდი ჯგუფი – ”ტაქსი”, ელექტრო-ალტერნატიული ჯგუფი – ”Children’s Medicine” (საბავშვო მედიცინა), რომელიც ლივერპულში არსებობდა და პროექტი – “Georgian Dance Empire” – ორივე პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

ჩარკვიანის იგივე მეფეს პირველი სოლო სიმღერა იყო ”War is Over”, პირველი ალბომი (Svan Songs) კი 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა. შემდეგ იყო ალბომი ”აფრენ” (1997 წელი), სიმღერა ”საქართველო” (1999 წელი), სიმღერა ”უსაფრთხოება” (2000 წელი), ალბომი ”ამო” (2001 წელი), ალბომი ”სავსე” (2004 წელი). აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ამ პერიოდში აირჩია ირაკლი ჩარკვიანმა ფსევდონიმად მეფე.

 გარდაცვალების შემდეგ 2007 წელს ქართველმა შემსრულებლებმა (The Young Georgian Lolitaz, 33ა, ვაკის პარკი, Outsider, ზუმბა, მწვანე ოთახი…) მის ხსოვნას სპეციალური ალბომი მიუძღვნეს სახელწოდებით – “ქაღალდის გემი – Tribute ალბომი”. ბოლოს კი შეგროვდა მისი სტუდიური ჩანაწერები და 2011 წელს გამოიცა ალბომი ”ძირს მეფე”.

ბოლო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის - ია ცაკუალე – ტექსტს გთავაზობთ:

მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი. არ ველოდები არაფერს.
მსახურთ სათავე, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
სიფხიზლე, უსაფრთხოების წესების დაცვა – გარდაცვლილთა მოდაა;
საკუთარი მეს გამოსვენება პოდიუმზე და ჩუმი ტაში ნახევრად დაცლილ დარბაზში;
სიფრთხილე – სიფხიზლის მონაზონია, მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი;
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია მყრალი და ჩუმი;
მატარებლები არ შემოდიან შენ სადგურში, შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში ისმის მათი ჩუმი კაკანი.
მე ერთად ერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერას დიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს – ეს სიფხიზლეა!
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ქვასთან.
სიფრთხილე შენი მუზაა ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება ჩაკუჭული ბუსჰალტერში.
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ!
შენნაირების გამო დაემხო რომი.
   

ძალიან კარგი ლექსია. ბევრს ამბობს მე მგონი რეალობაზე, ქართულ რეალობაზე.

p.s. პოსტი ეძღვნება ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას

ეს საინტერესოა …

ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეტყვით რომ ეს გახლავთ შემეცნებით-გასართობი პოსტი სადაც თქვენთვის საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ამოიკითხავთ.

1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.

 4. ლას-ვეგასში ყოველ 8 მოსახლეზე ერთი  სლოტ აპარატი მოდის. ცნობისთვის ლას-ვეგასის მოსახლეობა 606 656 ადამიანს შეადგენს.

5. ყოველდღე საშუალოდ 20 ბანკს ძარცვავენ და თითო ძარცვისას 2500 დოლარი მიაქვთ (ესეც საშუალოდ რასაკვირველია).

6. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელია მუჰამედი.

7. ისლანდიაში წასვლის მსურველთა საყურადღებოდ და არა მარტო მათთვის: ისლანდიაში, რესტორანში მომსახურების სანაცვლოდ ფულის ჩუქება ითვლება შეურაცხყოფად.

8.  მეცხრამეტე საუკუნემდე ციმბირში ჩაი გამოიყენებოდა როგორც ფული.

9. ბოინგ 747 იტევს 57 285 გალონ საწვავს. ცნობისთვის 1 გალონი = 3.78 ლიტრს

10. ერთი ვიოლინო შეიცავს 70 სხვადასხვა სახეობის ხის მასალას.

11. მსოფლიოში გამოცემული გაზეთების თითქმის ნახევარი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაზე.

12. პირველი პროდუქტი, რომელზეც გამოჩნდა შტრიხკოდი იყო ვრიგლის (Wrigley) საღეჭი რეზინი.  ვრიგლი დაბელმენტ ჯუსი ფრუთი – ხომ გახსოვთ?!

13. 24 საათიანი თვლის რეჟიმის შემთხვევაში 1 ტრილიონამდე დათვლას 31 688 წელი ესაჭიროება.

14. ტაფეფობია ნიშნავს ცოცხლად დამარხვის შიშს.  კლინოფობია – ეს არის საწოლის შიში.

15. მზე დედამიწაზე 330 330-ჯერ უფრო დიდია.

16. წინადადება ”The quick brown fox jumps over a lazy dog” (მოხერხებული ყავისფერი მელა ზარმაც ძაღლს (გადა)ახტება) იყენებს ინგლისური ანბანის ყველა ასობგერას. ანალოგიური პრინციპის გათვალისწინებით  შედგენილი ფრანგული წინადადება ასე იკითხება Portez ce vieux whisky au juge blond qui fume (მიართვით ეს ვისკი ქერა მოსამართლეს, რომელიც ეწევა). ქართულში გვაქვს ჩვენ რამე მსგავსი წინადადება?

17. ერთ ღამეში თხუნელას შეუძლია 300 ფუტის სიგრძის გვირაბი გათხაროს                 (1 ფუტი=30.5 სანტიმეტრს).

18. 1796 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა შტატი ფრანკლინი. დღესდღეობით ამ შტატის სახელწოდებაა ტენესი.

19. საშუალოდ ერთი ამერიკელი/კანადელი წელიწადში სვამს 600 ერთეულ გაზიან სასმელს.

20. თეთრ სახლში არსებული დანების, ჩანგლების და კოვზების საერთო რიცხვია  13092.

21. სპილო ერთ-ერთი იმ ძუძუმწოვართაგანია, რომელსაც არ შეუძლია ხტომა.

22. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად გამოიყენება 85 მილიონი ტონა ქაღალდი და იგზავნება 166 ტრილიონ 875 მილიონი E-mail.

23.  ბუ – ფრინველთა შორის ერთად ერთია, რომელსაც შეუძლია ლურჯი ფერის გარჩევა. 

გიჟური კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება

დროთა განმავლობაში ტექნოლოგიური განვითარება რომ პროგრესს განიცდის და სულ უფრო წინ მიდის ეს სიახლეს არ წარმოადგენ. ის რაც ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ გახლავთ ახალგაზრდა ფრანგი გამომგონებლის ფნერკი ზაპატას დასრულებული პროექტი Flyboard Zapata. ეს გახლავთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც წყალში სწრაფად ცურვა, ასევე წლის ზედაპირზე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ფრენა.

მექანიზმი არც ისე რთულად  მოწყობილი  გახლავთ. დანადგარი მილის მეშვეობით მიერთებულია წყლის მოტოციკლის ძრავზე. ძრავიდან წყლის ნაკადი გაივლის მილს და გამოედინება დანადგარზე არსებული სპეციალური 2 დაბოლოებით. სწორედ გამოტყორცნილი წყლის ენერგიითაა შესაძლებელი  წყალქვეშ ცურვა და 5-6 მეტრის სიმაღლეზე ფრენა.

გარდა ამისა, Flyboard-ს გააჩნია 2 მილი, რომლებიც ხელებზე მაგრდება და ადამიანს ეხმარება წონასწორობის შენარჩუნებასა და კოორდინაციაში. მაშ ასე, ესეც თქვენ ახალგაზრდა ფრანგის გამოგონება:

 

და ბოლოს: გადაიხადეთ 4 900 ევრო და Flyboard თქვენი საკუთრება გახდება! გაფრენას გისურვებთ ;)

თანასწორთა შორის, მაგრამ მაინც პირველი!

მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. თვითდამკვიდრების სურვილი იმდენად დიდია რომ რას არ მოგაფიქრებინებს, გაგაკეთებინებს, გნებავთ დაგაწერინებს, გნებავთ გალაპარაკებს ადამიანს.

ერთი სულელურ ვიდეოს იღებს, მეორე კილიმანჯაროდან დაჰყურებს ხალხს და თავი ღმერთკაცი, გენიოსი ჰგონია. მესამე ხელოვნების სიღრმეზე და სულიერ საზრდოზე საუბრობს ოღონდ რემბრანტის, ხო რემბრანტის მსუქანი ქალები მაინც და მაინც არ მოსწონს.   

ადრე ერთ-ერთ პოსტში მეწერა თვითირონიას უნდა მოუმატონ ადამიანებმა და ამპატრანობის დონე დაბლა დაწიონთქო, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. არც პირში თქმა შველის ადამიანს და არც პირს უკან. (ასეა ჩემო, ილია, და ვერაფერს ვიზამ მე)
თვითირონია კი არა იმ სიმაღლიდან გადმოსცქერიან სამყაროს გაგიკვირდება როგორ მოასწრეს იქ ასვლა?!

მესმის რომ შესაძლებელია განსხვავებულობისადმი რაიმე ველური მიდრეკილება გვქონდეს. გაცხოველებული ჟინი იმის, რომ შენ სხვანაირად ფიქრობ, იცვამ, საუბრობ, სხვანაირს უსმენ, სხვანაირად გიყვარს და კიდევ უამრავ განსხვავებული. რახან ასე თვლი ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ასეა? ნუ ეს ცალკე ამბავია. ვერავინ მოგედავება….

ხშირად აღნიშნავ რომ ძალიან თავისუფალი ხარ, ღირეულებებსაც ისეთს აჟღერებ ძალიან რომ ჰგავს დღევანდელ პოპულარულს. ყველას აზრს მოისმენ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის.  მაგრამ ეგოისტური, მაინც თავს წამოყოფს ხოლმე – მე შენზე მეტი ვარ!
დასაწყისშივე დაურთავ ხოლმე, რომ რასაც ეხლა იტყვი არავითარი მნიშვნელობა აქვს და არავის გაღიზიანება არ გინდა, მაგრამ შენ თანატოლებს შორის პირველმა დაიწყე კლასიკური როკის მოსმენა, იმიტომ რომ მამაშენი უსმენდა თურმე და მისი გავლენით მოხდა. აბა რა! რასაკვირველია! მამების თაობა განებივრებული იყო მსგავსი მუსიკის ხელმისაწვდომობით, რამდენიმე წკაპი ტორენტზე და ნებისმიერი ჰიტი უკვე გრამაფონში იყო.

კარგი, მუსიკა გასაგებია. ეხლა სხვა მეტად მნიშვნელოვანი რამეები გაქვს საჯაროდ გამოსატანი. ტესტირებას რელიგიაზე, სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებასა და გნებავთ ათეიზმზე გადიხარ. აქაც უკვე გაქვს წინასწარ მომზადებული ტექსტი. მიუხედავად იმისა რომ თინეიჯერი ხარ, ან სულ ახლახანს გაცდი ამ პერიოდს, შენ ბავშვობიდან იმდენი გამოცდილება მიიღე, რომ შენ გარშემო ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის თუ პროფესიის ადამიანები ირევიან და შენ ისეთი დიდი ხარ რომ ყველასთან შეგიძლია საერთო გამონახო. შენ შემოგევლე მე რამხელა ხარ! ჰომოსექსუალებზე დაცინვით საუბრობ თუმცა მათი უფლებების დამცავი ორგანიზაციის წევრი ხარ. 

მე არც არაფერს გიკრძალავ, არც რამეს მოგიწოდებ. როგორც გაგისწორდება ისე იყოს, ოღონდ ვერასოდეს შევეგუები ფარისევლობას შენი მხრიდან. იყავი ნაღდი და სადაც გინდა რაც გინდა ის გიკეთებია. სიყალბეს არასოდეს გაპატიებ.  საკმაო რაოდენობის სიყვარულით მე.

უჩვეულო სასტუმროები

თანამედროვე მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის სასტუმროა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. ინტერნეტ საიტმა http://www.cnngo.com/ გამოაქვეყნა ღამის გასათევი არატიპური, ორიგინალური ადგილები, რომელთაგანაც თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები გააჩნია.

1. Jules’ Undersea Lodge.
ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.  სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს და აღჭურვილია საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით – მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით. სასტუმროს აქვს საშხაპეები. მომსახურებაში შედის წყალქვეშა დაივინგი. არ მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ კიდეც დაივინგს. ერთი ღამის გატარება ჟულის წყალქვეშა სასტუმროში 400 $ ღირს.

2. სასტუმრო Kakslauttanen მდებარეობს ფინეთში კეკონენის ეროვნული პარკის სიახლოვეს,  აივალოს აეროპორტიდან 35 წუთის დაშორებით. კომპლექსი წარმოადგენს მინის კაბინებს. კაბინები გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულები და თითოეულს საკუთარი კერძო ბაღი გააჩნია. ზამთარში სასტუმროს მოსახურებაში შედის თევზსაჭერი ვიზიტები, თხილამურებით სრიალი. სათხილამურო ბილიკი 10 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა, სასტუმროს საკუთარი ავტობუსი ემსახურება. დამსვენებლის სამოქმედო არეალი 180 კვ. კილომეტრს ითვლის. ზაფხულში შესაძლებელია ნავით სეირნობა, ლაშქრობების მოწყობა. სასტუმროს აქვს 2 ეგზოტიკური კერძების რესტორანი, საუნა და ტრადიციული ფინური რესტორანი. ერთი დღის საფასური აღნიშნულ მინის კაბინებში 300 ევრო.

 3. არც ლუქსი, არც ჯაკუზი, არც ვარსკვლავებიანი სასტუმროები, ეს გახლავთ მომთაბარე დასვენება იორდანიაში ბედუინების ბანაკში. საღამოობით, ცეცხლის გარშემო, ცოცხალი მუსიკით, პროზით და რა თქმა უნდა ძლიერი არაბული ყავით. ღამით კარავში მოსვენება მარგალიტებივით მოკაშკაშე უზარმაზარი ვარსკვლავების ქვეშ უდაბნოში გამეფებული დუმილის ფონზე. ერთი დღის გატარება მსგავს გარემოში 80 $ დაგიჯდებათ.

4.  ეს სასტუმრო - La Balade Des Gnomes, Belgium – ქმნის შთაბეჭდილებას რომ თქვენ ხართ მთვარეზე. ცხენის ფორმის შენობაში განთავსებულია ერთ და ორ ადგილიანი ნომრები, რომელთა კედლები და ჭერი მოციმციმე ვარსკვლავებითა და პლანეტებითაა დაფარული. ოთახები სხვადასხვა თემატიკისაა: ღვინის ოთახი, წყალქვეშა გემი, ტროას ცხენი… ერთი ნომრის საფასური 115 ევროდან იწყება.

 5. წყალქვეშა სასტუმრო Utter Inn შექმნილია შვედი მხატვრის მიკაელ გემბერგის მიერ.  2000 წლის ზაფხულის ყველაზე წვიმიან დღეს გაიხსნა და მალევე უამრავი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია.  სასტუმრო ყველანაირ რომანტიკულ წინაპირობას აკმაყოფილებს. წყლის ზედაპირზე  პატარა წითელი შენობას აქვს აბაზანა, ხოლო საძინებელი წყალქვეშ, სადაც ლუქის მეშვეობით ჩადიხართ. წყალქვეშა ოთახი გარკვეულწილად ქმნის აკვარიუმის ეფექტს, ოთხივე კედელი მინისაა. ერთი ღამით ეს წყალქვეშა სასტუმრო 333 $ ღირს.